¹3გ-ად-102-კ-02 3 ივლისი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა,
შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),
ბ. კობერიძე,
ნ. კლარჯეიშვილი
სარჩელის საგანი: აუქციონის შედეგების კანონიერად ცნობა; საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემა.
აღწერილობითი ნაწილი:
2001წ. 12 იანვარს მ. რ-შვილმა სარჩელი აღძრა კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოში მოპასუხე ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს მიმართ.
სარჩელის თანახმად მოსარჩელე იყო 1991-92წ.წ. მოვლენების შედეგად დაზარალებული. მან 2000წ. 15 დეკემბერს მონაწილეობა მიიღო ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს მიერ ჩატარებულ აუქციონში, რის შემდეგაც იგი ცნობილ იქნა ქ. თბილისში, .... მდებარე, 1991-1992წ.წ. მოვლენების შედეგად დაზარალებულთათვის აშენებული საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე განთავსებულ 100კვ.მ. არასაცხოვრებელ ფართზე გამარჯვებულად.
მოსარჩელის განმარტებით, გასაყიდი არასაცხოვრებელი ფართის ღირებულებამ აუქციონზე შეადგინა 37000 აშშ დოლარი, ამ თანხიდან მ. რ-შვილმა ბეს სახით გადაიხადა 3300 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი. მოსარჩელისადმი, როგორც 1991-1992წ.წ. მოვლენების შედეგად დაზარალებული პირისადმი, იმ დროს მიყენებული ზარალი შეადგენდა 31219 აშშ დოლარს. თბილისის პრემიერის 1998წ. 31 დეკემბრის ¹729 განკარგულებისა და საქართველოს პრეზიდენტის 1997წ. 1 დეკემბრის ¹704 ბრძანებულების თანახმად მ. რ-შვილისადმი მიყენებული ზარალის თანხა უნდა გამოქვითულიყო აუქციონზე შეძენილი ნივთის ფასიდან, რაზეც უსაფუძვლოდ უთხრა უარი ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველომ, რომელმაც მოსარჩელეს მოსთხოვა აუქციონზე დაფიქსირებული ფასის – 37000 აშშ დოლარის – დამატებით ნაღდი თანხით ანგარიშსწორება.
მოსარჩელემ სარჩელში ითხოვა 2002წ. 15 დეკემბერს ჩატარებული ¹23 აუქციონის შედეგების კანონიერად ცნობა და ქ. თბილისში, ... მდებარე 100კვ.მ არასაცხოვრებელ ფართზე საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემა მოსარჩელეზე.
კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოში სარჩელის განხილვისას საქმეში მესამე პირად ჩაება ქ. თბილისის მერია.
კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2001წ. 14 მარტის გადაწყვეტილებით მ. რ-შვილის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატამ 2001წ. 21 თებერვალს განიხილა მ. რ-შვილის სააპელაციო საჩივარი და გამოიტანა განჩინება, რომლითაც არ დააკმაყოფილა იგი. შესაბამისად, უცვლელად დარჩა კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2001წ. 14 მარტის გადაწყვეტილება.
მ. რ-შვილმა აღნიშნული განჩინება გაასაჩივრა საკასაციო წესით.
საკასაციო საჩივარში მ. რ-შვილი ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილების გამოტანას, რომლითაც დაკმაყოფილდება სარჩელი.
საკასაციო საჩივარში აღნიშნულია, რომ ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველომ უარი განაცხადა კასატორზე საქართველოს პრეზიდენტის 1997წ. 1Oდეკემბრის ¹704 ბრძანებულებითა და ქ. თბილისის პრემიერის 1998წ. 31Oდეკემბრის ¹729 განკარგულებით მინიჭებული შეღავათების გავრცელებაზე, იმ მოტივით, რომ თბილისის პრემიერის 2000 წლის 8Oდეკემბრის განკარგულებით გაუქმდა თბილისის პრემიერის 1998წ. 31 დეკემბრის ¹729 განკარგულება.
საკასაციო საჩივარი ემყარება შემდეგ საფუძვლებს:
1. 2000წ. 8 დეკემბრისათვის უკვე ძალაში იყო «საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი”, რომლის 54.1 მუხლის შესაბამისად ადმინისტრაციული აქტი ძალაში შედის მხარისათვის გაცნობის ან გამოქვეყნების დღეს. ამავე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილია ის შემთხვევები, როდესაც ადმინისტრაციული აქტი შეიძლება, ძალაში შევიდეს გამოქვეყნებამდე ან გაცნობამდე. ამავე კოდექსის 55.2 მუხლის შესაბამისად, თუკი ადმინისტრაციული აქტი ეხება 50-ზე მეტ პირს, შეიძლება, გაცნობა შეიცვალოს გამოქვეყნებით. 1991-1992წ.წ. დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად დაზარალებული (რომლებიც სარგებლობენ შეღავათებით აუქციონში მონაწილეობისას) კი სწორედ 50-ზე მეტი პირია.
თბილისის პრემიერის 2000წ. 8 დეკემბრის ¹875 განკარგულება (რომლითაც გაუქმდა თბილისის პრემიერის 1998წ. 31 დეკემბრის ¹729 ზემოაღნიშნული განკარგულება) კანონით დადგენილი წესით კასატორისათვის არ უცნობებიათ და არც გამოქვეყნებულა, ამის წერილობითი ან რაიმე სხვა სახის მტკიცებულება არ არსებობს.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 58.1 მუხლის შესაბამისად ადმინისტრაციული აქტის ოფიციალური გაცნობა ნიშნავს მხარისათვის მის გადაცემას ან ფოსტის მეშვეობით გაგზავნას. ამ შემთხვევაში კი ასეთს ადგილი არ ჰქონია.
ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, 2000წ. 15 დეკემბრისათვის თბილისის პრემიერის 2000წ. 8 დეკემბრის ¹875 განკარგულება ძალაში არ გახლდათ შესული, ანუ კვლავ ძალაში რჩებოდა თბილისის პრემიერის 1998წ. 31 დეკემბრის ¹279 განკარგულებით დადგენილი შეღავათები.
2. როგორც რაიონული სასამართლო, ასევე სააპელაციო სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ კასატორმა იცოდა თბილისის პრემიერის 2000წ. 8 დეკემბრის ¹875 განკარგულების არსებობის შესახებ. დადგენილია, რომ კასატორმა აუქციონში მონაწილეობა მიიღო წარმომადგენლის მეშვეობით, რომელმაც ასევე არაფერი იცოდა თბილისის პრემიერის 2000წ. 8 დეკემბრის ¹875 განკარგულების შესახებ და ორივე ინსტანციის სასამართლო ამ ფაქტს დადასტურებულად მიიჩნევს მოწმის ჩვენებით.
3. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2 და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103.2 მუხლების შესაბამისად მოწმის ჩვენებით ვერ დადგინდება თბილისის პრემიერის 2002წ. 8 დეკემბრის ¹875 განკარგულების კასატორისათვის გადაცემის (ოფიციალური გაცნობა), ფოსტით გამოგზავნისა და კასატორის მიერ მისი მიღების, აგრეთვე, პრესით გამოქვეყნების ფაქტი, ამის მტკიცებულება შეიძლება იყოს მხოლოდ და მხოლოდ წერილობითი დოკუმენტი, რომელზეც კასატორი ხელმოწერით ადასტურებს, რომ ჩაბარდა თბილისის პრემიერის 2002წ. 8 დეკემბრის ¹875 განკარგულება. აღნიშნული წესი დადგენილია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 58.1, 54.1 და 55.2 მუხლებით, ანუ კანონით («საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი”) ცალსახად დადგენილია იმ მტკიცებულებათა სახეები, რომლითაც შეიძლება დადასტურებულიყო თბილისის პრემიერის 2000წ. 8 დეკემბრის ¹875 განკარგულების კასატორისათვის ოფიციალური გაცნობის ან გამოქვეყნების ფაქტი. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, როგორც რაიონული, ასევე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებები ეყრდნობა დაუშვებელ მტკიცებულებას (მოწმის ჩვენებას).
4. სამოქალაქო წესით საქმის განხილვისაგან განსხვავებით ადმინისტრაციული წესით საქმის განმხილველი სასამართლო უფლებამოსილია, თავისი ინიციატივით გამოითხოვოს ინფორმაცია ან მტკიცებულებები. ფაქტია, რომ ორივე ინსტანციის სასამართლოს უნდა ემსჯელა წმინდა სამართლებრივ საკითხზე – 2000წ. 18 დეკემბრისათვის იყო თუ არა შესული ძალაში თბილისის პრემიერის 2000წ. 8 დეკემბრის ¹875 განკარგულება. მხარეებს ეს საკითხი სადავოდ რომც არ გაეხადათ, სასამართლო ვალდებული იყო გამოეკვლია იგი. ორივე ინსტანციის სასამართლოს უნდა დაედგინა, თბილისის მერიამ (და არა სხვა პირმა) «საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის” 58-ე მუხლის შესაბამისად, ოფიციალურად გააცნო კასატორს თუ არა (ან გამოაქვეყნა თუ არა) თბილისის პრემიერის 2000წ. 8 დეკემბრის ¹875 განკარგულება. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება საუბარი თბილისის პრემიერის ზემოაღნიშნული განკარგულების ძალაში შესვლის თარიღზე.
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, მოუსმინა მხარეთა განმარტებებს, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სამოტივაციო ნაწილი:
საქმის მასალებიდან და მხარეთა განმარტებებიდან ირკვევა, რომ საქართველოს პრეზიდენტის 1996წ. 26 ივლისის ¹180 განკარგულების შესაბამისად 1991-92წ.წ. დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად დაზარალებული მოსახლეობის მატერიალური და მორალური უფლებების განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის 1997წ. 6 მარტის ¹06.03.269 დადგენილებით შეიქმნა «1991-92წ.წ. დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად დაზარალებულ თბილისელთა რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამის შესრულების საზოგადოებრივი კონტროლის კომისია”, რომელიც დაკომპლექტდა მთლიანად იმ წლებში დაზარალებული მოქალაქეებით. ქ. თბილისის პრემიერის 1998წ. 31 დეკემბრის ¹729 და 2000წ. 8 დეკემბრის ¹875 განკარგულებები მიღებულ იქნა დაზარალებულ მოქალაქეთა საზოგადოებრივი კონტროლის კომისიის წინადადებების (განცხადებების) საფუძველზე. კომისია კი თავისი ადგილმდებარეობის მიხედვით კედელზე გაკვრით აქვეყნებს ყველა ადმინისტრაციულ აქტს, რომელიც შეეხება დაზარალებულებს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის განმარტებას, რომ მისთვის ცნობილი არ იყო ქ. თბილისის პრემიერის 2000წ. 8 დეკემბრის ¹875 განკარგულების გამოცემის თაობაზე, რადგანაც აღნიშნული განკარგულების პროექტი მისი მომზადების პერიოდშიც ყველა დაზარალებულისათვის ცნობილი იყო.
ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატამ სწორად ჩათვალა უსაფუძვლოდ მ. რ-შვილის მოთხოვნა, 2000წ. 15 დეკემბერს ¹23 აუქციონზე მის მიერ შეძენილი ქონების ანგარიშსწორებისას ნივთის ღირებულებიდან 1991-92წ.წ. დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად დაზარალებულთათვის კუთვნილი საკომპენსაციო თანხის გამოქვითვის წესის გამოყენების თაობაზე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სამართლებრივი თვალსაზრისით სწორი გადაწყვეტილება გამოიტანა და არ არსებობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლები.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის პირველი ნაწილით, 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ. რ-შვილის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 21 თებერვლის განჩინება.
3. მ. რ-შვილი გათავისუფლდეს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება