3გ/ად-103-კ-01 21 დეკემბერი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),
ნ. სხირტლაძე,
მ. ვაჩაძე
დავის საგანი: არასაცხოვრებელი სადგომიდან გამოსახლება; იჯარა-გამოსყიდვის ხელშეკრულების გაუქმება.
აღწერილობითი ნაწილი:
ქ. თბილისში, ..... განთავსებული არასაცხოვრებელი სადგომიდან შპს «ს-ის» დირექტორის პ. მ-შვილის გამოსახლების მოთხოვნით 05.11.98წ. გლდანის რაიონის სასამართლოს განცხადებით მიმართეს ც. და ვ. რ-შვილებმა, რომლებიც აღნიშნავდნენ, რომ მითითებული ფართი მათ გადაეცათ იჯარა-გამოსყიდვით ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის დეპარტამენტის მიერ 04.11.97წ. ჩატარებულ კომერციულ კონკურსში გამარჯვების შედეგად, ს.ქ.მ. დეპარტამენტსა და ც. და ვ. რ-შვილებს შორის 19.12.97წ. დადებული ხელშეკრულებით. შპს-ის «ს-ის» დირექტორმა პ. მ-შვილმა 19.03.99წ. სასამართლოში აღძრული შეგებებული სარჩელით მოითხოვა ს.ქ.მ. დეპარტამენტსა და ვ. და ც. რ-შვილებს შორის 19.12.97წ. დადებული საიჯარო ხელშეკრულების გაუქმება, ვინაიდან სადავო ობიექტის იჯარით აღების დროს, განაცხადში მითითებული საიჯარო დავალიანების 4224 ლარის ნაცვლად, დაფარულ იქნა 1426 ლარი. ამასთანავე, ობიექტის პრივატიზაცია რ-შვილებმა მოახდინეს მისი ნდობის ფაქტორის ბოროტად გამოყენებით.
თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 09.03.2000წ. გადაწყვეტილებით ც. და ვ. რ-შვილების სარჩელი დაკმაყოფილდა, შპს-ს «ს-ს» შეუწყდა ფართით სარგებლობის უფლება და გამოსახლებულ იქნა სადავო ფართიდან, შპს-ის «ს-ის» დირექტორს პ. მ-შვილს უარი ეთქვა შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა პ. მ-შვილის მიერ. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 03.05.01წ. გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 09.03.2000წ. გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ც. და ვ. რ-შვილების სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო, დაკმაყოფილდა პ. მ-შვილის შეგებებული სარჩელი, ბათილად იქნა ცნობილი 19.12.97წ. ც. და ვ. რ-შვილებსა და ს.ქ.მ. დეპარტამენტს შორის დადებული საიჯარო ხელშეკრულება. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ 02.10.97წ. სადავო ფართზე კომერციული კონკურსის ჩატარების შესახებ გამოქვეყნებულ განაცხადში ობიექტის საწყის ღირებულებად 5787 აშშ დოლარის მითითება ეწინააღმდეგება ,,სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” კანონის მე-7 მუხლის მე-8 პუნქტის მოთხოვნებს, ვინაიდან მანამდე ს.ქ.მ. დეპარტამენტის მიერ პრესაში ორჯერ, _ 12.04.97წ. და 30.07.97წ. იქნა გამოქვეყნებული განხცადება ფართის აუქციონის ფორმით იჯარა-გამოსყიდვით გადაცემის შესახებ, ორივე შემთხვევაში ობიექტის სასტარტო ფასად მითითებულ იქნა 14823 აშშ დოლარის ექვივალენტი თანხა ეროვნულ ვალუტაში. მიუხედავად იმისა, რომ 04.11.97წ. ჩატარებული კონკურსის შედეგები დამტკიცდა 10.11.97წ., იჯარის ხელშეკრულება დაიდო 19.12.97წ., რითაც დაირღვა «სახელმწიფო ქონების იჯარა-გამოსყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ» დებულების მე-4 მუხლის I-ლი პუნქტით განსაზღვრული საიჯარო ხელშეკრულების დადების 15 დღიანი ვადა. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა აგრეთვე, რომ ც. და ვ. რ-შვილების მიერ 1 წლის ვადაში არ იქნა დაფარული საიჯარო ქონების საბოლოო ფასის 51%, რითაც დაირღვა მითითებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნები. ს.ქ.მ. სამინისტროს მიერ 08.09.97წ. ბრძანებით დამტკიცებული «სახელმწიფო ქონების იჯარა-გამოსყიდვის ფორმით პრივატიზაციის შესახებ» დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტზე და სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს მიერ 31.03.99წ. დამტკიცებული იმავე სახელწოდების დებულების პირველ მუხლზე, აგრეთვე «სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ» კანონის მე-2 მუხლზე და საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლზე მითითებით, სააპელაციო სასამართლო არ დაეთანხმა ვ. და ც. რ-შვილების, აგრეთვე სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს წარმომადგენლის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ შპს «ს-ი» არ წარმოადგენს სათანადო მოსარჩელეს და აღნიშნა, რომ 19.12.97წ. ხელშეკრულების გაუქმების შემთხვევაში შპს «ს-ს» იქნება ფართის პოტენციური მყიდველი.
თბილისის საოლქო სასამართლოს 03.05.01წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა ც. და ვ. რ-შვილების მიერ. კასატორები ითხოვენ სააპელაციო პალატის 03.05.01წ. გადაწყვეტილების გაუქმებას, ახალი გადაწყვეტილების გამოტანით მათი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას, მოწინააღმდეგე მხარის შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას. კასატორები უსაფუძვლოდ თვლიან მოსაზრებას «სახელმწიფო ქონების იჯარა-გამოსყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ» დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნის დარღვევის შესახებ და აღნიშნავენ, რომ საქმეში არსებული დოკუმენტებით და სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს წარმომადგენლების განმარტებით დასტურდება მათ მიერ ხელშეკრულების დადებიდან 1 წლის განმავლობაში საიჯარო ქონების საბოლოო ფასის 51%-ის დაფარვა, აღნიშნულის თაობაზე მხარეებს ერთმანეთის მიმართ პრეტენზია არ ჰქონიათ. კასატორები ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, რომ გლდანის რაიონის სასამართლოსადმი სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს 27.01.99წ. წერილის თანახმად, საიჯარო ხელშეკრულების მოგვიანებით, 19.12.97წ. გაფორმება გამოწვეული იყო იმით, რომ საიჯარო ქირის დავალიანების შესახებ ცნობა 12.12.97წ. გაიცა. უსაფუძვლოა აგრეთვე სასამართლოს მითითება გლდანის რაიონის კომუნალური მეურნეობის სამმართველოს 24.12.98წ. წერილზე, რომლის მიხედვით 1997 წლის 1 კვარტლის ჩათვლით ობიექტს ერიცხებოდა საიჯარო ქირის დავალიანება 4224 ლარის ოდენობით, ვინაიდან ხელშეკრულება კასატორებსა და სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს შორის 19.12.97წ. დაიდო, ხოლო შპს «ს-ი» 26.12.97წ. შეიქმნა. კასატორები უმართებულოდ თვლიან აგრეთვე სააპელაციო სასამართლოს მიერ შპს «ს-ის» არასათანადო მოსარჩელედ ცნობაზე უარის თქმას და აღნიშნავენ, რომ კონკურსი ჩატარდა კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით, პ. მ-შვილს კონკურსში მონაწილეობისათვის განაცხადი არ წარუდგენია, მას გამოსახლებამდე პრეტენზიები არ წაუყენებია, უსაფუძლოა პ. მ-შვილის პრეტენზიები კასატორების მიერ ნდობის ბოროტად გამოყენების თაობაზე.
მოწინააღმდეგე მხარემ შესაგებელი არ წარმოადგინა, ხოლო სასამართლო პროცესზე საკასაციო საჩივარი არ ცნო და მოითხოვა სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება. საქმეში მესამე პირებად ჩართულები – სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს და ქ.თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონის გამგეობის წარმომადგენლებმა მხარი დაუჭირეს საკასაიცო მოთხოვნას.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა, საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის და საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
სახელმწიფო ქონების მართვის დეპარტამენტის 04.04.97წ. ¹1-4/190 ბრძანების თანახმად, ობიექტის სასტარტო საპრივატიზებო ღირებულებამ შეადგენდა 14853 აშშ დოლარის ექვივალენტური თანხა ეროვულ ვალუტაში. ამასთან, ობიექტის საწყის ღირებულებაში გათვალისწინებულ იქნა 01.04.97წ. მდგომარეობით საიჯარო ქირის დავალიანება 3249 აშშ დოლარის (4224 ლარის) ოდენობით. საიჯარო ქირის დავალიანების თანხა ობიექტის პრივატიზებისას გლდანის რაიონის საბინაო-საექსპლუატაციო ტრესტისათვის უნდა გადარიცხულიყო. ობიექტის პრივატიზების შესახებ ცნობა გამოქვეყნდა 12.04.97წ. და 30.06.97წ. გაზეთ «......-ში». განაცხადის შემოუსვლელობის გამო ობიექტი მოიხსნა 13.05.97წ. და 01.08.97წ. ჩატარებული აუქციონიდან. სახელმწიფო ქონების მართვის დეპარტამენტის თავმჯდომრის 30.09.97წ. ¹1-4/784 ბრძანებით (ს.ფ.56), «სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ» კანონის მე-7 მუხლის მე-8 პუნქტის საფუძველზე, რომლის თანახმად თუ არ მოხდა კონკურსის, აუქციონის, იჯარა-გამოსყიდვის ფორმით ორჯერ გამოტანილი სახელმწიფო ქონების პრივატიზება მისი საწყისი ფასი 50% მცირდება, ობიექტის ღირებულება 5787 აშშ დოლარის ოდენობით განისაზღვრა, რაც შეადგენს ობიექტის აქტიური და პასიური ნაწილის ღირებულების – 11574 აშშ დოლარის ნახევარს, ობიექტზე რიცხული საიჯარო ქირის დავალიანების გარეშე. ვინაიდან მოქმედი კანონმდებლობა (მთავრობის 14.09.92წ. ¹926, მინისტრთა კაბინეტის 23.12.93წ. ¹933, 16.05.95წ. ¹263 დადგენილებები, საქართველოს პრეზიდენტის 09.06.97წ. ¹295, 14.07.97წ. ¹363, 17.11.97წ. ¹671 ბრძანებულებები, სახელმწიფო ქონების მართვის სახელმწიფო კომიტეტის, ეკონომიკის სამინისტროს და ფინანსთა სამინისტროს 17.07.92წ. ერთობლივი დადგენილება) არ ითვალისწინებს ობიექტის საპრივატიზებო ღირებულებაში საიჯარო ქირის დავალიანების შეტანას, ხოლო კონკურსის, აუქციონის, იჯარა-გამოსყიდვის ფორმით ორჯერ გამოტანილი სახელმწიფო ქონების პრივატიზების განუხორციელებლობა იწვევს ობიექტის საწყისი ფასის განახევრებას («სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ» კანონის 7.8 მუხლი), ამასთანავე, ხელშეკრულების გაფორმებამდე ობიექტზე დარიცხული საიჯარო ქირის დავალიანების დაფარვის შესახებ ცნობების წამოდგენა შეადგენდა კონკურსის ერთ-ერთ პირობას, უმართებულოა საპელაციო სასამართლოს დასკვნა იმის შესახებ, რომ ობიექტის საწყისი საპრივატიზებო ღირებულება 04.11.97წ. კონკურსზე არასწორად განისაზღვრა 5787 აშშ დოლარის ოდენობით.
სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს 27.01.99წ. წერილის თანახმად, კონკურსის შედეგების დამტკიცების შემდეგ საიჯარო ხელშეკრულების მოგვიანებით – 19.12.97წ. გაფორმება გამოწვეული იყო იმით, რომ საიჯარო ქირის დავალიანების შესახებ ცნობა საბინაო ტრესტის მიერ 12.12.97წ. იქნა გაცემული. საქმეში დაცული ცნობის მიხედვით სადავო არასაცხოვრებელ ფართზე დავალიანება არ ირიცხება. გამგეობის 24.12.98წ. ცნობის თანახმად, არასაცხოვრებელ ფართზე ნ. რ-შვილის მიერ 15.12.97წ. გადახდილია საიჯარო ქირის დავალიანება 1463 ლარი და 95 თეთრი. ამასთანავე, გლდანის რაიონის კომუნალური მეურნეობის სამმართველოს 17.03.97წ. ცნობის მიხედვით, 1997 წლის I კვარტლის ჩათვლით საიჯარო ქირის დავალიანება 4224 ლარს შეადგენდა. მიუხედავად იმისა, რომ სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში უთითებს აღნიშნულ დოკუმენტებს, გადაწყვეტილების ტექსტიდან გაურკვეველი რჩება მიიჩნია თუ არა სასამართლომ საკონკურსო პირობა შესრულებულად, კერძოდ გადახდილ იქნა თუ არა საიჯარო ხელშეკრულების დადების მომენტისათვის საიჯარო ქირის დავალიანება, ვისი სახელით იქნა ნ. რ-შვილის მიერ გადახდილი საიჯარო დავალიანება, შეადგენდა თუ არა გამგეობის 24.12.98წ. წერილში მითითებული თანხა (1463, 95ლ) ზონირების შეცვლის შედეგად გადაანგარიშებულ საიჯარო ქირის დავალიანების თანხას, გადახდილი თანხა დავალიანების რა პერიოდს მოიცავდა. საკასაციო პალატა შეუძლებლად თვლის შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებას აღნიშნულ საკითხთა გარკვევის გარეშე. მიუხედავად იმისა, რომ საიჯარო ქირის დავალიანების გადაუხდელობა შეგებებულ სარჩელში მოყვანილი ორი არგუმენტიდან ერთ-ერთთაგანია, ამ საკითხში სასამართლოს მოტივაცია ბუნდოვანია, გაურკვეველი რჩება თუ რა სამართლებრივ მნიშვნელობას ანიჭებს სასამართლო სამოტივაციო ნაწილში მითითებული სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს 27.01.99წ., გლდანის გამგეობის 24.12.98წ. წერილებს, კომუნალური მეურნეობის სამმართველოს 17.03.97წ. ცნობას. ამასთანავე, სასამართლომ საერთოდ არ იქონია მსჯელობა შეგებებული სარჩელის მეორე მოსაზრებაზე, სახელდობრ, პ. მ-შვილის ნდობის ფაქტორის ბოროტად გამოყენებით რ-შვილების მიერ ობიექტის პრივატიზების განხორციელებაზე, რაც იმავდროულად წარმოადგენდა შპს «ს-ის» დირექტორის _ პ. მ-შვილის სააპელაციო საჩივრის ძირითად საფუძველს. გადაწყვეტილებაში მოყვანილი მოტივაციიდან გაურკვეველი რჩება ობიექტის პრივატიზაციით შეგებებული სარჩელის ავტორს კონკრეტულად რა უფლებები და ინტერესები შეელახა. სასამართლოს შეფასების მიღმა დარჩა აგრეთვე ც. და ვ. რ-შვილების ხელწერილები ობიექტის პრივატიზებაზე და საკუთრებაზე პრეტენზიების არარსებობის შესახებ, საიჯარო ქირის სისტემატიური გადაუხდელობის გამო გლდანის რაიონის გამგეობის 25.09.96წ. ¹236 გადაწყვეტილებით სახაზინო საწარმო «ს-თან» დადებული საიჯარო ხელშეკრულების ბათილად ცნობის შემდეგ ობიექტზე საიჯარო ქირის დავალიანების დაკისრების მართლზომიერება და სხვ. სააპელაციო სასამართლოს მითითება იმის შესახებ, რომ შეგებებული სარჩელი შეტანილ იქნა შპს «ს-ის» დირექტორის პ. მ-შვილის მიერ გაურკვეველს ტოვებს იმას, თუ კონკრეტულად ვისი სახელით იქნა შეტანილი შეგებებული სარჩელი – შპს «ს-ის» თუ ფიზიკური პირის _ პ. მ-შვილის მიერ.
საქმის მასალებით არ დასტურდება აგრეთვე სასამართლოს მოსაზრება იმის შესახებ, რომ საიჯარო ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 წლის ვადაში არ იქნა დაფარული საიჯარო ქონების საბოლოო ფასის 51 პროცენტი. ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის დეპარტამენტის მთავარი ბუღალტრის ცნობის მიხედვით, 19.12.97წ. საიჯარო ხელშეკრულების თანახმად მოიჯარეების მიერ გადახდილი საპრივატიზებო თანხები (30.10.97წ. ბე-578,70 აშშ დოლარის ეკვივალენტი ეროვნულ ვალუტაში, 17.11.98წ. – 900, 25.11.97წ. – 2071, სულ 354,7 აშშ დოლარის ეკვივალენტი ეროვნულ ვალუტაში) ადასტურებენ მოიჯარეების მიერ იმ დროს მოქმედი საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის 08.09.97წ. ბრძანებით დამტკიცებული «სახელმწიფო ქონების იჯარა-გამოსყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ» დებულების მე-4 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული მოთხოვნის შესრულებას, რომლის მიხედვით საიჯარო ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 წლის ვადაში საიჯარო ქონების საბოლოო ფასის (5800 ლ.) არანაკლებ 51% ერთი წლის ვადაში უნდა იქნეს დაფარული. ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს 24.12.99წ. ¹2-14/1684 წერილის მიხედვით, მოიჯარეები ხელშეკრულების გაფორმების დღიდან სრულად იხდიან საიჯარო ქირას და პირნათლად ასრულებენ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სხვა პირობა – ვალდებულებებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ გადაწყვეტილება არ არის საკმარისად დასაბუთებული, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არ ეყრდნობა საქმის მასალებს, საქმეზე კანონშესაბამისი გადაწყვეტილების მიღება შესაძლებელი იქნება საქმის მითითებულ გარემოებათა დამატებითი, სრულყოფილი განხილვის შედეგად.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I-ლი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ც. რ-შვილის და ვ. რ-შვილის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინიტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 03.05.01წ. გადაწყვეტილება.
2. საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატას.
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.