3გ-ად-103-კ-02 27 სექტემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),
ნ. სხირტლაძე,
მ. ვაჩაძე
დავის საგანი: საიჯარო ხელშეკრულების გაუქმება. იჯარით გაცემული მიწის ნაკვეთის ჩამორთმევა.
აღწერილობითი ნაწილი:
ყვარლის რაიონის გამგეობასა და ბ. რ-ს შორის 16.04.97წ. 9წ. ვადით დაიდო საიჯარო ხელშეკრულება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 568ჰა მიწის ნაკვეთზე. მიწის იჯარის ყოველწლიური ქირა განისაზღვრა 568 აშშ დოლარის ეკვივალენტით ლარებში (2.1ჰ.), მოიჯარეს მეიჯარის ანგარიშზე ყოველწლიური ქირის 50% უნდა გადაეხადა ა.წ. 15 მარტამდე, ხოლო დანარჩენი ნაწილი 15 ივნისამდე. ყვარლის რაიონის გამგეობის 02.09.98წ. ¹167 დადგენილებით 1997წ. საიჯარო ქირის დავალიანების გადაუხდელობის გამო გ. რ-თან დადებული საიჯარო ხელშეკრულება 568ჰა სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე გაუქმდა.
ბ. რ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა ყვარლის რაიონულ სასამართლოს ყვარლის რაიონის გამგეობის მიმართ, რომელშიც აღინიშნა, რომ 1997წ. საიჯარო ქირიდან მოსარჩელეს გადასახდელი დარჩა 127 ლარი, რაც რაიონის გამგეობამ საფუძვლად დაუდო საიჯარო ხელშეკრულების გაუქმებას. საიჯარო ქირის ნაწილის გადაუხდელობა გამოწვეული იყო 1997წ. მაის-ივნისში ცხვრის ფარის ე.წ. „ბრაზვოიტის“ დაავადებით, რის გამოც დაეღუპა 62 ცხვარი. ცხვრის ფარის მკურნალობის ხარჯმა 700 ლარი შეადგინა, რისთვისაც მოუხდა პროცენტიანი სესხის აღება. აღნიშნული, მოსარჩელის აზრით, წარმოადგენდა საიჯარო ქირის გადაუხდელობის საპატიო მიზეზს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა გამგეობის 02.09.08წ. ¹167 დადგენილების მე-2, მე-3 მუხლების, მე-4 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების ბათილად ცნობა.
ყვარლის რაიონული სასამართლოს 28.03.2000წ. გადაწყვეტილებით ბ. რ-ის სარჩელი უსაფუძვლობის გამო არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ბ. რ-ის მიერ. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 30.11.01წ. განჩინებით დავაში მესამე პირად ჩაბმული იქნა ა. ნ-ი, კ. ჯ-ე, ყვარლის რაიონის მიწის მართვის სამმართველო. სააპელაციო პალატამ არ მიიჩნია საიჯარო ქირის დავალიანება საპატიოდ და მიუთითა, რომ 16.04.97წ. საიჯარო ხელშეკრულების 4.13 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით მოიჯარეს უფლება ჰქონდა იჯარის ვადის გასვლამდე შეეწყვიტა იჯარის უფლება მოიჯარის მიერ ხელშეკრულებით დადგენილი ვადის გასვლ.ნ 3 თვის განმავლობაში იჯარის ქირის გადაუხდელობის შემთხვევაში. პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ აპელანტს მეიჯარემ ორჯერ გაუგზავნა წერილობითი შეტყობინება საიჯარო ქირის დავალიანების გადაუხდელობის გამო საიჯარო ხელშეკრულების მოშლის შესახებ, შესაბამისად, სსკ-ს 522-ე, 582-ე, 561-ე მუხლების საფუძველზე, პალატამ მიიჩნია, რომ რაიონის გამგეობას სრული უფლება ჰქონდა გაეუქმებინა ბ. რ-თან 16.04.97წ. დადებული საიჯარო ხელშეკრულება. პალატამ მიუთითა აგრეთვე, რომ 568ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ა. ნ-ისათვის გადაცემაზე ვერ იქონიებს მსჯელობას, ვინაიდან აღნიშნული არ წარმოადგენს დავის საგანს, ხოლო სსსკ-ს 377.1 მუხლის თანხამად სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ვინაიდან, მოსარჩელე ითხოვდა რაიონის გამგეობის დადგენილების ნაწილობრივ ბათილად ცნობას, პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს საქმე უნდა განეხილა ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით, სასკ მე-16 მუხლის საფუძველზე მე-3 პირებად უნდა ჩაერთო ა. ნ-ი, კ, ჯ-ე, ყვარლის რაიონის მიწის მართვის სამმართველო, რომელთა ინტერესებსაც შეეხება განსახილველ დავაზე გამოტანილი გადაწყვეტილება. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატის 25.12.01წ. გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ყვარლის რაიონული სასამართლოს 28.03.2000წ. გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ბ. რ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა ბ. რ-ის მიერ. კასატორი აღნიშნავს, რომ არ მიუღია შეტყობინება საქმის განხილვის შესახებ, სასამართლომ უხეშად დაარღვია სასკ 26.2 მუხლის მოთხოვნები, რაც გადაწყვეტილების გაუქმების უდავო საფუძველს წარმოადგენს. ყვარლის რაიონის გამგეობას 02.09.98წ. დადგენილების საფუძვლად არ დაუდია 1998წ. საიჯარო ქირის გადაუხდელობა, ამდენად, თუ იჯარა უქმდებოდა 1997წ. 117 ლარის გადაუხდელობის გამო, ხელშეკრულების 4.1.3. „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ამ საკითხზე გამგეობას გადაწყვეტილება უნდა მიეღო 1997წ. გასვლიდან 3 თვის ვადაში, ე.ი. 1998წ. 30 მარტამდე და არა 5 თვის დაგვიანებით – 02.09.98წ.; კასატორი უარყოფს გამგეობის მხრიდან ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ წერილობითი ხელშეკრულების მიღებას და თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში ადგილი აქვს სსკ-ს 405-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევას, რომლის მიხედვით ხელშეკრულებაზე უარი დაუშვებელია ვალდებულების უმნიშვნელო დარღვევის გამო. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა მოითხოვა სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების გაუქმებით ახალი გადაწყვეტილების მიღება, ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება.
მოპასუხის, ყვარლის რაიონის გამგეობის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და აღნიშნა, რომ ხელშეკრულების გაუქმება განპირობებული იყო საიჯარო ქირის გადაუხდელობით, ხელშეკრულების გაუქმებამდე კასატორი რამდენიმეჯერ წერილობით და ზეპირად იქნა გაფრთხილებული ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე, მიუხედავად ამისა, კასატორი არ იხდიდა საიჯარო ქირას. საიჯარო ხელშეკრულების გაუქმების შემდეგ დაიდო ახალი ხელშეკრულებები, მოიჯარეები ხელშეკრულების მოთხოვნათა დაცვით დროულად იხდიან საიჯარო ქირას. ახალ მოიჯარეებთან საიჯარო ხელშეკრულება ადრე დადებული არ ყოფილა, უმართებულოა ბ. რ-ის მოსაზრება იმის შესახებ, რომ ახალი საიჯარო ხელშეკრულებები დაიდო იმ პირებთან, რომლებსაც გამგეობის 02.09.98წ. დადგენილებით ქირის გადახდის დავალიანების გამო გაუუქმდათ საიჯარო ხელშეკრულება. საქმეში მესამე პირებად ჩართულნი, სადავო მიწის ნაკვეთის მოიჯარეებმა – ა. ნ-მა და კ. ჯ-ემ საკასაციო საჩივარი არ ცნეს და მოითხოვეს სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შემოწმების, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორთა მოსაზრებას იმის შესახებ, რომ იგი არ იყო გაფრთხილებული სასამართლო სხდომის ჩატარების თაობაზე. საქმეში დაცულია სააპელაციო პალატის მიერ დანიშნული სასამართლო სხდომების ჩატარების თაობაზე გაგზავნილი შეტყობინებების მიღების დამადასტურებელი ქვითრები, სათანადო წესის დაცვით ბ. რ-ის შეტყობინების მიუხედვად იგი არ გამოცხადდა 08.11.2000წ., 22.05.01წ., 25.06.01წ., 25.12.01წ. დანიშნულ სასამართლო სხდომებზე. ამდენად, სახეზე არ არის სსსკ-ს 394-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა, საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას სააპელაციო პალატის მიერ სსსკ 261 მუხლის დარღვევის თაობაზე.
საფუძველს მოკლებულია აგრეთვე კასატორის მოსაზრება იმის შესახებ, რომ ხელშეკრულების 4.1.3. „გ“ ქვეპუნქტის თანახმად გამგეობა უფლებამოსილი იყო ქირის გადაუხდელობის გამო შეეწყვიტა ხელშეკრულება 1997წ. გასვლ.ნ 3 თვის განმავლობაში – 1998წ. 30 მარტამდე. სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარის 16.04.97წ. ხელშეკრულების 4.1.3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ადგენს იჯარის ქირის გადაუხდელობის გამო იჯარის ხელშეკრულების მოშლის მინიმალურ ვადას. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ ქირის გადაუხდელობის შემთხვევაში მეიჯარე უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოშალოს ხელშეკრულება. საიჯარო ქირის გადაუხდელობა ეხება ხელშეკრულების კონტრაჰენტის არსებით ინტერესებს და არ წარმოადგენს სახელშეკრულებო ვალდებულების უმნიშვნელო დარღვევას (სსკ-ს 405-ე მუხლი). ამასთანავე, ბ. რ-მა ვერ წარმოადგინა ქირის გადაუხდელობის საპატიო მიზეზის დამადასტურებელი მტკიცებულება, საქმეზე არ არის დადასტურებული ცხვრის ფარის დაავადების ფაქტი, სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ წარმოდგენილი ცნობა ხელმოწერილია დაუდგენელი პირის მიერ, ცნობა დამოწმებულია დაუდგენელი ორგანიზაციის ბეჭდით. კასატორს არ აქვს წარმოდგენილი ამ მიმართებით დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. ბ. რ-ს არ მიუმართავს აგრეთვე მეიჯარისათვის თხოვნით ქირის გადახდის გადავადების ან შემცირების შესახებ. ხელშეკრულების 3.3.4, 3.3.7, 4.1.3 „გ“ პუნქტების მიხედვით საიჯარო ქირის გადახდა წარმოადგენს მოიჯარის ძირითად ვალდებულებას. რაიონის გამგეობას და ბ. რ-ს შორის 16.04.97წ. დადებული ხელშეკრულების მიხედვით მიწის იჯარის ყოველწლიური ქირის ნახევარი მეიჯარის ანგარიშზე 15 მარტამდე უნდა ყოფილიყო შეტანილი, ხოლო დანარჩენი ნაწილი – 15 ივნისამდე. ყვარლის რაიონის გამგეობის 02.09.98წ. ¹167 დადგენილების მიღებისას კასატორს დარჩენილი ჰქონდა 1997წ. გადახდილი ქირის დავალიანება, ამასთანავე მას საერთოდ არ გადაუხდია 1998წ. საიჯარო ქირა. გარდა ამისა, ყვარლის რაიონის გამგეობასა და ბ. რ-ს შორის 16.04.97წ. დადებული სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარის ხელშეკრულება არ იყო ნოტარიულად დამოწმებული, შესაბამისად ხელშეკრულებას არ გაუვლია რეგისტრაცია მიწის რესურსებისა და მიწის კადასტრის რაიონულ სამსახურში, რაც ხელშეკრულების დადების დროისათვის მოქმედი კანონმდებლობის, კერძოდ, „სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარის შესახებ“ კანონის 4.4 მუხლის თანახმად, წარმოადგენს ხელშეკრულების ძალაში შესვლის სავალდებულო პირობას. უმართებულოა აგრეთვე კასატორის მოსაზრება იმის შესახებ, რომ იგი არ იყო წერილობით გაფრთხილებული ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ. 30.11.2000წ. სხდომის ოქმის თანახმად ბ. რ-მა აღიარა საიჯარო ქირის გადაუხდელობის გამო საიჯარო ხელშეკრულების შეწყვეტის გაუქმების შესახებ წერილობითი გაფრთხილების მიღება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ არ არსებობს ბ. რ-ის საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების, სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების გაუქმებისა და იჯარის ხელშეკრულების აღდგენის საფუძველი. საკასაციო პალატა, კასატორის ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, სსსკ-ის 47-ე მუხლის საფუძველზე, მთლიანად ათავისუფლების მის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, 26-ე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ბ. რ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 25.12.10წ. გადაწყვეტილება.
2. კასატორი გათავისუფლდეს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.