3გ-ად-104-კ-02 5 ივლისი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),
მ. ვაჩაძე,
ნ. სხირტლაძე
დავის საგანი: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მიერ ქმედების განხორციელება – კონკურსის გაგრძელება და დამთავრება.
აღწერილობითი ნაწილი:
1999წ. 3 სექტემბერს თ. ა-ძემ ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორატისა და ამავე უნივერსიტეტის ..... კათედრის გამგის რ. გ-ურის მიმართ სარჩელი აღძრა. მოსარჩელემ თსუ-ს რექტორატის მიერ 1990 წელს ..... კათედრის დოცენტის საშტატო ერთეულზე გამოცხადებული კონკურსის გაგრძელება და დამთავრება, ასევე თსუ-ს რექტორატისა და ..... კათედრის გამგის რ. გ-ურისაგან 500 000 ლარის მის სასარგებლოდ გადახდევინება მოითხოვა. მან სასარჩელო განცხადებაში მიუთითა, რომ 1981 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ..... ფაკულტეტი დაამთავრა. სტუდენტობის პერიოდში რ. გ-ურის ხელმძღვანელობით სახლშეკრულებო თემაზე მუშაობდა, ხოლო სწავლის დამთავრების შემდეგ კათედრის ლაბორანტი გახდა და სახელშეკრულებო და სადისერტაციო თემაზე მუშაობა განაგრძო. 1989 წელს მოპასუხე რ. გ-ურის საჩივრის გამო საკანდიდატო დისერტაციის დროულად დაცვა ვერ შეძლო. მიუხედავად ამისა, მან საკანდიდატო დისერტაციის დაცვა და ...... მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხის მოპოვება მოგვიანებით მოახერხა. 1990 წელს, დოცენტის საშტატო ერთეულის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის გაუქმება, რომელშიც მხოლოდ იგი მონაწილეობდა, მოპასუხე გ-ურმა მოითხოვა, თუმცა 4 თვის განმავლობაში კონკურსი არ გაუქმებულა. ამ ფაქტების გამო თ. ა-ძე დაავადდა და საავადმყოფოში მოხვდა. 1995 წელს დეკრეტული შვებულებიდან დაბრუნების შემდეგ რ. გ-ური მას ავიწროვებდა, ლაბორატორიაში არ უშვებდა, რის გამოც იგი თსუ-ს ბიბლიოთეკაში მუშაობდა. მოსარჩელემ თავისი მოთხოვნა ზემოაღნიშნულ ფაქტებსა და საქმის მასალებზე დაამყარა.
მოპასუხე თსუ რექტორატის წარმომადგენელმა ლ. დ-ანმა და ..... კათედრის გამგე რ. გ-ურმა სარჩელი არ ცნეს და აღნიშნეს, რომ 1990 წელს კონკურსი არ ჩატარდა იმის გამო, რომ დოცენტის საშტატო ერთეულზე სათანადო საათობრივი დატვირთვა არ იყო. 1990 წლის შემდეგ ჩატარებულ კონკურსებში კი თ. ა-ძეს მონაწილეობა არ მიუღია. მოპასუხეებმა ასევე მიუთითეს, რომ მოსარჩელეს სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა გაშვებული ჰქონდა.
თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულმა სასამართლომ 2000წ. 18 დეკემბრის განჩინებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორატის წარმომადგენლის ლ. დ-იანის შუამდგომლობის საფუძველზე თ. ა-ძის სასარჩელო მოთხოვნა თსუ-ს რექტორატისა და რ. გ-ურის მიმართ მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში წარმოებით შეაჩერა, ხოლო 1990წ. 16 ნოემბრის კონკურსის გაგრძელებისა და დამთავრების ნაწილში სარჩელის განხილვა ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განაგრძო. აღნიშნული განჩინება არ გასაჩივრებულა.
2001წ. 24 აპრილს ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით თ. ა-ძის სარჩელი თსუ-ს რექტორატის მიერ დოცენტის საშტატო ერთეულზე გამოცხადებული კონკურსის გაგრძელებისა და აღნიშნულ შტატზე თ. ა-ძის არჩევის შესახებ არ დაკმაყოფილდა.
ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით თ. ა-ძემ გაასაჩივრა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
2001წ. 16 ნოემბერს თ. ა-ძემ დაზუსტებული სააპელაციო საჩივრით მიმართა თბილისის საოლქო სასამართლოს, დააკონკრეტა დავის საგანი და თსუ-ს ადმინისტრაციის მიერ ქმედების განხორციელება, კერძოდ 1990წ. 16 ნოემბერს გამოცხადებული კონკურსის გაგრძელება და დამთავრება იმ დროისათვის არსებული პირობების გათვალისწინებით მოითხოვა. აპელანტმა მიუთითა, რომ იგი «უმაღლესი სასწავლებლების პროფესორ-მასწავლებელთა თანამდებობების დაკავების წესის შესახებ» დებულების შესაბამისად მოქმედებდა, კერძოდ, დებულების შესაბამისად 1991წ. 28 იანვარს თსუ-ს რექტორს ბ-ნ ნ. ა-ს და პრორექტორს სასწავლო მუშაობის დარგში პროფესორ ლ. ა-ძეს მიმართა. დებულების მე-17 მუხლის თანახმად მას კონკურსის ჩატარების ან არჩატარების შესახებ წერილობითი პასუხი უნდა მიეღო, რაც არ მიუღია.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 5 თებერვლის გადაწყვეტილებით სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1507-ე მუხლის თანახმად, იმ დროს მოქმედი საქართველოს რესპუბლიკის სამოქალაქო სამართლის კოდექსის 75-ე, მე-80 და 84-ე მუხლები გამოიყენა და მიიჩნია, რომ თ. ა-ძის სარჩელი ხანდაზმული იყო.
თ. ა-ძემ 2002წ. 21 მარტს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 5 თებერვლის გადაწყვეტილება საკასაციო წესით იმავე საფუძვლებით გაასაჩივრა.
კასატორმა მიუთითა, რომ საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატამ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებია, გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა.
სამოტივაციო ნაწილი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება და დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ თ. ა-ძის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2002წ. 5 თებერვლის გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მოცემული დავის გადაწყვეტისას გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენდებინა და სწორად განმარტა იგი. კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1507-ე მუხლი და სწორად მიუთითა, რომ მოცემული სამართლებრივი ურთიერთობის მოსაწესრიგებლად გამოყენებული უნდა ყოფილიყო საქართველოს რესპუბლიკის სამოქალაქო სამართლის კოდექსი, რომელიც იმ დროს მოქმედებდა.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ 1990წ. 16 ნოემბერს გაზეთ «თბილისის უნივერსიტეტში» გამოცხადებულ იქნა კონკურსი ...... კათედრის დოცენტის, ...... მეცნიერებათა კანდიდატის 1,0 საშტატო ერთეულზე» თანამდებობის დასაკავებლად, რომელშიც ერთადერთ კანდიდატს კასატორი – თ. ა-ძე – წარმოადგენდა. ამასთან, დადგენილია და დავას არ იწვევს ის ფაქტი, რომ კონკურსი არ ჩატარებულა და კასატორს – თ. ა-ძეს – თანამდებობა არ დაუკავებია, რაც მისთვის იმთავითვე ცნობილი იყო. დარღვეული უფლების აღდგენის თაობაზე კასატორმა მხოლოდ 1999წ. 3 სექტემბერს მიმართა სასამართლოს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას და განმარტავს, რომ საქართველოს რესპუბლიკის სამოქალაქო სამართლის კოდექსის 75-ე მუხლის თანახმად საერთო ვადა უფლების დაცვისა იმ პირის სარჩელით, რომლის უფლებაც დარღვეულია განისაზღვრება 3 წლით. ამ კოდექსის მე-80 მუხლით კი «სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა იწყება სარჩელის უფლების წარმოშობის დღიდან, ხოლო სარჩელის უფლება წარმოიშობა იმ დღეს, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო თავისი უფლების დარღვევა."
ამდენად, საკასაციო სასამართლო დადგენილად და დადასტურებულად მიიჩნევს, რომ თ. ა-ძეს გაშვებული აქვს სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა, რაც ამავე კოდექსის 84-ე მუხლის თანახმად სარჩელზე უარის თქმის საუძველია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატა თვლის რომ თ. ა-ძის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თ. ა-ძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2002წ. 5 თებერვლის გადაწყვეტილება.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.