გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3გ-ად-106-კ-02 28 ივნისი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),
ბ. კობერიძე,
ნ. კლარჯეიშვილი
სარჩელის საგანი: საბიუჯეტო დავალიანების დაკისრება.
აღწერილობითი ნაწილი:
2000წ. 20 ოქტომბერს მცხეთის რაიონის საგადასახადო ინსპექციამ სარჩელი აღძრა მცხეთის რაიონულ სასამართლოში მოპასუხე შპს «რ-ის» მიმართ.
სარჩელში აღნიშნული იყო, რომ მოსარჩელემ 1999წ. 26 ნოემბერს მცხეთის რაიონულ სასამართლოს მიმართა სარჩელით მოპასუხე შპს «რ-ის» მიმართ სახელმწიფო ბიუჯეტის ვადაგადაცილებული დავალიანების _ 10408 ლარის _ დაკისრებისა და მის კუთვნილ ქონებაზე ყადაღის დადების თაობაზე, რომელიც მხარეთა გამოუცხადებლობის გამო, დარჩა განუხილველად. მოსარჩელის განმარტებით, სასამართლო განხილვის დროს გაირკვა, რომ შპს «რ-ის» საკუთრებაში ჰქონდა არა 9,2ჰა მიწის ფართობი, როგორც ეს მცხეთის მიწის მართვის სამმართველოს მიერ გაცემულ ცნობაში იყო აღნიშნული, არამედ _ 0,8ჰა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ სარჩელში ითხოვა განუხილველად დატოვებული საქმის წარმოების განახლება და მოპასუხე შპს «რ-ისათვის» სახელმწიფო ბიუჯეტის ვადაგადაცილებული დავალიანების სახით 2364 ლარის დაკისრება, საიდანაც ძირითადი გადასახადი შეადგენდა 1627 ლარს, ხოლო საურავი _ 737 ლარს. მოსარჩელემ, აგრეთვე, ითხოვა შპს «რ-ის» ქონებაზე ყადაღის დადება.
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2001წ. 14 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს «რ-იმ».
სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას 2001წ. 11 ოქტომბრის განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩაება მცხეთის რაიონის მიწის მართვის სამმართველო.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატამ 2001წ. 18 დეკემბერს გამოიტანა განჩინება, რომლითაც შპს «რ-ის» სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2001წ. 14 თებერვლის გადაწყვეტილება.
შპს «რ-იმ» საკასაციო საჩივარში ითხოვა სააპელაციო სასამართლოს 2001წ. 18 დეკემბრის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების გამოტანა, რომლითაც მცხეთის საგადასახადო ინსპექციის სარჩელს უარი ეთქმება დაკმაყოფილებაზე იმ საფუძვლით, რომ სადავო მიწის ფართობი არის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების, რაც დასტურდება სოფ. საგურამოს საკრებულოს 2000წ. 6 აპრილის ¹55 წერილით, ხოლო სააპელაციო სასამართლომ და მცხეთის საგადასახადო ინსპექციამ აღნიშნული მიწის ნაკვეთი უსაფუძვლოდ ჩათვალეს არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობად.
კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, რის გამოც არსებობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით გათვალისწინებული კასაციის საფუძვლები.
საკასაციო სასამართლოზე რამდენჯერმე არ გამოცხადდნენ პროცესის მონაწილეები, რის გამოც საკასაციო სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ საქმე განხილულიყო ზეპირი მოსმენის გარეშე.
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა საკასაციო საჩივრის, გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი საფუძვლები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
სამოტივაციო ნაწილი:
საქმის მასალებში არსებობს სოფ. საგურამოს საკრებულოს გამგეობის მიწათმომწყობი ო. ს-შვილის 2000წ. 6 აპრილს გაცემული ცნობა, რომელშიც აღნიშნულია, რომ შპს «რ-ის» კუთვნილებაში არსებული სადავო ტერიტორია მთლიანად წარმოადგენს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწას. საქმის მასალებში, აგრეთვე, არსებობს წერილობითი მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ, რომ შპს «რ-ის» სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისაა. აღსანიშნავია, რომ ზემოთ აღნიშნულ ურთიერთგამომრიცხავ ცნობებზე ხელს აწერს სოფ. საგურამოს საკრებულოს გამგეობის მიწათმომწყობი ო. ს-შვილი.
გარდა ამისა, წარმოდგენილ წერილობით მტკიცებულებებში მითითებულია შპს «რ-ის» მფლობელობაში არსებული მიწის ფართობები ზომებით ერთმანეთისგან განსხვავდება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნა, კერძოდ, საქმეში არსებული მტკიცებულებები შეაფასა არასრულყოფილად, რის გამოც არ არის დადგენილი, სადავო მიწის ფართობი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისაა თუ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების.
გარდა ამისა, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილი იყო, საკუთარი ინიციატივით შეეგროვებინა ის ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც უტყუარად დაადასტურებდნენ სადავო საკითხს.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად სააპელაციო პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები არ არის სავალდებულო საკასაციო სასამართლოსათვის, რადგანაც კასატორმა წარადგინა დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე და 412-ე მუხლების თანახმად საკასაციო სასამართლო თავად ვერ მიიღებს ახალ გადაწყვეტილებას მოცემულ საქმეზე, რის გამოც საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს «რ-ის» საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 18 დეკემბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
3. სახელმწიფო ბაჟის მხარეთათვის დაკისრების საკითხი გადაწყდეს მოცემულ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანისას.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.