3გ/ად-107-კ-01 14 დეკემბერი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),
ნ. სხირტლაძე,
მ. ვაჩაძე
დავის საგანი: დაჯარიმება საიჯარო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში თანხების გადაუხდელობის გამო.
აღწერილობითი ნაწილი:
თბილისის საოლქო სასამართლოს 21.02.01წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა მოსარჩელე – შპს «კ-მა». მოსარჩელე აღნიშნავდა, რომ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსა და შპს «კ-ს» შორის 18.02.98წ. დაიდო საიჯარო ხელშეკრულება სახელმწიფო ქონების იჯარა-გამოსყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ, რომლის თანახმადაც შპს «კ-ს» იჯარა-გამოსყიდვის ფორმით გადაეცა თბილისის სახელმიწიფო იპოდრომისა და ყულარის ცხენსაშენი გაერთიანების ქონების ნაწილი, ხელშეკრულება 19.06.98წ. დამოწმდა ნოტარიულად. ხელშეკრულების თანახმად, მოიჯარისათვის გადაცემული ქონების გამოსასყიდი ღირებულება შეადგენს 710 000 აშშ დოლარის ეკვივალენტს ლარებში (1.1 პ.), საიჯარო ქირის ყოველწლიური რაოდენობა შეადგენს გამოსასყიდი საიჯარო ქონების საბოლოო ფასის 10%, რომლის გადახდა უნდა მოხდეს ეროვნული ვალუტით, ყოველ 6 თვეში ერთხელ (არაუგვიანეს მომდევნო თვის 15 რიცხვისა) გადახდის დღისათვის აშშ დოლარის ლართან არსებული კურსით, დარჩენილი გამოსასყიდი საიჯარო ქონების წილიდან (2.1 პ.). იჯარით აღებული ქონების ღირებულების გამოსასყიდი თანხის 51%, ანუ 362100 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარებში მოიჯარეს უნდა გადაეხადა 1 წლის განმავლობაში, ხოლო დანარჩენი 49%, ანუ 347900 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარებში მომდევნო 4 წლის განმავლობაში თანაბარპროპორციულად უნდა დაფარულიყო, ყოველწლიურად 86975 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარებში (2.3 პ). საიჯარო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობათა არსებითი შეუსრულებლობის გამოვლენის შემთხვევაში, მოიჯარე მიიღებდა გაფრთხილებას წერილობითი სახით და დაჯარიმდებოდა საიჯარო ქონების საბოლოო ფასის 10%-ით (3.6 პ).
,,სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს მიერ იჯარა-გამოსყიდვის ფორმით გაცემული ობიექტების მოიჯარეებთან გაფორმებული საიჯარო ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ ვადებში თანხების გადაუხდელობის გამო მოიჯარეების მიმართ საჯარიმო სანქციების გამოყენების შესახებ” სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 06.01.2000წ. ¹1-3/8 ბრძანების 2.1 პუნქტის თანახმად, შპს «კ-ი» დაჯარიმდა საიჯარო ქონების საბოლოო გასაყიდი ფასის 10% ოდენობის თანხით, რაც შეადგენდა 71 000 აშშ დოლარის ეკვივალენტურ თანხას ლარებში და მიეცა ორი კვირის ვადა დარღვევების აღმოსაფხვრელად.
მოსარჩელე აღნიშნავდა, რომ იჯარა-გამოსყიდვით აღებული ქონების გამოსასყიდი ღირებულების 51% მოიჯარის მიერ დადგენილ ვადაში იქნა გადახდილი, დროულად იქნა გადახდილი აგრეთვე 1 წლის გამოსასყიდი თანხა 86975 აშშ დოლარის ოდენობით და საიჯარო ქირა 17396 აშშ დოლარის ეკვივალენტის ოდენობით.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 22.05.01წ. გადაწყვეტილებით შპს «კ-ს» უარი ეთქვა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. საოლქო სასამართლოს კოლეგიამ გაშვებულად მიიჩნია ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლით განსაზღვრული სარჩელის შეტანის ვადა. სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველ ნაწილზე მითითებით, კოლეგიამ აღნიშნა, რომ მხარეების მიერ ხელშეკრულებაზე ხელის მოწერა თავისთავად ადასტურებს ხელშეკრულების ყველა პირობაზე შეთანხმებას. სწორედ აღნიშნული ნორმის გათვალისწინებით ხელშეკრულების 1.3 პუნქტი ადგენს ხელშეკრულების მოქმედების ვადას 1998 წლის 18 თებერვლიდან 2003 წლის 18 თებერვლამდე. მოსარჩელის მიერ იჯარით აღებული ქონების ღირებულების 51%-ის და მომდევნო წლის გადასახადების ერთწლიან ვადაში _ 1999 წლის თებერვალში გადახდა ადასტურებს მოსარჩელის მიერ ხელშეკრულების დადების თარიღად 18.02.98წ. აღიარებას. ვინაიდან შედარების აქტის მიხედვით საიჯარო ქირა არ არის დაფარული ყოველი მომდევნო წლის 18 თებერვლამდე, ხელშეკრულების 3.6 პუნქტი მეიჯარეს აძლევდა მოიჯარის დაჯარიმების უფლებას. კოლეგიამ აღნიშნა აგრეთვე, რომ 09.02.2000წ. ¹2 წერილით შპს «კ-მა» აღიარა ვალის არსებობა და ითხოვა ორი კვირის ვადა დავალიანების აღმოსაფხვრელად, რის გამო სახეზეა სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლით გათვალისწინებული ვალის წერილობითი აღიარება.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 22.05.01წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა შპს «კ-ის» წარმომადგენლის მიერ. კასატორი ითხოვს გადაწყვეტილების გაუქმებას და სსსკ-ის 411-ე მუხლის შესაბამისად ახალი გადაწყვეტილების მიღებას, 71.000 აშშ დოლარის ჯარიმის გადახდევინებაზე სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 06.01.2000წ. ბრძანების 2.1 პუნქტის ბათილად ცნობას. კასატორი აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლი ეხება ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, მაშინ როდესაც სარჩელი წარდგენილიყო ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნაზე. რამდენადაც სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 06.01.2000წ. ბრძანება გასაჩივრდა ადმინისტრაციული წესით, ხანდაზმულობის ვადის ათვლა უნდა დაიწყოს ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებული გადაწყვეტილების გაცნობის დღიდან და არა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაცნობის მომენტიდან. ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ 27.03.2000წ. გამოსცა ბრძანება, რომლითაც შეიქმნა კომისია. საკითხის შესწავლის შედეგად მომზადებულ დასკვნაში კომისიამ მიუთითა, რომ მოსარჩელეს უმართებულოდ დაერიცხა ჯარიმა. ვინაიდან დასკვნასთან დაკავშირებით შესაბამისი ბრძანება ჯარიმის მოხსნაზე არ გამოცემულა, მოსარჩელე იძულებული იყო მიემართა სასამართლოსათვის. რადგანაც კომისიას საბოლოო პასუხი უნდა გაეცა დარიცხული ჯარიმის სისწორეზე, ხანდაზმულობის ვადის გაშვების შემთხვევაშიც, ვადის გაშვება სასამართლოს მიერ საპატიოდ უნდა ჩათვლილიყო. კასატორის აზრით, სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლის შესაბამისად, ხელშეკრულება ძალაში შევიდა მისი ნოტარიულად დამოწმების და საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან ანუ 19.06.98წ, იმავე დღეს განხორციელდა ხელშეკრულების ხელმოწერა, რაც დასტურდება ხელშეკრულებაზე არსებული ნოტარიუსის წარწერით და რასაც თვით მოპასუხეც არ უარყოფს. ის გარემოება, რომ მოსარჩელე ხელშეკრულებით გათვალისწინებული გამოსასყიდი თანხის 51% და მომდევნო გადასახადების თებერვლის თვეში აწარმოებდა არ ადასტურებს ხელშეკრულების დადების თარიღად 18.02.98წ. აღიარებას, ვინაიდან მოიჯარეს უფლება ჰქონდა გადასახადები ეწარმოებინა ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან (19.06.98წ.) ერთი წლის განმავლობაში ნებისმიერ დროს. კასატორს უსაფუძვლოდ მიაჩნია აგრეთვე 09.02.2000წ. წერილის ვალის აღიარებად მიჩნევა, წერილის შინაარსიდან ნათელია, რომ მოიჯარე არ ეთანხმებოდა სამინისტროს ბრძანებას 71000 აშშ დოლარის ოდენობით ჯარიმის გადახდის შესახებ.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის I ნაწილის «გ» ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტია. იგი კრებსითი ცნებაა და მოიცავს როგორც ადმინისტრაციულ (ინდივიდუალურ), ასევე ნორმატიულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებს არ ემყარება კასატორის მოსაზრება იმის შესახებ, რომ ვინაიდან ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლი ეხება ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, ხოლო სარჩელი წარდგენილია ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნაზე, აღნიშნული მუხლის გამოყენება არ დაიშვება. ამასთანავე, საკასაციო პალატა არ იზიარებს აგრეთვე საოლქო სასამართლოს კოლეგიის დასკვნას სასარჩელო ხანდაზმულობის გაცდენის შესახებ. განსახილველ ურთიეთობათა მიმართ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლით გათვალისწინებული სარჩელის წარდგენის ვადების გამოყენება დაუშვებელია იმის გათვალისწინებით, რომ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს მიერ შპს «კ-ისათვის» საჯარიმო თანხების დაკისრება მომდანირეობს არა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტიდან არამედ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს და შპს «კ-ს» შორის დადებული ადმინისტრაციული გარიგებიდან, რომლითაც მოიჯარეს იჯარა-გამოსყიდვით გადაეცა თბილისის სახელმწიფო იპოდრომისა და ყულარის ცხენსაშენის გაერთიანების ქონების ნაწილი. ამასთანავე, «სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ» კანონის 11 მუხლის თანახმად საპრივატიზებო ობიექტთან დაკავშირებული დავების ხანდაზმულობის ვადა 3 წელს შეადგენს. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ შპს «კ-ის» სარჩელი არ არის ხანდაზმული.
უმართებულოა აგრეთვე სასამართლო კოლეგიის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის თანახმად ხელშეკრულება ძალაში შევიდა ხელშეკრულებაზე ხელის მოწერის მომენტიდან. სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის I ნაწილის მიხედვით ხელშეკრულება დადებულად აითვლება თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. ამდენად, იმისათვის, რომ ხელშეკრულების არსებით პირობებზე მხარეთა შეთანხმებამ ხელშეკრულების დადება გამოიწვიოს, ეს შეთანხმება (ორმხრივი ნების გამოვლენა) უნდა მოხდეს საამისოდ გათვალისწინებული ფორმით ე.ი. ხელშეკრულების ნამდვილობისათვის აუცილებელია დადგენილი ფორმის დაცვა. კანონმდებლობით უძრავი ნივთის გასხვისების ან შეძენის ვალდებულება წარმოიშობა მხოლოდ სანოტარო წესით დამოწმებული ხელშეკრულების საფუძველზე (სამოქალაქო კოდექსის 323, 183-ე მუხლები, «სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ» კანონის მე-10 მუხლი). ამდენად, მხარეებს შორის დადებული საიჯარო ხელშეკრულება ძალაში შევიდა 19.06.98წ., მისი სანოტარო წესით დამოწმების დღიდან. მიუხედავად აღნიშნულისა, სამინისტროს კომისიის მიერ ჩატარეული გათვლებით, მოიჯარეს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 06.01.2000წ. ბრძანების მიღების დროისათვის შესატანი საიჯარო ქირის 17395 აშშ დოლარიდან დადგენილ ვადაში გადახდილი ჰქონდა 6000 აშშ დოლარი, ხოლო დარჩენილი 11395 აშშ დოლარის ეკვივალენტი ეროვნულ ვალუტაში დაფარული იქნა 63 დღის დაგვიანებით – 21.02.2000წ. საიჯარო ქირის გადახდის ვადის დარღვევის გამო სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 06.01.2000წ. ¹1-3/8 ბრძანებით შპს «კ-ი» დაჯარიმდა საიჯარო ქონების საბოლოო გასაყიდი ფასის 10%-ის ოდენობის თანხით, რაც შეადგენს 71000 აშშ დოლარის ეკვივალენტურ თანხას ეროვნულ ვალუტაში. ამასთანავე, სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსა და შპს «კ-ს» შორის დადებული საიჯარო ხელშეკრულების 3.6 პუნქტისა და სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის 08.09.97წ. ბრძანებით დამტკიცებული «სახელმწიფო ქონების იჯარა-გამოსყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ» დებულების მე-6 მუხლის, 31.03.99წ. დამტკიცებული და ამჟამად მოქმედი ანალოგიური დებულების მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საიჯარო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობათა შეუსრულებლობის გამოვლენის შემთხვევაში მოიჯარის მიმართ საჯარიმო სანქციის გამოყენების პირობას წარმოადგენს წერილობითი სახით გაფრთხილების მიღება. სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 27.03.2000წ. ¹1-3/2000 ბრძანებით მყიდველის მიერ თანხების გადახდის საკითხების დასაზუსტებლად შეიქმნა კომისია, რომლის დასკვნის მიხედვით სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 22.10.99წ. ¹02/197 წერილით მოიჯარეს გაეგზავნა შესაბამისი შეტყობინება მასზედ, რომ 1999 წლის 1 ნოემბრამდე სამინისტროში წარმოედგინა თანხების გადახდის დამადასტურებელი ქვითრები, წინააღმდეგ შემთხვევაში, საიჯარო ხელშეკრულების 3.6 პუნქტის შესაბამისად, მოიჯარე დაჯარიმდებოდა საიჯარო ქონების ფასის 10%-ით. შპს «კ-ის» მიერ წარმოდგენილი შპს «ს-ის» «თ-ის» ფილიალის 16.02.2000წ. ¹04-23 წერილიდან ირკვევა, რომ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს მიერ 62-ე საფოსტო განყოფილებიდან გაგზავნილი კორესპოდენციები, 25.10.99წ. რეესტრის ქსეროასლის მიხედვით, არ იყო გაგზავნილი შეკვეთილი წერილით, რის გამო მისი განვლადობის და ადრესატამდე ჩაბარების შემოწმება არ მოხერხდა. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 54-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, აქტის გაგზავნასთან დაკავშირებული დავის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს. სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი ¹......-ე საფოსტო განყოფილების თანამშრომლის მოხსენებითი ბარათის თანახმად, შპს «კ-ის» სახელზე წერილი, შპს «კ-ის» დირექტორის ადგილზე არ ყოფნის გამო, ჩაბარდა იმავე მისამართზე განთავსებულ ს/წ. ......-ის ესკადრონის თანამშრომელს, რომელიც, .....-ე საფოსტო განყოფილების თანამშრომლის მოხსენებითი ბარათის მიხედვით, სიტყვიერად ადასტურებს წერილის ადრესატისათვის გადაცემას. ამდენად, არ არის ნათლად დადგენილი საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოება, კერძოდ ადრესატისათვის სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს წერილობითი გაფრთხილება საიჯარო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობათა შეუსრულებლობის, დარღვევის გამოსწორების აუცილებლობის შესახებ, რაც საჯარიმო სანქციის გამოყენების წინაპირობას წარმოადგენს. საქმის ამ გარემოებაზე არის ყურადღება გამახვილებული აგრეთვე შპს «კ-ის» 09.02.2000წ ¹2 წერილში, რომლითაც მოიჯარე ითხოვდა წინასწარი წერილობითი გაფრთხილების გარეშე საჯარიმო თანხის დაკისრების გამო საჯარიმო სანქციის მოხსნას, დავალიანების აღმოფხვრისათვის ვადის მიცემას, რაც ადასტურებს სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის მიხედვით ვალის არსებობის (რომელიც სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს დეპარტამენტების ერთობლივი მოხსენებითი ბარათის მიხედვით, სადღეისოდ შპს «კ-ს» სრულად აქვს შესრულებული) და არა საჯარიმო თანხის დაკისრების მართლზომიერების აღიარებას.
საოლქო სასამართლოს კოლეგიამ არ იქონია აგრეთვე მსჯელობა იმაზე თუ რა თანხის და რა პერიოდის დავალიანება გააჩნდა შპს «კ-ს» სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 06.01.2000წ. ¹1-3/8 ბრძანების მიღების დროისათვის, რამდენი დღის დაგვიანებით იქნა დაფარული საიჯარო ქირის დავალიანება, სასამართლოს არ გამოუთხოვია აგრეთვე «ქ. თბილისის სახელმწიფო იპოდრომისა და ყულარის ცხენსაშენის გაერთიანების ქონების პრივატიზებისას მყიდველის მიერ თანხების გადახდის საკითხის დასაზუსტებლად» 27.03.2000წ. სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ბრძანება, რომლითაც ქონების პრივატიზებისას მყიდველის მიერ თანხების გადახდის საკითხების დაზუსტების მიზნით შეიქმნა კომისია, სასამართლოს შეფასებას საჭიროებს აგრეთვე განსახილველ დავასთან დაკავშირებით სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს დეპარტამენტების ერთობლივი მოხსენებითი ბარათი, რითაც განხორციელდა საიჯარო ხელშეკრულებით განსაზღვრული ურთიერთობის ნიადაგზე წარმოდგენილი სადავო საკითხების შესწავლა. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ საქმის გარემოებები საჭიროებენ დამატებით გამოკვლევას, რის შედეგად შესაძლებელი იქნება მოიჯარის მიმართ საჯარიმო თანხის დაკისრების კანონიერების დადგენა.
სარეზოლუციო ნაწილი:
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I-ლი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს «კ-ის» საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 22.05.01წ. გადაწყვეტილება.
2. საქმე ხელახალი განხილვისათვის დაურუნდეს იმავე სასამართლოს.
3. სახელმწიფო ბაჟის დაკისრების საკითხი გადაწყდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანისას.
4. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.