გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3გ-ად-108-კ-02 28 ივნისი, 2002 წ., ქ .თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),
მ. ვაჩაძე,
ნ. სხირტლაძე
დავის საგანი: სანოტარო მოქმედების გაუქმება.
აღწერილობითი ნაწილი:
2000წ. 12 ნოემბერს ხაშურის ¹... სანოტარო კანტორის ნოტარიუსმა დ. ტ-ძემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ხაშურის რაიონულ სასამართლოს და მის მიერ დამოწმებული საიჯარო ხელშეკრულების გაუქმება მოითხოვა. მოსარჩელემ სასარჩელო განცხადებაში მიუთითა, რომ 2000წ. 2 ივნისს მის მიერ საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ხაშურის რაიონულ სამმართველოსა და სპს «ფ-ს» შორის ¹2 ბაგა-ბაღის შენობაზე დადებული საიჯარო ხელშეკრულება დამოწმდა. ამის შემდეგ მისთვის ცნობილი გახდა, რომ ხაშურის ქალაქის საკრებულოს 1999წ. 28 დეკემბრის ¹16 გადაწყვეტილებით, საქართველოს პრეზიდენტის 1999წ. 12 ოქტომბრის ¹592 ბრძანებულებით დამტკიცებული ”საქართველოს კოოპერატიული ბინათმშენებლობის დაუმთავრებლობით წარმოქმნილი სახელმწიფო დავალიანების დაფარვის ხელშემწყობ ღონისძიებათა განხორციელების პროგრამის” შესრულების მიზნით, გაუქმდა ქ. ხაშურის მერიის 1998წ. 4 ნოემბრის ¹504 დადგენილება და შეიქმნა ქ. ხაშურის არასაცხოვრებელი ფონდი ქალაქის ბალანსზე არსებული არასაცხოვრებელი ფართობების ხარჯზე, რომელშიც სპს “ფ-ის” მიერ იჯარით აღებული ფართიც შედიოდა. აქედან გამომდინარე, ნოტარიუსის მოსაზრებით, საქართველოს ქონების მართვის სამინისტროს ხაშურის რაიონულ სამმართველოს საიჯარო ხელშეკრულების დადების, ხოლო მას, ამ ხელშეკრულების დამოწმების უფლება არ გააჩნდა. მოსარჩელემ თავისი მოთხოვნა სანოტარო ინსტრუქციის 25-ე მუხლზე დააფუძნა.
მესამე პირებმა: ქ. ხაშურის საკრებულომ და ხაშურის რაიონის ბინათმშენებლობით დაზარალებულთა ასოციაციამ სარჩელს მხარი დაუჭირეს.
მოპასუხე საქართველოს ქონების მართვის სამინისტროს ხაშურის რაიონულმა სამმართველომ სარჩელი არ ცნო და შუამდგომლობით საქმის წარმოების შეჩერება მოითხოვა იმ საფუძვლით, რომ საქართველოს ქონების მართვის სამინისტროს ხაშურის რაიონული სამმართველოსა და იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი სამსახურის მიერ ხაშურის რაიონულ სასამართლოში აღძრულია სარჩელი ქ. ხაშურის საკრებულოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით, რაც განხილვის სტადიაშია. ამასთან ქონების მართვის სამინისტროს 2000წ. 17 ივლისის ¹1-3\468 ბრძანებით შექმნილია სპეციალური კომისია, რომლის შესწავლის საგანს იჯარით გაცემული ობიექტების კანონიერების შესწავლა წარმოადგენს, რაც ასევე განხილვის სტადიაშია.
ხაშურის რაიონული სასამართლოს 2000წ. 23 აგვისტოს გადაწყვეტილებით ნოტარიუს დ. ტ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა, საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრის ხაშურის რაიონულ სამმართველოსა და სპს «ფ-ს» შორის დადებული საიჯარო ხელშეკრულება ¹... ბაგა-ბაღის იჯარით გაცემის შესახებ ბათილად იქნა ცნობილი.
2000წ. 20 სექტემბერს საქართველოს ქონების მართვის სამინისტროს ხაშურის რაიონულმა სამმართველომ ხაშურის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა და საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ხაშურის რაიონულ სამმართველოსა და სპს «ფ-ს» შორის დადებული საიჯარო ხელშეკრულების ძალაში დატოვება მოითხოვა. აპელანტმა სააპელაციო საჩივარში მიუთითა, რომ ხაშურის რაიონულმა სასამართლომ მათ მიერ წამოყენებულ შუამდგომლობაზე არ იმსჯელა და უკანონო გადაწყვეტილება მიიღო. აპელანტმა თავისი მოთხოვნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლზე დააფუძნა.
ხაშურის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით სპს “ფ-მაც” გაასაჩივრა და ხაშურის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და საიჯარო ხელშეკრულების ძალაში დატოვება მოითხოვა.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2000წ. 12 დეკემბრის განჩინებით სახელმწიფო ბაჟის დადგენილ ვადაში გადაუხდელობის გამო სპს «ფ-ის» სააპელაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 11 იანვრის საოქმო განჩინებით ხაშურის ¹2 სანოტარო კანტორის ნოტარიუსი დ. ტ-ძე მიჩნეულ იქნა არასათანადო მოსარჩელედ და სათანადო მოსარჩელედ საქმეში ჩაბმული იქმა მესამე პირი ქ. ხაშურის საკრებულო, რომელმაც დავის საგანი გაზარდა.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 11 იანვრის გადაწყვეტილებით საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ხაშურის რაიონული სამმართველოს საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ხაშურის რაიონული სასამართლოს 2000წ. 23 აგვისტოს გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ხაშურის რაიონული სამმართველოს 2000წ. 16 მაისის კომერციული კონკურსის შედეგები, ქ. ხაშურში, ... მდებარე ¹2 საბავშვო ბაგა-ბაღის შენობის იჯარით გაცემაზე ბათილად იქნა ცნობილი.
2002წ. 18 მარტს საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ხაშურის რაიონულმა სამმართველომ თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 11 იანვრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით იმავე საფუძვლებით გაასაჩივრა. კასატორმა საკასაციო საჩივარში მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, მიიღო კანონშეუსაბამო გადაწყვეტილება.
სამოტივაციო ნაწილი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება და დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ხაშურის რაიონული სამმართველოს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2002წ. 11 იანვრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მოცემული საქმის განხილვისას არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა კანონი. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ არის საკმაოდ დასაბუთებული, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის «ე» ქვეპუნქტის თანახმად საკასაციო საჩივრის აბსოლუტური საფუძველია და გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2000წ. 12 ნოემბერს ხაშურის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა ხაშურის ¹2 სანოტარო კანტორის ნოტარიუსმა დ. ტ-ძემ და მის მიერ საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ხაშურის რაიონულ სამმართველოსა და სპს «ფ-ს» შორის დამოწმებული საიჯარო ხელშეკრულების გაუქმება მოითხოვა იმ საფუძვლით, რომ არსებობდა ქ. ხაშურის საკრებულოს 1999წ. 28 დეკემბრის ¹16 გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც მეიჯარეს საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ხაშურის რაიონულ სამმართველოს _ იჯარით გაცემული ქონების განკარგვის უფლებამოსილება არ გააჩნდა, ვინაიდან საკრებულოს გადაწყვეტილებით აღნიშნული ქონება ქ. ხაშურის არასაცხოვრებელ ფონდში იყო შეტანილი.
ხაშურის ნოტარიუსის მიერ სარჩელის აღძვრის მომენტში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ 1998წ. 30 ივნისს დამტკიცებული «ნოტარიუსის მიერ სანოტარო მოქმედების შესრულების წესის შესახებ» ინსტრუქცია მოქმედებდა, რომლის თანახმად: «თუ ნოტარიუსი აღმოაჩენდა, რომ მის მიერ შესრულებული სანოტარო მოქმედება არასწორი იყო, იგი ვალდებული იყო მიემართა სასამართლოსათვის და აღნიშნული სანოტარო მოქმედების გაუქმება მოეთხოვა» (25-ე მუხლი). ამდენად, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას და თვლის, რომ სარჩელი სათანადო მოსარჩელის მიერ იყო აღძრული.
საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას და მიიჩნევს, რომ საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისადაც რომ ყოფილიყო შეცვლილი არასათანადო მოსარჩელე სათანადო მოსარჩელით, მას დავის საგნის გაზრდა იმ ფორმით, რაც სააპელაციო სასამართლოს 2002წ. 11 იანვრის სხდომაზე განხორციელდა, არ შეეძლო, რადგან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 381-ე, 224-ე, 83-ე მუხლებით დადგენილია დავის საგნის შეცვლის ან გადიდების სხვა წესი, რაც სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა. სააპელაციო სასამართლომ ასევე არ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის «დ» ქვეპუნქტი, რომლის თანახმად «სასამართლო ვალდებულია შეაჩეროს საქმის წარმოება, თუ საქმის განხილვა შეუძლებელია სხვა საქმის გადაწყვეტამდე, რომელიც განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო, სისხლის სამართლის ან ადმინისტრაციული წესით.» საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელე ხაშურის ¹2 სანოტარო კანტორის ნოტარიუსი საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ხაშურის რაიონულ სამმართველოსა და სპს «ფ-ს» შორის დადებული საიჯარო ხელშეკრულების გაუქმებას მხოლოდ იმ საფუძვლით მოითხოვდა, რომ არსებობდა ქ. ხაშურის საკრებულოს 1999წ. 28 დეკემბრის ¹16 გადაწყვეტილება. ხაშურის ნოტარიუსის სარჩელის განხილვისას საკრებულოს აღნიშნული გადაწყვეტილება ხაშურის რაიონულ სასამართლოში იყო გასაჩივრებული და ამ გადაწყვეტილების კანონიერების საკითხი იხილებოდა. ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემული საქმის განხილვა შეუძლებელი იყო ქ. ხაშურის საკრებულოს 1999წ. 28 დეკემბრის ¹16 გადაწყვეტილების კანონიერების შესახებ საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ხაშურის რაიონული სამმართველოსა და იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი სამსახურის სასარჩელო წარმოების განხილვამდე, რის გამოც სააპელაციო სასამართლოს ნოტარიუსის სარჩელის განხილვა უნდა შეეჩერებინა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ხაშურის რაიონული სამმართველოს საკასაციო საჩივარი საფუძვლიანია, უნდა დაკმაყოფილდეს და საქმე ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოს უნდა დაუბრუნდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ხაშურის რაიონული სამმართველოს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2002წ. 11 იანვრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.