Facebook Twitter

3გ-ად-109კ-02 18 სექტემბერი, 2002 წელი ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა, შემადგენლობა:

ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე)

ნ. კლარჯეიშვილი (მომხსენებელი), ბ. კობერიძე

დავის საგანი: საკუთრების უფლების ცნობა, მიწის საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობის გაუქმება, ტექაღრიცხვის ბიუროს ჩანაწერებში ცვლილების შეტანა, გამოსახლება და ზიანის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი

გორის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1989 წლის 22 აგვისტოს ¹296 გადაწყვეტილებით, გორის მომხმარებელთა საზოგადოებას ნება დაერთო გორში, ... დასახლებაში 1989-90 წლებში გაეხსნა შერეული საქონლისა და კოოპვაჭრობის მაღაზია (ს.ფ.175.ტ.I). აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე დამუშავდა მაღაზიის მშენებლობის პროექტი (ს.ფ. 177, ტ.1), რის შემდეგაც გაიხსნა ¹10 სადავო მაღაზია, რომელიც ექვემდებარებოდა გორის მომხმარებელთა საზოგადოებას და 1993 წლამდე მაღაზიის გამგე-გამყიდველად მუშაობდა კასატორი ა. ბ-ი.

ცეკავშირის გამგეობის 1998 წლის 23 მარტის ¹16 დადგენილების მე-8 პუნქტის თანახმად, გაუქმდა გორის მომხმარებელთა საზოგადოება და მთელი მისი ქონება, მათ შორის ¹10 სადავო მაღაზია, ბალანსიდან ბალანსზე გადაეცა გორის კოოპერაციულ გამგეობას (ს.ფ. 14-15, ტ.1), რის თაობაზეც 1998 წლის 6 ივლისს შედგა მიღება-ჩაბარების აქტი (ს.ფ. 29, ტ.1).

გორის რაიკოოპერატივის გამგეობამ რამდენჯერმე გაფრთხილებით მიმართა ა. ბ-ს, რომ 1998 წლიდან იგი უკანონოდ ფლობდა ¹10 სადავო მაღაზიას და მოსთხოვა ან მაღაზიის გამოთავისუფლება, ან მასზე ქირავნობის ხელშეკრულების გაფორმება თვეში 250 ლარის გადახდის პირობით, რაზეც კასატორმა უარი განაცხადა. რის შემდეგაც, გორის რაიკოოპერატივის გამგეობამ 1999 წლის 1 აპრილს სარჩელი აღძრა გორის რაიონულ სასამართლოში და მოითხოვა სადავო მაღაზიიდან ა. ბ-ის გამოსახლება, ასევე მისთვის 8 თვის ქირის შესაბამის თანხის – 1998 ლარის დაკისრება (ს.ფ. 2-3, ტ.1).

სარჩელი არ ცნო მოპასუხემ და მიუთითა, რომ მაღაზია მისი ხარჯებით არის აშენებული და წარმოადგენს მის საკუთრებას. მას რაიკოოპერატივთან ქირავნობის ხელშეკრულება არ გაუფორმებია, რის გამოც ქირის გადახდის მოთხოვნა უსაფუძვლოა. ამასთან, იგი სამუშაოდან არავის გაუთავისუფლებია და დღესაც ასრულებს თავის მოვალეობას (ს.ფ. 19, ტ.1).

გორის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა რაიკოოპერატივის სარჩელი, რადგან, მართალია, მოსარჩელე გორის რაიკოოპერატივს ბალანსიდან ბალანსზე საკუთრებაში გადაეცა სადავო მაღაზია და მაღაზიას ფორმალურად ახალი მესაკუთრე გაუჩნდა, მაგრამ საკუთრებაში გადაცემა სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლის შესაბაისად არ ყოფილა რეგისტრირებული საჯარო რეესტრში, ამიტომ სასამართლომ მიიჩნია, რომ გორის რაიკოოპერატივს არ გააჩნდა ამავე კოდექსის 170-ე მუხლით განსაზღვრული მესაკუთრის უფლებები და არც 172-ე მუხლით სადავო ნივთის გამოთხოვის უფლება. ამასთან რაიონულმა სასამართლომ მიუთითა, თუ გორის რაიკოოპერატივის გამგეობა მოახდენდა მაღაზიის საკუთრებაში გადაცემის საჯარო რეესტრში რეგისტრაციას და მესაკუთრის უფლებებს შეიძენდა, შეეძლო ახალი სარჩელით მიემართა სასამართლოსთვის. (ს.ფ. 47-50, ტ.1). გორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დარჩა თბილისის საოლქო სასამართლოსა და უზენაესი სასამართლოს განჩინებებით (ს.ფ. 83-85, 138-142, ტ.1).

სადავო ¹10 მაღაზიის გორის რაიკოოპერატივისათვის საკუთრებაში გადაცემა 1999 წლის 29 ნოემბერს დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში და რაიკოოპერატივმა უზენაეს სასამართლოში წარმოადგინა რეგისტრაციის ცნობა, მაღაზიაზე საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა, ასევე ა. ბ-ის სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ გამგეობის ¹27 განკარგულება (ს.ფ. 6, 59-63, ტ.2), რომელთა საფუძველზეც საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2000 წლის 14 ივლისის განჩინებით დაკმაყოფილდა გორის რაიკოოპერატივის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო სასამართლოს გადაწყვეტილებათა გაუქმების შესახებ და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა გორის რაიონულ სასამართლოს (ს.ფ. 164-166, ტ.1).

ამავე პერიოდში, 2000 წლის 3 მაისს ა. ბ-მა სარჩელით მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა ¹10 მაღაზიაზე საკუთრების უფლების ცნობა, მიწის მართვის სამმართველოს მიერ მოპასუხის სასარგებლოდ 1999 წლის 29 ნოემბერს მოხდენილი ¹303/99 რეგისტრაციის ბათილად ცნობა და ტექაღრიცხვის ბიუროს ჩანაწერებში შესაბამისი ცვლილებების შეტანა (ს.ფ. 2-4, ტ. 2).

გორის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 26 სექტემბერის განჩინებით ა. ბ-ისა და გორის რაიკოოპერატივის სარჩელები გაერთიანდა ერთ წარმოებად (ს.ფ. 57, ტ.2).

გორის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 2 ნოემბრის გადაწყვეტილებით გორის რაიკოოპერატივს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე, ხოლო ა. ბ-ის სარჩელი მთლიანად დაკმაყოფილდა; გაუქმდა სადავო მაღაზიაზე გაცემული გორის რაიკოოპერატივის საკუთრების მოწმობა, მაღაზია ცნობილი იქნა ა. ბ-ის საკუთრებად და ტექაღრიცხვის ბიუროს დაევალა შესაბამისი ჩანაწერების გაკეთება (ს.ფ. 116-120, ტ.2), რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა გორის რაიკოოპერატივმა (ს.ფ 120-125, ტ.2).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2001 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილებით გაუქმდა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და გორის რაიკოოპერატივის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ა. ბ-ი გამოსახლებული იქნა ¹10 მაღაზიიდან, ხოლო სასარჩელო მოთხოვნა ა. ბ-ისათვის ზიანის სახით 1998 ლარის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, ხოლო ა. ბ-შვილის სარჩელს მთლიანად ეთქვა უარი უსაფუძვლობის გამო. კერძოდ:

1. საოლქო სასამართლომ მიუთითა, რომ სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის საფუძველზე რაიონულმა სასამართლომ არასწორად მიიჩნია ა. ბ-ი სადავო მაღაზიის მესაკუთრედ, რადგან აღნიშნული მუხლი მესაკუთრედ ყოფნის პრეზუმციას ითვალისწინებს მხოლოდ მოძრავი ნივთის მიმართ. მოცემულ შემთხვევაში კი დავის საგანს წარმოადგენს უძრავი ნივთი;

2. სააპელაციო სასამართლოს აზრით, ა. ბ-მა შესაძლოა ¹10 მაღაზიის ასაშენებლად მართლაც გასწია გარკვეული ხარჯები, მაგრამ აღნიშნული საფუძვლით სადავო მაღაზიაზე საკუთრების უფლების წარმოშობა დაუშვებელია, რადგან ეს მაღაზია აშენებულია გორის მომხმარებელთა საზოგადოების შეკვეთით და თავდაპირველად იმყოფებოდა გორის მომხმარებელთა საზოგადოების ბალანსზე, ხოლო მისი ლიკვიდაციის შემდეგ გადავიდა გორის რაიკოოპერატივის ბალანსზე. რაც შეეხება მშენებლობის ხარჯებს, მისი ანაზღაურების მოთხოვნით ა. ბ-ს შეუძლია ცალკე სარჩელით მიმართოს სასამართლოს;

3. რადგან ცეკავშირის 1998 წლის 27 მარტის დადგენილებით სადავო მაღაზია გადაეცა რაიკოოპერატივს, რაც რეგისტრირებული იქნა საჯარო რეესტრში 1999 წლის 29 ნოემბერს, გორის რაიკოოპერატივს ამ მომენტიდან მიენიჭა სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლით დადგენილი მესაკუთრის უფლებები და რაიკოოპერატივის საკუთრებად გამოცხადდა მის სარგებლობაში არსებული 79,52 კვ.მ. მიწის მიწის ნაკვეთი. სააპელაციო პალატის აზრით, ვინაიდან ცხინვალის გზატკეცილზე მდებარე ¹10 მაღაზიას სარგებლობაში ქონდა 79,52 კვ.მ მიწის ნაკვეთი, ამიტომ «ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ» კანონის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ ნაკვეთზე საკუთრების უფლება სწორად მიენიჭა ¹10 მაღაზიას;

4. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, გორის რაიკოოპერატივს, როგორც მესაკუთრეს უფლება აქვს მოითხოვოს ა. ბ-ის გამოსახლება თავისი კუთვნილი ¹10 მაღაზიიდან;

5. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა გორის რაიკოოპერატივის მოთხოვნა მიუღებელი ქირის სახით ა. ბ-ისათვის 1998 ლარის დაკისრების თაობაზე, რადგან მოდავე მხარეებს შორის არ არსებობს ქირავნობის ან იჯარის ხელშეკრულება, რაც ვალდებულების წარმოშობის საფუძველი იქნებოდა (ს.ფ. 224-229, ტ.2).

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საკასაციო წესით ასაჩივრებს ა. ბ-ი, შემდეგი მოტივით ითხოვს მის გაუქმებას და თავისი სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებას:

1. კასატორის აზრით, სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება გამოტანილია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის დარღვევით, მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის გარეშე. კასატორს მიაჩნია, რომ უზენაესი სასამართლოს არ უნდა დაეკმაყოფილებინა განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ, რადგან არანაირი ახლად აღმოჩენილი გარემოება არ არსებობდა. გორის რაიკოოპკავშირმა სასამართლოში საქმის განხილვის დროს კარგად იცოდა, რომ სადავო მაღაზიაზე არსებობდა სათანადო პროექტიც და აღმასკომის გადაწყვეტილებაც;

2. «არქიტექტურული სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ» კანონის თანახმად, შენობა-ნაგებობის აზომვითი პროექტის გეგმასთან დაკავშირებით საკითხი უნდა განეხილა ადგილობრივი მმართველობის ორანოებს, მათი დადგენილების საფუძველზე აზომვითი პროექტის გაცემა უნდა მოეხდინა არქიტექტურის განყოფილებას და არა ტექაღრიცხვის ბიუროს მუშაკებს;

3. კასატორის აზრით, დაუშვებელი იყო სადავო მაღაზიაზე ხელახალი პროექტის გაცემა, რადგან ხელახალი პროექტი გაიცემა, როცა ობიექტი აშენებულია უპროექტოდ და უნებართვოდ, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია;

4. კასატორი ასევე მიუთითებს, რომ რაიკოოპერატივისათვის მიწის ნაკვეთის საკუთრებაში გადაცემა არაკანონიერად მოხდა მიწის მართვის სამმართველოსა და ტექაღრიცხვის ბიუროს მიერ დავის პერიოდში, მათ ამის უფლება არ გააჩნდათ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებისა და მთავარი არქიტექტორის ნებართვის გარეშე (ს.ფ. 256-260, ტ.2).

კასატორმა საკასაციო საჩივრის ზეპირი განხილვის დროს დამატებით წარმოადგინა ახალი მტკიცებულება – პრეფექტსა და მას, როგორც ¹10 მაღაზიის გამგეს, შორის მაღაზიის იჯარით გაცემის შესახებ ხელშეკრულება და სარჩელის დაკმაყოფილების ახალ საფუძვლად ის გარემოება მიუთითა, რომ ამ ხელშეკრულებით წლების მანძილზე იგი კანონიერად ფლობდა და სარგებლობდა სადავო მაღაზიას.

მოწინააღმდეგე მხარეთა – გორის რაიკოოპერატივის, ცეკავშირის გამგეობის, გორის მიწის მართვის სამმართველს წარმომადგენლებმა საკასაციო საჩივარი არ აცნეს, უსაფუძვლობის მოტივით მოითხოვეს მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება. ხოლო მესამე პირის – გორის ტექაღრიცხვის ბიუროს წარმომადგენლები, მიუხედავად საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოძახებისა, საკასაციო სასამართლოში არ გამოცხადდნენ და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 261 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი მათ გარეშე იქნა განხილული.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება - დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა. ბ-ის საკასაციო საჩივარს, უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით, დაკმაყოფილებაზე უარი უნდა ეთქვას და უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2001 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:

1. კასატორი სადავოდ ხდის საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა საკასაციო პალატის 2000 წლის 14 ივლისის განჩინებას ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო სასამართლო გადაწყვეტილებათა გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად გორის რაიონულ სასამართლოში დაბრუნების შესახებ (ს.ფ. 164-166 ტ.1), რასაც საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს დაუშვებლობის მოტივით, ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 264-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება - განჩინება კანონიერ ძალაში შედის დაუყოვნებლივ, მისი გამოცხადებისთანავე და არ საჩივრდება. ამდენად, საკასაციო პალატა პროცესუალურად არაუფლებამოსილია იმსჯელოს უზენაესი სასამართლოს ზემოაღნიშნულ განჩინებაზე:

2. კასატორი სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვს «არქიტექტურულ-საამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ» კანონის საფუძველზე და სადავოდ ხდის ¹10 მაღაზიის ასაშენებლად პროექტის გაცემის კანონიერების საკითხს, რასაც, საკასაციო პალატის აზრით, განსახილველ დავასთან კონკრეტულ შემთხვევაში კავშირი არა აქვს, ვინაიდან განსახილველი დავის საგანია არა ¹10 მაღაზიის მშენებლობის, მასზე პროექტის გაცემის კანონიერება, არამედ ამ მაღაზიის მესაკუთრეობა და კანონიერი ფლობა. ამიტომ პალატას მიაჩნია, რომ სადავო მაღაზიის საკურება - კანონიერი ფლობის გადასაწყვეტად მნიშვნელობა არა აქვს მაღაზიის მშენებლობის პროექტის გაცემის საკითხს და დავის გადაწყვეტისათვის არ წარმოადგენს არსებით გარემოებას;

3. კასატორის აზრით, გორის რაიკოოპერატივის გამგეობის სახელზე სადავო მაღაზიის მიმდებარე მიწის ნაკვეთის საკუთრებაში გადაცემის რეგისტრაცია არაკანონიერად განხორციელდა სასამართლოში დავის პერიოდში, რაც ცნობილი იყო მიწის მართვის სამმართველოსათვის, ამიტომ მიწის რეგისტრაციაც უნდა გაუქმდეს, რასაც საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს უსაფუძვლობის გამო, ვინაიდან გორის რაიკოოპერატივის სახელზე 79,52 კვ.მ არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საკუთრებაში გადაცემა «ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ» კანონის შესაბამისად დარეგისტრირდა 1999 წლის 29 ნოემბერს (ს.ფ. 6 ტ.2), ხოლო ა. ბ-მა სარჩელი მაღაზიის მესაკუთრედ ცნობის შესახებ გორის რაიონულ სასამართლოში შეიტანა რამდენიმე თვის შემდეგ, 2000 წლის 3 მაისს (ს.ფ. 2 ტ.2). ამდენად, 1999 წლის 29 ნოემბრისათვის არ არსებობდა გორის რაიკოოპერატივის სახელზე მიწის რეგისტრაციის დამაბრკოლებელი რაიმე გარემოება, ამიტომ რეგისტრაცია კანონიერია და საკასაციო საჩივარი ამ ნაწილშიც არ უნდა დაკმაყოფილდეს;

4. კასატორი ზოგადად უთითებს, რომ საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილება გამოტანილია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის დარღვევით, საქმის გარემოებათა და მტკიცებულებების ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად განხილვის გარეშე, მაგრამ არ აკონკრეტებს თუ რომელი მტკიცებულება ან გარემოება იქნა სასამართლოს მიერ არასწორად გამოკვლეული. საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების საფუძვლიანობა - დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი ამ ნაწილშიც უსაფუძვლოა და საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილება ა. ბ-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და სადავო მაღაზიის გამოთავისუფლების შესახებ სწორედ ზემოაღნიშნული 105-ე მუხლის შესაბამისად გამოტანილია საქმის გარემოებათა ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვა - შეფასების საფუძველზე;

5. საკასაციო საჩივრის ზეპირი განხილვისას, მართალია, კასატორმა ახალი წერილობითი მტკიცებულება წარმოადგინა სადავო მაღაზიის იჯარით გაცემის შესახებ პრეფექტთან დადებული ხელშეკრულების სახით და როგორც კანონიერი მფლობელი, მის საფუძველზე მოითხოვა მაღაზიის მესაკუთრედ ცნობა, რასაც საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან ახალი მტკიცებულებების წარმოდგენა და ახალ გარემოება – საფუძვლებზე მითითება საკასაციო სასამართლოში პროცესუალურად დაუშვებელია. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საკასაციო პალატისათვის სავალდებულოა სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოება და საკასაციო სასამართლო საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილებებს ამოწმებს მხილოდ კანონიერების, კანონის სწორად გამოყენება – განმარტების თვალსაზრისით.

ვინაიდან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერებას ამოწმებს მხოლოდ საკასაციო საჩივრის ფარგლებში, კასატორი კი გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვდა მხოლოდ “არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ” კანონის საფუძველზე, კერძოდ, სადავო ¹10 მაღაზიის მშენებლობის პროექტის უკანონოდ გაცემის მოტივით, რაც არ წარმოადგენს არსებით გარემოებას განსახილველ დავისათვის, ხოლო კოდექსის 393-ე მუხლის შესაბამისად, კასატორი არ დავობს საოლქო სასამართლოს მიერ მითითებული ნორმების – სამოქალაქო კოდექსის 158-ე¸170-ე, 172-ე მუხლების გამოყენების ან განმარტების სისწორეზე, ამიტომ, საკასაციო პალატის აზრით, ა. ბ-ს უარი უნდა ეთქვას კასაციის დაკმაყოფილებაზე, თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლისა და უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2001 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილება.

სარეზოლუციო ნაწილი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე, 390-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ა. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2001 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილება;

3. ა. ბ-ი გათავისუფლდეს საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

4. უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.