Facebook Twitter

¹3გ-ად-110-კ-02 4 ივლისი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),

ბ. კობერიძე,

ნ. კლარჯეიშვილი

სარჩელის საგანი: თანხის დაბრუნება.

აღწერილობითი ნაწილი:

2001წ. 10 მაისს ი. გ-ძემ სარჩელი აღძრა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში მოპასუხე ხელვაჩაურის რაიონის სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამმართველოს მიმართ.

სარჩელში აღნიშნული იყო, რომ 1991-93 წლებში ხელვაჩაურის რაიონის სოფლის მეურნეობის სამმართველო თავისი მუშაკებისათვის აშენებდა საცხოვრებელ კოოპერატიულ სახლს ...... ტერიტორიაზე.

1993წ. 23 ივლისს ხელვაჩაურის რაიონის სოფლის მეურნეობის სამმართველოსა და ი. გ-ძეს შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლითაც ი. გ-ძე კისრულობდა ვალდებულებას, ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, ერთი თვის ვადაში, ხელვაჩაურის რაიონის სოფლის მეურნეობის სამმართველოს სპეცანგარიშზე შეეტანა 3 მილიონი მანეთი, ხოლო სამმართველო კისრულობდა ვალდებულებას, საცხოვრებელი სახლის კარკასისა და გარე კომუნიკაციების სამუშაოების დამთავრების შემდეგ ი. გ-ძისათვის გამოეყო ერთი ოროთახიანი ბინა. ამავე ხელშეკრულებით, მისი შეუსრულებლობის შემთხვევაში სამმართველო იტოვებდა უფლებას, გაეუქმებინა ხელშეკრულება, ფულის ინფლაციის მიუხედავად იმავე თანხის დაბრუნებით.

მოსარჩელის განმარტებით, 1993წ. 6 აგვისტოს ხელვაჩაურის რაიონის სოფლის მეურნეობის სამმართველოს ანგარიშზე ხელვაჩაურის «ა-ში» შეიტანა 1 მილიონი კუპონი, ხოლო იმავე წლის 23 აგვისტოს _ 1,5 მილიონი კუპონი.

სარჩელში აღნიშნული იყო, რომ მოსარჩელეს სახელმწიფომ მიაყენა მატერიალური ზიანი. რვა წლის განმავლობაში არც ბინა მისცეს და არც გადახდილი ფული დაუბრუნეს.

მოსარჩელემ სარჩელში მოპასუხისაგან ითხოვა მის მიერ გადახდილი თანხის იმ დროს არსებული კურსით ანაზღაურება ყოველწლიური 10%-ის დარიცხვით, რომლის ოდენობამაც საბოლოოდ შეადგინა 12560 აშშ დოლარი.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2001წ. 5 ოქტომბრის განჩინებით მოცემულ საქმეში მესამე პირად ჩაება ხელვაჩაურის რაიონის გამგეობა.

ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ 2001წ. 7 ნოემბერს განიხილა აღნიშნული საქმე და გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი. გ-ძემ.

2002წ. 28 თებერვალს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატამ მოცემულ საქმეზე გამოიტანა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ი. გ-ძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2001წ. 7 ნოემბრის გადაწყვეტილება. სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ხელვაჩაურის სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამმართველოს ი. გ-ძის სასარგებლოდ დაეკისრა 2,5 მილიონი კუპონის შესაბამისი 1220 აშშ დოლარის, მიღებული ზიანის _ 588 აშშ დოლარისა და სასამართლო ხარჯების _ 150 აშშ დოლარის, სულ 1958 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა. ი. გ-ძის დანარჩენი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა.

ხელვაჩაურის რაიონის სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამმართველომ საკასაციო საჩივარში აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების გამოტანისას ყურადღება გაამახვილა მხოლოდ სამმართველოს ვალდებულებაზე ი. გ-ძისათვის ოროთახიანი ბინის მიცემის თაობაზე და ყურადღება არ მიაქცია იმ ფაქტს, რომ ი. გ-ძემ არ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და სამმართველოს ანგარიშზე არ შეიტანა 3 მილიონი რუსული მანეთი. ამასთან, კასატორი განმარტავს, რომ ი. გ-ძემ ისე მიმართა სარჩელით სასამართლოს, რომ სადავო თანხის უკან დაბრუნების შესახებ მოთხოვნა სამმართველოს მიმართ არ დაუყენებია.

კასატორის განმარტებით, არასწორია მიღებული ზიანის _ 588 აშშ დოლარის _ მისთვის დაკისრება, რადგანაც ხელშეკრულების პირობები აღნიშნულს არ ითვალისწინებდა. გარდა ამისა, ხელშეკრულებაში არ იყო განსაზღვრული სადავო კორპუსის მშენებლობის დასრულების ვადა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა საკასაციო საჩივარში ითხოვა სააპელაციო სასამართლოს 2002წ. 28 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმება.

საკასაციო სასამართლომ საქმის ზეპირი განხილვის გარეშე შეამოწმა საკასაციო საჩივრისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლები, გაეცნო საქმის მასალებს და მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

სამოტივაციო ნაწილი:

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ მხარეთა შორის ურთიერთობის წარმოშობის დროს მოქმედი სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964წ.) 175-ე მუხლის თანახმად კონკრეტულ შემთხვევაში ურთიერთვალდებულებები უნდა შესრულებულიყო ხელშეკრულების მიხედვით. კერძოდ, ი. გ-ძეს ევალებოდა ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთ თვეში 3 მილიონი მანეთის გადახდა ხელვაჩაურის რაიონის სოფლის მეურნეობის სამმართველოსათვის, ხოლო ეს უკანასკნელი იღებდა ვალდებულებებს, საცხოვრებელი სახლის კარკასისა და გარე კომუნიკაციების სამუშაოების დასრულების შემდეგ ი.Oგ-ძისათვის გამოეყო ერთი ოროთახიანი ბინა. ხელშეკრულების ვადის შეუსრულებლობის შემთხვევაში სამმართველო იტოვებდა უფლებას, გაეუქმებინა ხელშეკრულება ფულის ინფლაციის მიუხედავად იმავე თანხის დაბრუნებით.

ვინაიდან ზემოთ აღნიშნული ხელშეკრულებით და სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964წ.) 153-ე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულება სრულყოფილად ხელშეკრულების მონაწილე არც ერთმა მხარემ არ შეასრულა საკმაოდ დიდი პერიოდის განმავლობაში, ამდენად, ი. გ-ძეს აქვს ხელშეკრულების საფუძველზე მის მიერ გადახდილი თანხის მოთხოვნის უფლება.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის განმარტებას, რომ არასწორია თანხის დაბრუნების დაკისრება სხვა ვალუტით, რადგანაც ხელშეკრულება ითვალისწინებდა ფულის ინფლაციის მიუხედავად იმავე თანხის დაბრუნებას.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ვინაიდან შეიცვალა ვალუტა, მოვალე ვალდებულია, გადაიხადოს იმ კურსით, რომელიც შეესაბამება ვალდებულების წარმოშობის დროს. ვალუტის შეცვლისას გადაცვლის ურთიერთობებს საფუძვლად უნდა დაედოს ის კურსი, რომელიც ვალუტის შეცვლის დღეს არსებობდა ფულის ამ ერთეულებს შორის.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, ხელვაჩაურის რაიონის სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამმართველოსათვის ი. გ-ძის სასარგებლოდ 1220 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში, სწორია და უნდა დარჩეს ძალაში.

რაც შეეხება მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ ზიანის სახით – 588 აშშ დოლარის, აგრეთვე, სასამართლო ხარჯების – 150 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის დაკისრებას, სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და იგი მიყენებული ზიანის ანაზღაურების ნაწილში ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე, 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ხელვაჩაურის რაიონის სურსათისა და სოფლის მეურნეობის სამმართველოს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

2. აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002 წლის 28 თებერვლის განჩინება მოსარჩელე ი. გ-ძის სასარგებლოდ მოპასუხე ხელვაჩაურის რაიონის სურსათისა და სოფლის მეურნეობის სამმართველოსათვის 1220 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის დაკისრების ნაწილში დარჩეს უცვლელად, ხოლო გადაწყვეტლება 588 აშშ დოლარისა და 150 აშშ დოლარის მოპასუხისათვის დაკისრების ნაწილში გაუქმდეს და ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

3. ხელვაჩაურის რაიონის სურსათისა და სოფლის მეურნეობის სამმართველოს დაეკისროს სახელმწიფო ბაჟი 48,8 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი გადახდის შემდეგი წესით: 70% _ 34,2 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი – საქართველოს უზენაესი სასამართლო, ეროვნული ბანკი, კოდი 59, ანგარიშის ¹ 000141107; 30% _ 14,6 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი – ადგილობრივი ბიუჯეტი.

4. გადაწყვეტილების ხელახლა განსახილველად დაბრუნების ნაწილში სახელმწიფო ბაჟის მხარეთათვის დაკისრების საკითხი გადაწყდეს მოცემულ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანისას.

5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.