Facebook Twitter

3გ-ად-112-კ-02 7 ივნისი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),

მ. ვაჩაძე,

ნ. სხირტლაძე

დავის საგანი: ერთდროული კომპენსაციის სახით 10 წლის ხელფასის ანაზღაურების მოთხოვნა.

აღწერილობითი ნაწილი:

1995წ. 16 ნოემბერს მ. ა-ძემ სარჩელი აღძრა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოში და მიუთითა, რომ მისი მეუღლე თ. ჩ-ძე 1994წ. 28 თებერვალს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაიღუპა. გარდაცვლილი თბილისის დიდუბის რაიონის პოლიციაში მუშაობდა რიგითად და მის კმაყოფაზე მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი იმყოფებოდა.

1995 წელს მოსარჩელემ შინაგან საქმეთა სამინისტროს პენსიის დანიშვნის თაობაზე განცხადებით მიმართა. შემდგომში, მოსარჩელემ 10 წლის გაუცემელი ხელფასის სახით ერთდროული დახმარების მიღება მოითხოვა. ორივე მოთხოვნა სამინისტროს მიერ შესრულებულ იქნა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გარდაცვლილის დაკრძალვის ხარჯებიც იკისრა, მაგრამ მოსარჩელე ასანაზღაურებელი კომპენსაციის გაანგარიშებას გადიდებული ხელფასის მიხედვით ითხოვდა. ა-ძე მიუთითებდა, რომ 1995წ. იანვარში პოლიციის მუშაკებს ხელფასი გაუდიდდათ, თ. ჩ-ძე კი 28 თებერვალს გარდაიცვალა და მას გარდაცვალების დღემდე 4 მილიარდ 200 მილიონი კუპონი ეკუთვნოდა. მოსარჩელე შინაგან საქმეთა სამინისტროსაგან მიუღებელი ხელფასის სახით 4200 ლარის ანაზღაურებას მოითხოვდა.

მოპასუხე შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მოსარჩელეს, კანონით დადგენილი წესით, 10 წლის ხელფასი უკვე ანაზღაურებული ჰქონდა, ხოლო კვების დანამატის მოთხოვნის უფლება მას არ გააჩნდა, რადგან აღნიშნული ხელფასში არ შედიოდა და ერთჯერადი დახმარების გაცემისას არ იანგარიშებოდა.

თბილისის კრწანისის რაიონის სასამართლოს 1996წ. 22 იანვრის გადაწყვეტილებით მ. ა-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 1996წ. 8 მარტის განჩინებით გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 1999წ. 22 სექტემბრის განჩინებით დაკმაყოფილდა მ. ა-ძის განცხადება სასამართლოს გადაწყვეტილებათა ბათილად ცნობის თაობაზე, გაუქმდა თბილისის კრწანისის რაიონის სასამართლოს 1996წ. 22 იანვრის გადაწყვეტილება და თბილისის საქალაქო სასამართლოს 1996წ. 8 მარტის განჩინება და საქმის წარმოება განახლდა.

თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 1999წ. 14 დეკემბრის სასამართლო სხდომაზე მ. ა-ძემ დამატებითი სარჩელი წარადგინა და 10 წლის ხელფასის გაანგარიშება კვების ულუფის გათვალისწინებით მოითხოვა, სულ 14020 ლარის ოდენობით, მიუღებელი ხელფასის ჩათვლით.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ პოლიციის მუშაკებისათვის «კვების ულუფის” ანაზღაურება 1994წ. 11 სექტემბრიდან დაწესდა და რადგან თ. ჩ-ძე თებერვალში გარდაიცვალა, მისი ოჯახისათვის გასაცემი კომპენსაციის თანხაში მითითებული კვების კომპენსაცია ვერ შევიდოდა.

თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2000წ. 14 თებერვლის გადაწყვეტილებით მ. ა-ძის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსარჩელისათვის მიუღებელი პენსიის სახით 2420 ლარის გადახდა დაეკისრა.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება მ. ა-ძემ ნაწილობრივ გაასაჩივრა და 10 წლის კვების ულუფის ანაზღაურება მოითხოვა.

თბილისის საოლქო სასამართლოს 2000წ. 8 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მოსარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა და შინაგან საქმეთა სამინისტროს 11600 ლარის გადახდა დაეკისრა.

მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება გაასაჩივრა. მითითებული საჩივარი საოლქო სასამართლოს 2000წ. 26 ივლისის განჩინებით არ დაკმაყოფილდა, რაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ კასაციის წესით უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2000წ. 12 იანვრის განჩინებით გაუქმდა თბილისის საოლქო სასამართლოს 2000წ. 8 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება, იმავე პალატის 2000წ. 26 ივლისის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად იმავე პალატას დაუბრუნდა.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ საქმეში მხარეებად საქართველოს ჯანმრთელობისა და სოცუზრუნველყოფის სამინისტრო, საქართველოს სოცუზრნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდი და თბილისის შინაგან საქმეთა სამმართველო ჩააბა.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 22 ივნისის განჩინებით საქმე განსჯადობით განსახილველად თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატას გადაეცა.

მ. ა-ძეE სააპელაციო საჩივრით შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის 10 წლის კვების ულუფის დაკისრებას ითხოვდა, რაც მთლიანობაში 11600 ლარს შეადგენდა. აპელანტი მიუთითებდა, რომ კვების თანხის მიღებდა, ერთდროული დახმარების თანხაში უნდა ყოფილიყო გათვალისწინებული.

საქართველოს შსს მატერიალურ-ტექნიკური და ფინანსური უზრუნველყოფის დეპარტამენტი თავის შესაგებელში მიუთითებდა, რომ საპენსიო საკითხები ჯანმრთელობისა და სოცუზრუნველყოფის სამინისტროს ჰქონდა გადაცემული და მის კომპეტენციაში არ შეადგენდა. ამასთან, იგი აღნიშნავდა, რომ «პოლიციის შესახებ” კანონი ხელფასში კვების ულუფას არ ითვალისწინებდა, მითითებული დადგენილი იყო «საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო უშიშროების სამსახურის, შინაგანი ჯარების სამთავრობო დაცვის სამსახურის, სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურის, სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის, სამხედრო პროკურატურისა და სამხედრო სასამართლოების, სამხედრო და მუშა-მოსამსახურეთა ფულად ანაზღაურებაზე დანამატებისა და სოციალური შეღავათების დაწესების შესახებ» მინისტრთა კაბინეტის 1994წ. 14 ნოემბრის დადგენილებით და დანამატს წარმოადგენდა, რომელიც ხელფასში არ შედიოდა. საქართველოს შსს მატერიალურ-ტექნიკური და ფინანსური უზრუნველყოფის დეპარტამენტი დაამატებდა, რომ პოლიციის მუშაკთათვის კვების ულუფა მითითებული დადგენილებით მას შემდეგ იქნა დაწესებული, რაც მოსარჩელეს ერთდროული დახმარება მოპასუხისაგან უკვე ანაზღაურებული ჰქონდა. ამდენად, მოსარჩელეს მოთხოვნა უსაფუძვლო იყო და არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2002წ. 23 იანვრის გადაწყვეტილებით მ. ა-ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. საოლქო სასამართლომ მიიჩნია, რომ «პოლიციის შესახებ” კანონის თანახმად, «ხელფასის” ცნებაში კვების ულუფა არ მოიაზრებოდა, ამასთან, აპელანტს ერთდროული დახმარება კვების ულუფის დაწესების დროისათვის უკვე ანაზღაურებული ჰქონდა და სასამართლოს მიერ კვების თანხის ანაზღაურებაზე მ. ა-ძისათვის უარის თქმა მართებული იყო.

მ. ა-ძემ სააპელაციო სასამართლოს განჩინება იმავე საფუძვლით საკასაციო წესით გაასაჩივრა, წარმოდგენილი მოთხოვნის დაკმაყოფილება, მიღებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების კანონიერება და დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნევს, რომ მ. ა-ძის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2002წ. 23 იანვრის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, საოლქო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და სწორად განმარტა იგი.

საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს და ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ მ. ა-ძის მოთხოვნა 10 წლის ხელფასთან ერთად ერთდროული დახმარების სახით «კვების ულუფის” ანაზღაურების თაობაზე უსაფუძვლოა, რადგან როგორც საქმის მასალებით დადგენილია, კასატორის მეუღლე _ თ. ჩ-ძე 1994წ. 28 თებერვალს გარდაიცვალა, მის ოჯახს «პოლიციის შესახებ” კანონის თანახმად 10 წლის ხელფასის კომპენსაცია მიეცა და სახელმწიფომ მისი დაკრძალვის ხარჯებიც გასწია. რაც შეეხება, მ. ა-ძის მოთხოვნას ერთდროული დახმარების სახით 10 წლის ხელფასის ანაზღაურებასთან ერთად გათვალისწნებული ყოფილიყო «კვების ულუფის” თანხაც _ უსაფუძვლოა. აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ «სამოქალაქო კოდექსის” მე-6 მუხლისა და «ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 47-ე მუხლის თანახმად, კანონს და კანონქვემდებარე აქტებს უკუქცევითი ძალა არა აქვთ. კანონისა და ნორმატიული აქტების მოთხოვნები მის ძალაში შესვლამდე წარმოშობილ ურთიერთობებზე ვერ გავრცელდება. საქმის მასალებით დადგენილია, რომ პოლიციის მუშაკის ხელფასში კვების ულუფა საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1994წ. 14 ნოემბრის ¹796-44 დადგენილებით იქნა გათვალისწინებული, თ. ჩ-შვილი კი იმავე წლის 28 თებერვალს გარდაიცვალა. საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ზემოხსენებულ აქტს უკუქცევითი ძალა არ მინიჭებია. კასატორის მეუღლის გარდაცვალებისა და კასატორის მიერ ერთდროული დახმარების მიღებისას მითითებული ნორმატიული აქტი არ მოქმედებდა და იმ დროს მოქმედი კანონმდებლობა პოლიციის მუშაკის ხელფასში კვების ულუფას არ ითვალისწინებდა. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საოლქო სასამართლომ სწორად განმარტა «პოლიციის შესახებ” კანონის და მინისტრთა კაბინეტის 1994წ. 14 ნოემბრის დადგენილების მოთხოვნები მიუთითა რა, რომ მ. ა-ძის მოთხოვნის წარმოშობის მომენტში კანონმდებლობა გარდაცვლილის ოჯახისათვის კვების ულუფის ანაზღაურებას არ ითვალისწინებდა და, ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორის მოთხოვნა ხსენებული თანხის შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის დაკისრების თაობაზე სააპელაციო სასამართლოს მიერ მართებულად არ იქნა დაკმაყოფილებული.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I-ლი და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ. ა-ძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2002 წლის 23 იანვრის განჩინება.

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.