გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3გ-ად-113-კ-02 26 ივნისი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),
ნ. კლარჯეიშვილი,
ბ. კობერიძე
დავის საგანი: ადმინისტრაციული აქტების ნაწილობრივ ბათილად ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი:
«საქართველოს მოქმედი კომერციული ბანკების საწესდებო კაპიტალის (ფონდის) ფულად ფორმაში მინიმალური ოდენობის ზრდის განრიგის შესახებ" სებ-ის 1998წ. ¹61 ბრძანებით დადგენილი მოქმედი კომერციული ბანკებისათვის განაღდებული საწესდებო კაპიტალის ფულად ფორმაში მინიმალური ოდენობის ზრდის განრიგის მიხედვით, 2000წ. 31 დეკემბერისათვის კომერციული ბანკების საწესდებო კაპიტალი შევსებული უნდა ყოფილიყო 5 მილიონ ლარამდე. ¹61 ბრძანების მე-3 პუნქტის მიხედვით, დადგენილ ვადაში საწესდებო კაპიტალის მინიმალური ოდენობის შეუვსებლობის შემთხვევაში, ბანკი 30 დღის მანძილზე ვადაგადაცილებული დღისათვის ჯარიმდებოდა 0,5%-ით, ხოლო მე-4 პუნქტის თანახმად, 30 დღის გასვლისთანავე, საწესდებო კაპიტალის შეუვსებლობის შემთხვევაში, დამატებითი გაფრთხილების გარეშე გამოთხოვილი იქნებოდა საბანკო ოპერაციების წარმოების ლიცენზია. საწესდებო კაპიტალის ფულად ფორმაში მინიმალური ოდენობის შეუვსებლობის შემთხვევაში, იგივე სანქციებია გათვალისწინებული სებ-ის 2000წ. ¹310 ბრძანების მე-4, მე-5 პუნქტებითაც.
მოწინაარმდეგე მხარე _ ს.ს «ქ. ბ-მა» საწესდებო კაპიტალის ფულად ფორმაში მინიმალური ოდენობა შეავსო 2001წ. 2 თებერვალს, რაც დასტურდება სებ-ის 2001წ. 27 თებერვლის ¹207/04 ცნობით. სებ-ის პრეზიდენტის 2001წ. 7 თებერვლის ¹8 განკარგულებით "საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ ორგანული კანონის 59-ე და "კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ" კანონის მე-6 მუხლის თანახმად, სებ-ის პრეზიდენტის ¹61 და ¹310 ბრძანებების შეუსრულებლობის გამო შპს კომერციული ბანკ "ქ. ბ-ს" სხვა ბანკებთან ერთად გაუუქმდა საბანკო ლიცენზია. სებ-ის ¹8 განკარგულებაში 2001წ. 19 თებერვლის ¹12 განკარგულებით ცვლილება იქნა შეტანილი და შპს კომერციული ბანკი "ქ. ბ." შეიცვალა ს.ს კბ "ქ. ბ-ით", ხოლო სებ-ის ვიცე-პრეზიდენტის 2001წ. 2 აპრილის ¹180 განკარგულებით, სებ-ის პრეზიდენტის ¹61 ბრძანების შეუსრულებლობისათვის სს "ქ. ბ-ს" ჩამოეწერა ჯარიმა 150 000 ლარი.
2001წ. 28 თებერვალს ს.ს "ქ. ბ-მა" თბილისის საოლქო სასამართლოში სარჩელი აღძრა მოპასუხე _ სებ-ის მიმართ და სებ-ის 2001წ. ¹8 და ¹12 განკარგულებების ნაწილობრივ ბათილად ცნობა მოითხოვა ს.ს "ქ. ბ-სათვის" საბანკო ლიცენზიის გაუქმების ნაწილში, შემდეგი მოტივით:
სებ-ის პრეზიდენტის ¹61 და ¹310 ბრძანებებით კომერციული ბანკების საწესდებო კაპიტალის შევსების ვადად 2000წ. 31 დეკემბერი განისაზღვრა, რაც დასვენების დღეს კვირას ემთხვევა. სამოქალაქო კოდექსის 127-ე, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 94-ე მუხლის I ნაწილისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-69-ე მიხლების თანახმად, რადგან საწესდებო კაპიტალის შევსების ბოლო ვადა არასამუშაო დღეს დაემთხვა, მის ნაცვლად გამოყენებული უნდა ყოფილიყო მომდევნო სამუშაო დღე ანუ 3 იანვარი, ვინაიდან 2001წ. 1-2 იანვარი, ასევე არასამუშაო დღედ, დასვენებად იქნა გამოცხადებული. ამგვარად სებ-ის პრეზიდენტის ბრძანებებში მითითებული 30-დღიანი ვადის ათვლაც, რომლის უშედეგოდ გასვლა, საბანკო ლიცენზიის გაუქმებას იწვევდა, ამ თარიღიდან უნდა დაიწყოს და 2001წ. 2 თებერვალი სწორედ ¹61, ¹310 ბრძანებებით გათვალისწინებული 30-ე დღეა, ბანკის მიერ საწესდებო კაპიტალის შევსება ბრძანებებით გათვალისწინებულ დამატებით ვადაში მოხდა, 2001წ. 2 თებერვალს, ამიტომ 7 თებერვალს «ქ. ბ-სათვის" საბანკო ლიცენზიის ჩამორთმევა უკანონო და ბათილია.
სასამართლო სხდომაზე საქმის განხილვის დროს, მოსარჩელემ სებ-ის საბანკო განკარგულებების ბათილად ცნობის დამატებით მოტივზეც მიუთითა, რომ სებ-ი არაუფლებამოსილი იყო მაშინვე გააუქმებინა საბანკო ლიცენზია, ვინაიდან "კომერციული ბანკების" საქმიანობის შესახებ კანონის 30-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სანქციების მათ მიმართ თანამიმდევრულად გამოყენებას არ ჰქონია ადგილი.
მოპასუხე _ სებ-ის წარმომადგენელმა უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის გამო არ ცნო სარჩელი და მის დაკმაყოფიმლებაზე უარის თქმა მოითხოვა შემდეგი საფუძვლით:
1. ვინაიდან სებ-ის პრეზიდენტის ¹61 და ¹310 ბრძანება 2000წ. 31 დეკემბრისათვის საწესდებო კაპიტალის შეუვსებლობის შემთხვევაში ითვალისწინებდა 30 დღით ვადის გაგრძელებას, სამოქალაქო კოდექსის 125-ე მუხლის თანახმად, ახალი ვადის ათვლა იწყება ძველი ვადის დამთავრებიდან, არასამუშაო დღეების მიუხედავად. დამატებითი ვადის 2001წ. 3 იანვრიდან ათვლის შემთხვევაშიც, მოსარჩელემ გადააცილა საწესდებო კაპიტალის შევსების დამატებით ვადას, რადგან ვადა მთავრდებოდა 1 თებერვალს;
2. უსაფუძვლოა მოსარჩელეთა მეორე არგუმენტიც, ვინაიდან "საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ" ორგანული კანონის 59-ე მუხლი სებ-ს უფლებამოსილებას ანიჭებს ¹61 ბრძანების შეუსრულებლობის შემთხვევაში, დამატებითი გაფრთხილების გარეშე გააუქმოს საბანკო ლიცენზია.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიამ 2002წ. 19 თებერვლის გადაწყვეტილებით სრულად დააკმაყოფილა სს "ქ. ბ-ის" სარჩელი, სებ-ის პრეზიდენტის სადავო ¹8 და ¹12 განკარგულებები ბათილად ცნო მოსარჩელისათვის საბანკო ლიცენზიის გაუქმების ნაწილში. სასამართლოს გადაწყვეტილება გამოტანილია შემდეგი მოტივით:
1. კოლეგიამ გაიზიარა მოსარჩელის მტკიცება სადავო განკარგულებების კანონშეუსაბამობასთან დაკავშირებით და სებ-ის ¹61 ¹310 ბრძანებების მე-IV მუხლის საფუძველზე მიიჩნია, რომ ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის დაკისრებული ჯარიმის დარიცხვა არაუმეტეს 30 დღისა არ შეიძლება გაიგევებულ იქნეს საწესდებო კაპიტალის შესავსებად ბანკისათვის ვადის გაგრძელებასთან. ვადის გაგრძელებას კონკრეტულ შემთვევებში ადგილი არ ჰქონია, რადგან ვადის გაგრძელების თაობაზე რაიმე ადმინისტრაციული აქტი გამოცემული არ ყოფილა;
2. "კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ” კანონის 30-ე მუხლის მე-3 პუნქტი ითვალისწინებს სებ-ის მიერ სანქციების თანმიმდევრობით გამოყენებას, რასაც ადგილი არ ჰქონია. მოსარჩელეს 2001წ. 7 თებერვლის განკარგულებით ჯერ საბანკო ლიცენზია ჩამოერთვა და შემდეგ, 2 აპრილის განკარგულებით დაჯარიმდა, რაც ზემოაღნიშნული მუხლის მე-3 მე-5 პუნქტის მოთხოვნებს ეწინააღმდეგება და სადავო ადმინისტრაციული აქტების ბათილობის საფუძველია. «საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ" ორგანული კანონის 59-ე მუხლის I პუნქტის "ა”' ქვეპუნქტზე მითითება უმართებულოა, სებ-ს არ შეიძლება მიეცეს შეუზღუდავად, მხოლოდ საკუთარი შეხედულებით სანქციების გამოყენების უფლება, რადგან კანონი სანქციათა თანმიმდევრობით გამოყენებით ამკაცრებს ზომებს. სასამართლომ ასევე უმართებულად მიიჩნია საბანკო ლიცენზიაჩამორთმეული პირის ანუ არასაბანკო სუბიექტის მიმართ სებ-ის მიერ სანქციის სახით ჯარიმის დაკისრებაც;
3. საწესდებო კაპიტალის შესავსებად ¹61, ¹310 ბრძანებებით განსაზღვრული ბოლო ვადა 2001წ. 31 დეკემბერი, საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 58-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საერთო დასვენების დღეს, კვირას წარმოადგენდა. სამოქალაქო კოდექსის 127-ე მუხლისა და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-15 მუხლის გათვალისწინებით, რადგან 2001წ. 1-2 იანვარიც სადღესასწაულო, უქმე დღეებად იყო გამოცხადებული, კომერციულ ბანკების მიერ საწესდებო კაპიტალის შევსების ვადის ათვლის ბოლო დღედ, ნაცვლად 31 დეკემბრისა, 2001წ. 3 იანვარი უნდა ყოფილიყო გამოყენებული.
თბილისის საოლქო სასამართლოს კოლეგიის გადაწყვეტილებას საკასაციო წესით ასაჩივრებს სებ-ი, მის გაუქმებასა და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ითხოვს, შემდეგ მოტივით:
1. სასამართლომ უსაფუძვლოდ არ გაიზიარა სებ-ის არგუმენტი, რომ ¹61 ბრძანებით დადგინდა საწესდებო კაპიტალის შევსების ორი ვადა _ საწყისი და გაგრძელებული. ¹61 ბრძანების კანონშესაბამოსობა აღიარებულია თვით უზენაესი სასამართლოს მიერ. სასამართლომ სადავო გახადა გაგრძელებული (დამატებითი) ვადის ათვლის პროცედურა, თუმცა სასამართლოს მიერ გაზიარებული ვადის ათვლის წესითაც მოსარჩელეს საწესდებო კაპიტალი დამატებითი ვადის გადაცილებით აქვს შევსებული;
2. ულოგიკოა თითქოს სებ-მა იგნორირება მოახდინა «კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ» კანონის 30-ე მუხლით დადგენილი სანქციების თანამიმდევრულად გამოყენების პრინციპის და ¹8 განკარგულება კანონს არ შეესაბამება. სადავო ¹8 განკარგულება ნორმატიული აქტის ¹61 ბრძანების საფუძველზე, მისი მე-5 პუნქტის შესაბამისადაა გამოცემული, რომელიც იმპერატიულად აწესებს ვადის გასვლისთანავე დამატებით გაფრთხილების გარეშე საბანკო ლიცენზიის გაუქმებას, რასაც «კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ» კანონის მე-6 მუხლიც ითვალისწინებს, ხოლო "სებ-ის შესახებ” ორგანული კანონის 59-ე მუხლის I პუნქტის "გ" ქვეპუნქტით, სებ-ს საბანკო ზედამხედველობის განხორციელებისას ენიჭება სწორედ საბანკო ლიცენზიის გაუქმების გამოყენების პრეროგატივა, სხვა სანქციების გამოყენების გარეშეც. "სებ-ის შესახებ" ორგანული კანონი, ნორმატიული აქტების შესახებ კანონის მიხედვით, იერარქიით უფრო მაღლა მდგომი და მეტი იურიდიული ძალის მქონე აქტია, ვიდრე "კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ" კანონი;
3. კოლეგია გასცდა უფლებამოსილებას, სარჩელის ფარგლებს და თავად გახადა სადავო მოსარჩელისათვის საწესდებო კაპიტალის შეუსრულებლობის გამო ჯარიმების დარიცხვის საკითხი.
მოწინაარმდეგე მხარემ _ სს «ქ. ბ-ის» წარმომადგენელმა საკასაციო სარჩელი არ ცნო, უსაფუძვლობის მოტივით მოთხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და თბილისის საოლქო სასამართლოს კოლეგიის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის…საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სებ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სასამართლოს და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 19 თებერვლის გადაწყვეტილება, შემდეგ გარემოებათა გამო:
1. საკასაციო პალატა იზიარებს საკასაციო საჩივრის არგუმენტს, რომ «საქართველოს მოქმედი კომერციული ბანკების საწესდებო კაპიტალის (ფონდის) ფულად ფორმაში მინიმალური ოდენობის ზრდის განრიგის შესახებ» სებ-ის ¹61 ბრძანებების პირველი მუხლი ადგენდა განაღდებული საწესდებო კაპიტალის ფულად ფორმაში მინიმალური ოდენობის შევსების ძირითად ვადას, რომელიც 2000წ. 31 დეკემბერს იწურებოდა, ბრძანების მე-3, მე-4 მუხლი საწესდებო კაპიტალის ვადაში შეუვსებლობისათვის ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის ითვალისწინებდა ჯარიმას 30 დღის მანძილზე, ხოლო ბრძანებით დაწესებული ვადიდან 30 დღის გასვლისთანავე, საწესდებო კაპიტალის შეუვსებლობის შემთხვევაში, კომერციულ ბანკს დამატებითი გაფრთხილების გარეშე ჩამოერთმეოდა საბანკო ლიცენზია. ამრიგად, საკასაციო პალატა ეთანხმება კასატორს, რომ სებ-ის ¹61 ბრძანება, ისევე როგორც ¹310 ბრძანება, იმთავითვე ითვალისწინებდა საწესდებო კაპიტალის ფულად ფორმაში მინიმალური ოდენობის 2000წ. 31 დეკემბრამდე შევსების ძირითად ვადას და დამატებით 30-დღიან ვადას, მაგრამ პალატა ვერ გაიზიარებს ამ დამატებით ვადის ათვლის კასატორისეულ მოსაზრებას და ეთანხმება სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებას ს.ს "ქ. ბ-ის" მიერ 2001წ. 2 თებერვალს საწესდებო კაპიტალის დამატებით ვადაში შევსების შესახებ.
სახელდობრ, სებ-ის ¹61 ბრძანება ითვალისწინებდა საწესდებო კაპიტალის შევსების ძირითად ვადას _ 2000წ. 31 დეკემბერს და დამატებით 30-დღიან ვადას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 125-ე მუხლის თანახმად, ვადის გაგრძელების შემთხვევაში, ახალი ვადა გამოითვლება გასული ვადის დამთავრებიდან, მაგრამ ამავე კოდექსის 127-ე მუხლის მიხედვით: "თუ ვადის დამთავრება ან ვადის ბოლო დღე ემთხვევა არასამუშაო დრეს, სადღესასწაულო ანდა სხვა გამოსასვლელი დღეებს, მაშინ ამ დღის ნაცვლად გამოყენებული უნდა იქნეს მომდევნო სამუშაო დღე”. ვინაიდან 2000წ. 31 დეკემბერი იყო კვირა, შრომის კანონთა კოდექსის 58-ე მუხლის მიხედვით, არასამუშაო დღე, ხოლო 2001წ. 1-2 იანვარი ასევე სადღესასწაულო, უქმე დღე (ამავე კოდექსის 2472 მუხლი) სამოქალაქო კოდექსის 127-ე მუხლის თანახმად, 2000წ. 31 დეკემბრის ნაცვლად საწესდებო კაპიტალის შევსების ბოლო ვადად გამოყენებული უნდა ყოფილიყო მომდევნო სამუშაო დღე _ 2001წ. 3 იანვარი ე.ი. 2001წ. 3 იანვრის 24 სთ-მდე ს.ს "ქ. ბ-ის" მიერ საწესდებო კაპიტალის შევსების შემთხვევაში, ვადა გასულად კი არ ჩაითვლებოდა, არამედ ¹61 ბრძანების შესაბამის, დროულ შესრულებად, მაგრამ რადგან ს.ს "ქ. ბ-მა" ვერ უზრუნველყო ¹61 ბრძანების დროულად, 2001წ. 3 იანვარს შესრულება, ბრძანებით გათვალისწინებული დამატებითი 30-დღიანი ვადის ათვლა, სამოქალაქო კოდექსის 125-ე მუხლის თანახმად, ძირითადი ვადის – 3 იანვრის დამთავრებიდან ე.ი. 4 იანვრიდან იწყება და 2 თებერვალი სწორედ დამატებითი 30-დღიანი ვადის ბოლო დღეა.
ამდენად, საკასაციო პალატას სამოქალაქო კოდექსის 125-ე 127-ე მუხლების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე მიიჩნია, რომ ს.ს "ქ. ბ-ს" არ გაუშვია ¹61 ბრძანებით გათვალისწინებული დამატებითი ვადა, ამიტომ სადავო განკარგულებებით ს.ს "ქ. ბ-სათვის" საბანკო ლიცენზიის გაუქმება უკანონოა და განკარგულებები სააპელაციო სასამართლოს მიერ სწორად იქნა ბათილად ცნობილი;
2. საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის პრეტენზიას და მიაჩნია, რომ სასამართლომ არასწორად განმარტა სებ-ის უფლებამოსილება ბანკებზე სანქციების თანმიმდევრულად გამოყენების საკითხში. კერძოდ, საკასაციო პალატა არ იზიარებს სააპელაციო კოლეგიის მოსაზრებას სებ-ის სადავო განკარგულებების "კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ" კანონის 30-ე მუხლთან შეუსაბამობის შესახებ და მიაჩნია, რომ აღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის იმჟამინდელი რედაქციის მიხედვით, სებ-ს უფლება ჰქონდა თანმიმდევრულად გამოეყენებებინა ქვემოთ ჩამოთვლილი სანქციები, მაგრამ მითითებული მუხლი სებ-ს სანქციების თანამიმდევრულად გამოყენების უფლებას ანიჭებდა და არა ვალდებულებას, რასაც ნათლად ადასტურებს ამავე ნორმის, 30-ე მუხლის მე-3 ნაწილის, დღევანდელი რედაქცია: “დარღვევების გამოვლენისას სებ-ს უფლება აქვს თანმიმდევრულად, ხოლო დარღვევის და აქტივების არსებული თუ შესაძლო რისკის სერიოზულობიდან გამომდინარე, არათანამიმდევრულად გამოიყენოს სანქციები”.
საკასაციო პალატის აზრით, სებ-ის ¹61 ბრძანების მე-4 მუხლის დებულება, რომ საწესდებო კაპიტალის ფულად ფორმაში მინიმალური ოდენობის დამატებით 30-დღიან ვადებში შეუვსებლობის შემთხვევაში, ბანკის დამატებითი გაფრთხილების გარეშე გამოთხოვილ იქნებოდა საბანკო ლიცენზია, კანონშესაბამისია და უშუალოდ გამომდინარეობს "კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ” კანონის მე-6 მუხლის I პუნქტის '«ბ" ქვეპუნქტიდან, რომლის თანახმადაც, საბანკო ლიცენზიები მხოლოდ სებ-ის გადაწყვეტილებით შეიძლება გამოთხოვილ იქნას ამ კანონის 21-ე მუხლის დარღვევასთან დაკავშირებით. 21 მუხლის I პუნქტის "ა" ქვეპუნქტი კი მიუთითებს: "ბანკები და სხვა საკრედიტო დაწესებულებები ვალდებულნი არიან დაიცვან სებ-ის მიერ დაწესებული ქვემოთ ჩამოთვლილი ეკონომიკური ნორმატივები: საწესდებო კაპიტალის მინიმალური ოდენობა (მათ შორის ფულადი ფორმით), რის შევსებასაც ავალდებულებდა კომერციულ ბანკებს ¹61 ბრძანება». ამდენად, ¹61 ბრძანების შეუსრულებლობის შემთხვევაში სხვა სანქციების თანამიმდევრულად გამოყენების გარეშე საბანკო ლიცენზიის ჩამორთმევაზე სებ-ის უფლებამოსილება გამომდინარეობს "კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ" კანონის მე-6 და 30-ე მუხლებიდან და "სებ-ის შესახებ” ორგანული კანონის 59-ე მუხლით სებ-ისათვის მინიჭებული საბანკო ზედამხედველობის ფუნქციიდან.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ¹61 ბრძანების შეუსრულებლობისათვის კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია სხვა სანქციების გამოუყენებლად, პირდაპირ საბანკო ლიცენზიის გამოთხოვას, რადგან თავად ¹61 და ¹310 ბრძანებები დაწესებულ ვადებში საწესდებო კაპიტალის შეუვსებლობის შემთხვევაში, კომერციული ბანკების მიმართ ითვალისწინებდნენ ჯარიმას საწესდებო კაპიტალის შეუვსებელი თანხის 0,5%-ის ოდენობით, ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის, 30 დღის განმავლობაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საბანკო ლიცენზიის ჩამორთმევამდე, როგორც უმკაცრეს სანქციამდე, ¹61 ბრძანება თავადვე ითვალისწინებდა უფრო მსუბუქ სანქციას 0,5% ჯარიმის სახით და “კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ” კანონის 30-ე მუხლით გათვალისწინებული სანქციების თანმიმდევრულად გამოყენების პრინციპი დაცულია.
ამრიგად, საკასაციო პალატა ეთანხმება საკასაციო საჩივარს და არ იზიარებს საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სებ-ის პრეზიდენტის ¹8 და ¹12 განკარგულების "კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ” კანონის 30-ე მუხლის მე-3 პუნქტთან შეუსაბამისობის ნაწილში, მაგრამ ვინაიდან სასამართლომ მიიღო არსებითად სწორი გადაწყვეტილება, სამოქალაქო კოდექსის მართებული გამოყენებითა და განმარტებით სწორად გადაწყვიტა დავის ძირითადი საკითხი ს.ს "ქ. ბ-ის" მიერ საწესდებო კაპიტალის ¹61 ბრძანებით გათვალისწინებულ დამატებით ვადაში შევსების შესახებ, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სებ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და კასატორს უარი უნდა ეთქვას თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 19 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმებაზე.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე 399-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს ეროვნული ბანკის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინსტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 19 თებერვლის გადაწყვეტილება;
3. უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოო და არ საჩივრდება.