Facebook Twitter

3გ/ად-115-კ-02 6 სექტემბერი, 2002 წ. ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა შემადგენლობა:

ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),

ნ. სხირტლაძე (მომხსენებელი),

მ. ვაჩაძე

დავის საგანი: ხელშეკრულების მოშლით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონის დაცვის პოლიციის განყოფილებამ სარჩელით მიმართა გლდანი-ნაძალდევის რაიონულ სასამართლოს, რომელშიც აღნიშნა, რომ შპს «პ-თან" 01.12.2000წ. დადებული ხელშეკრულების თანახმად მოსარჩელე საგანგაშო ღილაკის მეშვეობით ახორციელებდა შპს «პ-ის" დაცვას. ხელშეკრულება დადებული იყო 2001 წლის 1 დეკემბრამდე, მოპასუხემ მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის მოტივით ცალმხრივად მოითხოვა ხელშეკრულების გაუქმება 2001 წლის 1 თებერვლ.ნ. მოსარჩელემ მოითხოვა შპს «პ-ის" მიერ დარჩენილი 10 თვის მომსახურების ღირებულების 1200 ლარის გადახდის დაკისრება.

მოპასუხე _ შპს «პ-მა" სარჩელი არ ცნო და შეგებებული სარჩელით მოითხოვა მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების ბათილად ცნობა მისი კაბალური ხასიათის გამო.

ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 27.09.01წ. გადაწყვეტილებით გლდანი-ნაძალადევის რაიონის დაცვის პოლიციის განყოფილების სარჩელი არ დაკმაყოფილდა, დაკმაყოფილდა შპს «პ-ის" შეგებებული სარჩელი, ბათილად იქნა ცნობილი მხარეთა შორის 01.12.2000წ. დადებული ხელშეკრულება.

პირველი ინსტანციის სასამართლოს 27.09.01წ. გადაწყვეტილებაზე გლდანი-ნაძალადევის რაიონის დაცვის პოლიციის განყოფილების მიერ შეტანილ იქნა სააპელაციო საჩივარი. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 01.02.02წ. გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 27.09.01წ. გაადწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გაადწყვეტილება, დაცვის პოლიციის განყოფილების სარჩელი დაკმაყოფილდა, შპს «პ-ს" გადასახდელად დაეკისრა 1200 ლარი, არ დაკმაყოფილდა შპს «პ-ის" შეგებებული სარჩელი. საქმის განხილვის შედეგად დადგენილად იქნა ცნობილი შემდეგი: მხარეებმა 01.12.2000წ., ერთი წლის ვადით, დადეს საგანგაშო ღილაკის დაცვის შესახებ ხელშეკრულება. ხელშეკრულებით განისაზღვრა მხარეთა ურთიერთვალდებულებები, გაწეული მომსახურებისათვის ანაზღაურების თანხა თვეში შეადგენდა 60 აშშ დოლარის ექვივალენტს ლარებში, ხელშეკრულების 7.3 პუნქტის თანახმად, დამქირავებლის მიერ ცალმხრივად ხელშეკრულების გაუქმების შემთხვევაში, მხარე ვალდებული იყო ხელშეკრულების გაუქმების დღიდან აენაზღაურებინა დარჩენილი დროისათვის დაცვის სრული ღირებულება. შპს «პ-მა" 22.01.01წ. ¹34 წერილით მიმართა დაცვის განყოფილებას, რომლითაც აუწყა მას, რომ ფირმა აღმოჩნდა რთულ ეკონომიკურ მდგომარეობაში, რის გამო მას არ ძალუძს დაცვის მომსახურების თანხის გადახდა. 09.02.01წ. ¹1 და 14.02.01წ. ¹2 წერილით ფირმის ხელმძღვანელობამ კვლავ მოითხოვა ხელშეკრულების გაუქმება. გლდანი-ნაძალადევის რაიონის დაცვის პოლიციის განყოფილების უფროსის 21.02.01წ. ¹49 ბრძანებით შპს «პ-ი" გათიშულ იქნა დაცვითი ქსელიდან.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ დაცვის პოლიციის განყოფილებას არ უჭირავს დომინირებული მდგომარეობა ბაზარზე და იგი არ წარმოადგენს დაცვის ფუნქციების განმხორციელებელ ერთადერთ დაწესებულებას, რომელთანაც მხარე იძულებული იყო დაედო ხელშეკრულება. სსკ 319-ე მუხლის თანახმად მხარეებს შეეძლოდ თავისუფლად დაედოთ ხელშეკრულება და განესაზღვრათ ხელშეკრულების პირობები, სსკ 361-ე მუხლის მიხედვით ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ შპს «პ-ი" ვალდებულებულია დაიცვას ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობა და აუნაზღაუროს დაცვის პოლიციას დარჩენილი დროისათვის დაცვის ღირებულება 1200 ლარის ოდენობით.

თბილისის საოლქო სასამართლოს 01.02.02წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა შპს «პ-ის" მიერ. კასატორი აღნიშნავს, რომ გლდანი-ნაძალადევის რაიონში ობიექტის დაცვის სხვა დაწესებულება არ არსებობს, თვით მოწინააღმდეგე მხარე ალტერნატიულ ორგანიზაციად, რომელთანაც შესაძლებელი იქნებოდა ხელშეკრულების დადება, ასახელებს ვაკე-საბურთალოს რაიონის დაცვის პოლიციის განყოფილებას, რომელიც ძლიერ არის დაშორებული დასაცავი ობიექტსაგან. ხელშეკრულება დაცვის პოლიციის განყოფილებასთან დაიდო უცხოელი ინვესტორის კატეგორიული მოთხოვნის გამო, რომელიც შემდგომში იძულებული შეიქმნა დაეტოვებინა საქართველო. კასატორის აზრით, სახეზეა სსკ 55-ე მუხლის ძირითადი პირობა _ აშკარა შეუსაბამობა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შესრულებასა და შესრულებისათვის გათვალისწინებულ ანაზღაურებას შორის. ხელშეკრულების 7.3 პუნქტი არათანაბარ პირობებში აყენებს ხელშეკრულების მხარეებს. კასატორი უთითებს, რომ 22.01.01წ. წერილით მოითხოვდა არა ხელშეკრულების დროებით გაუქმებას, არამედ შეცვლილი გარემოებებისადმი ხელშეკრულების მისადაგებას, რის გამოც სსსკ 398-ე მუხლის მიხედვით, მას არ უნდა მოეთხოვოს ხელშეკრულების პირობების მკაცრი დაცვა. კასატორმა მოითხოვა საოლქო სასამართლოს 01.02.02წ. გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოში საქმის ხელახალი განხილვისათვის დაბრუნება. მოწინააღმდეგე მხარე _ შსს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონის დაცვის პოლიციის განყოფილების წარმომადგენელმა საკასაციო საჩივარი არ ცნო და აღნიშნა, რომ დაცვის სხვა დაწესებულების არარსებობა სრულებითაც არ ნიშნავს ამ სფეროში არსებულ ბაზარზე მის მონოპოლიურ მდგომარეობას. ობიექტის დაცვის ასეთივე დაწესებულებები არსებობენ ქ. თბილისის დანარჩენ რაიონებში, ანალოგიურ ფუნქციებს ასრულებენ აგრეთვე დაცვის კერძო სტრუქტურები (კერძო დეტექტივები). მოწინააღმდეგე მხარემ ითხოვა საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის 01.02.02წ. გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შემოწმებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ გლდანი-ნაძალადევის დაცვის პოლიციის განყოფილებას უჭირავს დომინირებული მდგომარეობა ბაზარზე. კანონმდებლობა არ ითვალისწინებს ობიექტთა შეიარაღებული დაცვის სფეროში კერძო სტრუქტურების ფუნქციონირების შესაძლებლობას, ხოლო მომიჯნავე რაიონის დაცვის პოლიციის განყოფილებასთან ხელშეკრულების დადება, დასაცავი ობიექტისაგან დაშორების გამო, არაეფექტურს გახდიდა მის დაცვას. აღნიშნული გარემოება ზღუდავდა ხელშეკრულების კონტრაჰენტის არჩევანის თავისუფლებას. ამასთანავე, საგანგაშო ღილაკით დაცვის შესახებ მხარეთა შორის 01.12.2000წ. დადებული ხელშეკრულების 7.3 პუნქტი აშკარად არათანაბარ პირობებს უქმნის მხარეებს, სახეზეა აშკარა შეუსაბამობა გარიგებით განსაზღვრულ შესრულებასა და ამ შესრულებისათვის გათვალისწინებულ ანაზღაურებას შორის, ვინაიდან ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონის დაცვის პოლიციის განყოფილება 01.12.2000წ. ხელშეკრულების 7.3 პუნქტის საფუძველზე დამატებით ითხოვს ათი თვის დაცვის ღირებულების ანაზღაურებას, მაშინ, როდესაც რეალურად წლის განმავლობაში მომსახურებას ეწეოდა მხოლოდ ორი თვე, გაწეული მომსახურების ღირებულება კასატორს განყოფილებისთვის სრულად აქვს გადახდილი. პალატა თვლის, რომ შპს «პ-ი" ხელშეკრულების 7.3 პუნქტით გათვალისწინებული პირობით, სახელდობრ, ხელშეკრულების გაუქმების Aშემთხვევაში დარჩენილი დროისათვის დაცვის სრული ღირებულების ანაზღაურების პირობით ხელშეკრულებას არ დადებდა სხვა ალტერნატივის არსებობის შემთხვევაში. ამგვარი პირობით ხელშეკრულების დადება არღვევს სსკ 319.2 მუხლის მოთხოვნას, რომლის მიხედვით თუ ხელშეკრულების ერთ-ერთ მხარეს უკავია დომინირებული მდგომარეობა ბაზარზე, მას არ შეუძლია კონტრაჰენტის უსაფუძვლოდ შესთავაზოს ხელშეკრულების არათანაბარი პირობები. პალატა იზიარებს კასატორის მოსაზრებას ხელშეკრულების კაბალური ხასიათის შესახებ მხოლოდ ხელშეკრულების 7.3 პუნქტთან დაკავშირებით და თვლის, რომ ხელშეკრულების აღნიშნული პუნქტი მხარის დომინირებული მდგომარეობის გამოყენების შედეგია. იმის გათვალისწინებით, რომ ხელშეკრულების ასეთი პირობებით დადება გამოწვეული იყო ინვესტორის კატეგორიული მოთხოვნით, საწარმოს ამოქმედების, შრომითი კოლექტივის დასაქმების ინტერესებით, პალატა თვლის, რომ ხელშეკრულების კონტრაჰენტმა _ შპს «პ-მა" ხელშეკრულების ეს პირობა მიიღო უკიდურესი საჭიროების გავლენით.

ამასთანავე, ვინაიდან ხელშეკრულების მოშლის საფუძველი არ არის გამოწვეული გლდანი-ნაძალადევის დაცვის პოლიციის განყოფლების მიერ, სახეზეა შპს «პ-ის" მიერ არა ხელშეკრულებიდან გასვლა (უარი ხელშეკრულებაზე), არამედ ხელშეკრულების მოშლა (შეწყვეტა), რაც იწვევს სამომავლოდ სახელშეკრულებო უფლება-მოვალეობების შეწყვეტას, რის გამო გლდანი-ნაძალადევის რაიონის დაცვის პოლიციას უნდა აუნაზღაურდეს ხელშეკრულების შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანი. საკასაციო პალატა უსამართლოდ თვლის რა ხელშეკრულების 7.3 პუნქტის მიხედვით ხელშეკრულების შეწყვეტით მიყენებული ზიანის ანაზღაურებას, საჭიროდ თვლის საქმის დამატებითი განხილვის შედეგად, ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლის მნიშვნელობის გათვალისწინებით, ხელშეკრულების მოშლით განცდილი რეალური ზიანის დადგენას და ხელშეკრულების შეუსრულებლობით მიყენებული ზიანის ანაზღაურებას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს «პ-ის" საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 01.02.02წ. გადაწყვეტილება.

2. საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პლატას.

3. სახელმწიფო ბაჟის გადახდის დაკისრების საკითხი გადაწყდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.