Facebook Twitter

3გ-ად-116-კ-02 19 ივლისი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),

მ. ვაჩაძე,

ნ. სხირტლაძე

დავის საგანი: მოპასუხისათვის 42920 ლარის დაკისრება.

აღწერილობითი ნაწილი:

რ. ა-შვილმა, ბ. ტ-ძემ, ბ. შ-ძემ და გ. ლ-ძემ სარჩელით მიმართეს საჩხერის რაიონის სასამართლოს და მიუთითეს, რომ «კ-ს», რომლის უფლებამონაცვლეს სს «კ-ი» წარმოადგენდა, სოფ. ... ტერიტორიაზე გააჩნდა ქვიშის მოსაპოვებელი კარიერი. კარიერის დამუშავების შედეგად სოფ. ... დაიმეწყრა და სხვებთან ერთად მოსარჩელეთა საცხოვრებელი სახლებიც დაინგრა. მოსარჩელეებმა სს «კ-ისგან» მიყენებული ზარალის ანაზღაურება მოითხოვეს.

საჩხერის რაიონის სასამართლოს 1999წ. 16 აგვისტოს დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. «კ-ს» მოსარჩელეთა სასარგებლოდ 36092 Aაშშ დოლარის ექვივალენტი ლარის ანაზღაურება დაეკისრა.

1999წ. 5 ნოემბერს მოპასუხემ საჩივარი წარადგინა სასამართლოში და მის დაუსწრებლად გამოტანილი საჩხერის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა, მისი დასწრებით განხილვა მოითხოვა.

საჩხერის რაიონული სასამართლოს 1999წ. 5 ნოემბრის განჩინებით მოპასუხის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და საქმის ხელახალი განხილვა ჩაინიშნა.

საქმის განხილვის პროცესში მოპასუხე მხარის – სს «კ-ის» დირექტორმა სასამართლოს გეოლოგიური სამმართველოს მიერ 1985 წელს გაცემული დასკვნა წარუდგინა, რომლითაც დასტურდებოდა, რომ სოფ. ... მეწყერულ ზონას წარმოადგენდა და აღნიშნული საკითხის ხელმეორედ გადამოწმება მოითხოვა. მოთხოვნას მოსარჩელეებიც დაეთანხმნენ.

საჩხერის რაიონული სასამართლოს 1999წ. 23 დეკემბრის განჩინებით შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და საქმეზე გეოლოგიური ექსპერტიზა დაინიშნა.

საჩხერის რაიონული სასამართლოს 2001წ. 10 აგვისტოს განჩინებით მოპასუხე – «კ-ის» შუამდგომლობა საქმეში მოპასუხედ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ჩართვის თაობაზე დაკმაყოფილდა.

2001წ. 21 აგვისტოს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ შესაგებელი წარადგინა სასამართლოში და მოსარჩელეთა მოთხოვნა ხანდაზმულად ჩათვალა. ამასთან, იგი მიუთითებდა, რომ იგი არასათანადო მოპასუხე იყო და მოსარჩელეთა წინაშე ვალდებულებას არ ცნობდა.

საჩხერის რაიონული სასამართლოს 2001წ. 10 სექტემბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელეთა სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მოსარჩელეთა სასარგებლოდ 36092 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა დაეკისრა. სასამართლომ მიიჩნია, რომ სსრ მინისტრთა საბჭოს 1987წ. 9 თებერვლის ¹42 დადგენილებით სახელმწიფომ, როგორც მონოპოლისტმა, სოფ. ... მეწყერის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე პასუხისმგებლობა იკისრა.

ზემოხსენებული გადაწყვეტილება აპელაციის წესით საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ გაასაჩივრა და მიუთითა, რომ საქმე ადმინისტრაციული წარმოების წესით უნდა განხილულიყო. ამასთან, სარჩელი ხანდაზმული იყო, რაც მიღებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენდა. აპელანტი, ამასთან, აღნიშნავდა, რომ საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1987წ. 9 თებერვლის ¹42 დადგენილებით სახელმწიფოს თავისი ბრალეულობა არ უღიარებია და მეწყერის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება არ უკისრია, თანაც, მოსარჩელეები იმ კატეგორიას არ მიეკუთვნებოდნენ, რომელთა დახმარებაც მითითებული დადგენილებით იყო გათვალისწინებული.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2002წ. 20 თებერვლის გადაწყვეტილებით გაუქმდა საჩხერის რაიონული სასამართლოს 2001წ. 10 სექტემბრის გადაწყვეტილება. სასამართლომ სარჩელი ხანდაზმულად მიიჩნია. საოლქო სასამართლომ არამართებულად ჩათვალა საქმეში მოპასუხედ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ჩართვა და მიიჩნია, რომ მოსარჩელეებს ზიანი «კ-ის» ქმედების გამო მიადგათ და პასუხიც, სამართალმემკვიდრეობის წესით, მასვე უნდა ეგო.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 20 თებერვლის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელეების – რ. ა-შვილის, რ. ტ-ძის, ბ. შ-ძის და გ. ლ-ძის წარმომადგენელმა – ო. მიროტაძემ და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება.

სამოტივაციო ნაწილი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება და დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და საქმე ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოს უნდა დაუბრუნდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, არასწორად განმარტა კანონი და სათანადოდ არ შეაფასა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ «კ-ის» ქვიშის კარიერის ღია დამუშავების შედეგად სოფ. ... მთლიანად დაიმეწყრა. მოსახლეობისათვის მიყენებული ზიანი 1990 წელს განისაზღვრა, ხოლო საბოლოოდ ასანაზღაურებელმა თანხამ 1998 წელს 46,920 ლარი შეადგინა. საქმის მასალებით დასტურდება ის გარემოებაც, რომ სოფ. ... დაზარალებულ მოსახლეობას მიწის ფართი გამოეყო და სახელმწიფოს სახსრებით საცხოვრებელი სახლებიც აუშენდათ.

საქმეში მოიპოვება ასევე საბადოთა ჰიდრო-გეოლოგიური და საინჟინრო-გეოლოგიური შემსწავლელი პარტიის მიერ შედგენილი იტავაზის ქვიშის საბადოს ¹2 და ¹3 უბნების საინჟინრო-გეოლოგიური კვლევის ანგარიში, რომლითაც დგინდება, რომ სოფ. ... მომხდარი მეწყერი გამოწვეული იყო ახალი სეისმოტექტონიკური აქტივობისა და ადამიანის ნაწილობრივი მოქმედების შედეგად. ამავე დასკვნით დადგენილ იქნა, რომ შემდგომი მეწყერის თავიდან აცილების მიზნით ¹3 საბადოს დამუშავება სხვა წესით უნდა მომხდარიყო, რათა მისი ბუნებრივი მდგომარეობა არ დარღვეულიყო და ახალი მეწყერის საშიშროების წინაშე არ აღმოჩენილიყო სოფ. ... ტერიტორია.

ამდენად, ის ფაქტი, რომ სოფ. ... მომხდარი მეწყერი ნაწილობრივ «კ-ის» კარიერის დამუშავების შედეგია, სადავო არ არის და აღნიშნულ გარემოებას სადავოდ არც მხარეები ხდიან. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქვემდგომ სასამართლოებს პირველ რიგში საქმის ფაქტობრივი გარემოებები უნდა დაედგინათ, კერძოდ, მოსარჩელეები წარმოადგენენ თუ არა იმ პირებს, რომელთაც სახლები დაუზიანდათ, მითუმეტეს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად ადმინისტრაციულ პროცესში სასამართლო უფლებამოსილია თავისი ინიციატივით მიიღოს გადაწყვეტილება დამატებითი ინფორმაციის ან მტკიცებულების წარმოსადგენად. ამის შემდეგ, სასამართლოთა მსჯელობის საგანი ის გარემოება უნდა გამხდარიყო, თუ ვის უნდა აენაზღაურებინა დამდგარი ზიანი, სახელმწიფოს თუ სააქციო საზოგადოებას.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საოლქო სასამართლოს საქმის განხილვისას უნდა ემსჯელა, სსრ მინისტრთა საბჭოს 1987წ. 9 თებერვლის ¹42 დადგენილების შესაბამისად, ვის დაევალა დაზარალებული მოსახლეობის ზარალის ანაზღაურება, ვინ იყო კონკრეტულ შემთხვევაში «კ-ის» სამართალმემკვიდრე და მის ვალდებულებაზე პასუხისმგებელი. როგორც საქმის მასალებით დადგენილია, 1988 წელს არსებული «კ-ი», სახელმწიფო საწარმოს შეადგენდა და და მისი შემოსავალიც უშუალოდ სახელმწიფო ბიუჯეტში შედიოდა. საქმეში არსებული მტკიცებულებები ადასტურებენ იმ ფაქტსაც, რომ მითითებული «კ-ის» უშუალო ზედამხედველობას საშენმასალათა მრეწველობის სამინისტრო ახორციელებდა. აღნიშნული სამინისტრო ლიკვიდირებულ იქნა სახელმწიფოს მიერ და მისი უფლება-მოვალეობები სახელმწიფოზე გადავიდა. ამასთან, ნიშანდობლივია ის გარემოებაც, რომ მეწყერის დროისათვის არსებული «კ-ის» სამართალმემკვიდრე ამჟამად სს «კ-ია».

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, უნდა გაუქმდეს საოლქო სასამართლოს 2002წ. 20 თებერვლის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოს უნდა დაუბრუნდეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. რ. ა-შვილის, ბ. ტ-ძის, ბ. შ-ძის და გ. ლ-ძის წარმომადგენლის ო. მ-ძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

2. გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2002წ. 20 თებერვლის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

3. უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.