¹3გ-ად-117კ-02 18 ივლისი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. მეტერეველი (თავმჯდომარე),
ნ. კლარჯეიშვილი,
ბ. კობერიძე
დავის საგანი: საქმის წარმოების განახლება და საქმეში მესამე პირად ჩაბმა.
აღწერილობითი ნაწილი:
ქუთაისში, ..... ¹19 მდებარე ბინა ირიცხება ძელქვიანის მუნიციპალიტეტის ბალანსზე. ბინაში ცხოვრობდნენ ვ. გ-ია და მისი მეუღლე (კასატორი) მ. დ-ძე ოჯახის სხვა წევრებთან ერთად. ქუთაისის გამგეობის 1992წ. 27 აგვისტოს გადაწყვეტილებით მ. დ-ძის ოჯახს გამოეყო სამოთახიანი ბინა ქუთაისში, ..... ¹6 მდებარე საცხოვრებელ სახლში, საერთო ფართით 97კვ.მ. იმის გამო, რომ მ. დ-ძის ოჯახმა არ გაათავისუფლა ..... ¹19 ქუჩაზე მდებარე ბინა, ქუთაისის გამგეობამ განცხადებით მიმართა სასამართლოს აღნიშნული ბინიდან მათი გამოსახლების შესახებ. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 1994წ. 7 ნოემბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ქუთაისის გამგეობის სარჩელი და მ. დ-ძე ოჯახის წევრებთან ერთად გამოსახლებულ იქნა ..... ¹19 ქუჩაზე მდებარე ბინიდან. გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა უზენაესი სასამართლოს 1995წ. 5 იანვრის განჩინებით და საქმეზე უარყოფილ იქნა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის პროტესტი. ქ. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 1995წ. 25 აგვისტოს გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ქუთაისის მერიის სარჩელი ძელქვიანის მუნიციპალიტეტის მიმართ და ..... ¹19 მდებარე ბინაზე გაუქმდა ვ. გ-იასთან (მ. დ-ძის მეუღლე) დადებული ბინის პრივატიზების ხელშეკრულება, თუმცა მოგვიანებით, ვ. გ-იამ განცხადება შეიტანა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და მოითხოვა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 1995წ. 25 აგვისტოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება, რაც დაკმაყოფილდა სასამართლოს მიერ.
..... ¹19 მდებარე ბინიდან მ. დ-ძის ოჯახის გამოსახლების შემდეგ, ამ ბინის 18კვ.მ. და 38კვ.მ. ფართობის ოთახები 1999წ. დაიკავეს იმავე სახლის სხვა ფართში მცხოვრებმა ო. მ-შვილმა და ქ. კ-ძემ. ქუთაისის მერიამ 2000წ. 15 აგვისტოს სხვადასხვა სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ო. მ-შვილისა და ქ. კ-ძის მიმართ და სკ-ს 172-ე მუხლის საფუძველზე მოითხოვა ბინიდან მათი გამოსახლება. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 2000წ. 18 დეკემბრის გადაწყვეტილებებით არ დააკმაყოფილა ქუთაისის მერიის სარჩელი ბინიდან მოპასუხეების გამოსახლების თაობაზე.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებები სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. დ-ძემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილებების გაუქმება და მოპასუხეების გამოსახლება ..... ¹19 ბინიდან, ხოლო საქმის ზეპირი განხილვის დროს აპელანტის წარმომადგენელმა ნ. ე-იამ მოითხოვა ხელახალი განხილვისათვის საქმის საქალაქო სასამართლოში დაბრუნება და მ. დ-ძის საქმეში მესამე პირად ჩაბმა. აპელანტმა აღნიშნა, რომ მოცემულ საქმეში იგი არის დაინტერესებული პირი, გააჩნია პრეტენზია სადავო ბინაზე, რადგან ეს ბინა 1995 წლამდე მის საკუთრებას წარმოადგენდა, ამიტომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის თანხმად, ქუთაისის საქალაქო სასამართლო ვალდებული იყო იგი, როგორც დაინტერესებული მხარე, ჩაება პროცესში მესამე პირად.
სააპელაციო სასამართლოში საქმის ზეპირი განხილვის დროს აპელანტის წარმომადგენელმა ნ. ე-იამ დააყენა შუამდგომლობა ორივე საქმის გაერთიანების შესახებ, რაც დაკმაყოფილდა სასამართლოს მიერ.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 21 მარტის განჩინებით არ დაკმაყოფილდა მ. დ-ძის სააპელაციო საჩივრები და უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2000წ. 18 დეკემბრის გადაწყვეტილებები შემდეგ გარემოებათა გამო:
1. მ. დ-ძე კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებით ოჯახის ყველა წევრთან ერთად გამოსახლებულია სადავო ბინიდან და ბინა ირიცხება ძელქვიანის მუნიციპალიტეტის ბალანსზე. რადგანაც სადავო ბინები ქუთაისის მერიის საკუთრებას წარმოადგენს და არა მ. დ-ძისა, ამიტომ ეს უკანასკნელი არ არის იმ სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე, რომელსაც შეიძლება შეხებოდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2000წ. 18 დეკემბრის გადაწყვეტილებები და სასამართლოც არ იყო ვალდებული, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მიხედვით ეცნობებინა მისთვის საქმის წარმოების შესახებ;
2. საოლქო სასამართლომ მიუთითა, მართალია, მ. დ-ძის მეუღლის ვ. გ-იას განცხადების საფუძველზე გაუქმდა საქალაქო სასამართლოს 1995წ. 25 აგვისტოს გადაწყვეტილება და ამჟამად მიმდინარეობს ვ. გ-იას სახელზე ..... ¹19 მდებარე ბინის პრივატიზების ბათილად ცნობის შესახებ ქუთაისის მერიის სარჩელის განხილვა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სადავო ბინები მ. დ-ძის საკუთრებაა და იგი საქმეში მესამე პირად უნდა ყოფილიყო ჩაბმული. თუკი ..... ¹19 მდებარე ბინებზე არ გაბათილდა ვ. გ-იას სახელზე დადებული ბინების პრივატიზების ხელშეკრულება, მაშინ მ. დ-ძეს შეეძლება განცხადებით მიმართოს სასამართლოს სსკ-ს 421-431-ე მუხლებით დადგენილი წესით.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებას საკასაციო წესით ასაჩივრებს მ. დ-ძე, რომელიც შემდეგი მოტივით ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას, საქმეში მესამე პირად ჩაბმას და სადავო ბინებიდან ო. მ-შვილისა და ქ. კ-ძის გამოსახლებას:
1. კასატორს მიაჩნია, რომ ქუთაისის საქალაქო და საოლქო სასამართლოებმა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის, 85-ე მუხლის მე-3 პუნქტის, ასევე ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის დარღვევით არ გამოიძახეს იგი პროცესზე, როგორც დაინტრესებული მხარე და არ მისცეს თავისი უფლებების დაცვის საშუალება;
2. კასატორის განმარტებით, სადავო ბინა მის საკუთრებას წარმოადგენს საქრათველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლისა და ამ ბინაზე 1994წ. 11 აგვისტოს რეგისტრაციაში გატარებული საპრივატიზებო ხელშეკრულების საფუძველზე. მას არ მიუტოვებია ბინა სკ-ს 183-183-ე მუხლების შესაბამისად, რის გამოც უკანონოდ მოხდა იქიდან მისი გამოსახლება;
3. კასატორი ასევე აღნიშნავს, რომ სასამართლოებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლების მიხედვით არ დაუზუსტებიათ მტკიცების საგანი და არ გამოუთხოვიათ სათანადო მტკიცებულებები.
საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვისას კასატორმა მ. დ-ძემ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის «დ» პუნქტის თანახმად, მოითხოვა საკასაციო წარმოების შეჩერება სადავო ბინის პრივატიზების ხელშეკრულების ბათილად ცნობაზე კერძო საჩივრის ქუთაისის საოლქო სასამართლოში განხილვამდე.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. დ-ძის საკასაციო საჩივარი უსაფუძვლობის მოტივით არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
კასატორი ითხოვს ქუთაისის მერიას, ქ. კ-ძესა და ო. მ-შვილს შორის ბინიდან გამოსახლების თაობაზე დავაში მესამე პირად ჩაბმას, თანახმად ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლისა. აღნიშნულ დავებზე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2000წ. 18 დეკემბერს გამოტანილ იქნა გადაწყვეტილება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ქ. ქუთაისის მერიის სარჩელი ქ. კ-ძისა და ო. მ-შვილის მიმართ ბინიდან გამოსახლების თაობაზე. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებები სააპელაციო წესით არ გასაჩივრებულა და ამდენად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 264-ე მუხლის პირველი ნაწილის «ბ» პუნქტის თანახმად, შევიდა კანონიერ ძალაში.
ქ. ქუთაისის მერიას, ო. მ-შვილსა და ქ. კ-ძეს შორის დავაში კასატორი მ. დ-ძე არც მხარედ და არც მესამე პირად მიწვეული არ ყოფილა. მ. დ-ძემ, როგორც ვ. გ-იას მეუღლემ, 2001წ. 20 ივლისს განცხადებით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს და ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებების ასლები მოითხოვა, რაც სასამართლომ ხელზე გადასცა 2001წ. 25 ივლისს, მ. დ-ძემ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესულ, 2000წ. 18 დეკემბრის გადაწყვეტილებებზე 2001წ. 15 ნოემბერს შეიტანა სააპელაციო საჩივარი, მოითხოვა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებების გაუქმება და საქმეში მესამე პირად ჩართვა.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატამ 2001წ. 6 დეკემბერს წარმოებაში მიიღო მ. დ-ძის სააპელაციო საჩივარი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2000წ. 18 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე და არსებითად განიხილა იგი, რაც საკასაციო სასამართლოს საპროცესო ნორმების დარღვევად და დაუშვებლად მიაჩნია, ვინაიდან:
1. სსკ-ს 364-ე, 369-ე მუხლების თანახმად, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ერთი თვის ვადაში შეიძლება გაასაჩივრონ მხარეებმა (მოსარჩელე – მოპასუხემ) ან საქმეში უკვე ჩართულმა მესამე პირმა. მ. დ-ძე ქუთაისის საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვისას არც მხარედ ყოფილა ჩართული და არც მესამე პირად, ამიტომ სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლება პროცესუალურად არ გააჩნდა;
2. დარღვეულია სააპელაციო საჩივრის შეტანის 369-ე მუხლით გათვალისწინებული ერთთვიანი ვადა, რომლის გაგრძელებაც არ შეიძლება, რადგან საქმის მასალებით ირკვევა, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2000წ. 18 დეკემბრის გადაწყვეტილებები მ. დ-ძეს ხელზე ჩაბარდა 2001წ. 25 ივლისს, ხოლო სააპელაციო საჩივარი შეტანილია გასაჩივრების ვადის გადაცილებით, მეოთხე თვეს – 2001წ. 15 ნოემბერს, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის მიხედვით, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების უდავო საფუძველია;
3. მ. დ-ძის სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღებით დარღვეულია სსკ-ს 264-ე მუხლის პირველი ნაწილის «ბ» პუნქტი და 364-ე მუხლები, რადგან სააპელაციო საჩივარი შეტანილია უკვე კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაზე;
4. უგულვებელყოფილია სსკ-ს 421-ე, 422-ე მუხლის «ბ» პუნქტის ნორმები, რომლებიც სწორედ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების გაუქმება-განახლების საკითხებს არეგულირებენ და, საკასაციო პალატის აზრით, პროცესუალურად მ. დ-ძეს ზემოაღნიშნული ნორმების საფუძველზე უნდა მოეთხოვა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2000წ. 18 დეკემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება მაგრამ, რადგან მ. დ-ძეს ამ შემთხვევაშიც გაშვებული აქვს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ განცხადების სსკ-ს 426-ე მუხლის პირველი, მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ერთთვიანი ვადა (გადაწყვეტილება ხელზე ჩაბარდა 2001წ. 25 ივლისს, ხოლო საჩივარი 15 ნოემბერს შეიტანა), საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მ. დ-ძის საჩივარი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ამ თვალსაზრისითაც დაუშვებელი იყო და არ შეიძლებოდა მისი წარმოებაში მიღება.
მართალია, ქუთაისის საოლქო სასამართლოს მიერ მ. დ-ძის სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღებითა და განხილვით დარღვეულ იქნა ზემოაღნიშნული საპროცესო ნორმები, მაგრამ, რადგან სასამართლომ დავაზე არსებითად სწორი გადაწყვეტილება მიიღო, არ დაკმაყოფილდა მ. დ-ძის საჩივრები და უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2000წ. 18 დეკემბრის გადაწყვეტილებები, საკასაციო სასამართლოს აზრით, ზემოაღნიშნული პროცესუალური დარღვევები, სსკ-ს 393-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გახდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 21 მარტის განჩინების გაუქმების საფუძველი, რადგან ამ დარღვევებს შედეგად არ მოჰყოლიათ საქმეზე არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა.
ამდენად, როგორც აღვნიშნეთ მ. დ-ძის სააპელაციო საჩივარი პროცესუალურად დაუშვებელი იყო და მასზე სააპელაციო წარმოება არ უნდა განხორციელებულიყო. ამიტომ საკასაციო პალატა არ აკმაყოფილებს მ. დ-ძის შუამდგომლობას, სადავო ბინის პრივატიზების ხელშეკრულების ბათილად ცნობაზე კერძო საჩივრის გადაწყვეტამდე საქმის წარმოების შეჩერებაზე. საკასაციო სასამართლო ამ ნაწილში იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას, რომ სადავო ბინის ვ. გ-იას მიერ პრივატიზების კანონიერების საკითხის განხილვის შემდეგ თუ გაუქმდება ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 1995წ. 25 აგვისტოს გადაწყვეტილება ბინის პრივატიზების ბათილად ცნობის შესახებ და პრივატიზება კანონიერად იქნება ცნობილი, სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება შეიძლება გახდეს ვ. გ-იასათვის, როგორც მესაკუთრისათვის, სსკ-ს 422-ე მუხლის «ბ» პუნქტით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2000წ. 18 დეკემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებების ბათილად ცნობაზე განცხადების შეტანის საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის პირველი ნაწილით, 390-ე, 393-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 399-ე მუხლით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ. დ-ძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 21 მარტის განჩინება;
3. მ. დ-ძე გათავისუფლდეს საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
4. უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.