Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3გ/ად-118-კ-01 14 თებერვალი, 2002 წ., ქ.თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),

ნ. კლარჯეიშვილი,

ბ. კობერიძე

დავის საგანი: საერთო სარგებლობის გზის კასატორისათვის საკუთრების უფლებით გადაცემა და საკრებულოსათვის სათანადო აქტის გამოცემის დავალდებულება.

აღწერილობითი ნაწილი:

თ. მ-შვილმა 2000 წლის 5 სექტემბერს სარჩელი აღძრა ბაღდათის რაიონულ სასამართლოში შემდეგი საფუძვლით, იგი ცხოვრობს ბაღდათის რაიონის სოფ. ..., მის საკარმიდამო მიწის ნაკვეთს ემიჯნება ვ. და გ. მ-შვილების მიწის ნაკვეთი, მეზობლებს შორის დავა დიდი ხანია მიმდინარეობს მის ეზოში ჩასასვლელ გზასთან დაკავშირებით, რომელსაც მხოლოდ მისი ოჯახი და ეს გზა წლების მანძილზე იყო გაუმიჯნავი. 1986 წელს რაიონის ხელმძღვანელობის ჩარევით მავთულებით გაიმიჯნა გზა მეზობლებს შორის, მაგრამ დავა არ მოისპო და ისევ გრძელდება. მან არაერთხელ მიმართა სოფლის საკრებულოს თხოვნით, გადაეცათ სადაო გზა საკუთრებაში, რაც არ დაკმაყოფილდა და დაუსაბუთებლად ეთქვა უარი, რის შემდეგაც იძულებული გახდა მიემართა სასამართლოსათვის. თ. მ-შვილი სასამართლოსაგან ითხოვდა დაევალდებულებინა სოფ. ...… საკრებულო, რათა მას გამოეცა ადმინისტრაციული აქტი, სადაო გზის მისთვის საკუთრებაში გადაცემის შესახებ.

საქმის მასალებიდან ნათლად დასტურდება, რომ მეზობლებს შორის დიდი ხანია მიმდინარეობს დავა საერთო გზასთან დაკავშირებით. საქმეშია იმყოფება 1997 წელს გაცემული მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი ¹690, რომლის მიხედვითაც თ. მ-შვილს მიწის ნაკვეთი ზღვრულ ნორმამდე შევსებული და გადაცემული აქვს სოფ. პირველი ობჩის მიწის საკუთრებაში კომისიის მიერ, საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის ¹48, 6 თებერვლის ¹128 და 10 მარტის ¹290 დადგენილების შესაბამისად კერძოდ, თ. მ-შვილს გადაცემული აქვს 0,34 და 0,12 ჰა საკარმიდამო ნაკვეთი, ხოლო შემდეგი დაემატა 0,18 და 0,19 ჰა ნაკვეთები, ე.ი. სულ მიეცა 0,83 ჰა, რაც შეეხება სადაო გზას, იგი არ შედის გადაცემული ნაკვეთების ფართობში და განეკუთვნება სახელმწიფო მიწის ფონდს (სახელმწიფო საკუთრებას), რომელიც მიწის სარეფორმო კომისიამ მხარეებს დაუტოვა საერთო სარგებლობისათვის, თავიანთ ნაკვეთებთან დასაკავშირებლად.

სადაო გზა რომ სარგებლობის გზაა, დასტურდება სახალხო დეპუტატების ... სასოფლო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1980 წლის 12 მარტის ¹21 გადაწყვეტილებით, რომლითაც შ. მ-შვილს დაევალა სამანქანო საერთო სარგებლობის გზის შესასვლელში, მდგარი გადაეტანა თავისი სახლის პირდაპირ და გაეთავისუფლებინა საერთო სარგებლობის გზა. ვ. და გ. მ-შვილებს კი უფლება მიეცათ ესარგებლათ საერთო გზით და თავიანთ ეზოში შესასვლელთან გაეკეთებინათ ჭიშკარი. თ. მ-შვილს უნდა გაეგრძელებინა გზა თავის ჭიშკრისაკენ, ჭიშკარი კი უნდა დაეტოვებინათ ძველ ადგილზე. მხარეები ვალდებულნი იყვნენ საერთო გზა დაეტოვებინათ სამი მეტრის სიფართით მუხებიდან ეზოს მხარეს და თავიანთი გზის გასწვრივ უზრუნველეყოთ შემოღობვა. მაშასადამე, აღნიშნული გადაწყვეტილების თანახმადაც, სადაო გზა მიჩნეულია საერთო სარგებლობის გზათ.

მოპასუხეებმა – ვ. და გ. მ-შვილებმა მხარი არ დაუჭირეს სარჩელს და განმარტეს, რომ სადაო გზა ოდითგანვე საერთო სარგებლობისა იყო და იგი არ შეიძლება საკუთრებაში გადაეცეს რომელიმე მოდავე მხარეს, რადგან ამ გზით სარგებლობის უფლება ყველა მხარეს თანაბრად გააჩნია.

საკრებულოს თავმჯდომარე შ. ღ-ძემ ასევე არ ცნო სარჩელი. მისი განმარტებით, სადაო გზა არის საერთო სარგებლობის გზა, იგი არ შეიძლება რომელიმე მხარეს დაუკანონდეს საკუთრებაში, ვინაიდან სახელმწიფო საკუთრებაა და იწოდება სახელმწიფო მიწად.

ბაღდათის რაიონის მიწის მართვის სამმართველოს საადგილმამულო დავების მოგვარების მთავარი სპეციალისტის გ. რ-ის განმარტებით სადაო საკითხი არაერთხელ შეისწავლეს ადგილობრივმა და რესპუბლიკურმა კომისიებმა. ყველა დონის კომისიამ სადაო გზა საერთო სარგებლობის გზად მიიჩნია მოდავე მხარეებს 1992 წელს ჩატარებული მიწის პრივატიზაციის დროს კანონის სრული დაცვით გამოეყოთ საკუთრებაში მიწის ნაკვეთები, რომლის შევსების საჭიროება არ არსებობს.

ბაღდათის რაიონულმა სასამართლომ 2000 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით უარი უთხრა თ. მ-შვილს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა თ. მ-შვილმა იგივე მოთხოვნით, სააპელაციო სასამართლომ 2001 წლის 25 აპრილის განჩინებით უცვლელად დატოვა ბაღდათის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, არ დააკმაყოფილა თ. მ-შვილის სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლობისა და მოთხოვნის დაუსაბუთებლობის გამო:

1. სააპელაციო პალატის აზრით, უდავოდაა დადასტურებული, რომ სადაო გზის მონაკვეთი წარმოადგენდა მოდავე მხარეების საერთო ეზოს ნაწილს. ეს გზა ურთიერთშეთანხმებით ოთხი ოჯახის საერთო სარგებლობის გზას წარმოადგენდა. მიწის პრივატიზაციის დროს სადაო გზა საკუთრებაში არცერთ მხარეს არ გადაცემია, იგი დარჩა სახელმწიფო მიწად და საერთო სარგებლობის გზად, რომელიმე მხარისათვის გზის ამ ნაწილის მიკუთვნების აუცილებლობა არ არსებობს. გზის ამ ნაწილის მოსარჩელე თ. მ-შვილისათვის მიკუთვნების შემდეგ, მოპასუხე ვ. მ-შვილი ვერ შეძლებს ისარგებლოს ავტოფარეხით, ასევე შვილის ახალ კომლად გამოყოფის შემდეგ მას შეექმნება დაბრკოლება ცალკე შესასვლელ ჭიშკარზე.

2. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში დავა კი არ მოისპობა, პირიქით, უფრო დაიძაბება, რადგან ვ. მ-შვილის უფლებები არსებითად დაირღვევა. ამასთან, არც თ. მ-შვილს და არც მის წარმომადგენლებს არ დაუსახელებიათ კანონის რომელიმე ნორმა, რომლის საფუძველზე მოითხოვენ სადაო გზის მათ საკუთრებაში გადაცემას. სააპელაციო პალატის მითითებით, იმის მტკიცება რომ გზის საერთო სარგებლობაში არსებობა იწვევს მხარეთა შორის კონფლიქტს, ვერ ჩაითვლება სარჩელის მოთხოვნის კანონიერ საფუძვლად.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2001 წლის 25 აპრილს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა თ. მ-შვილმა, რომელშიც მიუთითა, რომ სადაო გზას მოპასუხის მხრიდან აკრავს ყრუ ღობე, რომელიც თავის დროზე სახელმწიფომ აღმართა იძულებით, რათა აღმოფხვრილიყო მეზობლებს შორის დავა, რასაც მოწმეებიც ადასტურებენ. ამასთან, საკრებულოს თავმჯდომარე შ. ღ-ძე მათ ოჯახთან იმყოფება არაკეთილსინდისიერ დამოკიდებულებაში, რაც გათვალისწინებული უნდა იყოს სასამართლოს მიერ. კასატორი პრეტენზიას გამოთქვამს, რომ რაიონული და სააპელაციო სასამართლოების მიერ ყურადღება მიექცა და ჯეროვნად არ იქნა შეფასებული. 1997 წელს გაცემული მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი ¹690. საბოლოოდ კასატორი თ. მ-შვილი ითხოვს გზის მის საკუთრებაში გადაცემას ან ყრუ ღობის ხელშეუხებლად დარჩენას, რათა აღკვეთილი იქნეს მეზობლებს შორის დავა.

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, თ. მ-შვილის საკასაციო საჩივარი მხარეთა დასწრების გარეშე განხილა, ვინაიდან, მიუხედავად საპროცესო კანონმდებლობით (ზემოაღნიშნული კოდექსის 70-78-ე მუხლით) დადგენილი წესით მოპასუხეთა გამოძახებისა, საკასაციო სასამართლოში მოპასუხეები არ ცხადდებოდნენ.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თ. მ-შვილის საკასაციო საჩივარი უსაფუძვლობის მოტივით არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 25 აპრილის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:

1. საქმეში წარმოდგენილი წერილობით მტკიცებულებებითა (სახალხო დეპუტატების ...… სასოფლო საბჭოს აღმასკომის 1980 წლის 12 მარტის ¹21 გადაწყვეტილებით,… საკრებულოს თავმჯდომარის 1999 წლის ¹75 წერილი) და მხარეთა ზეპირი ახსნა-განმარტებებით სააპელაციო პალატამ დადგენილად ცნო და საკასაციო პალატაც იზიარებს, რომ სადავო გზა, რომლის საკუთრებაში გადაცემასაც ითხოვს კასატორი იყო და არის საერთო საზოგადოებრივი სარგებლობის გზა, მიწის რეფორმის შედეგად არავის გადასცემია საკუთრებაში და ვერც გადაეცემოდა, რადგან როგორც სახელმწიფო საკუთრება, საჭირო გზა სამართლებრივად ყველას სარგებლობაში იმყოფება ყოველგვარი სპეციალური ნებართვისა და თანხმობის გარეშე, ამიტომაც კასატორი თავისი მოთხოვნის დასასაბუთებლად ვერანაირ სამართლებრივ საფუძველზე ვერ მიუთითებს.

2. გზები, ქუჩები, მოედნები, გასასვლელები, სანაპიროები, როგორც საზოგადოებრივი სარგებლობის მიწის ნაკვეთები და დასასვენებელი ადგილები – პარკები, სკვერები, ხეივნები, წარმოადგენენ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებს, ხოლო საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის ¹48, ¹128, 299 დადგენილებებისა და «სასოფლო-სამეურნეო დანიდშნულების მიწის საკუთრების შესახებ» კანონის საფუძველზე განხორციელებული მიწის რეფორმის შედეგად მოსახლეობის საკუთრებაში გადაეცა მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები. შესაბამისად, მიწის ნაკვეთძვის მიღება-ჩაბარების აქტის ¹690 კასატორ თ. მ-შვილს საკუთრებაში გადაეცა საკარმიდამო ეზო 0,34 და 0,12 ჰა, ხოლო დამატებით გემოეყო 0,18 და 0,19 ჰა, სულ 0,83 ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, აქედან 0,19 ჰა სახნავი, 0,45 – ვენახი, ეზო-ბაღი – 0,18 ჰა, სადავო გზა, რომელიც აქტის მიხედვით, მისი ეზოს ჩრდილოეთით მდებარეობს, თ. მ-შვილს საკუთრებაში არ გადასცემია და ვერც გადაეცემოდა ზემოაღნიშნულ მიზეზთა გამო, «სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ» საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით: «მხოლოდ საქართველოს მთავრობის ნებართვით არის შესაძლებელი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შემდეგი მიწის ნაკვეთების განკარგვა: ა) საზოგადოებრივი სარგებლობის მიწის ნაკვეთები, მოედნები, ქუჩები, გასასვლელები, გზები, სანაპიროები».

ვინაიდან კასატორი თ. მ-შვილი თავისი მოთხოვნის _ საზოგადოებრივი სარგებლობის გზის საკუთრებაში გადაცემის _ დასასაბუთებლად ვერანაირ სამართლებრივ საფუძველზე ვერ მიუთითებს და არც «სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ» კანონის ზემოაღნიშნული მუხლით გათვალისწინებული სპეციალური ნებართვა გააჩნია, საკასაციო სასამართლო იზიარებს საოლქო სასამართლოს განჩინების უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ამასთან, რადგან უსაფუძვლოა თ. მ-შვილის პირველი მოთხოვნა სადავო გზის საკუთრებაში გადაცემის შესახებ, ასევე უსაფუძვლოა მისი მეორე მოთხოვნა სოფ. ... საკრებულოსათვის შესაბამისი აქტის გამოცემის დავალდებულების თაობაზე და ისიც არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ამდენად, საკასაციო პალატის აზრის, გასაჩივრებული განჩინება სწორია, საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, ამიტომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2001 წლის 25 მარტის განჩინება.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის I ნაწილით, 390-ე, 399-ე, 404-ე, 410-ე მუხლებით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თ. მ-შვილის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 25 აპრილის განჩინება.

3. თ. მ-შვილი, მისი ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, გათავისუფლდეს საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის _ 40 ლარის გადახდისაგან.

4. უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.