3გ-ად-118-კ-02 10 ივლისი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),
ბ. კობერიძე,
ნ. კლარჯეიშვილი
სარჩელის საგანი: დავალიანების დაკისრება.
აღწერილობითი ნაწილი:
2000წ. 21 სექტემბერს სს «პ-ის» გენერალურმა დირექტორმა ს. ც-იამ სარჩელი აღძრა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში მოპასუხე ზუგდიდის რაიონის გამგეობის მიმართ.
სარჩელში აღნიშნული იყო, რომ სს «პ-სა» და ქ. ზუგდიდის მერიას (ამჟამად ზუგდიდის რაიონის გამგეობა) შორის 1998წ. 7 სექტემბერს დაიდო ხელშეკრულება დივერსიული აფეთქების შედეგად ქ. ზუგდიდში მდებარე სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის დანგრეული ადმინისტრაციული შენობის აღდგენის თაობაზე. სს «პ-ს» უნდა ჩაეტარებინა სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები, ხოლო ანაზღაურებას კისრულობდა ქ. ზუგდიდის მერია.
1999 წელს სს «პ-მა» დაამთავრა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები. ორივე მხარის მონაწილეობით გაფორმდა შესრულებული სამუშაოს აქტი, მაგრამ ზუგდიდის რაიონის გამგეობამ მოსარჩელეს არ გადაუხადა შესრულებული სამუშაოს ღირებულება _ 91060 ლარი.
სარჩელში სს «პ-მა» ითხოვა მოპასუხისათვის 91060 ლარის დაკისრება მოსარჩელის სასარგებლოდ.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2001წ. 19 სექტემბრის გადაწყვეტილებით მოპასუხე ზუგდიდის რაიონის გამგეობას მოსარჩელე სს «პ-ის» სასარგებლოდ დაეკისრა შესრულებული სამუშაოს ღირებულება _ 91060 ლარი და საგადასახადო ინსპექციის მიერ მოსარჩელისათვის დაკისრებული 5233 ლარი. სულ _ 96293 ლარი.
აღნიშნული გადაწყვეტილება ზუგდიდის რაიონის გამგეობამ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
სააპელაციო სასამართლოს 2001წ. 27 დეკემბრის განჩინებით მოცემულ საქმეში მესამე პირად ჩაება საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია სამეგრელო-ზემო სვანეთში.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატამ 2002წ. 28 იანვარს განიხილა ზუგდიდის რაიონის გამგეობის სააპელაციო საჩივარი და არ დააკმაყოფილა იგი. შესაბამისად უცვლელად დარჩა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2001წ. 19 სექტემბრის გადაწყვეტილება.
ზუგდიდის რაიონის გამგეობა საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ იგი სარჩელს არ ცნობს, რადგანაც ქ. ზუგდიდის მერიას თავის დროზე დაადებინეს ყოვლად გაუმართლებელი ხელშეკრულება, თორემ სს «პ-ს» რომ ეკუთვნის ჩატარებული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურება, სადავო არ არის.
კასატორის განმარტებით, ზუგდიდის მერია კი არ უნდა ყოფილიყო ხელშეკრულების მხარე, არამედ საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებულის სამხარეო ადმინისტრაცია სამეგრელო-ზემო სვანეთში, რადგანაც აღნიშნული შენობის აღდგენის საკითხებთან დაკავშირებით ყველა საკითხში ფიგურირებდა საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებულის სამხარეო ადმინისტრაცია სამეგრელო-ზემო სვანეთში.
საკასაციო საჩივარში აღნიშნულია, რომ სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების გამოტანისას არ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილი და 83-ე მუხლის პირველი ნაწილი, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა» პუნქტის თანახმად კასაციის საფუძველია.
კასატორი აღნიშნავს, რომ სს «პ-ის» მიერ შესრულებული სამუშაოს ღირებულება უნდა აანაზღაუროს სამხარეო ადმინისტრაციამ და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ.
კასატორი საკასაციო საჩივარში ითხოვს, სააპელაციო სასამართლოს 2002წ. 28 იანვრის განჩინების გაუქმებას. სასამართლო სხდომაზე კასატორმა დააზუსტა მოთხოვნა და ითხოვა ახალი გადაწყვეტილების გამოტანით სარჩელს უარი ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, მოუსმინა მხარეთა განმარტებებს, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინებისა და საკასაციო საჩივრის სამართლებრივი საფუძვლები, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სამოტივაციო ნაწილი:
საქმის მასალებიდან და მხარეების განმარტებიდან ირკვევა, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება სს «პ-მა» შეასრულა. საქმეში არსებული შეფასების აქტით აღიარებულია და ორივე მხარე ადასტურებს შესრულებული სამუშაოს საზღაურის ოდენობას, 91090 ლარს, რომელიც სს «პ-ს» უნდა ანაზღაურებოდა ზუგდიდის რაიონის გამგეობისაგან.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატამ სწორად არ გაიზიარა ზუგდიდის რაიონის გამგეობის ის მოსაზრება, რომ სს «პ-ის» მიერ შესრულებული სამუშაოს ღირებულება უნდა გადაეხადა სამხარეო ადმინისტრაციას და ფინანსთა სამინისტროს, რადგანაც ისინი არ იყვნენ ხელშეკრულების მონაწილე მხარეები.
საკასაციო სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ სს «პ-სა» და ზუგდიდის მერიას შორის 1998წ. 7 სექტემბერს დადებული გარიგება თავისი შინაარსით არის ნარდობის ხელშეკრულება.
სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს ვალდებულებას, ხოლო შემკვეთი ვალდებულია, გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.
კონკრეტულ შემთხვევაში სს «პ-მა» სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო შეასრულა ჯეროვნად და კეთილსინდისიერად, ხოლო შემკვეთმა, ზუგდიდის რაიონის გამგეობამ არ გადაუხადა სს «პ-ს» შეთანხმებული საზღაური, რითაც დაარღვია სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნა.
ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სს «პ-ის» მოთხოვნა ზუგდიდის რაიონის გამგეობის მიერ შესრულებული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურების შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ზუგდიდის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 28 იანვრის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.