3გ-ად-120-კ-02 5 ივლისი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),
მ. ვაჩაძე,
ნ. სხირტლაძე
დავის საგანი: საკომლო წიგნიდან უკანონოდ ჩაწერილი პირის ამოწერის მოთხოვნა.
აღწერილობითი ნაწილი:
2000წ. 26 დეკემბერს მ. ბ-იამ სასარჩელო განცხადებით მიმართა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს და სოფ. ..... გამგეობის მიერ საკომლო წიგნში გაკეთებული ჩაწერის გაუქმება მოითხოვა. მოსარჩელემ თავის სასარჩელო განცხადებაში მიუთითა, რომ მოპასუხე ე. ქ-ია 1996 წლიდან კომლში მისი თანხმობის გარეშე ჩაეწერა, მიუხედავად იმისა, რომ მას სოფ. ..... მუდმივი საცხოვრებელი ადგილი გააჩნია, სადაც ოჯახთან ერთად ცხოვრობს. მოსარჩელემ თავისი მოთხოვნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7 მუხლზე დააფუძნა.
მოპასუხე ე. ქ-იამ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ იგი ბებიასთან (მოსარჩელე _ მ. ბ-ია) და ბაბუასთან სოფ. ..... იზრდებოდა, სადაც საშუალო სკოლაც დაამთავრა. მას კავშირი კომლთან არ გაუწყვეტია, მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად ოჯახთან ერთად სოფ. ..... ცხოვრობს.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2001წ. 11 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მ. ბ-იას სარჩელი არ დაკმაყოფილდა. საკომლო წიგნში არსებული ჩანაწერი ე. ქ-იას კომლის წევრად ჩაწერის შესახებ უცვლელი დარჩა.
მ. ბ-იამ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2001წ. 11 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით 2001წ. 2 ნოემბერს ქუთაისის საოლქო სასამართლოში გაასაჩივრა. აპელანტმა სააპელაციო საჩივარში მიუთითა, რომ მოპასუხე ე. ქ-ია სამხედრო სამსახურიდან დაბრუნების შემდეგ მასთან ცხოვრობდა, მაგრამ გამუდმებით ცემდა და მასთან ცხოვრება შეუძლებელი გახდა. ამის გამო 1995 წელს კომლიდან ამოეწერა და მშობლების ოჯახში სოფ. ..... გადავიდა, თუმცა 1996 წელს მისი თანხმობის გარეშე კვლავ აპელანტის კომლში ჩაეწერა.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 8 თებერვლის განჩინებით მ. ბ-იას სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლობის გამო არ დაკმაყოფილდა. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2001წ. 11 ოქტომბრის გადაწყვეტილება უცვლელად იქნა დატოვებული.
2002წ. 22 მარტს მ. ბ-იამ ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 8 თებერვლის განჩინება იმავე საფუძვლებით საკასაციო წესით გაასაჩივრა და მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და უგულებელყო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები.
სამოტივაციო ნაწილი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების კანონიერება და დასაბუთებულობა, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება, როგორც არაგანსჯადი სასამართლოს მიერ გამოტანილი უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსჯადობით განსახილველად იმავე სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატას უნდა გადაეგზავნოს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით განსაზღვრულია სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციული საქმეები, რომლებიც ადმინისტრაციული დავის საგანს შეიძლება წარმოადგენდეს: 1. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან; 2. ადმინისტრაციული გარიგების დადება ან შესრულება; 3. ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე.
კონკრეტულ შემთხვევაში, კასატორი მ. ბ-ია საკომლო წიგნში მისი შვილიშვილის კომლის წევრად ჩაწერის გაუქმებას ითხოვს, რაც საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით კერძო (სამოქალაქო-საოჯახო) სამართლებრივი ხასიათის დავას წარმოადგენს და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლის თანახმად, სამოქალაქო კანონმდებლობის შესაბამისად განიხილება. აქვე აღსანიშნავია, რომ საკომლო წიგნში ჩაწერის შესახებ დავა, თავისი იურიდიული ბუნებით, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლით გათვალისწინებულ სფეროს სცილდება და ადმინისტრაციულ აქტს არ წარმოადგენს. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საკომლო წიგნში (დავთარში) ჩანაწერი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემულ ინდივიდუალურ-სამრთლებრივ აქტად ვერ იქნება მიჩნეული, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებასა და მოვალეობას. ამრიგად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის თანახმად, საკომლო დავთარში ჩანაწერებთან დაკავშირებული დავა სასამართლოს განსჯად ადმინისტრაციულ დავას არ წარმოადგენს და მისი განხილვა ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით დაუშვებელია. ამდენად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლის პირველი ნაწილის «ა» პუნქტის შესაბამისად, წარმოდგენილი საქმე სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით უნდა იქნეს განხილული.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 8 თებერვლის განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე განსჯადობით განსახილველად ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატას გადაეცეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-2, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადაო საქმეთა პალატის 2002წ. 8 თებერვლის განჩინება და საქმე განსჯადობით განსახილველად იმავე სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატას გადაეცეს.
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.