Facebook Twitter

3გ-ად-121-კ-02 1 აგვისტო, 2002 წ. ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),

ნ. კლარჯეიშვილი (მომხსენებელი),

ბ. კობერიძე

დავის საგანი: ადმინისტრაციული გარიგების (პრივატიზების) ბათილად ცნობა; ზარალის ანაზღაურება.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

კასატორმა მ. ი-მა 2000 წლის 4 სექტემბერს სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა მისი საცხოვრებელი სახლის კედელზე უკანონოდ მიშენებული ფოტო_ატელიესა და კიბის უჯრედის დანგრევა და მიყენებული ზარალის იმ მოტივით ანაზღაურება, რომ უკანონო მინაშენი მისი ბინის კედელს ჩრდილოეთის მხრიდან ეკვრის, იქედან ჩამოდენილი ატმოსფერული ნალექი აზიანებს მის კედელს და უკანონო მინაშენის დაშლის გარეშე, საინჟინრო_ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნით, შეუძლებელია სარემონტო სამუშაოების ჩატარება (ს.ფ. 2-3. ტ.1). მოსარჩელის მიერ მითითებული მინაშენი მდებარეობს ქუთაისში, ... ქ. ¹23-25, მე-2 სართულზე, რომელიც ამჟამად შპს «მ-ი-90”-ის საკუთრებაა, თანახმად 1990 წლის 29 დეკემბრის ¹2 საიჯარო ხელშეკრულებისა, მიღება_ჩაბარების აქტისა და 1998 წლის 5 მაისს გაცემული ¹48\359 «ი» საკუთრების დამადასტურებელი მოწმობისა (ს.ფ.7;211-222 ტ.1). მოსარჩელის აზრით, ფოტო-ატელიე და კიბის უჯრედი რადგან უნებართვო მინაშენს წარმოადგენდა, დაუშვებელი იყო «მ-ზე» მისი იჯარით გაცემა და შემდგომ პრივატიზება, ამიტომ მოითხოვა ზემოაღნიშნული იჯარის ხელშეკრულებისა და პრივატიზების შედეგების ბათილად ცნობაც.

2000 წლის 12 სექტემბერს კასატორმა მ. ი-მა მეორე სარჩელიც აღძრა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ქუთაისის მერიისა და შპს «მ-ის» მიმართ, რომლითაც შპს «მ-ისაგან» ასევე მოითხოვა უნებართვოდ აშენებული ფოტო_ატელიესა და კიბის უჯრედის სახურავიდან ჩამოდენილი ატმოსფერული ნალექების შედეგად მიყენებული ზიანის 5648 ლარის ანაზღაურება, ხოლო ქუთაისის მერიისაგან მოითხოვა მერიის 1998 წლის 8 ოქტომბრის ¹563 ბრძანების დაუყოვნებელი და აუცილებელი აღსრულება. აღნიშნული ბრძანებით შპს «მ-ის» ადმინისტრაციას დაევალა მ. ი-ის საცხოვრებელ სახლზე მიყენებული დაზიანების აღმოფხვრა, მოქმედი სამშენებლო ნორმების დაცვით. ამავე ბრძანებით «მ-ის» ადმინისტრაციის თხოვნაც დაკმაყოფილდა და ნება დაერთო საჭიროების შემთხვევაში ფოტო_ატელიესა და კიბის უჯრედის შენობის დანგრევაზე და იმავე ზომებით ახლის აშენებაზე (ს.ფ. 2-4;7 ტ.3). ქუთაისის მერიის ¹563 ბრძანება მიღებულია ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 1996 წლის 20 სექტემბრის განჩინების გათვალისწინებით, რომლის მიხედვითაც მ. ი-ის სარჩელი მაღაზია «ო-სა» და ფირმა «მ-ის» მიმართ, თვითნებურად აგებული შენობის აღების შესახებ, საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 წლის) 107-ე და სამოქალაქო სამართლის საპროცესო კოდექსის (1964 წლის) 226-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, წარმოებით შეწყდა როგორც სასამართლოს არაქვემდებარე, რადგან თვითნებური მშენებლობის დანგრევის საკითხის გადაწყვეტა ქალაქის მერიის კომპეტენცია იყო (ს.ფ. 9-10 ).

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2001 წლის 25 იანვრის განჩინებით მ. ი-ის ორივე სარჩელი გაერთიანდა ერთ წარმოებად, თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 182-ე მუხლის მე-4 ნაწილისა, ხოლო 13 თებერვლის განჩინებით საქმეში მესამე პირად, დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით, ჩაერთო შპს «ო.», რომლის კედელზეც ასევე მიშენებულია შპს «მ-ის» სადავო ფოტო_ატელიე და კიბის უჯრედი (ს.ფ. 54; 62 ტ.1). შპს «ო-მ» მხარი დაუჭირა მ. ი-ის სარჩელს და მოითხოვა ქუთაისის მერიისათვის ¹563 ბრძანების დაუყოვნებლივ შესრულების დავალდებულება, ხოლო «მ-ის” მიმართ მოითხოვა უკანონო მინაშენიდან გადმოდენილი ატმოსფერული ნალექების შედეგად მისი შენობის პირველი სართულის სათავსებისათვის მიყენებული ზიანის 24830 ლარის ანაზღაურება (ს.ფ. 76 ტ.1 ).

მოპასუხე _ შპს «მ-მა», ქუთაისის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის მოსახლეობის საყოფაცხოვრებო მომსახურების სამმართველოს 1985 წლის ¹104 ბრძანების, ქუთაისის მშრომელთა დეპუტატების საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1973 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილებისა და საქართველოს უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლოს 1997 წლის გადაწყვეტილებების საფუძველზე, უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით, არ ცნო მ. ი-ისა და შპს «ო-ს» სარჩელები და მიუთითა, რომ სადავო ფოტო_ატელიე და კიბის უჯრედი სათანადო ნებართვებითაა აშენებული და ექსპლუატაციაში მიღებული, ხოლო არასაცხოვრებელი ფართის იჯარა_გამოსყიდვის ფორმით «მ-ის» საკუთრებაში გადასვლის კანონიერება დადასტურებულია უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილებით (ს.ფ. 88-91; 164_175 ტ.1).

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2001 წლის 14 აგვისტოს გადაწყვეტილებით სარჩელები დაკმაყოფილდა, გაუქმდა სადავო შენობისა და კიბის უჯრედის პრივატიზების ხელშეკრულება, შენობიდან გამოსახლდა შპს «მ-ის» კუთვნილი ფოტო_ატელიე, ხოლო ქუთაისში ... ქ. ¹23-ში მდებარე შენობისა და კიბის უჯრედის აღების ხარჯები დაეკისრა ქ. ქუთაისის მერიას. საქალაქო სასამართლომ 1996 წლის 20 სექტემბრის განჩინების, ქუთაისის პროკურატურის მიერ ჩატარებული მოკვლევის, ექსპერტის დასკვნისა და სხვა მტკიცებულებების საფუძველზე, დადასტურებულად მიიჩნია შპს «მ-ზე» იჯარით გაცემისა და შემდგომ პრივატიზების მომენტისათვის სადავო შენობისა და კიბის უჯრედის უკანონო მშენებლობის ფაქტი, ვინაიდან უნებართვო შენობის იჯარით გაცემა, ასევე პრივატიზება უკანონოა, ამიტომ, უკანონო შენობა დანგრევას ექვემდებარება. სასამართლოს აზრით, რადგან შპს «მ-ისათვის» უცნობი იყო მისთვის იჯარით გადაცემული და შემდგომ პრივატიზებული შენობის უკანონო მშენებლობის შესახებ, შპს «მ-ი» კეთილსინდისიერი შემძენია და ვინაიდან ქუთაისის მერიამ «მ-ს» უფლებრივად ნაკლული ნივთი მიჰყიდა, ამიტომ შენობის დანგრევისა და ზარალის ანაზღაურების ხარჯები საქალაქო სასამართლომ ქუთაისის მერიას დააკისრა (ს.ფ. 251-252 ტ.1).

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქუთაისის სამმართველომ და მისი გაუქმება მოითხოვა (ს.ფ. 258 ტ.1). ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე შეგებებული სააპელაციო საჩივარი შეიტანა ასევე მ. ი-მაც ( ს.ფ. 16-21 ტ.2).

ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილებით მ. ი-ის სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლობის მოტივით არ დაკმაყოფილდა, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქუთაისის სამმართველოს სააპელაციო საჩივარი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის «ე» პუნქტით, დაუსაბუთებლობის გამო, გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და შემდეგი საფუძვლით საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობას:

1. სააპელაციო სასამართლოს აზრით, საქალაქო სასამართლო ვალდებული იყო მიეთითებინა სადავო ობიექტის უკანონოდ მიშენებულად ცნობის საფუძვლები და კანონები, რომლებიც კრძალავენ უკანონო მშენებლობების გასხვისებას;

2. მოპასუხეები პირველ და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებში უთითებდნენ სარჩელის ხანდაზმულობაზე, რის შესახებაც სასამართლოს არ უმსჯელია და არც მტკიცებულებები გამოუკვლევია;

3. სასამართლომ გააუქმა ... ქ.¹23-ში არსებული შენობის კიბის უჯრედის პრივატიზების ხელშეკრულება, რაც ფაქტობრივად არ არსებობს;

4. საქალაქო სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებები მიანიჭა ქუთაისის მერიის წარმომადგენელს, რომლის უფლებამოსილების დამადასტურებელი საბუთი საქმეში არ მოიპოვება. ამასთან, სასამართლომ დავა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი მე-2 მუხლის დარღვევით, სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განიხილა, ნაცვლად ადმინისტრაციული სამართალწარმოებისა (ს.ფ. 36-39ტ. 2).

ქუთაისის საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილებას საკასაციო წესით ასაჩივრებს მ. ი-ი, უკანონობის მოტივით ითხოვს მის გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით მისი სარჩელის დაკმაყოფილებას. კერძოდ:

1. კასატორის აზრით, სააპელაციო პალატამ სამოქალაქო კოდექსის 275-ე მუხლის დარღვევით განიხილა სახელმწიფო ქონების მართვის ქუთაისის სამმართველოს სახელით არაუფლებამოსილი პირის, ტ-ის მიერ ხელმოწერილი სააპელაციო საჩივარი, რომელიც «საქმის წარმოების ერთიანი წესების დამტკიცების შესახებ» პრეზიდენტის 1999 წლის ¹414 ბრძანებულების 28-ე, 29-ე მუხლების დარღვევით იყო შესრულებული;

2. უკანონოა სააპელაციო პალატის შენიშვნა, რომ საქალაქო სასამართლო ვალდებული იყო მიეთითებინა იმ ნორმებზე, რომლის დარღვევაც სადავო ობიექტების უკანონოდ მიშენებულად ცნობის საფუძველი გახდა. კასატორის აზრით, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაში ცალსახადაა მითითებული ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 1996 წლის 20 სექტემბრის კანონიერ ძალაში შესულ განჩინებაზე, რომელშიც დადასტურებულია შპს «მ-ზე» იჯარით გაცემისა და პრივატიზების მომენტისათვის სადავო შენობის უნებართვო, უკანონო მიშენების ფაქტი, რასაც ადასტურებს საქმეში არსებული რიგი წერილობითი მტკიცებულებები, ამიტომ სადავო შენობისა და კიბის უჯრედის უკანონო მინაშენის ფაქტის დასადასტურებლად, სააპელაციო პალატას, სამოქალაქო საპროცესო კოდექსი 106-ე მუხლის «ბ» პუნქტის საფუძველზე, უნდა ეხელმძღვანელა 1996 წლის 20 სექტემბრის კანონიერ ძალში შესული განჩინებით;

3. სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-5 და 177-ე მუხლები, ასევე უსწოროა სააპელაციო პალატის მითითება, თითქოს საქალაქო სასამართლომ არ იმსჯელა სარჩელის ხანდაზმულობასთან დაკავშირებულ საკითხზე. ფოტო_ატელიეს ექსპლუატაციაში გაშვების ბრძანებით ირკვევა, რომ მინაშენი ექსპლუატაციაში 1985 წელს შევიდა, ხოლო კასატორმა საცხოვრებელი სახლი ნაჩუქრობის ხელშეკრულებით საკუთრებაში მიიღო 1995 წელს, რის შემდეგაც დაიწყო იქ ცხოვრება. როგორც ეტყობა, ნალექების შედეგად კედელი დროთა განმავლობაში ზიანდებოდა და როცა მისთვის შესამჩნევი გახდა ზიანი, როცა შეიტყო უფლების დარღვევის შესახებ, სამოქალაქო სამართლის კოდექსის მე-80 (1964 წლის) და ახალი სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, მაშინ მიმართა სასამართლოს თავის ინტერესების დასაცავად;

4. კასატორი სამოქალაქო საპროცესო კოდექსი 294-ე მუხლის საფუძველზე, ითხოვს ქუთაისის სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების გაუქმებას იმ მოტივით, რომ იგი გამოტანილია სასამართლოს არაკანონიერი შემადგენლობის მიერ, რადგან სააპელაციო საჩივარი წარმოებაში მიღებულია და 2002 წლის 25 თებერვლის სასამართლო სხდომაზე საქმეს იხილავდა სასამართლო შემდეგი შემადგენლობით: თავმჯდომარე ქ-ე, მოსამართლეები შ-ა, ბ-ა. 25 თებერვლის სხდომა არ გადადებულა და გადაწყვეტილებაც იმავე დღეს იქნა გამოტანილი, რომელსაც მოსამართლე შ-ას ნაცვლად ხელს აწერს მოსამართლე ს-ე;

5. ამდენად, კასატორი უკანონობის მოტივით ითხოვს ქუთაისის სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების გაუქმებას და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის საფუძველზე გამოტანილი ახალი გადაწყვეტილებით, მისი სარჩელის დაკმაყოფილებას _ ფოტო_ატელიეს პრივატიზების გაუქმებას, ფოტო_ატელიეს პერსონალის გამოსახლებას, უნებართვო შენობის აღებასა და უკანონო მინაშენის დანგრევის ხარჯების ქუთაისის მერიაზე დაკისრებას (ს.ფ.45-50 ტ.2).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება _ დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ი-ის საკასაციო საჩივარი საფუძვლიანია, ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად უნდა გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის თანახმად, როგორც წესი, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება _ განჩინებას ძირითადად ამოწმებს კანონიერების თვალსაზრისით, გადაწყვეტილების გამოტანისას რამდენად სწორად იქნა სასამართლოს მიერ გამოყენებული და განმარტებული კანონი, ხოლო ამავე კოდექსის 394-ე მუხლის «ა» პუნქტის მიხედვით, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ იგი გამოიტანა სასამართლოს არაკანონიერმა შემადგენლობამ.

კასატორი აღნიშნავს და საქმის მასალებითაც უტყუარად დასტურდება, რომ მ. ი-ის შეგებებული სააპელაციო საჩივარი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2001 წლის 14 აგვისტოს გადაწყვეტილებაზე და სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქუთაისის სამმართველოს სააპელაციო საჩივარი, 2002 წლის 9 იანვარს განსახილველად წარმოებაში მიიღო ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატამ შემდეგი შემადგენლობით: თავმჯდომარე მ. ქ-ე, მოსამართლეები: ო. შ-ა და ფ. ბ-ა (ს.ფ. 2). 2002 წლის 25 თებერვლის სხდომის ოქმის მიხედვით, სააპელაციო საჩივრების მხარეთა დასწრებით, ზეპირი განხილვა იმავე სასამართლოს შემადგენლობის მიერ განხორციელდა, მთავარი სხდომა არ გადადებულა და სააპელაციო საჩივრების განხილვა 25 თებერვალსვე დასრულდა, სასამართლოს გადაწყვეტილებაც იმავე დღეს იქნა გამოტანილი, მხოლოდ სასამართლოს სხვა შემადგენლობის მიერ, კერძოდ, ნაცვლად მოსამართლე ო. შ-ასი, 2002 წლის 25 თებერვლის ქუთაისის სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებას ხელს აწერს მოსამართლე მ. ს-ე (ს.ფ. 27-33; 34-39), რაც საკასაციო პალატის აზრით უმნიშვნელო დარღვევად ვერ ჩაითვლება.

სსკ-ს 105-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 257-ე მუხლის თანახმად, სასამართლო გადაწყვეტილება სასამართლოს მიერ სხდომაზე საქმის ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შემდეგ, დაუყოვნებლივ უნდა იქნეს გამოტანილი. კონკრეტულ შემთხვევაში კი გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას ხელს აწერს მოსამართლე მ. ს-ე, რომელსაც, სასამართლო სხდომის ოქმის მიხედვით, საქმე არსებითად არ მოუსმენია, არ განუხილავს, ამიტომ საკასაციო პალატა იზიარებს საკასაციო საჩივრის აღნიშნულ მოტივს გადაწყვეტილების არაკანონიერი შემადგენლობის მიერ მიღების შესახებ, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის «ა» პუნქტით გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველია და საჭიროდ აღარ თვლის არაკანონიერი სასამართლო შემადგენლობის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებას.

ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მ. ი-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2002 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილება, რომელიც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის თანახმად, განჩინების ფორმით უნდა ყოფილიყო გამოტანილი და საქმე ადმინისტრაციული - სამოქალაქო საპროცესო ნორმებით დადგენილი წესით ხელახლა არსებითად განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 394-ე მუხლის «ა» პუნქტით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ. ი-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაცილი სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილება და საქმე არსებითად ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.