3გ-ად-123-კ-02 19 ივლისი, 2002 წ., ქ. თბილისი,
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),
ნ. სხირტლაძე,
მ. ვაჩაძე
დავის საგანი: ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნება.
აღწერილობითი ნაწილი:
21.03.01წ. ჯ. ყ-ულმა სარჩელი აღძრა თბილისის ისანი-სამგორის რაიონულ სასამართლოში მოპასუხე საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საბაჟო დეპარატამენტის მიმართ, რომელშიც აღნიშნა, რომ 06.12.99წ. მოსარჩელემ, ინდივიდუალურმა მეწარმე «ჯ. ყ-ულმა», საბაჟო «.....» გავლით რუსეთის ფედერაციიდან საქართველოში შემოიტანა ხორბალი. შემოტანილი ხორბლის განბაჟების მიზნით მოსარჩელემ შეადგინა ¹1001039 საბაჟო დეკლარაცია, რომლის საფუძველზეც ზედმეტად გადაახდევინეს 1140,91 ლარი, მათ შორის ზედმეტად გადახდილმა საბაჟო გადასახადმა შეადგინა 950,76 ლარი, ხოლო დღგ-ს თანხა _ 190,15 ლარი. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა მის მიერ ზედმეტად გადახდილი 1140,91 ლარის დაკისრება მოპასაუხეზე. მოგვიანებით მოსარჩელემ დამატებითი სასარჩელო განცხადებით მიმართა სასამართლოს და საგადასახადო კოდექსის 252-ე მუხლის საფუძველზე მოითხოვა ზედმეტად გადახდევინებული თანხის 0,15% საურავი ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 13.06.01წ. გადაწყვეტილებით საბაჟო კოდექსის 75-ე და საგადასახადო კოდექსის 252-ე მუხლების საფუძველზე სარჩელი დაკმაყოფილდა, საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტს მოსარჩელე ჯ. ყ-ულის სასარგებლოდ დაეკისრა ზედმეტად გადახდილი 1140,91 ლარი, ხოლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე _ თანხის 0,15% _ 788 ლარი, მოპასუხეს დაეკისრა აგრეთვე მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტმა, რომელმაც მოითხოვა მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა უსაფუძვლობის გამო.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 30.01.02წ. გადაწყვეტილებით საბაჟო დეპარტამენტის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 13.06.01წ. გადაწყვეტილება, ჯ. ყ-ულის სასარჩელო მოთხოვნა ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნებაზე და საურავის გადახდაზე არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ჯ. ყ-ულის მიერ იმპორტი განხორციელებულია შეთანხმების რატიფიცირებამდე, რის გამო «საბაჟო ტარიფებისა და გადასახადების შესახებ» კანონის თანახმად იგი ვალდებული იყო გადაეხადა საბაჟო გადასახადი დასაბეგრი საქონლის ღირებულების 12%-ის ოდენობით. ვინაიდან ადგილი არ აქვს კანონმდებლობის დარღვევით გადასახადის ზედმეტად გადახდევინებას. სააპელაციო პალატამ უმართებულოდ მიიჩნია აგრეთვე საბაჟო კოდექსის 75-ე მუხლის და საგადასახადო კოდექსის 252-ე მუხლის საფუძველზე მოპასუხისათვის საურავის დაკისრება.
სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა ჯ. ყ-ულის მიერ. კასატორმა მიუთითა, რომ სასამართლომ არ გაითვალისწინა საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის მთავრობებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ 03.02.94წ. შეთანხმება, რომელიც ძალაში შევიდა 10.05.94წ., საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 10.03.94წ. ¹143 დადგენილების საფუძველზე. კასატორის აზრით, სააპელაციო სასამართლომ დავის გადაწყვეტისას მხედველობაში არ მიიღო აგრეთვე საქართველოს პრეზიდენტის 19.12.98წ. განკარგულება, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს 21.08.2000წ. ¹03-14/823 წერილი. კასატორის აზრით, სასამართლომ არ გაითვალისწინა აგრეთვე «საქართველოს საბაჟო ტარიფებისა და გადასახადების შესახებ» 20.03.98წ. კანონის მე-18 მუხლის «მ» ქვეპუნქტი, რომლის მიხედვით ხორბლის იმპორტი განთავისუფლებულია საბაჟო გადასახადისაგან.
აღნიშულიდან გამომდინარე, კასატორმა მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს 30.01.02წ. გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების გამოტანით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობით და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენით მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:
«საბაჟო ტარიფებისა და გადასახადების შესახებ» კანონის მე-18 მუხლის «მ» ქვეპუნქტი ითვალისწინებდა ხორბლის იმპორტის საბაჟო გადასახადების გადახდისაგან განთავისუფლებას. 30.10.98წ. კანონში შესული ცვლილება-დამატებების შედეგად, მითითებული ქვეპუნქტის ახალი რედაქცია ასეთ შეღავათს აღარ ითვალისწინებდა. ინდმეწარმე «ჯ. ყ-ულის» მიერ ხორბლის იმპორტი რუსეთის ფედერაციიდან 1999წ. დეკემბერში განხორციელდა, ამდენად «საბაჟო ტარიფებისა და გადასახადების შესახებ» კანონის მე-18 მუხლის «მ» ქვეპუნქტი არ წარმოადგენს ჯ. ყ-ულის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველს.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ «საქართველოს რესპუბლიკისა და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ” 03.02.94წ. შეთანხმება, რომლის 1-ლი პუნქტი ითვალისწინებს ხელშემკვრელი მხარეების გათავისუფლებას საბაჟო გადასახადებისა და ანაკრებებისაგან, ძალაში შევიდა საქართველოს პარლამენტის 11.02.2000წ. დადგენილებით შეთანხმების რატიფიცირების შემდეგ. ამასთანავე, საქართველოს პარლამენტის მითითებულ დადგენილებაში აღნიშნულია, რომ 03.02.94წ. შეთანხმება ძალაში შევიდა 10.05.94წ., მინისტრთა კაბინეტის 10.03.94წ. ¹143 დადგენილების საფუძველზე. ამდენად, სააპელაციო პალატამ დავის გადაწყვეტისას ფაქტიურად არ იქონია მსჯელობა 03.02.94წ. შეთანხმების ძალაში შესვლის მომენტზე, რომელსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს დავის სწორი გადაწყვეტისათვის, კასატორის მიერ ხორბლის განხორციელებულ იმპორტზე შეთანხმების გავრცელების საკითხის გადაჭრისათვის. ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატის 30.01.02წ. გადაწყვეტილება არ არის საკმაოდ დასაბუთებული, გადაწყვეტილებაში მოყვანილი დასაბუთება არასრულია, რის გამო შეუძლებელია გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება.
მხედველობაში მისაღებია აგრეთვე ისიც, რომ «საქართველოს მთავრობის მიერ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ დადებული ორმხრივი შეთანხმებებით გათვალისწინებული დებულებების მოთხოვნათა შესრულების დამატებით ღონისძიებათა შესახებ» საქართველოს პრეზიდენტის 29.12.98წ. ¹991 განკარგულების თანახმად, საბაჟო დეპარტამენტის და საგადასახადო დეპარტამენტის შეჯერებული მონაცემები ორგანიზაციებსა და ბიუჯეტს შორის ურთიერთდავალიანების თაობაზე უნდა წარედგინოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო დეპარტამენტს, ორგანიზაციებსა და სახელმწიფო ბიუჯეტს შორის არსებული ურთიერთდავალიანებების თანხების და საურავის დაბრუნება უშუალოდ ეკისრება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო დეპარტამეტს, რის გამოც სააპელაციო პალატას უნდა ემსჯელა საქმეში თანამოპასუხის სახით სახაზინო დეპარტამენტის ჩართვაზე. სასამართლოს მიერ საქმის განხილვა ერთ-ერთი მხარის დაუსწრებლად, მიღებული გადაწყვეტილების არასრული დასაბუთება, სსსკ-ს 394 მუხლის «ბ» და «ე» ქვეპუნქტების თანახმად, საკასაციო საჩივრის აბსოლუტურ საფუძველს წარმოადგენს. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ არსებობს სსსკ-ს 412-ე მუხლის მიხედვით გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების და საქმის ხელახალი განხილვისათვის თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატისათვის დაბრუნების საფუძველი.
აღნიშულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თავად ვერ გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, რადგანაც სააპელაციო სასამართლომ ხელახლა უნდა გამოიკვლიოს ზემოთ აღნიშნული საკითხი.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ჯ. ყ-ულის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 30.01.02წ. გადაწყვეტილება.
2. საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატას.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.