Facebook Twitter

3გ-ად-124-კ-02 13 სექტემბერი, 2002 წ. ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა შემადგენლობა:

ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),

მ. ვაჩაძე (მომხსენებელი), ნ. სხირტლაძე

დავის საგანი: მიყენებული ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

მოსარჩელე სს «ა-ის" წარმომადგენელმა _ შპს იურიდიულმა კომპანია «დ-მ" 2000 წლის 20 იანვარს სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და მთაწმინდის რაიონის საგადასახდო ინსპექციის მიმართ და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ თბილისის მთაწმინდის რაიონის საგადასახადო ინსპექციისადმი გაგზავნილი 13.09.99წ. ¹03-5-07/4096 წერილის არაკანონიერად ცნობა და ამ წერილის საფუძველზე საქართველოს ეროვნულ ბანკში სს «ა-ის» ანგარიშებსა და საინკასო დავალებებზე დადებული ყადაღის მოხსნა მოითხოვა. მოგვიანებით მოსარჩელემ დააზუსტა სარჩელი და, დამატებით, საგადასახადო ინსპექციის მიერ მისთვის ინკასოთი ჩამოჭრილი თანხის 11523 აშშ დოლარის ფინანსთა სამინისტროს სასარგებლოდ გადახდილად ჩათვლა მოითხოვა.

მოსარჩელე თავის მოთხოვნებს შემდეგ გარემოებებზე ამყარებდა: მუნიციპალური მომსახურების განვითარების მსოფლიო ბანკის დამოუკიდებელმა სააგენტომ სს «ა-ს" საგადასახადო დავალებით «სს ი-ში", თავისივე მეორე ანგარიშზე 70000 ლარის გადარიცხვა დაავალა. საგადასახადო დავალებაში, მოსარჩელის განმარტებით, არ დაემთხვა ერთ-ერთი რეკვიზიტი, ამასთან, მასში გადასწორებები და ჩამატებები იყო, რაც ბანკს შესაძლებლობას ართმევდა, გადარიცხვა განეხორციელებინა. მოგვიანებით სააგენტომ კვლავ წარუდგინა გადახდის დავალება «ა-ს», მაგრამ დავალება, მოსარჩელის თქმით, კვლავ ხარვეზიანი იყო, რამაც ისევ შეუძლებელი გახადა თანხის გადარიცხვის განხორციელება. მოსარჩელის თქმით, გადახდის დავალების განუხორციელებლობა ბანკის ბრალით არ მომხდარა და, შესაბამისად, ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, ბანკისათვის საურავის დაკისრება არაკანონიერი იყო. ამასთან, მოსარჩელე მიუთითებდა, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მოთხოვნის საფუძველზე, საგადასახადო ინსპექციის მიერ «ა-ის» ანგარიშსწორების ანგარიშებზე ინკასოს დადება კანონსაწინააღმდეგო იყო.

მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ სარჩელი არ ცნო, ამასთან, შეგებებული სარჩელი წარადგინა სასამართლოში და მიუთითა, რომ მუნიციპალური მომსახურების განვითარების მსოფლიო ბანკის დამოუკიდებელ სააგენტოსა და სს «ა-ს" საბანკო ოპერაციების წესების შესახებ ხელშეკრულება ჰქონდათ გაფორმებული, რომლითაც მოსარჩელე ვალდებულებას იღებდა, 3 საბანკო დღის განმავლობაში, ანგარიშზე შესული თანხები დანიშნულებისამებრ გადაერიცხა. აქვე განისაზღვრა, რომ ყოველ ვადაგადაცილებულ საბანკო დღეზე, ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ბანკი კლიენტის სასარგებლოდ მთლიანი თანხის 0,5%-ს გადაიხდიდა. ამ ხელშეკრულებით ბანკი ვალდებულებას კისრულობდა, მუნიციპალური მომსახურების განვითარების დამოუკიდებელი სააგენტოს თანხები თავის ანგარიშებზე შეენახა და, განკარგულების შესაბამისად, ისინი დანიშნულებისამებრ გადაერიცხა.

1999 წელს ფინანსთა სამინისტროს კონტროლის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სს «ა-ი" შეამოწმეს და აღმოჩენილ დარღვევებზე შემოწმების აქტი შეადგინეს. მოპასუხე აღნიშნავდა, რომ თუ ბანკის მოხელეები არ ეთანხმებოდნენ აქტში მოყვანილ ფაქტებს, ბანკის დირექტორებს ამის თობაზე აღნიშნვა უნდა გაეკეთებინათ. ამასთან, საქმეშია «ა-ის» მიერ ფინანსთა სამინისტროსათვის მიმართული წერილიც, რომლითაც ფინანსთა სამინისტროს მიმართ არსებული დავალიანება დადასტურებულია, თუმცა აქვე მითითებულია, რომ ბანკის მიერ საგადასახადო დავალებების შეუსრულებლობა გარკვეული ფინანსური სიძნელეებით იყო გამოწვეული.

საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ 1999 წლის 12 ნოემბერს მსოფლიო ბანკის ევროპისა და ცენტრალური აზიის ლეგიონის ქვეყანათა მესამე დანაყოფის დირექტორისაგან წერილი მიიღო, რომელშიც მითითებული იყო, რომ ისინი თანხების ანგარიშზე გადარიცხვას 1998 წლიდან ცდილობდნენ, თუმცა, უშედეგოდ. აღნიშნულის გამო, წერილის ავტორმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსაგან 264.013,31 აშშ დოლარის დაუყოვნებლივ დაბრუნება მოითხოვა. ფინანსთა სამინისტროს აღნიშნული თანხა 1999 წლის 23 დეკემბერისათვის გადარიცხულ იქნა.

შეგებებული სარჩელის ავტორი მიუთითებდა, რომ, მუნიციპალური მომსახურების განვითარების მსოფლიო ბანკის დამოუკიდებელი სააგენტო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ შეიქმნა, მაგრამ «მეწარმეთა შესახებ» კანონის თანახმად, სარჩელის აღძვრის დროისათვის ლიკვიდირებული იყო. მიუხედავად აღნიშნულისა, მუნიციპალური მომსახურების განვითარების მსოფლიო ბანკის დამოუკიდებელ სააგენტოსა და «ა-ს» შორის დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ჯარიმის მოთხოვნის უფლება სააგენტოს დამფუძნებელ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს გააჩნდა. შეგებებული სარჩელით ფინანსთა სამინისტრომ სს «ა-ისათვის» ჯარიმისა და გადახდილი 264013,31 აშშ დოლარის გათვალისწინებით, სულ 1019344 ლარის დაკისრება მოითხოვა.

თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 6 აპრილის განჩინებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შუამდგომლობის საფუძველზე, საქმე განსჯადობით განსახილველად თბილისის საოლქო სასამართლოს გადაეგზავნა.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილებით სს «ა-ის" სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: ბათილად იქნა ცნობილი ფინანსთა სამინისტროს მიერ თბილისის მთაწმინდის რაიონის საგადასახადო ინსპექციისადმი გაგზავნილი წერილი, ამასთან, მოიხსნა ამ წერილის საფუძველზე სს «ა-ის» ანგარიშებსა და საინკასო დავალებაზე დადებული ყადაღა, ასევე სს «ა-ს" ფინანსთა სამინისტროს სასარგებლოდ 11.523 აშშ დოლარი გადახდილად ჩაეთვალა. ამავე გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ფინანსთა სამინისტროს შეგებებული სარჩელი: «ა-ს" ფინანსთა სამინისტროს სასარგებლოდ 252510,11 აშშ დოლარის გადახდა დაეკისრა. დანარჩენ ნაწილში მოსარჩელისა და შეგებებული სარჩელის მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა.

საოლქო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს «ა-ის" შემოწმების უფლება, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების შესაბამისად, გააჩნდა და შემოწმების აქტის შედგენისას უფლებამოსილების გადაჭარბებას ადგილი არ ჰქონია.

საოლქო სასამართლომ მიიჩნია, რომ, მართალია, მუნიციპალური მომსახურების განვითარების მსოფლიო ბანკის დამოუკიდებელი სააგენტო კანონის მიხედვით ლიკვიდირებული იყო, მაგრამ სამეწარმეო რეესტრიდან იგი ამოშლილი არ იყო და ხელშეკრულების დარღვევისათვის საურავის მოთხოვნის უფლება მხოლოდ სააგენტოს გააჩნდა. ფინანსთა სამინისტროს, როგორც სააგენტოს დამფუძნებელს, საოლქო სასამართლოს მოსაზრებით, ამ თანხების მოთხოვნა არ შეეძლო.

საოლქო სასამართლომ ჩათვალა, რომ საგადასახადო ინსპექციამ «ა-ს» ინკასოთი უკანონოდ ჩამოაჭრა 11 523 აშშ დოლარი და მითითებული თანხა ფინანსთა სამისტროს წინაშე «ა-ის» დავალიანებაში უნდა ყოფილიყო ჩათვლილი.A

საოლქო სასამართლო მიიჩნევდა, რომ რადგან მსოფლიო ბანკის მოთხოვნის საფუძველზე დამოუკიდებელი სააგენტოს დავალიანება მისი დამფუძნებლის _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ იყო დაფარული, მოთხოვნის უფლებაც, შესაბამისად, მასზე უნდა გადასულიყო. ამდენად, სასამართლომ ფინანსთა სამინისტროს მოთხოვნა 264.033.11 აშშ დოლარის ანაზღაურების ნაწილში საფუძვლიანად მიიჩნია.

საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილება საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ საკასაციო წესით გაასაჩივრა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა. საკასაციო სასამართლოში საქმის ზეპირი მოსმენისას, კასატორის წარმომადგენელმა დააზუსტა საკასაციო მოთხოვნა და ჯარიმის ნაწილში შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება და სს «ა-ისათვის" 497109 ლარის დაკისრება მოითხოვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქართველოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება და დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნევს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საოლქო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა კანონი. საოლქო სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ სახაზინო საწარმო «... სააგენტოს" დამფუძნებელს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, ამ სააგენტოს მიერ სს «ა-თან" დადებული საბანკო მომსახურების ხელშეკრულების დარღვევისათვის ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ჯარიმის (ყოველი ვადაგადაცილებული საბანკო დღისათვის დაგვიანებული თანხის 0,5%-ის) მოთხოვნის უფლება არ გააჩნდა, რადგან კრედიტის ოფიციალურ მიმღებს სააგენტო წარმოადგენდა და იგი სამეწარმეო რეესტრიიდან ამოშლილი არ იყო.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ «მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, (1999 წლის 28 მაისის ცვლილებების გათვალისწინებით), სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებს საქართველოს ქონების მართვის სამინისტროსთან ან მის ტერიტორიულ ორგანოებთან ერთად დაევალათ 1999 წლის 1 სექტემბრამდე უზრუნველეყოთ მათ მიერ შექმნილი სახაზინო საწარმოების შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებად ან სააქციო საზოგადოებად გარდაქმნა (სახელმწიფოს ასპროცენტიანი წილობრივი მონაწილეობით). ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად კი, არსებულ სახაზინო საწარმოებს რეორგანიზაციის პერიოდში ახალი ვალდებულებები შეიძლება ეკისრათ მხოლოდ დამფუძნებელ სახელმწიფო ორგანოსთან შეთანხმებით. ამდენად, «მეწარმეთა შესახებ" კანონმა 1999 წლის 1 სექტემბრიდან ლიკვიდირებულად გამოაცხადა ყველა ის სახაზინო საწარმო, რომელთა რეორგანიზაციაც კანონით დადგენილი წესით არ განხორციელდა. აღნიშნული იმითაც იყო გამოწვეული, რომ სახაზინო საწარმოებისათვის დამახასიათებელი სუბსიდური პასუხისგებლობა მძიმე ტვირთად აწვა სახელმწიფოს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სახაზინო საწარმო «... სააგენტოს" კანონისმიერი ლიკვიდაციის შემდეგ, ამ საწარმოს დამფუძნებელს _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სრული უფლება ჰქონდა სააგენტოს მიერ სს «ა-თან" დადებული საბანკო ხელშეკრულების დარღვევისათვის ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ჯარიმა მოეთხოვა, რადგან «მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონის 14.3-ე მუხლის თანახმად ლიკვიდირებული საზოგადოების ქონება, ვალების დაფარვის შემდეგ, პარტნიორებს (დამფუძნებლებს) შორის ნაწილდება. შესაბამისად, დამფუძნებელს უფლება აქვს ვალდებულების შესრულება მოითხოვოს.

ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. კასატორის _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შეგებებული სარჩელი 497109 (ოთხას ოთხმოცდაჩვიდმეტიათას ასცხრა) ლარის სს «ა-ისათვის" დაკისრების ნაწილში დაკმაყოფილდეს;

3. სს «ა-ს" სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდეს სახელმწიფო ბაჟი 5000 ლარის ოდენობით.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.