3გ-ად-125-კ-02 17 ივლისი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა, შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),
ნ. კლარჯეიშვილი,
ბ. კობერიძე
დავის საგანი: 1. ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობა; 2. საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემა.
აღწერილობითი ნაწილი:
2000წ. 13 ოქტომბერს გაზეთ «.....-ში» სახელმწიფო ქონების მართვის ბორჯომის სამმართველომ გამოაქვეყნა ინფორმაცია სოფ. ... მდებარე კლუბის შენობის იჯარა-გამოსყიდვის ფორმით კონკურსის წესით გაცემაზე, სამი წლის ვადით, 50 %-ის ფასდაკლებით.
კონკურსში მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს მოსარჩელე _ თ. და ვ. მ-ძეებმა. 2000წ. 14 ნოემბერს შედგა კონკურსი, რომელშიც მათ მოიპოვეს გამარჯვება. 2000წ. 17 ნოემბერს მ-ძეებსა და სახელმწიფო ქონების მართვის ბორჯომის სამმართველოს შორის გაფორმდა საიჯარო ხელშეკრულება ¹227 და საიჯარო ქონების მიღება-ჩაბარების აქტი. 2001წ. 26 თებერვალს თ. და ვ. მ-ძეებმა გადაიხადეს საიჯარო ქირა 301,6 ლარი, ასევე საიჯარო ქონების საბოლოოდ გამოსასყიდი თანხა 2714,4 ლარი.
სახელმწიფო ქონების მართვის ბორჯომის სამმართველომ 2001წ. 20 აპრილს გამოსცა ¹46 ბრძანება, რომლითაც გააუქმა კლუბის პრივატიზაციის კონკურსის შედეგები, საიჯარო ქირის უკან დაბრუნების პირობით. ბრძანებას საფუძვლად დაედო «სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ» კანონის მე-4 მუხლის «ე» პუნქტი, რომელიც იმ ქონების ჩამონათვალს შეიცავს, რომელთა პრივატიზებაც დაუშვებელია. პრივატიზაციის შედეგების გაუქმების შესახებ ეცნობათ თ. და ვ. მ-ძეებს.
2001წ. 26 აპრილს თ. და ვ. მ-ძეებმა სარჩელით მიმართეს ბორჯომის რაიონულ სასამართლოს, რომლითაც მოითხოვეს სახელმწიფო ქონების მართვის ბორჯომის სამმართველოს 2001წ. 20 აპრილის ¹46 ბრძანების გაუქმება და გამოსყიდულ კლუბზე საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემა. მოსარჩელეებმა მიუთითეს, რომ «სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ» საქართველოს კანონის მე-4 მუხლის «ე» პუნქტის თანახმად, პრივატიზებას არ ექვემდებარება: «საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სისტემის ფუნდამენტური მეცნიერებების დაწესებულებები, სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებელები და მათდამი დაქვემდებარებული სამეცნიერო-კვლევითი ინტსიტუტები, ყველა ტიპის მოქმედი საგანმანათლებლო და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება, რომლებსაც სახელმწიფო აფინანსებს”. მათ მიერ პრივატიზებული კლუბის შენობა კი არ მიეკუთვნება საგანმანათლებლო დაწესებულებას, არ შედის ამ ჩამონათვალში, რის გამოც მისი პრივატიზება დასაშვები იყო და კანონიერად განხორციელდა.
მოპასუხე _ სახელმწიფო ქონების მართვის ბორჯომის სამმართველომ არ ცნო სარჩელი უსაფუძვლობის გამო.
ბორჯომის რაიონული სასამართლოს 2001წ. 23 აგვისტოს გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, გაუქმდა სახელმწიფო ქონების მართვის ბორჯომის სამმართველოს 2001წ. 20 აპრილის ¹46 ბრძანება და სამმართველოს დაეკისრა მოსარჩელეების სასარგებლოდ კლუბის შენობაზე საკუთრების მოწმობის გაცემის ვალდებულება.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სახელმწიფო ქონების მართვის ბორჯომის სამმართველომ.
სააპელაციო სასამართლოს 2001წ. 28 დეკემბრის გადაწყვეტილებით გაუქმდა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და სხვა საფუძვლით ბათილად იქნა ცნობილი სადავო ბრძანება, ხოლო სამმართველოს მოსარჩელეების სასარგებლოდ დაევალა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემა. საოლქო სასამართლო დაეყრდნო შემდეგ გარემოებებს:
1. საოლქო სასამართლომ მიუთითა, რომ სახელმწიფო ქონების მართვის ბორჯომის სამმართველოს, როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოს, უფლება არ ჰქონდა გამოეცა სადავო ბრძანება და გაეუქმებინა პრივატიზების შედეგები, რადგან «სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ» კანონის მე-11 მუხლის პირველი ნაწილისა და «სახელმწიფო ქონების იჯარა-გამოსყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ» საქართველოს ქონების მართვის სამინისტროს 1999წ. 31 მარტის ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის მიხედვით, პრივატიზების თაობაზე სადავო და ბათილად ცნობის საკითხებს განიხილავს სასამართლო;
2. საოლქო სასამართლოს განმარტებით, კლუბი არ წარმოადგენს «სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ» კანონის მე-4 მუხლის «ე» პუნქტით გათვალისწინებულ ობიექტს, რომლის პრივატიზებაც არ შეძლებოდა. საქმის მასალებით დასტურდება, რომ სადავო კლუბი არ მიეკუთვნებოდა განათლების დაწესებულებას, არამედ იგი იყო ბორჯომის სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამმართველოს ბალანსზე.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საკასაციო წესით ასაჩივრებს სახელმწიფო ქონების მართვის ბორჯომის სამმართველო და შემდეგი მოტივით ითხოვს მის გაუქმებას:
1. კასატორი მიუთითებს, რომ «სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ» საქართველოს კანონის მე-4 მუხლის «ე» პუნქტის შესაბამისად, პრივატიზებას არ ექვემდებარება «..... ყველა ტიპის მოქმედი საგანმანათლებლო და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება, რომელსაც სახელმწიფო აფინანსებს». სადავო კლუბში კი ფუნქციონირებდა ბიბლიოთეკა, სიმღერისა და ცეკვის წრეები, რომლებიც სწორედ სახელმწიფოსაგან ფინანსდებოდა. რადგან ბიბილიოთეკა საგანმანათლებლო დაწესებულებაა, ამიტომ დაუშვებელი იყო კლუბის პრივატიზება;
2. კასატორი ასევე ეყრდნობა «კულტურის შესახებ» საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მეორე პუნქტს, რომლის შესაბამისად «კულტურის სხვა ობიექტების პრივატიზაცია ხდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დარგობრივ უწყებასთან შეთანხმებით». არანაირი შეთანხმება სახელმწიფო ქონების მართვის ბორჯომის სამმართველოსა და კულტურისა და ძეგლთა დაცვის განყოფილებას შორის არ მომხდარა, რის გამოც ბათილად უნდა იქნეს ცნობილი კლუბის პრივატიზების შედეგები.
მოწინააღმდეგე მხარემ _ თ. და ვ. მ-ძეებმა საკასაციო საჩივარი არ ცნეს, უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით, მოითხოვეს მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და თბილისის საოლქო სასამართლოს განჩინების უცვლელად დატოვება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ბორჯომის სამმართველოს საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 28 დეკემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო ნაწილობრივ იზიარებს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ბორჯომის სამმართველოს 2001წ. 20 აპრილის ¹46 ბრძანების, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის «ა» პუნქტით ბათილად ცნობის შესახებ, ვინაიდან «სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ» კანონის მე-11 მუხლის პირველი ნაწილისა და «სახელმწიფო ქონების იჯარა-გამოსყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ» 1999წ. დებულების მე-6 მუხლის თანახმად, სახელმწიფო ქონების პრივატიზების სადავო და ბათილად ცნობის საკითხებს წყვეტს სასამართლო. ამრიგად, სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო ან მისი ტერიტორიული ორგანო საპრივატიზებო დავების გადაწყვეტის საკითხში არაუფლებამოსილი პირია, მაგრამ საკასაციო პალატა თბილისის საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ვერ დაეთანხმება მეორე სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების ნაწილში, რომლითაც კასატორ _ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ბორჯომის სამმართველოს დაევალა თ. და ვ. მ-ძეების სახელზე სოფ. ... სადავო კლუბზე საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემა.
კასატორმა _ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ბორჯომის სამმართველომ თ. და ვ. მ-ძეების მიერ სოფ. ... კლუბის პრივატიზება გააუქმა «სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ» კანონის მე-4 მუხლის «ე» პუნქტის საფუძველზე, რომლის მიხედვით პრივატიზებას არ ექვემდებარება საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფუნდამენტური მეცნიერების დაწესებულებები, სახელმწიფო უმაღლესი სასაწავლებლები და მათდამი დაქვემდებურებული სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტები, ყველა ტიპის საგანმანათლებლო და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება, რომლებსაც სახელმწიფო აფინანსებს. საკასაციო საჩივარში სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ბორჯომის სამმართველო კლუბის სადავო პრივატიზების გაუქმების საფუძვლად ასევე მიუთითებს «კულტურის შესახებ» კანონის 27-ე მუხლზეც, რომელიც იმპერატიულად ადგენს, რომ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა, სახელმწიფო ფონდში, მუზეუმებში, არქივებში, ბიბლიოთეკებში დაცული კულტურული ფასეულობანი, ნაგებობანი და შენობები, სადაც ისინია განლაგებული ასევე სხვა კულტურული ფასეულობანი პრივატიზებას არ ექვემდებარება, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით: «კულტურის სხვა ობიექტების პრივატიზაცია ხდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დარგობრივ უწყებასთან შეთანხმებით იმ პირობით, რომ კულტურული მოღვაწეობა გარკვეული ვადით ან უვადოდ სხვაგვარი საქმიანობით არ შეიცვლება».
კასატორი სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ბორჯომის სამმართველოს წარმომადგენლის განმარტებით სოფ. ... სადავო პრივატიზებული კლუბის შენობაში განთავსებულია ბიბლიოთეკა, შენობაში ფუნქციონირებს ასევე სიმღერისა და ცეკვის წრეები და სხვა კლუბი სოფელს არ გააჩნია. მოწინააღმდეგე მხარემ _ თ. და ვ. მ-ძეებმა განაცხადეს, რომ აღნიშნული კლუბის შენობა მათ ეზოსთან ახლოს მდებარეობს და კლუბის პრივატიზება მოახდინეს ეზოს გაფართოების მიზნით.
საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად მიიჩნევს, რომ თ. და ვ. მ-ძეების სახელზე საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის საკითხის გადაწყვეტისას სააპელაციო სასამართლომ «სახელმწიფო ქონების პირვატიზების შესახებ» კანონის მე-4 მუხლის «ე» პუნქტისა და «კულტურის შესახებ» კანონის 27-ე მუხლის გათვალისწინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-19 მუხლით მინიჭებული ინკვიზიციურობის უფლებით, საკუთარი ინიციატივით უნდა შეაგროვოს დამატებითი მტკიცებულებები, ამავე კოდექსის მე-16 მუხლის შესაბამისად, მოიწვიოს განათლებისა და კულტურის შესაბამისი ორგანოების წარმომადგენლები და საქმისათვის არსებითი ფაქტობრივი გარემოებების დადგენის შემდეგ გადაწყვიტოს კლუბზე საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის საკითხი.
ამდენად, მართალია, პალატა სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ბორჯომის სამმართველოს 2001წ. 20 აპრილის ¹46 ბრძანების ბათილობის ნაწილში მთლიანად იზიარებს თბილისის საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, მაგრამ სოფ. ... კლუბის პრივატიზებულ შენობაზე ვ. და თ. მ-ძეების სახელზე საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ნაწილში მიაჩნია, რომ საქმე, სსკ-ს 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ყოველმხრივ და სრულად არ არის გამოკვლეული, საჭიროა დამატებით მტკიცებულებათა გამორკვევა, ახალი ფაქტობრივი გარემოებების დადგენა, ამიტომ 411-ე მუხლის თანახმად, ამ ეტაპზე, საკასაციო პალატის აზრით, შეუძლებელია დავის გადაწყვეტა და ამ ნაწილში საქმე ხელახლა არსებითად განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე მუხლებით, 411-ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ბორჯომის სამმართველოს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 28 დეკემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.