3გ/ად-126-კ 1 თებერვალი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),
მ. ვაჩაძე,
ნ. სხირტლაძე
დავის საგანი: მოიჯარის მიერ, საიჯარო ხელშეკრულების საფუძველზე, სხვისი უკანონო მფლობელობიდან იჯარის ობიექტის _ სადავო მიწის ნაკვეთის გამოთხოვა.
აღწერილობითი ნაწილი:
1999 წლის 24 ივნისს სს «ა-მა» სარჩელი აღძრა მოპასუხეების: შპს «ე-ისა» და საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის მიმართ თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონულ სასამართლოში და მიუთითა, რომ 1972 წლიდან, ქარხნების: «ელექტროგამშვების» და «პლასტმასის» გაერთიანების შედეგად, ჩამოყალიბდა საწარმოო გაერთიანება «ა-ი», რომლის ტერიტორია შეადგენდა 10,6 ჰექტარს. საწარმოო გაერთიანება «ა-ს» ჰქონდა სპეციალური საკონსტრუქტურო-ტექნოლოგიური ბიუროს კორპუსი, რომელიც საწარმოო-გაერთიანების ტერიტორიაზე მდებარეობდა. საქართველოს რესპუბლიკის მრეწველობის სამინისტროს 1993 წლის 6 მაისის ¹177 ბრძანების საფუძველზე აღნიშნული ბიურო იურიდიული პირი გახდა და გადაეცა შენობა-ნაგებობა, მასში არსებულ საპროექტო ინვენტართან ერთად. ამასთან, მასზე მიწის ნაკვეთი არ გამოყოფილა.
1994 წლის 5 ოქტომბერს, სპეციალური საკონსტრუქტურო-ტექნოლოგიური ბიუროს უფლებამონაცვლემ _ შპს «ე-მა» აიღო შენობისა და სადავო მიწის ნაკვეთის ტექნიკური პასპორტი, სადაც ნაჩვენებია, რომ შპს «ე-ის» ექსპლოატაციაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართი შეადგენს 2192 კვ.მეტრს. ამასთან, ტექნიკურ პასპორტში გაკეთებულია შენიშვნა, რომ «შენობისა და მიწის ნაკვეთის კანონიერებისა და კუთვნილების დამადასტურებელი საბუთები ბიუროში წარდგენილი არ არის». ამდენად, მოსარჩელის მოსაზრებით, შპს «ე-ი» გახდა სს «ა-ის» სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრე. ტექაღრიცხვის ბიურომ მოსარჩელის საჩივრების საფუძველზე აღიარა თავისი არაკანონიერი მოქმედება, გააუქმა მის მიერ გაცემული ტექნიკური პასპორტი, გენერალური გეგმა და 1999 წლის 7 მაისს გასცა ახალი. მიუხედავად ამისა, საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტმა შპს «ე-ზე» განხორციელებული სადავო მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია, სასამართლოს მიერ მიწის კუთვნილების საკითხის გადაწყვეტამდე, უცვლელად დატოვა.
მოსარჩელემ შპს «ე-ის» უკანონო მფლობელობაში არსებულ 432 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გაცემული საკუთრების უფლების სარეგისტრაციო მოწმობის ბათილად ცნობა და 900 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე სარგებლობის უფლების აღდგენა მოითხოვა.
მოპასუხე _ საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის განმარტებით, შპს «ე-ის» განცხადებისა და წარმოდგენილი დოკუმენტების საფუძველზე, მათ მიერ, კანონის მოთხოვნათა დაცვით იქნა მიწის საიჯარო რეესტრში რეგისტრირებული სადავო მიწის ნაკვეთი შპს «ე-ზე» და გაიცა მიწის საკუთრების მოწმობა. დეპარტამენტი პასუხს არ აგებს ტექინვენტარიზაციის ბიუროს მიერ დაშვებულ დარღვევებზე, ამასთან, მიაჩნია, რომ დღეისათვის რეგისტრაცია არ უნდა შეიცვალოს, რადგან აღნიშნულ დავას სასამართლო იხილავს. მას შემდეგ, რაც სასამართლო დაადგენს, თუ ვისია სადავო მიწის ნაკვეთი, შპს «ე-ის» თუ სს «ა-ის», მიწის მართვის დეპარტამენტი შესაბამის ცვლილებებს შეიტანს საჯარო რეესტრში და შპს «ე-ის» მიწის საკუთრების მოწმობაში.
თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 27 მარტის გადწყვეტილებით სს «ა-ის» სარჩელი დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს «ე-მა», რომელმაც მიუთითა, რომ შპს «ე-ზე» გაცემულ ტექნიკურ პასპორტში მასზე დამაგრებული მიწის ნაკვეთი შეადგენდა 2192 კვ.მ. წყვეტილით, რადგან მყარი საზღვარი არ არსებობდა. შიგა ეზოში, რომლის თავისუფალი ფართია 1044 კვ.მ., განლაგებულია დამწვარი შენობა-კლუბი, რომელიც დაკავებული 1000 კვ.მ. მიწის ნაკვეთთან ერთად გადაცემული აქვს მუდმივ სარგებლობაში სს «ა-ს», რაც არ შეიძლება ჩაითვალოს ნამდვილ «საიჯარო ხელშეკრულებად». შპს «ე-ის» კუთვნილ შენობასა და კლუბს შორის მიწის ნაკვეთი გაყოფილია მრავალწლიანი ნარგავებით და შიგა ეზოს 574 კვ.მ. მიწის ნაკვეთი კანონიერად ეკუთვნის შპს «ე-ს», ხოლო კლუბს უნდა მიეკუთვნოს 779 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, რომლიდანაც 309 კვ.მეტრზე კლუბის შენობაა განთავსებული.
საოლქო სასამართლოში, შპს «ე-ის» სააპელაციო საჩივრის განხილვისას, სს «ა-მა» შეამცირა დავის საგანი და შპს «ე-ის» უკანონო მფლობელობაში არსებულ 352 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გაცემული საკუთრების უფლების სარეგისტრაციო მოწმობის ბათილად ცნობა და 820 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე სარგებლობის უფლების აღდგენა მოითხოვა.
საოლქო სასამართლოში მესამე პირად ჩაბმულ იქნა საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო, რომელმაც მხარი დაუჭირა სს «ა-ის» სარჩელს და განმარტა, რომ 1995 წლის 24 იანვარს, საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 8 მარტის ¹184 დადგენილებით დამტკიცებული დებულების შესაბამისად, საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ¹1-3/27 ბრძანებით, სამინისტროს იურიდიულ განყოფილებას დაევალა სამინისტროს მიერ დაფუძნებული სააქციო საზოგადოებებისათვის სოციალურ-კულტურული დანიშნულების ობიექტების სარგებლობაში გადაცემის შესახებ ხელშეკრულებების მომზადება და გაფორმება. ამ ბრძანების საფუძველზე 1995 წლის 31 იანვარს საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს იურიდიულ განყოფილებასა და სს «ა-ს» შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლითაც სს-ას გადაეცა სახელმწიფოს კუთვნილი სოციალურ-კულტურული დანიშნულების ქონება, მათ შორის: ა) კლუბი, მდებარე ქ. თბილისში, ...... ქ. ¹8-ში, საერთო ფართით 849 კვ.მ., დაკავებული მიწის ფართით 1000 კვ.მ.; აღნიშნული ხელშეკრულება დაიდო განუსაზღვრელი ვადით, დღესაც მოქმედებს და კანონით დადგენილი წესით იგი არავის გაუუქმებია. ამდენად, მესამე პირის _ საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს მოსაზრებით, სს «ა-ის» სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2001 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილებით შპს «ე-ის» სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სს «ა-ის» სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს მიწის მართვის დეპარტამენტის მიერ 1998 წლის 30 დეკემბერს, ქ. თბილისში, ...... გამზ. ¹8-ში მდებარე შპს «ე-ის» სახელზე რეგისტრირებული საკუთრების მოწმობა 352 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე შიგა ეზოს მხრიდან და სს «ა-ს» სარგებლობის უფლება აღუდგა ქ. თბილისში, ..... გამზ. ¹8-ში, ლიტ. «ა»-სა და ლიტ. «ბ»-ს შორის არსებულ 820 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე.
სააპელაციო სასამართლომ მიწის რეგისტრაციის განხოციელებისას წარდგენილი თბილისის ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს მიერ გაცემული ტექნიკური პასპორტი და თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს მიერ გაცემული საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა შპს «ე-ის» მიწათსარგებლობის უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად არ მიაჩნია, ვინაიდან, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიურო მიწის რეგისტრაციას არ აწარმოებს, ხოლო შპს «ე-ზე» გაცემულ საკუთრების დამადასტურებელ ¹...... მოწმობაში სადავო მიწის ნაკვეთის სარგებლობის უფლების შესახებ ჩანაწერი საერთოდ არ არსებობს. სააპელაციო სასამართლომ, დადგენილად ჩათვალა, რომ შპს «ე-ის» მოსაზღვრედ, იმავე მისამართზე მდებარე ლიტ. «ბ» ნაგებობა _ კლუბი, დაკავებული სადავო მიწის ფართით, 1000 კვ.მეტრით, უვადო, უსასყიდლო სარგებლობაში აქვს გადაცემული სს «ა-ს», რომელსაც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 161-ე მუხლის შესაბამისად, მსგავსად მესაკუთრისა, უფლება აქვს მოითხოვოს უკანონო ხელშეშლის აღკვეთა. ვინაიდან სს «ა-მა» სააპელაციო სასამართლოში დავის საგანი შეამცირა და 574 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ნაცვლად 352 კვ.მ. მიწის ნაკვეთის დაბრუნება მოითხოვა. სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად (სასამართლოს უფლება არა აქვს მიაკუთვნოს მხარეს იმაზე მეტი, ვიდრე მას არ უთხოვია), მოსარჩელის მოთხოვნა, სადავო 352 კვ.მ. მიწის ნაკვეთის დაბრუნებისა და მასზე გაცემული მიწის საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობის ბათილად ცნობის თაობაზე დააკმაყოფილა, ამასთან, 820 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე სარგებლობის უფლება აღუდგინა სს «ა-ს».
თბილისის საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს «ე-მა», რომლიც მიუთითებს, რომ ლიტ. «ა»-სა და ლიტ. «ბ»-ს შორის არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის თავისუფალი ფართია 1044 კვ.მ., რომლის ერთ მხარეს განლაგებულია კლუბის დამწვარი შენობა 309 კვ.მ. მიწის ფართობზე და მეორე მხარეს განლაგებულია შპს «ე-ის» შენობა 775 კვ.მ. მიწის ფართობზე. სახელმწფო ქონების მართვის სამინისტროსა და სს «ა-ს» შორის 1995 წლის 31 იანვარს დადებული ხელშეკრულებით სს «ა-ს» გადაეცა სახელმწიფოს კუთვნილი სოციალურ-კულტურული დანიშნულების ქონება, მათ შორის კლუბი, ქ. თბილისში, ....... ქ. ¹8, საერთო ფართით 849 კვ.მ., მიწის ფართით 1000 კვ.მ., 1000 კვ.მ. მიწის ფართში შედის კლუბის მიერ დაკავებული მიწის ფართობიც.
კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე გამოუყო სს «ა-ს» სარგებლობის უფლებითY849 კვ.მ., რასაც ემატება შენობის მიერ დაკავებული მიწის ფართი. დავის საგანი სასამართლოს შენობების მიერ დაკავებული ფართობების პროპორციულად უნდა გადაეწყვიტა.
კასატორი თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა საქართველოს მიწის კოდექსის 97-ე მუხლი, რომლის თანახმადაც «ერთ-ერთი დაწესებულებიდან შენობათა და ნაგებობათა მეორისათვის გადაცემისას, ამ ობიექტთან ერთად გადადის მიწის ნაკვეთით სარგებლობის უფლებაც, რომელიც აუცილებელია გადაცემული შენობებისა და ნაგებობების მომსახურეობისათვის».
კასატორის მოსაზრებით, კლუბი სს «ა-ის» სახელზე მოგვიანებით, 1999 წლის 26 მარტს აღირიცხა და შპს «ე-ის» მიერ სს-ის უფლებების დარღვევას ადგილი არ ჰქონია.
ამდენად, კასატორი შპს «ე-ი» საკასაციო საჩივრით სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილების მიღებას მოითხოვს.
სამოტივაციო ნაწილი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება და დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ შპს «ე-ის» საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2001 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის 1-ლი ნაწილისა და 396-ე მუხლის 1-ლი ნაწილის «ვ» ქვეპუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად, საკასაციო სასამართლო გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში. ამასთან, საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა იმ ფაქტებისა და მტკიცებულებებისა, რომლებიც ადასტურებენ საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევას, თუ საკასაციო საჩივარი საპროცესო ნორმების დარღვევას ემყარება.
შპს «ე-ი» თავის საკასაციო საჩივარში სადავოდ ხდის სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამასთან, არ მიუთითებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევაზე. ასევე, შპს «ე-ის» მიერ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რის გამოც, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საოლქო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვინაიდან სხვა რამ არ არის დადგენილი, გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორ შპს «ე-ის» მოსაზრებას და მიიჩნევს, რომ შპს «ე-ს» არც სარჩელის აღძვრითა და არც შეგებებული სარჩელის წარდგენით სადავოდ არ გაუხდია საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსა და სს «ა-ს» შორის 1995 წლის 31 იანვარს დადებული ხელშეკრულების კანონიერება, ქ. თბილისში, ...... ქ. ¹8-ში მდებარე კლუბისა და დაკავებული 1000 კვ.მ. მიწის ფართის სს «ა-ისათვის» გადაცემის შესახებ. კასატორს, სასარჩელო წესით სადავოდ არ გაუხდია, არც სს «ა-ის» სახელზე 1999 წლის 26 მარტს განხორციელებული კლუბის აღრიცხვის კანონიერება. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული ხელშეკრულების, ასევე, სს «ა-ის» სახელზე კლუბის აღრიცხვის კანონიერებაზე სააპელაციო სასამართლო ვერ იმსჯელებდა.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას და თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და სწორად განმარტა იგი. კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ სწორად მიუთითა, რომ მიწის რეგისტრაციის განხორციელებისას წარდგენილი ქ. თბილისის ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს მიერ 1998 წლის 21 სექტემბერს გაცემული ტექნიკური პასპორტი და ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვისა და პრივატიზების დეპარტამენტის მიერ 1996 წლის 26 თებერვალს გაცემული საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა ¹...... ვერ ჩაითვლებოდა შპს «ე-ის» მიწათსარგებლობის უფლების დამადასტურებელ საბუთად, ვინაიდან «ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ» საქართველოს კანონის მესამე მუხლის პირველი პუნქტისა და 1-ლი მუხლის «ვ» ქვეპუნქტის თანახმად, «კერძო საკუთრების უფლება ენიჭებათ საქართველოს მოქალაქეს და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ კერძო სამართლის იურიდიულ პირს იმ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე, რომლებიც მათ ამ კანონის ამოქმედებამდე დადგენილი წესით აქვთ გამოყოფილი შესაბამისი სამსახურის მიერ მიწით სარგებლობის დამადასტურებელი საბუთით». მე-4 მუხლის მე-2 პუნქტისა და 1-ლი მუხლის «ზ» ქვეპუნქტის შესაბამისად კი, «არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პირველადი რეგისტრაცია წარმოებს მიწითY სარგებლობის უფლების დამადასტურებელი საბუთის საფუძველზე, რომელიც აღრიცხული და გაცემულია სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის, მმართველობის ორგანოების, ასევე, საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროსა და მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის ცენტრალური და ტერიტორიული ორგანოების მიერ».
ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ შპს «ე-ის» საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელდ უნდა დარჩეს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. კასატორ შპს «ე-ის» საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2001 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილება.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.