3გ-ად-126-კ-02 17 ივლისი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),
ბ. კობერიძე,
ნ. კლარჯეიშვილი
სარჩელის საგანი: ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობა; საიჯარო ქირისა და გამოსასყიდი თანხის გადავადება.
შეგებებული სარჩელის საგანი: საიჯარო ქირის დავალიანების დაკისრება; ქონების მესაკუთრისათვის დაბრუნება.
აღწერილობითი ნაწილი:
2000წ. 6 ოქტომბერს შპს «კ-ამ” სასარჩელო განცხადება შეიტანა გარდაბნის რაიონულ სასამართლოში სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს გარდაბნის სამმართველოს მიმართ.
სარჩელში მოსარჩელე ითხოვდა:
1. ბათილად ყოფილიყო ცნობილი სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს გარდაბნის სამმართველოს 2000წ. 5 სექტემბრის ¹193 ბრძანება, რომლის საფუძველზეც გაუქმდა შპს «კ-ასთან” 1998წ. 17 ივნისს დადებული ხელშეკრულება, რომელიც მიზნად ისახავდა სახელმწიფო აგროფირმა «კ-ას” იჯარა-გამოსყიდვის უფლებით გასხვისებას.
2. საქართველოს პრეზიდენტის 2000წ. 3 აგვისტოს ¹341 ბრძანებულების, საქართველოს სურსათისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ¹11.08.2002 2_1/7_1231 წერილისა და საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ¹11-1023/30 წერილის საფუძველზე შპს «კ-ას” გადადებოდა საიჯარო ქირისა და გამოსასყიდი თანხის გადახდა 2003წ. 1 აპრილამდე.
მოსარჩელე თავის მოთხოვნებს აფუძნებდა შემდეგ გარემოებებზე: საყოველთაოდ ცნობილ ფაქტს წარმოადგენს ის გარემოება, რომ 2000წ. გვალვის შედეგად საქართველოს ზოგიერთ რეგიონში გამოცხადდა საგანგებო ეკოლოგიური მდგომარეობა. საქართველოს პრეზიდენტის 2000წ. 3 აგვისტოს ¹341 ბრძანებულების პირველი პუნქტის «დ» ქვეპუნქტის თანახმად, სტიქიური უბედურების ზონას მიეკუთვნა გარდაბნის რაიონიც.
ეკოლოგიურმა კატასტროფამ მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში ჩააგდო შპს «კ-აც» (ზარალმა შეადგინა 230000 ლარი). შპს იძულებული გახდა დახმარებისთვის მიემართა საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროსთვის, რომელმაც, თავის მხრივ, შესაბამისი წერილით მიმართა სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს შპს «კ-ასთვის” გამოსასყიდი თანხისა და საიჯარო ქირის გადავადების თაობაზე.
მოსარჩელე მიიჩნევდა, რომ გარდაბნის რაიონის ქონების მართვის სამმართველოს მხრიდან იმ ბრძანების მიღებით, რომლითაც გაუქმდა საიჯარო ხელშეკრულება, უხეშად დაირღვა საქართველოს პრეზიდენტის 2000წ. 3 აგვისტოს ¹341 ბრძანებულება, რომელიც, თავის მხრივ, გვალვით დაზარალებული რეგიონებისთვის ითვალისწინებდა დახმარებას.
სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს გარდაბნის სამმართველომ სარჩელი არ ცნო და თავის მხრივ შეგებებული სარჩელით მიმართა რაიონულ სასამართლოს, რომლის საფუძველზეც მოითხოვა შპს «კ-ას” დაკისრებოდა საიჯარო ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში წარმოშობილი საიჯარო ქირის დავალიანების, 49939 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა, ხოლო შპს «კ-ას» დავალებოდა, სახელმწიფო ქონების მესაკუთრისთვის დაბრუნების უზრუნველყოფა.
თავის მოსაზრებებს შეგებებული სარჩელის ავტორი აფუძნებდა შემდეგ გარემოებებზე:
სახელმწიფო აგრარული ფირმა «კ-ას» ბალანსზე რიცხული ქონების გამოსასყიდი ღირებულება განისაზღრა 216 432 აშშ დოლარით.
სახელმწიფო აგროფირმა «კ-ას» გამოსასყიდი ქონების ღირებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ” სახელმწიფო ქონების მართვის გარდაბნის სამმართველოს 1997წ. 11 სექტემბრის ¹139 ბრძანების საფუძველზე 1998წ. 17 ივლისს მოხდა საიჯარო ხელშეკრულების შპს «კ-ასთან» გაფორმება და გამოსასყიდი ქონების ღირებულება შემცირდა 31042 აშშ დოლარით.
სახელმწიფო ქონების მართვის გარდაბნის სამმართველომ გაითვალისწინა «კ-ას» თხოვნა და ¹158 30.09.98წ. ბრძანებით მოიჯარის მიერ იჯარა-გამოსყიდვის უფლებით აღებული სახელმწიფო ქონების გამოსასყიდი ღირებულება კვლავ შეამცირა 11593 აშშ დოლარით და საბოლოოდ განისაზღვრა 173797 აშშ დოლარით. 10%-მდე შემცირდა საიჯარო ქირის ოდენობაც.
ამდენად, ქონების მართვის სამმართველოს მიერ გამოსასყიდი ქონების ღირებულება სულ შემცირდა 20%-ით, რითაც მეიჯარე შეეცადა ხელი შეეწყო მოიჯარისათვის მის მიერ ნაკისრ ვალდებულებათა შესრულებაში.
შპს «კ-ას» ინტერესების დაცვის მიზნით მეიჯარის მიერ გადაიდგა კიდევ ერთი ნაბიჯი და 1998წ. 5 აგვისტოს ¹115 ბრძანებით, მოიჯარეზე 1998წ. 1 ივლისის მდგომარეობით რიცხული საიჯარო ქირისა და ქონების გამოსასყიდი ღირებულების დაფარვის ვადა გადაიდო 2000წ. 27 მარტამდე. იმავდროულად შპს «კ-ას» დაევალა 1998წ. დეკემბრისთვის გადაეხადა 1998წ. 1 ივლისამდე გადაუხდელი საიჯარო ქირისა და ქონების გამოსასყიდ ღირებულებაზე დარიცხული საურავები. მინიჭებული შეღავათების მიუხედავად, მოსარჩელემ არ შეასრულა არც ერთი ნაკისრი ვალდებულება, კერძოდ, 1997წ. 6 აგვისტოდან მას არ გადაუხდია არავითარი თანხა მეიჯარისთვის.
სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს გარდაბნის სამმართველო მიიჩნევს, რომ იჯარის ხელშეკრულების გაუქმება მოხდა მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით და ამდენად, არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2001წ. 5 თებერვლის გადაწყვეტილების საფუძველზე, სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს გარდაბნის სამმართველოს 2000წ. 5 სექტემბრის ¹193 ბრძანება შპს «კ-ასთან» საიჯარო ხელშეკრულების გაუქმების შესახებ დარჩა ძალაში.
ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს «კ-ამ».
2001წ. 10 ოქტომბერს თბილისის საოლქო სასამართლოში საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს გარდაბნის სამმართველომ შეიტანა შეგებებული სარჩელი, რომლის საფუძველზეც, ითხოვა, შპს «კ-ას» დაკისრებოდა საიჯარო ხელშეკრულებით გათვალისწინებული საიჯარო ქირის დავალიანების გადახდა 68784 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი. შპს «კ-ას» დირექტორს მისცემოდა შესაბამისი დავალება, უზრუნველეყო მესაკუთრისათვის სახელმწიფო ქონების დაბრუნება. ამასთან, მხარემ მოითხოვა, შეგებებული სარჩელის ნაწილში ახალი გადაწყვეტილების გამოტანა.
2002წ. 21 თებერვლის გადაწყვეტილებით თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატამ შპს «კ-ას» სააპელაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა; გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2001წ. 5 თებერვლის გადაწყვეტილების შეცვლით გამოტანილ იქნა ახალი გადაწყვეტილება; არ დაკმაყოფილდა შპს «კ-ას» სარჩელი; სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს გარდაბნის სამმართველოს შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა და შპს «კ-ას” დაეკისრა საიჯარო ქირის დავალიანების, 68784 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა, ხოლო შპს «კ-ას” დირექტორ ა. მ-ევს დაევალა იჯარით აღებული ქონების «მეიჯარისათვის” დაბრუნების უზრუნველყოფა.
სააპელაციო სასამართლოს 2002წ. 21 თებერვლის გადაწყვეტილებაზე შპს «კ-ამ” შეიტანა საკასაციო საჩივარი.
კასატორი საკასაციო საჩივარში მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების გამოტანისას არ იმსჯელა საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე და არ შეაფასა ისინი, რაც კასატორის აზრით, სსკ-ს 249-ე მუხლის მე-4 პუნქტის დარღვევას წარმოადგენს.
საკასაციო საჩივარში აღნიშნულია, რომ გარდაბნის რაიონის სასამართლომ, თავისი ინიციატივით, მესამე პირებად ჩართო საქართველოს ქონების მართვის სამინისტრო და საქართველოს სურსათისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, მაგრამ აღნიშნულთან დაკავშირებით განჩინება არ გამოუტანია. კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ ფაქტობრივად საქმე განიხილა მესამე პირისათვის შეტყობინების გარეშე, რაც სსკ-ს 394-ე მუხლის «ბ” პუნქტის თანახმად საკასაციო საჩივრის აბსოლუტური საფუძველია.
საკასაციო საჩივარში მითითებულია, რომ სააპელაციო სასამართლომ გარდაბნის ქონების მართვის სამმართველოს შეგებებული სარჩელი მიიღო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 188-ე, 189-ე და 381-ე მუხლების მოთხოვნათა დარღვევით.
კასატორის განმარტებით, სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძვლად მითითებული იყო სამოქალაქო კოდექსის 401-ე მუხლსა და 132-ე მუხლის «ბ” პუნქტზე, რომელთა შესახებ სააპელაციო სასამართლოს თავის გადაწყვეტილებაში არ უმსჯელია, რის გამოც აღნიშნული გადაწყვეტილება კასატორს იურიდიულად დაუსაბუთებლად მიაჩნია. ეს კი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის «ე” პუნქტის თანახმად კასაციის აბსოლუტურ საფუძველს წარმოადგენს.
კასატორი საკასაციო საჩივარში საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 394-ე მუხლის «ბ”, «ე” პუნქტების საფუძველზე ითხოვს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებას, სააპელაციო სასამართლოს 2002წ. 21 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმებასა და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნებას თბილისის საოლქო სასამართლოში.
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, მოუსმინა მხარეთა განმარტებებს, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილებისა და საკასაციო საჩივრის სამართლებრივი საფუძვლები, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2000წ. 3 აგვისტოს ¹341 ბრძანებულების პირველი ნაწილის «დ” პუნქტის საფუძველზე გარდაბნის რაიონი კი გამოცხადდა საგანგებო ეკოლოგიური მდგომარეობის ზონად, მაგრამ ამ ბრძანებულებაში არ არის მითითებული იმ შეღავათების თაობაზე, რომელსაც ითხოვს შპს «კ-ა”.
საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ მოიჯარე შპს «კ-ას” უკვე გაუწია შეღავათი მეიჯარე საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს გარდაბნის სამმართველომ, როცა საიჯარო ქირისა და გამოსასყიდი ქონების ღირებულების გადახდა შპს «კ-ას” გადაევადა 2000წ. 27 მარტამდე.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატამ სწორად შეაფასა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ზემოთ აღნიშნული შეღავათის მიუხედავად, შპს «კ-ა” საიჯარო ხელშეკრულების პირობებს არ ასრულებდა არა მხოლოდ 2000 წელს, ანუ საგანგებო ეკოლოგიური მდგომარეობის არსებობისას, არამედ ხელშეკრულების დადების მომენტიდან, თუმცა იგი არაერთხელ გააფრთხილა მეიჯარემ.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატამ მხარეთა შორის არსებული დავის დარეგულირებისას სწორად გამოიყენა სკ-ს 405-ე მუხლი, რომლის თანახმად, თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშკერულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შეუსრულებლობისთვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას, რომ მსგავსი მოთხოვნაა ჩადებული მხარეთა შორის 1998წ. 17 ივნისს დადებული ხელშეკრულების 3.4 მუხლში, რომლის თანახმად საიჯარო ხელშკერულებით გათვალისწინებული პირობების შეუსრულებლობის გამოვლენის შემთხვევაში მოიჯარე ღებულობს წერილობით გაფრთხილებას და ჯარიმდება საიჯარო ქონების ფასის 10%-ით. საიჯარო ხელშკერულებით გათვალისწინებულ პირობათა დაუცველობის განმეორების შემთხვევაში, მეიჯარე აუქმებს საიჯარო ხელშკერულებას ცალმხრივად, მოიჯარეს არ უბრუნდება გადახდილი თანხა და არ უნაზღაურდება მის მიერ გაწეული დანახარჯები.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატამ სწორად შეაფასა მეიჯარის მიერ წარმოდგენილი გაფრთხილებები მოიჯარის მიმართ და გააკეთა სწორი დასკვნა, რომ მეიჯარემ ხელშეკრულება მოშალა მოქმედი კანონმდებლობისა და მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების მოთხოვნათა სრული დაცვით.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად დააკმაყოფილა საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს გარდაბნის სამმართველოს შეგებებული სარჩელი იმ საფუძვლით, რომ მხარეთა შორის 1998წ. 17 ივნისს გაფორმებული საიჯარო ხელშეკრულების 5.1 მუხლის შესაბამისად, ამავე ხელშეკრულების 2.2 პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში საიჯარო ქირის გადაუხდელობისათვის მოიჯარე იხდის საურავს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელი თანხის 0,1%-ს, ხოლო ამავე პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლიდან 3 თვის განმავლობაში საიჯარო ქირის გადაუხდელობის შემთხვევაში მეიჯარეს უფლება აქვს ცალმხრივად გააუქმოს საიჯარო ხელშეკრულება, ხოლო მოიჯარე არ თავისფულდება საიჯარო ქირის დავალიანების გადახდისაგან.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის განმარტებას, რომ გარდაბნის რაიონულმა სასამართლომ თავისი ინციატივით საქმეში მესამე პირებად ჩააბა საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო და საქართველოს სურსათისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
ამის დამადასტურებელი განჩინება საქმეში არ მოიპოვება და არც სასამართლო სხდომის ოქმში არის მითითებული აღნიშნული სამინისტროების საქმეში მესამე პირებად ჩაბმის თაობაზე.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ გარდაბნის რაიონული სასამართლოს მიერ აღნიშნულ სამინისტროებში გაგზავნილი წერილობითი შეტყობინებები, რომ მათი წარმომადგენელი დასწრებოდა სასამართლო სხდომას, აგრეთვე, ის, რომ სასამართლო პროცესზე დაიკითხა საქართველოს სურსათისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენელი, არ ადასტურებს აღნიშნული სამინისტროების ჩაბმას საქმეში მესამე პირებად.
ამდენად, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის განმარტებას, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმის ზეპირ განხილვაზე არ მიიწვია ზემოთ მითითებული სამინისტროები, როგორც მესამე პირები და გადაწყვეტილება გამოიტანა პროცესზე მათი დასწრების გარეშე, რაც სსკ-ს 394-ე მუხლის «ბ” პუნქტის თანახმად, გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველია.
რაც შეეხება კასატორის მიერ მითითებულ სხვა საპროცესო ნორმების სააპელაციო სასამართლოს მიერ დარღვევას, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ აღნიშნული ვერ გახდება გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, რადგანაც სსკ-ს 393-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანხმად საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი. საკასაციო სასამართლოს კი მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატამ სამართლებრივი თვალსაზრისით სწორი გადაწყვეტილება გამოიტანა და მისი გაუქმების საფუძველი არ არსებობს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს «კ-ას” საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 2 იანვრის გადაწყვეტილება.
3. შპს «კ-ას” სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟი 5000 ლარის ოდენობით: 70% _ 3500 ლარი – საქართველოს უზენაესი სასამართლო, ეროვნული ბანკი, კოდი 59, ანგარიშის ¹ 000141107; 30% _ 1500 ლარი – ადგილობრივი ბიუჯეტი.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება