Facebook Twitter

3გ-ად-127-კ-02 25 ოქტომბერი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),

ნ. სხირტლაძე,

მ. ვაჩაძე

დავის საგანი: ბინით დაკმაყოფილება, ქ. ბათუმის მერიისათვის სამიწ. ბინის ქირის – 1800 ლარის და ბინით დაკმაყოფილებამდე ყოველთვიურად 50 ლარის გადახდის დაკისრება.

აღწერილობითი ნაწილი:

ა. გ.-ე 05.04.2000წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ქ. ბათუმის მერიის მიმართ, რომლითაც მოითხოვა საგარანტიო წერილის საფუძველზე შესაბამისი ბინით დაკმაყოფილება ან ბინის ასაშენებლად მასზე თანხის გაცემა. მოსარჩელემ მოითხოვა აგრეთვე ბოლო სამიწ. ბინის ქირის – 1800 ლარისა და ბინით დაკმაყოფილებამდე 50 ლარის ყოველთვიური ანაზღაურების მოპასუხისათვის დაკისრება.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 25.05.2000წ. გადაწყვეტილეებით ა. გ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ქ. ბათუმის მერიას დაევალა 21.08.92წ. საგარანტიო წერილით განსაზღვრული პირობებითა და ფართით ა. გ.-ის ოჯახის ოთხოთახიანი საცხოვრებელი ბინით უზრუნველყოფა. მოპასუხეს ასევე დაეკისრა ბოლო სამიწ. ბინის ქირის – 1800 ლარისა და ბინის მიღებამდე ყოველთვიურად მოსარჩელის სასარგებლოდ 50 ლარის გადახდა, რაც სააპელაციო, ხოლო შემდგომში საკასაციო წესით გასაჩივრდა ქ. ბათუმის მერიის მიერ. სააპელაციო საჩივარი არაერთგზით იქნა განხილული აჭარის არ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის მიერ, რის შემდეგადაც დადგენილად იქნა ცნობილი შემდეგი:

«1986-90 წლებში ქ. ტიუმენში საცხოვრებელი სახლებისა და სოციალურ-კულტურულ-საყოფაცხოვრებო დანიშნულების ობიექტების მშენებლობის განხორციელების ღონისძიებათა შესახებ» საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 25.12.85წ. ¹836 დადგენილების მე-12 პუნქტის თანახმად, მშენებლობის სამინისტროს დაევალა ტიუმენის ოლქში მშენებლობაზე გასაგზავნ მუშათა და ინჟინერ-ტექნიკურ მუშაკთა სტიმულირების მიზნით, ტიუმენში სამიწ. მუშაობის შემდეგ, მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე მუშაკთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა. სამშენებლო-სამონტაჟო საწარმო გაერთიანება «თ.-ის» გაერთიანების მუდმივმოქმედ სამშენებლო-სამონტაჟო მატარებელ «ს.-სა» და ა. გ.-ეს შორის 07.06.87წ. დაიდო შრომითი ხელშეკრულება 3 წლით ტიუმენის ოლქში სამუშაოდ გაგზავნის შესახებ. ხელშეკრულების მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ტიუმენში სამწლიანი კეთილსინდისიერი შრომის შემდეგ ა. გ.-ე ოჯახით (5 წევრი) უზრუნველყოფილი იქნებოდა ქ. ბათუმში 55 კვ.მ. ფართის ოთხოთახიანი საცხოვრებელი ბინით. შრომითი ხელშეკრულების კეთილსინდისიერად შესრულების მიუხედავად, ქ. ბათუმში დაბრუნების შემდეგ ა. გ.-ე არ იქნა დაკმაყოფილებული შეპირებული საცხოვრებელი ფართით. ბინით დაკმაყოფილების მოთხოვნით ა. გ.-ე საჩივრებით მიმართავდა ზემდგომ ორგანოებს, რის შედეგადაც ქ. ბათუმში აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭოს სრულუფლებიანი წარმომადგენლის კაბინეტის 21.08.92წ. 690 გადაწყვეტილებით დამტკიცდა საგარანტიო წერილი, რომლის მიხედვითაც კაბინეტი გარანტიას აძლევდა ა. გ.-ეს, ოჯახის 5 წევრის შემადგენლობით, ქ. ბათუმში, ... მდებარე 54,62 კვ.მ. ოთხოთახიანი ბინით უზრუნველყოფაზე, რაც დღემდე შეუსრულებელია.

საქმეზე დადგენილად არის ცნობილი, რომ ს/გ «თ.-მ» ა. გ.-ისა და დ. დ.-ის ბინათმშენებლობისათვის აჭარის ა/რ კაპმშენებლობის ტერიტორიულ სამმართველოს 28.10.91წ. გადაურიცხა 45000 მანეთი. მანამდე ცენტრალური კაპდაბანდების სახით ბინათმშენებლობისათვის გადმორიცხულ იქნა 40000 მანეთი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ 11.12.01წ. განჩინებით გააუქმა რა აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 12.03.02წ. განჩინება, რომლითაც უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, მიუთითა, რომ საგარანტიო წერილის გაცემის დროს მოქმედი (1964წ. სსკ) 205-ე მუხლის თანახმად, გარანტის აქცესორული პასუხისმგებლობა შემოიფარგლება საგარანტიო წერილით ნაკისრი ვალდებულებით. საკასაციო პალატამ არ გაიზიარა სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება ქ. ბათუმის მერიიისათვის ბინის ქირის გადახდის დაკისრებასთან დაკავშირებით, ვინაიდან 1987წ. შრომითი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ა. გ.-ის ოჯახის ბინით უზრუნველყოფის ვალდებულება იკისრა ს/გ «თ.-მ», რომელმაც ნაკისრი ვალდებულების შესასრუბლად, ა. გ.-ის ბინათშმნებლობის უზრუნველსაყოფად გადარიცხა საჭირო თანხა.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 12.03.02წ. განჩინებით ქ. ბათუმის მერიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 25.05.2000წ. გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატამ საქმის გარემოებათა დამატებითი გამოკვლევის შედეგად მიუთითა, რომ ფაქტიურად ქ. ბათუმის მარიამ არ შეასრულა თავისი ვალდებულება, რის გამო მოსარჩელე ა. გ.-ემ ვერ მიიღო ხელშეკრულებით შეპირებული ბინა. 1989წ. და 1991წ. ა. გ.-ის და დ. დ.-ის ბინების მშენებლობისათვის გადმოირიცხა 85 ათასი მანეთი, აღნიშნული თანხით ქ. ბათუმში აშენდა 162,5კვ.მ. (51,5+110) საცხოვრებელი ფართი, მიუხედავად ამისა ა. გ.-ე დარჩა უბინაოდ, იგი ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს და ყოველთვიურად იხდის 50 ლარს. ქ. ბათუმში აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭოს წარმომადგენლის მიერ 21.08.92წ. გაცემული საგარანტიო წერილი, რომლითაც პრეფექტურა პირდება ა. გ.-ეს ... მდებარე სახლში ბინის გამოყოფას, უფრო მეტად ემსახურებოდა იმას, რომ ა. გ.-ეს შეეწყვიტა კუთვნილი ბინის გამოყოფის მოთხოვნა, რადგანაც აღნიშნული სახლი შესაძლოა საერთოდ არ აშენდეს, რითაც ა. გ.-ის კანონიერი მოთხოვნა დარჩება დაუკმაყოფილებელი. სააპელაციო პალატამ 1964წ. სსკ-ის 155, 165, 166, 168.1, 171.2, 175.2 მუხლების საფუძველზე მიიჩნია, რომ ქ. ბათუმის მერია ვალდებულია შეასრულოს ა. გ.-ის მოთხოვნა მთლიანად, მას უნდა დაეკისროს ბინით დაკმაყოფილების და ბინის ქირის გადახდის მოთხოვნა.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 12.03.02წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა ქ. ბათუმის მერიის მიერ, რომელიც ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებით ახალი გადაწყვეტილების გამოტანას, ა. გ.-ისათვის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

კასატორი თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ არ შეასრულა საკასაციო პალატის შენიშვნები, «ს.-სა» და ა. გ.-ეს შორის დადებული ხელშეკრულების მხარეს საქალაქო საბჭოს აღმასკომი არ წარმოადგენდა, აღმასკომის ვალდებულება შემოიფარგლებოდა მუშათა ორგანიზებულად შეგროვებასა და ტიუმენის ოლქში სამუშაოდ გაგზავნაში დახმარების გაწევით, მშენებლობაზე გაგზავნილი მუშაკებისათვის საცხოვრებელი ფართის დაჯავშნით. ის, რომ მხარეების მიერ ნაკისრი ვალდებულებიდან არ მომდინარეობს მერიის მიერ ბინის ქირის გადახდის ვალდებულება აღიარებულია აგრეთვე საკასაციო პალატის 11.12.01წ. განჩინებით. მოწინააღმდეგე მხარე ვერ უთითებს ვერც ერთ საცხოვრებელ სახლზე, რომლის მშენებლობაშიც ჩაიდო ა. გ.-ის ბინის დასაკმაყოფილებლად გადმორიცხული თანხები. მერიას არ შეეძლო ა. გ.-ისათვის ბინის სხვა სახლში მიცემა, ვინაიდან საგარანტიო ხელშეკრულებით აღებული ჰქონდა ... ქუჩაზე ასაშენებელი სახლის ბინის გამოყოფის ვალდებულება. სხვა საცხოვრებელ სახლში ბინის გამოყოფა, კასატორის აზრით, მერიის მხრიდან ბინების .-ნობრივი განაწილების ტოლფასი იქნებოდა.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის, მხარის ახსნა-განმარტების მოსმენის და საკასაციო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პალატის 11.12.01წ. განჩინებით აღიარებულია ქ. ბათუმის მერიის ვალდებულება უზრუნველყოს ა. გ.-ის ოჯახი კეთილმოწყობილი 4 ოთახიანი საცხოვრებელი ბინით 21.08.92წ. საგარანტიო წერილით განსაზღვრული პირობებითა და ფართით, რაც ემთხვეოდა სააპელაციო სასამართლოს და პირველი ინსტანციის სასამართლოების პოზიციას განსახილველ დავასთან დაკავშირებით. რაც შეეხება ქირის თანხის გადახდის მერიისათვის დაკისრებას, პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილი გარემოებები (ბინათმშენებლობისათვის თანხის გადარიცხვა, საცხოვრებელი ფართის აშენება, ფართის აღმასკომის საბინაო ფონდში ჩარიცხვა და ფართის გამოყოფის მოთხოვნებით მიმართვა), რომლებიც სსკ-ის 407-ე მუხლის მიხედვით სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსთვის, ქმნიან საკმარის საფუძველს ქირის თანხის მერიისათვის დაკისრების მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის. აღნიშნულს არ უარყოფს ის გარემოება, რომ ვერ სახელდება კონკრეტულად რომელი საცხოვრებელი ფართი იქნა განაწილებული .-ნობრივად კასატორის მიერ, ვინაიდან თანხები გადარიცხული იყო არა რომელიმე კონკრეტული ბინის ასაშენებლად, არამედ ბინების წილობრივი მშენელობისათვის. დადგენილია, რომ კასატორის ოჯახის საბინაო პირობებით უზრურვენყლფოსათვის გადარიცხული თანხა დაიხარჯა ქალაქში ბინათმშენებლობისათვის, რის გამო შესაბამისი კუთვნილი წილი უნდა გამოყოფოდა ა. გ.-ეს.

პალატა კვლავინდებურად თვლის, რომ ა. გ.-ესა და ,,თ.-ის” სამშენებლო-სამონტაჟო მატარებლის «თ.-ს» შორის 07.07.87წ. დადებული ხელშეკრულებიდან არ იკვეთება მერიის (იმჟამად ქალაქის საბჭოს აღმასკომის) ვალდებულება მოქ. ა. გ.-ის ბინით უზრუნველყოფის შესახებ. ხელშეკრულების თანახმად ა. გ.-ის ბინით უზრუნველყოფის ვალდებულება ეკისრება «თ.-ს», რომლის ბაზაზე 1993-95 წ.წ. შეიქმნა 17 სხვადასხვა სააქციო საზოგადოება. ამასთანავე, სააპელაციო პალატის მიერ საქმის გარემოებათა დამატებითი გამოკვლევის შედეგად საქმეზე დადგნილად არის ცნობილი, რომ «თ.-ს» შესრულებული აქვს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, ბინათმშენებლობისათვის გადარიცხული თანხებით ქ. ბათუმში აშენდა 162,5 კვმ. საცხოვრებელი ფართობი, მიუხედავად ამისა ა. გ.-ეს არ გამოეყო საცხოვრებელი ფართი, რის შედეგადაც ა. გ.-ე დარჩა უბინაოდ. სააპელაციო პალატის მიერ დადგენილად არის ცნობილი აგრეთვე ის, რომ ა. გ.-ე უბინაობის გამო ცხოვრობს ნაქირავებ ბინაში და ყოველთვიურად იხდის 50 ლარს. ქ. ბათუმის საქალაქო საბჭოს აღმასკომის ბინის გამოყოფის უზრუნველყოფის ვალდებულება დასტურდება სამშენებლო-სამონტაჟო საწარმოო გაერთიანება «თ.-ის» 25.09.90წ. ¹1080 წერილიდან საქართველოს მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილისადმი, რომლის მიხედვითაც ბინათმშენებლობაში წილობრივი მონაწილეობისათვის აღმასკომს გადაეცა შესაბამისი კაპდაბანდება და ეთხოვა 1990 წელს ბინის გამოყოფის უზრუნველყოფა. აღნიშნული წერილით გაერთიანების უფროსი ითხოვდა საქალაქო საბჭოს აღმასკომისათვის ბინის გამოყოფის დავალებას. გარდა ამისა, საქართველოს მინისტრთა საბჭოს 27.09.90წ. წერილით ქალაქის საბჭოს აღმასკომს ეთხოვა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ბინების გამოყოფა. აჭარის ა/რ კაპიტალური მშენებლობის ტერიტორიული სამმართველოს უფროსის 01.04.92წ. ¹სეგ-17 წერილით ქ. ბათუმში აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭოს სრულუფლებიანი წარმომადგენლისადმი დასტურდება ა. გ.-ის და დ. დ.-ის კეთილმოწყობილი ბინებით დასაკმაყოფილებლად 28.10.91წ. თანხების დამატებითი გადმორიცხვა, რის შესახებაც ქ. ბათუმის პრედექტურას ეცნობა სამმართველოს 04.11.91წ. ¹სეგ-29 წერილით. ასეთ პირობებში, მიუხედავად იმისა, რომ «თ.-ის» სამშენებლო-სამონტაჟო მატარებელ «ს.-სა» და ა. გ.-ეს შორის 07.07.87წ. ხელშეკრულება თავისთავად არ წარმოშობს მერიისათვის რაიმე ვალდებულებას, წილობრივი მშენებლობისათვის გადმორიცხული თანხებიდან 1989 და 1991 წლებში 162,5კვ.მ. საცხოვრებელი ფართის აშენების და აღმასკომის ფონდში ჩარიცხვის ფაქტი წარმოშობს საცხოვრებელი ფართის გამნაწილებელი ორგანოს, _ საქალაქო საბჭოს აღმასკომის და პრეფექტურის სამართალმემკვიდრის _ ქ. ბათუმის მერიის მოვალეობას ა. გ.-ის ოჯახის ბინით უზრუნველყოფის თაობაზე. ბინათმშენებლობისათვის გამოყოფილი კაპიტალურ დაბანდებების მიმართ ადგილობრივი საბჭოების აღმასკომები ეკონომიკური და სოციალური განვითარების გეგმების დამტკიცების შემდეგ ყოველწლიურად ადგენდნენ და ამტკიცებდნენ მიმდინარეწ.ათვის ექსპლოატაციაში გადასაცემი საცხოვრებელი ფართობის განაწილების გეგმებს. აღნიშნული გეგმები ითვალისწინებდნენ იმ სამინისტროების, უწყებების, საწარმოების, დაწესებულებების და ორგანიზაციებისათვის საცხოვრებელი ფართობის გამოყოფას, რომლებმაც გადასცეს სახსრები ბინათმშენებლობისათვის წილობრივი მონაწილეობის წესით. განაწილება გადაცემული სახსრების პროპორციულად უნდა მომხდარიყო (საბინაო კოდექსის 31-ე მუხლი). ამდენად, სააპელაციო პალატის მიერ საქმეზე დადგენილად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ვალდებულების შესრულება 1964წ. სამოქალაქო სამართლის კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის, 171-ე მუხლის მე-2 ნაწილის I ქვეპუნქტის მიხედვით ეკისრება მერიას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის განჩინება არის დასაბუთებული და ემყარება კანონმდებლობის მოთხოვნებს, სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ქ. ბათუმის მერიის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. უცვლელად დარჩეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 12.03.02წ. განჩინება.

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.