3გ-ად-128-კ-02 14 ივნისი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),
მ. ვაჩაძე,
ნ. სხირტლაძე
დავის საგანი: საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი.
აღწერილობითი ნაწილი:
2001წ. 12 ივლისს ფიზიკურმა პირებმა: ხ. დ-იამ, ლ. დ-იანმა და სხვებმა (სულ 20 ფიზიკური პირი) სარჩელით მიმართეს თბილისის საოლქო სასამართლოს და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და თბილისის მერიისაგან კოოპერატიული ბინათმშენებლობისათვის მათ მიერ გადახდილი თანხების დაბრუნება მოითხოვს.
მოსარჩელეები სასარჩელო განცხადებაში აღნიშნავდნენ, რომ 1990წ. 11 მაისის საბურთალოს რაიონის აღმასკომის გადაწყვეტილებით დარეგისტრირებულ იქნა ¹657-ე საბინაო-სამშენებლო კოოპერატივი, რომელშიც მოსარჩელეები იმავე წელს გაწევრიანდნენ და საცხოვრებელი ბინების ღირებულებაც გადაიხადეს.
1990წ. 10 ივლისს ¹657-ე საბინაო-სამშენებლო კოოპერატივმა ხელშეკრულება გააფორმა თბილისის მერიის კაპიტალური მშენებლობის სამმართველოსთან თბილისში, «ზღვის უბანში”, 304-ე კორპუსის პროექტირებისა და აშენების თაობაზე. კოოპერატივის წევრები ბინების ღირებულებას საბურთალოს რაიონის ბინსოცბანკში რიცხავდნენ, ანგარიშზე შესული თანხები თბილისის მერიის კაპიტალური მშენებლობის ანგარიშზე ირიცხებოდა.
«სახელმწიფო საშინაო ვალის” შესახებ 1993წ. 15 მარტის საქართველოს კანონის თანახმად, კოოპერატიული ბინათმშენებლობისათვის გადახდილი თანხები სახელმწიფოს მიერ აღებულ იქნა საშინაო ვალში. საქართველოს პრეზიდენტის 1999წ. 12 ოქტომბრის ¹592-ე ბრძანებულებით გათვალისწინებულ იქნა, რომ 1999-2000 წლებში კოოპერატული ბინათმშენებლობისათვის მოქალაქეთა მიერ გადახდილი თანხები, საცხოვრებელი ბინების ადგილმდებარეობის გათვალისწინებით, მთლიანად უნდა დაფარულიყო.
მოსარჩელეები მიუთითებდნენ, რომ რადგან, მიუხედავდ ზემოაღნიშნული ბრძანებულებისა, მათ გადახდილი თანხების ანაზღაურება არ მუღიათ, 2000 წელს განცხადებით მიმართეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და ვალის დაფარვა მოითხოვეს. ფინანსათა სამინისტროს საშინაო ვალის დეპარტამენტს, ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროსთან შეთანხმებით, ცალკეული კოოპერატივების წევრების მიმართ დავალიანების მოცულობის განსაზღვრა და შესაბამისი რეესტრის შედგენა დაევალა.
მოპასუხე, საქართველოს ფინანსათა სამინისტრომ სარჩელი არ ცნო და მუთითა, რომ საშინაო ვალის დაფარვა ბიუჯეტში გათვალისწინებული თანხებიდან რიგითობის წესების დაცვით უნდა განხორციელებულიყო, მაგრამ 2000-2001 წლის ბიუჯეტებში აღნიშნული თანხები გათვალისწინებული არ იყო. ფინანსთა სამინისტრო აღნიშნავდა, რომ მოსარჩელეთა მოთხოვნის დაკმაყოფილება შესაძლებელი გახდებოდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც ასანაზღაურებელი თანხები ბიუჯეტში აისახებოდა და რიგითობა, ნორმატიული აქტების შესაბამისად, დადგენილ იქნებოდა.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 15 თებერვლის გადაწყვეტილებით მოსარჩელეთა მოთხოვნა დაკმაყოფილდა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფიზიკურ პირთა სასარგებლოდ საბინაო-სამშენებლო კოოპერატიული ბინათმშენებლობისათვის გადახდილი თანხების ანაზღაურება დაეკისრა.
საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ 2002წ. 18 აპრილს საოლქო სასამართლოს 2002წ. 15 თებერვლის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა, მიღებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩინა, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
«სამოქალაქო საპროცესო კოდექსის” 397-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადა არის ერთი თვე. აღნიშნული ვადის (გაგრძელება) აღდგენა არ დაიშვება და იგი იწყება ორივე მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. საქმის მასალებით დადგენილია, რომ კასატორს _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს გასაჩივრებული გადაწყვეტილება 2002წ. 7 მარტს ჩაბარდა, მაშინ როცა საკასაციო საჩივარი სასამართლოში წარდგენილ იქნა 2002წ. 18 აპრილს, კანონით გათვალისწინებული ერთთვიანი ვადის დარღვევით.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მითითებული მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების გასაჩივრების ერთთვიანი ვადის გაგრძელება ან აღდგენა არ დაიშვება. აქვე ნიშანდობლივია, რომ «სამოქალაქო საპროცესო კოდექსის» 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება უნდა შესრულდეს კანონით დადგენილ ვადაში. ამავე კოდექსის 60-ე მუხლის თანახმად, საპროცესო ვადა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან მოვლენის დადგომის შემდგომი დღიდან, როლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი, ხოლო 61-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ ვადის ბოლო დღე დასვენების ან უქმე დღეებს ემთხვევა, საპროცესო ვადა გასულად ჩაითვლება მომდევნო პირველ სამუშაო დღეს. აღსანიშნავია, რომ ამავე კოდექსის 65-ე მუხლი საპატიო მიზეზის არსებობისას გაშვებული საპროცესო ვადის აღდგენას ითვალისწინებს, მაგრამ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლი სპეციალურ მუხლს წარმოადგენს და კანონით დადგენილი ერთთვიანი ვადის აღდგენა თუნდაც საპატიო მიზეზის არსებობისას არ დაიშვება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ რადგან კასატორს თბილისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 15 თებერვლის გადაწყვეტილება ჩაბარდა 7 მარტს, საპროცესო ვადის ათვლა უნდა დაწყებულიყო მომდევნო დღეს _ ანუ 8 მარტს და ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი სასამართლოში 8 აპრილამდე უნდა წარედგინა.
საკასაციო სასამართლო აქვე დაამატებს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ფინანსთა სამინისტროს მიერ საკასაციო საჩივრის ფოსტაში ვადაში ჩაბარების შემთხვევაში, საკასაციო საჩივრის ვადა არ იქნებოდა მიჩნეული გაშვებულად, მაგრამ ნიშანდობლივია, რომ საჩივრის დასაშვებობის საკითხის განხილვისას სასამართლო სხდომაზე ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელმა სასამართლოს ფოსტისათვის საკასაციო საჩივრის დროულად ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი ვერ წარუდგინა. მაშინ, როცა მოსარჩელე ხ. დ-იანმა ფოსტიდან წარმოადგინა ცნობა, რომლითაც დადგენილ იქნა, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი ფოსტაში ჩაბარებულ იქნა 2002წ. 15 აპრილს. აღნიშნულის საწინააღმდეგო დოკუმენტი კასატორს, მიუხედავად დამატებითი ვადის მიცემისა, სასამართლოსათვის არ წარუდგენია. ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი სასამართლოში შეტანილია კანონით გათვალისწინებული ვადის დაუცველად. როგორც აღვნიშნეთ, მითითებული ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ დაიშვება. ამდენად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის თანახმად, დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნეს განუხილველად.
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.