3გ-ად-133კ-02 31 ივლისი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. მეტერეველი (თავმჯდომარე),
ნ. კლარჯეიშვილი,
ბ. კობერიძე
დავის საგანი: კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმება, საქმის წარმოების განახლება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო და ბინაზე ორდერის გაუქმება.
აღწერილობითი ნაწილი:
ქუთაისის ავტოქარხნის რაიონის სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასკომის 1984წ. 11 ნოემბრის ¹25-35/863 გადაწყვეტილების საფუძველზე, ა. უ-ძესა და აღმასკომს შორის დაიდო ვალდებულება-ხელშეკრულება და ა. უ-ძე აყვანილი იქნა მომავალში კეთილმოწყობილი ბინებით დაკმაყოფილების რიგში, რადგან მან (მეუღლესთან ერთად) სახელმწიფო საჭიროებისათვის, «ს-ის" ორგანიზაციას გადასცა კუთვნილი ბინა. ქუთაისის მერიამ 1994წ. 1 ივლისს ¹486 განკარგულებით უ-ძეებს ქუთაისში, ... გამოუყო 20,23კვ.მ. საცხოვრებელი ბინა. ბინაზე ქუთაისის მერიის მიერ 1994წ. 28 ნოემბერს ა. უ-ძის სახელზე გაიცა ორდერი ¹...... . ორდერის გაცემამდე სამი დღით ადრე, ქუთაისის საბინაო მეურნეობის მართვის განყოფილების თანამშრომლებმა შეამოწმეს მითითებული ბინა და დაადგინეს, რომ უ-ძეზე ორდერის გამოწერამდე ბინა იყო თავისუფალი.
1996 წელს უ-ძეებმა ბინა მიყიდეს ნ. გ-შვილს, ხოლო ამ უკანასკნელმა თ. ბ-იას. ბინაზე პრეტენზიები განაცხადა კასატორმაA ე. კ-ძემ, რომელმაც 1994 წლიდან დაიკავა იგი.
აღნიშნული დავა რამდენჯერმე იქნა განხილული სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოთა მიერ. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 1999წ. 21 ოქტომბრის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ე. კ-ძის სარჩელი ა. უ-ძის სახელზე გაცემული ბინის ორდერის ბათილად ცნობის შესახებ და ე. კ-ძე გამოსახლებულ იქნა სადავო ბინიდან. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, ორდერის ბათილობაზე უარის თქმის ნაწილში ძალაში დარჩა ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2000წ. 18 თებერვლის გადაწყვეტილებითა და უზენაესის სასამართლოს 2000წ. 15 სექტემბრის განჩინებით.
2000წ. 14 დეკემბერს ე. კ-ძემ განცხადებით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო მოითხოვა ამავე სასამართლოს 1999წ. 21 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება. მან განმარტა, რომ 1994წ. 6 თებერვლიდან ცხოვრობს სადავო ბინაში და იხდის გადასახადს. ბინაში მისი შესახლება მოხდა ქალაქის მაშინდელი ხელმძღვანელობის სიტყვიერი ნებართვით, მაგრამ ბინის მის სახელზე დაკანონება ვერ მოხერხდა, რადგან იმ დროისათვის ბინა ექსპლუატაციაში არ იყო გადაცემული. ე. კ-ძე თავის მოთხოვნის დასადასტურებლად მიუთითებს პროკურატურის წერილებზე, რომლითაც კანონიერად არის ცნობილი მის მიერ ბინის ფლობის ფაქტი. განმცხადებლის განმარტებით, 2000წ. 13 დეკემბერს მისთვის ცნობილი გახდა, რომ ყოფილი ავტოქარხნის აღმასკომის მიერ გაცემული ყოველგვარი საგარანტიო ხელშეკრულება 1987 წლისათვის გაუქმებული იყო. აღნიშნული, მისი აზრით, წარმოადგენს ახლად აღმოჩენილ გარემოებას, რაც მისთვის არ იყო ცნობილი საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვის დროს. ამასთან, მან მოითხოვა პროცესზე მოწმეების სახით ყოფილი ავტოქარხნის აღმასკომის თავმჯდომარისა და მდივნის დაკითხვა.
მოპასუხე ქ. ქუთაისის მერიამ არ ცნო განცხადება და აღნიშნა, რომ საქალაქო და ზემდგომმა ინსტანციის სასამართლოებმა უკვე იმსჯელეს საგარანტიო ხელშეკრულებების თაობაზე, ამიტომ ე. კ-ძის მიერ მითითებული ფაქტი არ შეიძლება ჩაითვალოს ახლად აღმოჩენილ გარემოებად.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 3 სექტებრის განჩინებით ე. კ-ძეს უარი ეთქვა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 1999წ. 21 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმებასა და საქმის წარმოების განახლებაზე, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა ე. კ-ძემ.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 11 თებერვლის განჩინებით არ დაკმაყოფილდა ე. კ-ძის სააპელაციო საჩივარი და შემდეგი მოტივით უცვლელად დარჩა საქალაქო სასამართლოს განჩინება:
1. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ის ფაქტი, რომ საგარანტიო ხელშეკრულება 1987 წლისათვის გაუქმებული იყო, რომლის საფუძველზეც 1994 წელს უ-ძეებზე გაიცა ბინის ორდერი, არ წარმოადგენს ახალ გარემოებას, რადგან ამ საგარანტიო ხელშეკრულების შესახებ ნამსჯელი აქვს ქუთაისის საოლქო სასამართლოს;
2. სსკ-ს 423-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, ამ მუხლის პირველი ნაწილის «ვ" პუნქტში აღნიშნული საფუძვლით საქმის განახლება დასაშვებია, თუ მხარეს თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე. ე. კ-ძეს როგორც საქალაქო, ისე საოლქო სასამართლოში შეეძლო წარედგინა მის მიერ საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადებაში დასახელებული მოწმეები. გარდა ამისა, სსკ-ს 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. მოცემულ საქმეზე დავა შეეხება ბინაზე ორდერის ბათილობას, რაც არ შეიძლება დადასტურდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით. აქედან გამომდინარე, მოწმეებზე მითითებაც არ წარმოადგენს ახლად აღმოჩენილ გარემოებას.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს განჩინებას საკასაციო წესით ასაჩივრებს ე. კ-ძე, რომელიც შემდეგი საფუძვლით ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და საქმის დაბრუნებას ხელახალი განხილვისათვის:
კასატორის მითითებით, მისთვის ახალი გარემოება ის კი არ არის, რომ სასამართლომ იმსჯელა საგარანტიო ხელშეკრულებების შესახებ, არამედ ის, რომ ყოფილი ავტოქარხნის აღამსკომის მიერ გაცემული ყოველგვარი საგარანტიო ხელშეკრულება თვით აღამსკომის მიერ 1987 წლისათვის გაუქმებული იყო, რაც მისთვის ცნობილი გახდა 2000წ. 13 დეკემბერს. აქედან გამომდინარე, კანონმდებლობით არ არსებობდა არანაირი საგარანტიო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც უ-ძეებს შეიძლება მისცემოდათ ბინის ორდერი, მით უმეტეს 9 წლის შემდეგ. მოწმეების დაკითხვაც სწორედ იმისთვის იყო საჭირო, რომ მათი მეშვეობით გახდა ცნობილი საგარანტიო ხელშეკრულებების გაუქმების შესახებ. კასატორი არ დაეთანხმა საოლქო სასამართლოს მიერ სსკ-ს 102-ე მუხლის მე-3 ნაწილზე მითითებას, რადგან ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სწორედ მოწმეთა ჩვენებებით არის შესაძლებელი ამა თუ იმ გარემოების დადასტურება.
მოწინააღმდეგე მხარის _ ქ. ქუთაისის მერიის წარმომადგენელი უსაფუძვლობის მოტივით არ იზიარებს საკასაციო საჩივარს და ითხოვს ქუთაისის სააპელაციო პალატის განჩინების უცვლელად დატოვებას, ვინაიდან კასატორის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლებაზე მიაჩნია დაუსაბუთებლად, განმცხადებელმა ვერ წარმოადგინა და ვერც წარმოადგენდა 1984 წელს ფიზიკურ პირებზე, მათ შორის ა. უ-ძეზე, გაცემული ვალდებულება-ხელშეკრულების გაუქმების შესახებ რაიმე მტკიცებულებას, რადგან ვალდებულება-ხელშეკრულებების გაუქმების შესახებ ქუთაისის აღმასკომს გადაწყვეტილება არ მიუღია და ვალდებულება-ხელშეკრულებები ძალაშია.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის გაცნობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ე. კ-ძის საკასაციო საჩივარი უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით, არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 11 თებერვლის განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:
1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 1999წ. 21 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, უსაფუძვლობის მოტივით, არ დაკმაყოფილდა ე. კ-ძის სარჩელი ა. უ-ძის სახელზე ქუთაისში, ... ბინაზე გაცემული ორდერის ბათილად ცნობის თაობაზე, რაც უცვლელად დარჩა ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2000წ. 18 თებერვლის გადაწყვეტილებითა და უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა საკასაციო პალატის 2000წ. 15 სექტემბრის განჩინებით. სასამართლოებმა ქუთაისის ავტოქარხნის რაიონის სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასკომის 1984წ. ¹25-35/863 გადაწყვეტილების, 1985წ. 5 აგვისტოს აღმასკომსა და ა. უ-ძეს შორის დადებული ვალდებულება-ხელშეკრულებისა და ქუთაისის მერიის 1994წ. 1 ივლისის ¹486 განკარგულების საფუძველზე, ა. უ-ძის სახელზე გაცემული სადავო ბინის ორდერი კანონიერად მიიჩნიეს, რადგან ქ. ქუთაისში ... ქ. ¹54-ში მდებარე კერძო საკუთრების საცხოვრებელი სახლის «ს-ისათვის» ადმინისტრაციულ შენობად გადაცემასთან დაკავშირებით, ქუთაისის ავტოქარხნის რაიონის სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასკომსა და ერთ-ერთ მესაკუთრეს – ა. უ-ძეს შორის, აღმასკომის ზემოაღნიშნული ¹25-35/863 გადაწყვეტილების პირველი პუნქტის შესაბამისად, 1985 წელს დაიდო ვალდებულება-ხელშეკრულება გამოთავისუფლებული კერძო საკუთრების სახლის სანაცვლოდ, ა. უ-ძისათვის ... ¹16-ა კორპუსში ერთოთახიანი ბინის მიცემის თაობაზე.
ე. კ-ძემ, სსკ-ს 423-ე მუხლის პირველი ნაწილის «ვ» პუნქტის საფუძველზე, განცხადებით მოითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება, ხოლო ახლად აღმოჩენილ გარემოებად მიუთითა ის გარემოება, რომ მისთვის ცნობილი გახდა 1985 წელს ქუთაისის აღმასკომსა და ა. უ-ძეს შორის დადებული ვალდებულება-ხელშეკრულების (გარანტიის) 1987 წლისათვის აღმასკომის მხრიდან გაუქმების შესახებ, რის დასადასტურებლად განმცხადებელმა მოითხოვა აღმასკომის მაშინდელი მუშაკების მოწმეებად დაკითხვა. კასატორმა ე. კ-ძემ აღმასკომსა და ა. უ-ძეს შორის დადებული ვალდებულება-ხელშეკრულების გაუქმების შესახებ რაიმე წერილობითი მტკიცებულება ვერცერთი ინსტანციის სასამართლოში ვერ წარმოადგინა, ამიტომ საკასაციო სასამართლო იზიარებს ქუთაისის საოლქო სასამართლოს განჩინებას ე. კ-ძის განცხადების დაუსაბუთებლობის შესახებ. კერძოდ, ზემოაღნიშნული ვალდებულება-ხელშეკრულება ა. უ-ძესა და აღმასკომს შორის 1985 წელს დაიდო ადმინისტრაციული აქტის – ქუთაისის ავტოქარხნის რაიონის სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასკომის 1984 წლის ¹25-35/863 გადაწყვეტილების პირველი პუნქტის საფუძველზე. აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილების, როგორც მმართველობის ადგილობრივი ორგანოს კოლეგიური აქტის მიღება-გაუქმების წესი რეგლამენტირებული იყო «საქართველოს სსრ სახალხო დეპუტატთა საქალაქო, ქალაქის რაიონული საბჭოს შესახებ» კანონის 58-ე მუხლით, რომლის თანახმადაც სახალხო დეპუტატთა საქალაქო და ქალაქის რაიონული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებებისა და განკარგულებების გაუქმება შეიძლებოდა მხოლოდ შესაბამისი საქალაქო, ქალაქის რაიონული საბჭოს ან სახალხო დეპუტატთა ზემდგომი საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის მიერ. სხვა შემთხვევაში აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებები და განკარგულებები იურიდიული ძალის მქონე ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს წარმოადგენენ და სავალდებულო იყო შესასრულებლად. ვინაიდან კასატორმა ე. კ-ძემ სასამართლოს ვერ წარუდგინა ა. უ-ძესა და ქუთაისის ავტოქარხნის რაიონის სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასკომს შორის 1985წ. 5 აგვისტოს დადებული ვალდებულება-ხელშეკრულების გაუქმების დამადასტურებელი, «საქართველოს სსრ სახალხო დეპუტატთა საქალაქო, ქალაქის რაიონული საბჭოს შესახებ» კანონის 58-ე მუხლის შესაბამისად მიღებული წერილობითი მტკიცებულება, საკასაციო სასამართლოსაც დაუსაბუთებლად მიაჩნია ე. კ-ძის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლებაზე და ვალდებულება-ხელშეკრულების გაუქმებაზე;
2. საკასაციო პალატა ასევე იზიარებს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მითითებას სსკ-ს 102-ე მუხლის მე-3 ნაწილზე. მართალია, ამავე მუხლის მე-2 ნაწილი მოწმეთა ჩვენებას მტკიცებულების ერთ-ერთ სახედ ითვალისწინებს, მაგრამ, რადგან «საქართველოს სსრ სახალხო დეპუტატთა საქალაქო, ქალაქის რაიონული საბჭოს შესახებ» კანონის 58-ე მუხლი იმპერატიულად ადგენდა აღმასკომის გადაწყვეტილებათა გაუქმების წესს, რომლის შესაბამისად ა. უ-ძესთან დადებული ვალდებულება-ხელშეკრულების გაუქმების დამადასტურებელი წერილობითი მტკიცებულება ე. კ-ძემ სასამართლოს ვერ წარუდგინა, საკასაციო პალატა ეთანხმება საოლქო სასამართლოს მითითებას ზემოაღნიშნულ 102-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის მიხედვით: «საქმის გარემოებები (კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულება-ხელშეკრულების გაუქმება), რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით» (მაგალითად, მოწმეთა ჩვენებებით).
ამდენად, საკასაციო პალატა უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით ვერ გაიზიარებს ე. კ-ძის საკასაციო საჩივარს და განცხადებას ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმების, ასევე საქმის წარმოების განახლების თაობაზე და თვლის, რომ ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 11 თებერვლის განჩინება უცვლელად უნდა დარჩეს, ვინაიდან სასამართლომ სსკ-ს 423-ე მუხლის პირველი ნაწილის «ვ» პუნქტის მართებული განმარტებით სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმის გარემოებებს და განჩინება არ ემყარება კანონის დარღვევას.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 410-ე მუხლებით, 47-ე მუხლის პირველი ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ე. კ-ძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 11 თებერვლის განჩინება;
3. ე. კ-ძე გათავისუფლდეს საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
4. უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.