გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
¹ 3გ/ად-134კ/199კ-01 20 მარტი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),
ბ. კობერიძე,
ნ. კლარჯეიშვილი
სარჩელის საგანი: 1) საბიუჯეტო დავალიანების დაკისრება; 2) გირავნობისა და იპოთეკის უფლების რეალიზაციის მიზნით მოპასუხის უძრავ-მოძრავი ქონებაზე ყადაღის დადება; 3) მოპასუხის უძრავ-მოძრავი ქონების აუქციონზე რეალიზაცია და ამონაგები თანხის სახელმწიფო ბიუჯეტსა და არასაბიუჯეტო ფონდებში ჩარიცხვა.
აღწერილობითი ნაწილი:
2000 წლის 21 ნოემბერს აჭარის ა\რ საგადასახადო სახელმწიფო დეპარტამენტმა სარჩელი აღძრა აჭარის ა\რ უმაღლეს სასამართლოში მოპასუხე შპს «ს. ს. ს.» მიმართ.
სარჩელში აღნიშნული იყო, რომ აჭარის ა\რ კონტროლის პალატის 1999 წლის 24 მარტის ¹38 ბრძანების საფუძველზე შემოწმდა შპს «ს. ს. ს.» 1995 წლის 1 იანვრიდან 1999 წლის 1 მარტამდე პერიოდის საფინანსო-სამეურნეო საქმიანობა, რაზედაც 1999 წლის 25 მაისს შედგა აქტი. აღნიშნული აქტით შპს «ს. ს. ს.» სახელმწიფო ბიუჯეტისა და სპეციალური ფონდის სასარგებლოდ დამატებით დაერიცხა 20398051 ლარი.
აჭარის ა\რ კონტროლის პალატის პრეზიდიუმის მიერ 1999 წლის 28 მაისის ¹6\1 დადგენილებით განხილულ იქნა შემოწმების მასალები შპს «ს. ს. ს.» აღნიშნული გადასახადის დარიცხვის შესახებ. 1999 წლის 8 ივნისს აქტი გადაეგზავნა აჭარის ა\რ საგადასახადო სახელმწიფო დეპარტამენტს და აღსასრულებლად გადასახადის გადამხდელს დაერიცხა პირად ბარათზე.
მოსარჩელის განმარტებით, საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად მოპასუხეს არაერთხელ გაეგზავნა შეტყობინება, მაგრამ ამის მიუხედავად, შპს «ს. ს. ს.» მასზე დამატებით დარიცხული თანხა არ გადაუხდია.
სარჩელში აღნიშნული იყო, რომ საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის თანახმად გადასახადის გადამხდელს დამატებით დარიცხული თანხა უნდა გადაეხადა აქტის შედგენიდან 10 დღის ვადაში. ამავე კოდექსის 252-ე მუხლის თანახმად კი 1999 წლის 10 ივნისიდან 2000 წლის 15 სექტემბრამდე ვადაგადაცილებულ 450 დღეზე ძირითად გადასახდელ თანხას დაერიცხა საურავი 0,2%, ანუ 9 127 710 ლარი.
მოსარჩელის განმარტებით, სარჩელის შეტანის დღეს შპს «საქართველოს საზღვაო სანაოსნოს» სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სულ გადასახდელი ჰქონდა 29 525 822 ლარი.
1999 წლის ივნისში სს «ს. ს. ს.» მოპასუხის ანგარიშზე წარდგენილ იქნა საგადასახადო დავალება (ინკასო), მაგრამ «ს. ს. ს.» ანგარიშზე თანხის უქონლობის გამო, თანხის ამოღება არ მოხერხდა.
მოსარჩელემ სარჩელში ითხოვა:
1. შპს «ს. ს. ს.» სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 29 525 822 ლარის გადახდის დაკისრება;
2. გადასახადის გადახდევინების უზრუნველსაყოფად შპს «საქართველოს საზღვაო სანაოსნოს» უძრავ-მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადება;
3. შპს «ს. ს. ს.» ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის მიზნით აუქციონის დანიშვნა და ამონაგები თანხის სახელმწიფო ბიუჯეტში ჩარიცხვა.
სარჩელთან ერთად მოსარჩელე აჭარის ა\რ საგადასახადო სახელმწიფო დეპარტამენტმა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაც შეიტანა სასამართლოში და ითხოვა ყადაღის დადება მოპასუხის კუთვნილ 13 ობიექტზე და მოპასუხის ბალანსზე რიცხული დებიტორებისათვის შპს «ს. ს. ს.» ქონების გადაცემის აკრძალვა.
აჭარის ა\რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო კოლეგიის 2000 წლის 27 ნოემბრის განჩინებით მოსარჩელის მოთხოვნა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ყადაღა დაედო მოსარჩელის მიერ მითითებულ, მოპასუხის კუთვნილ 13 ობიექტს. სარჩელის უზრუნველყოფის მეორე მოთხოვნას დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი. აღნიშნული განჩინება შევიდა კანონიერ ძალაში.
საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ აჭარის ა\რ კონტროლის პალატა, საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო და საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტრო.
მოპასუხე შპს «ს. ს. ს.» სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ საქართველოს კონტროლის პალატის 1999 წლის 29 ნოემბრის ¹522 ბრძანებით შექმნილი ერთობლივი კომისიის დასკვნით აჭარის ა\რ კონტროლის პალატის 1999 წლის 25 მაისის აქტით ბიუჯეტის სასარგებლოდ დასარიცხი 2039800 ლარი შემცირდა 10033200 ლარამდე. აღნიშნული თანხიდან 3,4 მილიონი ლარის კანონიერების შესწავლის მიზნით საქართველოს კონტროლის პალატამ მასალები გადაგზავნა საქართველოს გენერალურ პროკურატურაში, ხოლო 5,7 მილიონი ლარის დარიცხვის კანონიერება დამატებითი შესწავლის საგნად იქნა მიჩნეული.
მოპასუხემ შესაგებელში იშუამდგომლა საქმის წარმოების შეჩერება იმ საფუძვლით, რომ შპს «ს. ს. ს.» 1995-99 წლების საქმიანობაზე ჯერ აჭარის ა\რ პროკურატურაში იყო აღძრული სისხლის სამართლის საქმე, ხოლო გამოძიების დასრულებამდე მოცემული საქმის განხილვა შეუძლებელი იქნებოდა, რადგანაც პროკურატურის მიერ ამოღებული იყო საწარმოს 1992-99 წლების საბუღალტრო-საფინანსო დოკუმენტაცია.
მოპასუხემ ეჭვქვეშ დააყენა დავალიანებების დარიცხვის სისწორე და აღნიშნა, რომ პირიქით, სახელმწიფო ბიუჯეტში ზედმეტად გადახდილი თანხებიდან ერგებოდა 300000 ლარი.
აჭარის ა\რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის მთავარ სხდომაზე მოსარჩელემ შეამცირა მოთხოვნა და ითხოვა მოპასუხისათვის 28 887 161 ლარის დაკისრება.
სასამართლო კოლეგიის 2001 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილებით მოპასუხე შპს «ს. ს. ს.» სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა 28 887 161 ლარი. მოსარჩელეს უარი ეთქვა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებასა და მოპასუხის მთლიან ქონებაზე ყადაღის დადებაზე.
აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს «ს. ს. ს.» და საბოლოოდ ითხოვა სასამართლო კოლეგიის 2001 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების გამოტანა, რომლითაც არ დაკმაყოფილდება აჭარის ა\რ საგადასახადო სახელმწიფო დეპარტამენტის სარჩელი.
საკასაციო საჩივარი კასატორმა დაამყარა შემდეგ საფუძვლებზე:
1. აჭარის ა\რ კონტროლის პალატა არ იყო უფლებამოსილი, მთლიანად შეემოწმებინა სანაოსნოს საფინანსო-სამეურნეო საქმიანობა და ამიტომაც 1999 წლის 25 მაისის აქტი კანონის დარღვევით მოპოვებულ მტკიცებულებას წარმოადგენს.
2. საწარმოში ჩატარებული რევიზია-შემოწმების დროს დარღვეულ იქნა მოქმედი კანონმდებლობა.
3. მოპასუხეს გადასახადები და ჯარიმა-საურავები დაერიცხა მოქმედი კანონმდებლობის დარღვევით;
4. მოსარჩელემ აჭარის ა\რ საგადასხადო სახელმწიფო დეპარტამენტმა და მესამე პირმა აჭარის ა\რ კონტროლის პალატამ ვერ გააქარწყლეს მოპასუხის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ვერ დაამტკიცეს მათ მიერ გამოცემული აქტების კანონიერება.
5. სასამართლო კოლეგიამ საქმის განხილვისას და გადაწყვეტილების გამოტანისას დაარღვია საპროცესო ნორმები, კერძოდ, არ გამოიკვლია და არ შეაფასა მოპასუხის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები.
6. სასამართლო კოლეგიამ არ გამოიყენა სათანადო კანონი, გამოიყენა არასათანადო კანონი და არასწორად განმარტა კანონი, რის გამოც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად გადაწყვეტილება გამოიტანა სამართლის ნორმის დარღვევით.
7. გადაწყვეტილება იურიდიულად დაუსაბუთებელია, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის «ე» პუნქტის თანახმად მისი გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს წარმოადგენს.
2001 წლის 6 ივლისს აჭარის ა\რ საგადასახადო სახელმწიფო დეპარტამენტმა ახალი სარჩელი აღძრა აჭარის ა\რ უმაღლეს სასამართლოში მოპასუხე შპს «საქართველოს საზღვაო სანაოსნოს» მიმართ. აღნიშნულ საქმეში მესამე პირად ჩაება აჭარის ა\რ კონტროლის პალატა.
სარჩელში აღნიშნულია, რომ აჭარის ა\რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის მიერ 2001 წლის 7 ივნისს გამოტანილი გადაწყვეტილების შემდეგ, იმავე წლის 13 ივნისს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 236-ე მუხლის თანახმად, შპს «ს. ს. ს.» გაეგზავნა შეტყობინება გადასახადის სახით დარიცხული თანხის შესახებ.
მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხე აღნიშნულ გადასახადს არ იხდიდა. საწარმოს საბანკო ანგარიშებზე თანხა არ გააჩნდა, მაგრამ ჰქონდა უძრავ-მოძრავი ქონება და სხვა მატერიალური აქტივები, რომლებიც ასახული იყო საწარმოს ინვენტარიზაციის აქტში.
გარდა ამისა, მოპასუხე იყო სხვადასხვა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების დამფუძნებელი, რომელთა საწესდებო კაპიტალშიც ჩადებული ჰქონდა უძრავ-მოძრავი ქონება. აგრეთვე, საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ არსებულ ზოგიერთ საბანკო დაწესებულებაში გააჩნდა აქტივები, ფულადი სახსრები, აქციები და სხვა ფასიანი ქაღალდები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 244-ე მუხლის საფუძველზე მოპასუხე შპს «ს. ს. ს.» ქონების გირავნობისა და იპოთეკის უფლების რეალიზაციის უზრუნველყოფის მიზნით მოსარჩელემ ითხოვა:
1. შპს «ს. ს. ს.» მთელ უძრავ-მოძრავ ქონებაზე, კერძოდ, შენობა-ნაგებობებზე, დაუმთავრებელ კაპიტალურ მშენებლობებზე, აფხაზეთის ფლოტზე, სატრანსპორტო საშუალებებზე, ანუ შპს «ს. ს. ს.» ინვენტარიზაციის აქტში ასახულ მთელ ქონებაზე ყადაღის დადება;
2. საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ მდებარე საბანკო დაწესებულებებში არსებულ მოპასუხის აქტივებზე _ ფულად სახსრებზე, აქციებსა და სხვა ფასიან ქაღალდებზე ყადაღის დადება;
3. შპს «ს. ს. ს.» მიერ დაფუძნებულ მთელ რიგ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებების საწესდებო კაპიტალში ჩადებულ უძრავ-მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადება;
4. მესამე პირებთან არსებულ შპს «ს. ს. ს.» დებიტორული დავალიანების თანხებსა და მათი მოთხოვნის უფლებებზე, აგრეთვე, სხვა ქონებრივ უფლებებზე ყადაღის დადება;
5. მოპასუხისათვის მოსარჩელის გარეშე მესამე პირებისაგან რაიმე მატერიალური სარგებლის მიღების აკრძალვა;
6. შპს «ს. ს. ს.» ზემოთ აღნიშნული ქონების აუქციონზე რეალიზება და ამონაგები თანხის სახელმწიფო ბიუჯეტსა და შესაბამის არასაბიუჯეტო ფონდებში ჩარიცხვა;
7. ზემოთ აღნიშნულ უძრავ-მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადების დაუყოვნებლივ აღსრულება.
აჭარის ა\რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2001 წლის 5 სექტემბრის გადაწყვეტილებით აჭარის ა\რ საგადასახადო სახელმწიფო დეპარტამენტის სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად.
შპს «ს. ს. ს.» საკასაციო საჩივარი შეიტანა აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე და საბოლოოდ ითხოვა სასამართლო კოლეგიის 2001 წლის 5 სექტემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების გამოტანით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
საკასაციო სასამართლომ მიზანშეწონილად ჩათვალა, მოცემული დავების დროულად გადაწყვეტის მიზნით, საკასაციო წარმოებაში არსებული ორი ერთგვაროვანი საქმის გაერთიანება.
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, მოუსმინა მხარეებისა და მესამე პირთა განმარტებებს, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვის პერიოდში საქართველოს კონტროლის პალატის 2002 წლის 4 ივნისის ¹2 ბრძანების საფუძველზე შექმნილმა კომისიამ შეისწავლა აჭარის ა\რ კონტროლის პალატის მიერ შპს «ს. ს. ს.» ჩატარებული 1995 წლის 1 იანვრიდან 1999 წლის 1 მარტამდე პერიოდის საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის შემოწმების შესახებ შედგენილი 1999 წლის 25 მაისის აქტის (სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დარიცხული თანხების კანონიერების) სისწორე.
2002 წლის 18 იანვარს აღნიშნულმა კომისიამ შეადგინა აქტი, რომლის თანახმად აჭარის ა\რ კონტროლის პალატის 1999 წლის 25 მარტის შემოწმების აქტით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დარიცხული თანხები ექვემდებარება შემცირებას, კერძოდ, აქტში მითითებულია, რომ შპს «ს. ს. ს.» სახელმწიფო ბიუჯეტში ამოღებას სულ ექვემდებარება 4412,78 ათასი ლარი, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაბრუნებას ან გამოქვითვას _ 1154,3 ათასი ლარი.
2002 წლის 31 იანვარს საქართველოს კონტროლის პალატის პრეზიდიუმმა გამოიტანა ¹3\1 დადგენილება, რომლითაც დადგინდა, რომ ცნობად ყოფილიყო მიღებული შპს «ს. ს. ს.» 1999 წლის 18 იანვრის აქტი. აღნიშნული აქტიდან გამომდინარე, შეტანილიყო ცვლილება შპს «ს. ს. ს.» საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის 1999 წლის 25 მაისის შემოწმების აქტში სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დარიცხული თანხების ნაწილში და შპს «ს. ს. ს.» 1995 წლის 1 იანვრიდან 1999 წლის 1 მარტამდე პერიოდის საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის კომპლექსური რევიზიის შედეგების შესახებ» აჭარის ა\რ კონტროლის პალატის პრეზიდიუმის 1999 წლის 26 მაისის ¹6\1 დადგენილებაში.
საქართველოს კონტროლის პალატის პრეზიდიუმის 2002 წლის 31 იანვრის ¹3\1 დადგენილება და შპს «ს. ს. ს.» 1999 წელს ჩატარებული შემოწმების შედეგების დამატებითი შემოწმების 2002 წლის 18 იანვრის აქტი გადმოეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას.
საკასაციო სასამართლოში საქმის ზეპირი განხილვის დროს მხარეთა განმარტებებიდან გაირკვა, რომ საქართველოს კონტროლის პალატის პრეზიდიუმის 2002 წლის 18 იანვრის აქტი არავის გაუსაჩივრებია სასამართლოში «საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ» კანონის 57-ე მუხლის შესაბამისად.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საქართველოს კონტროლის პალატის პრეზიდიუმის, როგორც სტრუქტურულად აჭარის ა\რ კონტროლის პალატის ზემდგომის, 2002 წლის 31 იანვრის ¹3\1 დადგენილება არის იმის საფუძველი, რომ ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს საკასაციო საჩივარი და აგრეთვე, ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს აჭარის ა\რ საგადასახადო სახელმწიფო დეპარტამენტის სარჩელები, კერძოდ, შპს «ს. ს. ს.» სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დარიცხული თანხა შეუმცირდეს 4412,78 ათას ლარამდე.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული თანხის გადახდევინება უნდა მოხდეს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 252-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილი წესით, კერძოდ, შპს «ს. ს. ს.» ვალდებულია, გადაიხადოს ვადაზე გადაუხდელი თანხის 0,15% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, გადახდის ვადის დადგენილი თარიღიდან გადასახადის გადახდის თარიღამდე.
რაც შეეხება 2002 წლის 18 იანვრის შემოწმების აქტში მითითებულ 1154,3 ათასი ლარის შპს «ს. ს. ს.» სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაბრუნებას ან გამოქვითვას, აღნიშნულთან დაკავშირებით შპს «ს. ს. ს.» სასარჩელო მოთხოვნა არ ჰქონია, შესაბამისად პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას ეს საკითხი განხილვის საგანს არ წარმოადგენდა და ამდენად, საკასაციო სასამართლო მასზე ვერ იმსჯელებს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ აჭარის ა\რ საგადასახადო სახელმწიფო დეპარტამენტის სარჩელი შპს «ს. ს. ს.» კუთვნილ უძრავ-მოძრავ ქონებაზე, საბანკო ანგარიშებსა და მოპასუხის მიერ დაფუძნებულ საწარმოთა საწესდებო კაპიტალში ჩადებულ უძრავ-მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადების ნაწილში, უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას შპს «ს. ს. ს.» მიერ დაფუძნებულ შპს-ის საწესდებო კაპიტალში ჩადებულ უძრავ-მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადებაზე იმ საფუძვლით, რომ «მეწარმეთა შესახებ» კანონის თანახმად შპს «ს. ს. ს.» ქონებას წარმოადგენს მის მიერ დაფუძნებულ საწარმოებში შპს «ს. ს. ს.» წილი და არა საწესდებო კაპიტალში ჩადებული უძრავ-მოძრავი ქონება, რომელიც ეკუთვნის ამ საწარმოებს და არა დამფუძნებელ პარტნიორს.
რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას, შპს «ს. ს. ს.» კუთვნილ უძრავ-მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადების, აღნიშნული ქონების აუქციონზე რეალიზებისა და ამონაგები თანხის სახელმწიფო ბიუჯეტში ჩარიცხვის შესახებ, იგი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. შპს «ს. ს. ს.» საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. აჭარის ა\რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2001 წლის 7 ივნისისა და 2001 წლის 5 სექტემბრის გადაწყვეტილებების შეცვლით გამოტანილ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.
3. აჭარის ა\რ საგადასახადო სახელმწიფო დეპარტამენტის სარჩელები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
4. მოპასუხე შპს «ს. ს. ს.» სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს 4412780 ლარი, რომლის გადახდევინება მოხდეს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 252-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილი წესით.
5. ყადაღა დაედოს მოპასუხე შპს «ს. ს. ს.» საბანკო ანგარიშებსა და უძრავ-მოძრავ ქონებას.
6. მოპასუხე შპს «ს. ს. ს.» ქონება ამ გადაწყვეტილების მე-4 პუნქტით გათვალისწინებული თანხის ფარგლებში რეალიზებულ იქნეს აუქციონზე და ამონაგები თანხები ჩაირიცხოს სახელმწიფო ბიუჯეტში კანონით დადგენილი წესით.
7. მოპასუხე შპს «ს. ს. ს.» სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟი 5000 ლარის ოდენობით.
8. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.