3გ-ად-136-კ-02 13 სექტემბერი, 2002 წ. ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა შემადგენლობა:
ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),
მ. ვაჩაძე (მომხსენებელი), ნ. სხირტლაძე
დავის საგანი: სადავო შენობის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის, ამხანაგობა «ი-ის» ¹3 ოქმის ბათილად ცნობა და შეგებებულ სარჩელზე მოპასუხის დაკავებული შენობიდან გამოსახლება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1998 წლის 3 ივნისს ი. და ივ. წ-ებმა სარჩელი აღძრეს დუშეთის რაიონულ სასამართლოში და მოპასუხე ა. უ-ის მათი კუთვნილი შენობიდან გამოსახლება და მისთვის საიჯარო ქირისა და ადვოკატის ხარჯების დაკისრება მოითხოვეს. მოსარჩელეები თავიანთ მოთხოვნას შემდეგ გარემოებებზე ამყარებდნენ:
საქართველოს პრეზიდენტის 1994 წლის 29 მაისის ¹178 ბრძანებულების საფუძველზე, 1996 წელს მოსარჩელეებმა ქ. დუშეთში, ... ქ. ¹29-ში მდებარე სამხატვრო სახელოსნოს შენობა შეისყიდეს, რაზეც სახელმწიფო ქონების მართვის დუშეთის რაიონული განყოფილების მიერ 1996 წლის 19 ნოემბერს საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა იქნა გაცემული. მოპასუხე ა. უ-თან ზეპირსიტყვიერად, საიჯარო ქირის სახით 100 ლარის გადახდის პირობით, დადებულ იქნა იჯარის ხელშეკრულება და მოსარჩელეების კუთვნილი სახელოსნოს ნაწილი, მაღაზიის გახსნის მიზნით, მოპასუხეს გადაეცა. მოსარჩელეები მიუთითებდნენ, რომ მიუხედავად აღნიშნული შეთანხმებისა, ა. უ-ს 8 თვის ქირა არ გადაუხდია, უფრო მეტიც, მან სადავო შენობის მესაკუთრეთა დაუკითხავად სახელოსნოს ფასადი შეცვალა. ამდენად, მოსარჩელეები მოპასუხეზე 8 თვის გადაუხდელი საიჯარო ქირისა და ადვოკატის ხარჯების დაკისრებას მოითხოვდნენ. სასამართლო პროცესზე მოსარჩელეებმა დავის საგანი გაზარდეს და 8 თვის საიჯარო ქირის ნაცვლად 33 თვის ქირის _ 3300 ლარის ანაზღაურება მოითხოვეს.
მოპასუხე ა. უ-მა სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ ლ-მა, წ-მ, ო-შვილმა და მან (უ-მა) 1994 წლის 8 სექტემბერს სამეურნეო ამხანაგობა «ი." შექმნეს და საქართველოს პრეზიდენტის 1994 წლის 29 მაისის ¹178 ბრძანებულების საფუძველზე სადავო ფართი შეისყიდეს. მართალია, თანხა ივ. წ-ის დამ _ ი. წ-მ გადაიხადა, მაგრამ უ-ის თქმით, წ-ებს მისი ვალი ჰქონდათ. ა. უ-ი აქვე განმარტავდა, რომ მოსარჩელეთა მიერ სასამართლო პროცესზე წარმოდგენილი ცნობა იმის თაობაზე, რომ ამხანაგობა «ი-ის" კრებაზე ის და დანარჩენი ორი წევრი გარიცხულნი იყვნენ არ შეესაბამებოდა სინამდვილეს. მოპასუხე მიუთითებდა, რომ სადავო შენობა, ამხანაგობის წევრთა თანხმობით, 3 წლის განმავლობაში ბელა წ-ს ეკავა.
დუშეთის რაიონის სასამართლოს 1998 წლის 4 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ი. და ივ. წ-ების სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხე ა. უ-ი გამოსახლებულ იქნა სადავო ფართიდან და მოსარჩელეთა სასარგებლოდ საიჯარო ქირის _ 1100 ლარისა და ადვოკატის ხარჯების _ 127 ლარის გადახდა დაეკისრა.
მითითებული გადაწყვეტილება ა. უ-მა საკასაციო წესით გაასაჩივრა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 1998 წლის 26 ნოემბრის განჩინებით მისი საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
ა. უ-მა საზედამხედველო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს. უზენაესი სასამართლოს 2000 წლის 23 მაისის განჩინებით ა. უ-ის საზედამხედველო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა დუშეთის რაიონის სასამართლოს 1998 წლის 4 ოქტომბრის გადაწყვეტილება, ასევე საქართველოს უზენაესი სასამართლოს 1998 წლის 26 ნოემბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოს დაუბრუნდა.
2000 წლის 23 მაისს ა. უ-მა, მ. ო-შვილმა და ო. ლ-მა სარჩელით მიმართეს სასამართლოს და ი. წ-ის მიერ უკანონოდ დაკავებული ფართის გათავისუფლება და საიჯარო ქირის სახით 666 ლარის გადახდა მოითხოვეს. ამასთან, მიუთითეს, რომ ქ. დუშეთში, ... ქ. ¹29-ში მდებარე შენობა სამეურნეო ამხანაგობა «ი-ის» საკუთრებას წარმოადგენდა და ისინი ივ. წ-სთან ერთად ამხანაგობის წევრები იყვნენ.
2000 წლის 4 სექტემბერს ა. უ-მა და ონისიმე ლ-მა შეგებებული სარჩელი წარადგინეს სასამართლოში და ი. წ-ის დაკავებული ფართიდან გამოსახლება, ბინის ქირის სახით 3400 ლარის დაკისრება, სადავო შენობის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების, მასზე გაცემული საკუთრების დამადასტურებელი მოწმობისა და ამხანაგობა «ი-ის" წევრთა 1995 წლის 20 დეკემბრის ¹3 კრების ოქმის ბათილად ცნობა მოითხოვეს. ამავე პროცესზე საქმეში მოპასუხედ დუშეთის რაიონის ქონების მართვის სამმართველო იქნა ჩაბმული.
დუშეთის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 3 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ი. და ივ. წ-ების სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: ა. უ-ი გამოსახლებულ იქნა სადავო ფართიდან, ხოლო საიჯარო ქირის გადახდისა და ადვოკატის ხარჯების ანაზღაურების ნაწილში მოსარჩელეებს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვათ. ამავე გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ა. უ-ისა და ონისიმე ლ-ის შეგებებული სარჩელი: ბათილად იქნა ცნობილი სადავო შენობის ყიდვა-გაყიდვის 1996 წლის 19 ნოემბრის ¹39 ხელშეკრულება, ამავე თარიღის საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა და 1995 წლის 20 დეკემბრის სამეურნეო ამხანაგობა «ი-ის» წევრთა ¹3 კრების ოქმი. ამასთან, ი. წ-ე გამოსახლებულ იქნა სადავო ფართიდან, მაგრამ მისთვის გადასახდელი ქირის დაკისრების საკითხი არ დაკმაყოფილდა.
დუშეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით მხოლოდ ი. და ივ. წ-ებმა გაასაჩივრეს და 2000 წლის 4 ოქტომბრის გადაწყვეტილების იმ ნაწილში გაუქმება მოითხოვეს, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი სადავო შენობის ნასყიდობის ხელშეკრულება, საკუთრების მოწმობა და მათ უარი ეთქვათ საიჯარო ქირის გადახდისა და ადვოკატის ხარჯების ანაზღაურებაზე.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2002 წლის 14 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ შემდეგ გარემოებებზე მიუთითა:
«სახელმწიფო საწარმოთა პრივატიზების შესახებ" 1991 წლის'საქართველოს კანონისა და სახელმწიფო მეთაურის 1994 წლის 29 მაისის ¹178 ბრძანებულების თანახმად, შრომითი კოლექტივისათვის ობიექტის მიყიდვა პირდაპირი მიყიდვის წესით ბრძანებულების მიღებიდან ერთი წლის განმავლობაში ხორციელდებოდა. ამასთან, აღნიშნული ბრძანებულების თანახმად, 1995 წლის 29 მაისის შემდგომ მოცემული საკითხის ამგვარად დარეგულირება კანონსაწინააღმდეგო იყო. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ დუშეთის ქონების მართვის სამმართველოს მიერ სადავო ობიექტის გაყიდვა და საკუთრების მოწმობის გაცემა კანონის მოთხოვნათა დარღვევით მოხდა.
ამავე გადაწყვეტილებით სასამართლომ არ გაზიარა აპელანტების მოსაზრება იმის თაობაზე, რომ უ-ისა და ლ-ის მოთხოვნა ხანდაზმული იყო და მიიჩნია, რომ მათ დარღვეული უფლების შესახებ მას შემდეგ შეიტყვეს, რაც წ-ებმა სარჩელი აღძრეს უ-ის მიმართ და მისი გამოსახლება მოითხოვეს, ამდენად, მათ ხანდაზმულობის ვადა გაშვებული არ ჰქონდათ.
თბილისის საოლქო სასამართლოს 2002 წლის 14 მარტის განჩინება ი. და ივ. წ-ებმა საკასაციო წესით გაასაჩივრეს.
კასატორების მოსაზრებით, უ-ისა და ლ-ის მოთხოვნები ხანდაზმულია, რადგან მათთვის სადავო ობიექტის შესყიდვის ფაქტი ჯერ კიდევ 1994 წელს გახდა ცნობილი, მათ კი აღნიშნული საკითხი მხოლოდ 6 წლის შემდეგ, 2000 წელს გახადეს სადავოდ. ამასთან, ნიშანდობლივია ის გარემოებაც, რომ ა. უ-მა დუშეთის მაჟორიტარი დეპუტატის წარმომადგენლობას წ-ების გამოსახლების თაობაზე 1997 წელს მიმართა განცხადებით და მისთვის, ბუნებრივია, აღნიშნულის შესახებ 1997 წლიდან იყო ცნობილი. ამდენად, კასატორების აზრით, მოპასუხეებს გაშვებული აქვთ სამოქალაქო სამართლის კოდექსით გათვალისწინებული სამწლიანი და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული 6-თვიანი ხანდაზმულობის ვადა.
კასატორებმა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2002 წლის 14 მარტის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვეს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება და დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ ი. და ივ. წ-ების საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2002 წლის 14 მარტის განჩინება შემდეგ გარემოებათა:
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მოცემულიი დავის გადაწყვეტისას გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და სწორად განმარტა იგი. სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1994 წლის 29 მაისის ¹178 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულება «პრივატიზაციის პროცესში ვაჭრობის, საზოგადოებრივი კვებისა და საყოფაცხოვრებო მომსახურების საწარმოების მუშაკთათვის ობიექტების პირდაპირი მიყიდვის შესახებ" და დადგენილად ცნო, რომ ქ. დუშეთში, ... ქ.¹29-ში მდებარე სამხატვრო სახელოსნოს შენობის პრივატიზაცია აღნიშნული დებულების მე-3, მე-7, მე-8, მე-11, მე-12, მე-13 და მე-14 მუხლების მოთხოვათა დარღვევით განხორციელდა. კერძოდ, სადავო ობიექტი ნაცვლად საწარმოს მუშაკთა ამახანაგობის წევრებისა, სხვა პირებმა შეისყიდეს; ამასთან, ამხანაგობის მიერ კანონით დადგენილი წესით და ვადაში სახელმწიფო ქონების მართვის ორგანოში არ ყოფილა წარდგენილი განცხადება და თანდართული დოკუმენეტები სადავო ობიექტის პირდაპირი მიყიდვის შესახებ; ასევე ამხანაგობის თითოეული წევრის კანონიერი უფლებების დაცვით არ მომხდარა საწარმოსათვის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის შერჩევა და მასში ამხანაგობის ყველა წევრის შეყვანა; საყ-დღებოა ისიც, რომ სადავო ობიექტის პირდაპირი მიყიდვის წესით პრივატიზების შესახებ ინფორმაცია კანონის შესაბამისად არ გამოქვეყნებულა. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, დარღვეულ იქნა მითითებული ბრძანებულების 1.1.-ლი მუხლის მოთხოვნაც. ამ შენობის საწარმოს მუშაკთათვის პირდაპირი მიყიდვა ბრძანებულების ხელმოწერიდან ერთი წლის განმავლობაში არ განხორციელდა.
საკასაციო სასამართლო სავალდებულოდ მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს მიერ საპროცესო ნორმების დაცვით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, მით უმეტეს, რომ კასატორების სადავო ობიექტის პრივატიზაციის კანონიერების შესახებ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია არ წარმოუდგენიათ.
კასატორები საკასაციო საჩივარში ყ-დღებას ძირითადად მოწინააღმდეგე მხარის ა. უ-ისა და ო. ლ-ის შეგებებული სარჩელის ხანდაზმულობაზე ამახვილებენ და მიიჩნევენ, რომ ამ უკანასკნელთა სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულია, რადგან შეგებებული სარჩელი მათ მიერ მხოლოდ 2000 წლის 4 სექტემბერს იქნა წარდგენილი სასამართლოში, მაშინ, როცა სადავო ობიექტის პრივატიზაციისა და საკუთრების შესახებ 1994-1997 წლებში იცოდნენ.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორების მოსაზრებას მოცემულ შემთხვევაზე საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული 6-თვიანი ხანდაზმულობის ვადის გამოყენების შესახებ და განმარტავს, რომ აღნიშნული ნორმა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრების ვადასა და წესს ადგენს, მაშინ, როცა სადავო ობიქტის პრივატიზაცია, პირდაპირი მიყიდვა, თავისი ბუნებით, ადმინისტრაციული ორგანოს _ დუშეთის რაიონის სახელმწიფო ქონების მართვის განყოფილების მიერ დადებული გარიგებაა, რომლის გასაჩივრებაც, იმ დროს მოქმედი საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის თანახმად, 3 წლით განისაზღვრებოდა. სასარჩელო ხანდაზმულობის 3 წელი გაითვალისწინება «სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ" საქართველოს 1997 წლის 30 მაისის სპეციალურმა კანონმაც, რომლის თანახმად «პრივატიზებულ სახელმწიფო ქონებასთან დაკავშირებული სადავო საკითხების განხილვის ხანდაზმულობის ვადა 3 წელია" (მე-11 მუხლის მე-3 პუნქტი).
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ა. უ-ისა და ონისიმე ლ-ისათვის სადავო ობიექტის და-ძმა წ-ების მიერ შესყიდვის ფაქტი ამ უკანასკნელთათვის მათ მიმართ და-ძმა წ-ების სასარჩელო განცხადების სასამართლოში წარდგენის შემდეგ, 1998 წელს გახდა ცნობილი. მოწინააღმეგე მხარის განმარტებით, 1994-1997 წლებში, დუშეთის მაჟორიტარი დეპუტატის წარმომადგენლისთვის წარდგენილ განცხადებაში, იგი და-ძმა წ-ების სადავო შენობიდან გამოსახლებას ითხოვდა და არა სადავო შენობის პრივატიზაციისა და საკუთრების მოწმობის ბათილად ცნობას, რადგან ამის შესახებ მისთვის ცნობილი არ იყო, ისევე როგორც, მისთვის ცნობილი არ იყო ის ფაქტი, რომ და-ძმა წ-ებს სამეურნეო ამხანაგობა «ი-ის" ბაზაზე სპს «წ-ები" ჰქონდათ დაფუძნებული და ამხანაგობის დანარჩენი წევრები, ამ წევრთა დაუკითხავად და შეუტყობინებლად, გარიცხული ჰყავდათ ამხანაგობიდან. იმ შემთხვევაში, თუ მას ეცოდინებოდა და-ძმა წ-ების მიერ სადავო შენობის პრივატიზაციის შესახებ, იგი ასეთ რემონტს შენობას არ გაუკეთებდა და ამდენ ხარჯს არ გასწევდა.
საკასაციო სასამართლო, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სავალდებულოდ მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, რადგან კასატორების _ და-ძმა წ-ების მიერ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. იმ გარემოებებზე, რომლებიც საკასაციო საჩივარშია მითითებული, სააპელაციო სასამართლომ იმსჯელა და დაადგინა, რომ ა. უ-ისა და ონისიმე ლ-ის შეგებებული სარჩელი არ არის ხანდაზმული, რასაც იზიარებს საკასაციო სასამართლო.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორების და-ძმა წ-ების საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ი. და ივ. წ-ების საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2002 წლის 14 მარტის განჩინება;
3. სახელმწიფო ბაჟი 40 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ თანაბარწილად გადახდეთ კასატორებს: ი. და ივ. წ-ებს;
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.