Facebook Twitter

3გ-ად-137კ-2 12 სექტემბერი, 2002 წ. ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა, შემადგენლობა:

ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),

ნ. კლარჯეიშვილი (მომხსენებელი),

ბ. კობერიძე

დავის საგანი: მერიის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორი მ. ა-ე 1989 წლიდან მუშაობდა «ბ-ის» სისტემაში, კერძოდ, ¹... მაღაზიაში მეორე კატეგორიის გამყიდველად, ხოლო გამგის თანამდებობაზე მუშაობდა კასატორი მ. თ-ე (ს.ფ. 36-37). რეორგანიზაციის შედეგად «ბ-ა» გარდაიქმნა შპს «ბა-ად» (ს.ფ. 26-27).

1998 წლის 25 ნოემბრის ¹20 ბრძანებით მ. ა-ე გავიდა უფასო დეკრეტულ შვებულებაში, საიდანაც სამუშაოზე უნდა დაბრუნებულიყო 2001 წლის 6 ივლისს (ს.ფ. 8). მ. ა-ის შვებულებაში ყოფნის პერიოდში, 1999 წლის 20 ივნისს «ბ-ის» ადმინისტრაციამ წერილით მიმართა ქ. ბათუმის მერიას, საიჯარო ქირის გადახდის შეუძლებლობის გამო, ¹3 მაღაზიის არასაცხოვრებელ ფართზე იჯარის ხელშეკრულების შეწყვეტისა და საიჯარო ფართის მერიისათვის დაბრუნების შესახებ. წერილის საფუძველზე ქ. ბათუმის მერიამ 1999 წლის 19 აგვისტოს სადავო ¹62 გადაწყვეტილებით შეწყვიტა იჯარის ხელშეკრულება «ბ-სთან». ამავე გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ¹3 მაღაზიის გამგის მ. თ-ის მოთხოვნა და იჯარით გადაეცა აღნიშნული მაღაზიის ფართი, ხოლო ¹5 მიკრორაიონის გამგეობას მერიამ დაავალა მ. თ-ესთან შესაბამისი საიჯარო ხელშეკრულების გაფორმება (ს.ფ. 10). შპს «ბ-ამ» 1999 წლის 26 აგვისტოს ¹19 ბრძანებით, ქ. ბათუმის მერიის ¹62 ბრძანების შესაბამისად, ¹3 მაღაზიის არასაცხოვრებელი ფართი იჯარით გადასცა ინდივიდუალურ მეწარმე «მ. თ-ეს» (ს.ფ. 9), ხოლო «ბ-ის» 1999 წლის 9 სექტემბრის ¹17 ბრძანებით, შრომის კანონთა კოდექსის 30-ე მუხლის საფუძველზე, მ. ა-ე დათხოვნილი იქნა ¹3 მაღაზიიდან და გადაყვანილი იქნა ინდ.მეწარმე «მ. თ-ეში». (ს.ფ. 7).

მ. ა-ემ სამუშაოზე აღდგენის თხოვნით მიმართა ქ. ბათუმის მერიას, რომელმაც 2001 წლის 17 ოქტომბერს ¹ა-1480 წერილით აცნობა, რომ მისი მოთხოვნა სამართლიანია, მაგრამ ვერ აღადგენს სამუშაოზე, რადგან მათ კომპეტენციაში არ შედის და საკითხი სასამართლოს გადასაწყვეტია (ს.ფ. 17). რის შემდეგაც, 2001 წლის 17 ოქტომბერს მ. ა-ემ სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა სამუშაოზე აღდგენა, განაცდური თანხის - 400 ლარის ანაზღაურება, მ. თ-ისგან მორალური ზიანის სახით 5000 ლარის ანაზღაურება, ქ. ბათუმის მერიის 1999 წლის 19 აგვისტოს ¹62 გადაწყვეტილების გაუქმება და ინდ.მეწარმე «მ. თ-ესთან» იჯარის ხელშეკრულების მოშლა. მოსარჩელის განმარტებით, «ბა-ის» ადმინისტრაციამ მისი გათავისუფლებით დაარღვია შრომის კანონთა კოდექსის 30-ე მუხლის პირველი ნაწილის «ე» პუნქტი, რადგან გათავისუფლებაზე მისი თანხმობა არ ყოფილა და სამსახურიდან დათხოვის დროს შვებულებაში იმყოფებოდა. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საწარმოს, ორგანიზაციის გადაცემა ერთი ორგანიზაციის დაქვემდებარებიდან სხვა ორგანიზაციის დაქვემდებარებაში არ წყვეტს შრომის ხელშეკრულების მოქმედებას. გარდა ამისა, ბათუმის მერიის 1999 წლის 19 აგვისტოს ¹62 გადაწყვეტილება არის ადმინისტრაციული გარიგება, ამიტომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 67-ე მუხლის მიხედვით, ამ გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო იყო მესამე პირების ანუ «ბ-ის» კოლექტივის წერილობითი თანხმობა, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ქონია (ს.ფ. 3-6).

სარჩელი არ ცნო მ. თ-ემ. მან მიუთითა, რომ მოსარჩელე სამსახურიდან გაათავისუფლა «ბ-ამ», რომელსაც უფლება არ ქონდა გადაეყვანა იგი ინდ.მეწარმე «მ. თ-ში», რადგან ამ უკანასკნელს «ბ-ასთან» არანაირი ურთიერთობა აღარ აკავშირებდა (ს.ფ. 23-25). სარჩელი ასევე არ ცნეს შპს «ბა-ამ», ქ. ბათუმის მერიამ და ბათუმის ¹1 მიკრორაიონის გამგეობამ.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2002 წლის 25 იანვრის განჩინებით მ. თ-ე, როგორც მოპასუხე, ამოირიცხა საქმიდან, თუმცა მოგვიანებით საქმეში ჩაერთო ჯერ მესამე პირად დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე, ხოლო შემდეგ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ მესამე პირად (ს.ფ. 62, 93-94).

ბათუმის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა მ. თ-ის წარმომადგენლის შუამდგომლობები და 2001 წლის 12 დეკემბრის განჩინებით მოცემული საქმე გაყო სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებად (ს.ფ. 46-48).

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2002 წლის 28 იანვრის გადაწყვეტილებით მ. ა-ის სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე, 53-ე, მე-60 მუხლების საფუძველზე, ბათილად იქნა ცნობილი ქ. ბათუმის მერიის 1999 წლის 19 აგვისტოს ¹62 გადაწყვეტილება, ხოლო ამავე კოდექსის მე-2, 67-ე, 70-ე მუხლების შესაბამისად, გაუქმდა ინდ.მეწარმე «მ. თ-სა» და ¹1 მიკრორაიონის გამგეობას შორის, მერიის ¹62 გადაწყვეტილების საფუძველზე დადებული იჯარის ხელშეკრულება (ს.ფ. 77).

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მ. თ-ემ (ს.ფ. 83-84) და ბათუმის ¹1 მიკრორაიონის გამგეობამ (ს.ფ. 80-82), თუმცა მოგვიანებით ამ უკანასკნელმა უარი თქვა სააპელაციო საჩივარზე (ს.ფ. 95).

აჭარის ა.რ. უმაღლესი სასამართლოს 2002 წლის 22 მარტის განჩინებით მ. თ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

1. სასამართლომ მიუთითა, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 218-ე მუხლის მიხედვით, ამ კოდექსის ამოქმედებამდე გამოცემული ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობა არ შეიძლება, თუ პირმა ამ აქტის საფუძველზე განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის რაიმე ქმედება. სადავო ადმინისტრაციული აქტით მ. თ-ეს გადაეცა ¹... მაღაზია, ხოლო საქალაქო სასამართლომ ისე გააუქმა მერიის გადაწყვეტილება, რომ საერთოდ არ უმსჯელია მ. თ-ის მიერ ამ მიმართებით განხორციელებული ქმედებები იყო თუ არა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის «ბ» პუნქტით და 61-ე მუხლის მეორე ნაწილის «ა», «ბ» და «გ» პუნქტებით გათვალისწინებული ქმედებები;

2. რადგან სადავო გადაწყვეტილება მოამზადეს ბათუმის ¹5 მიკრორაიონის გამგეობის მუშაკებმა, ხოლო საკითხის განხილვას კურირებდა ბათუმის მერიის საბინაო კომუნალური სამმართველო, ამიტომ ამ პირთა დაკითხვა სააპელაციო სასამართლომ სავალდებულოდ მიიჩნია;

3. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საქმის ხელახალი განხილვის დროს საქალაქო სასამართლომ უნდა გამიჯნოს ადმინისტრაციული და სამოქალაქო სარჩელები და მათი განხილვის რიგითობის დადგენისას გაითვალისწინოს მხარეთა მოსაზრებები (ს.ფ. 128-132).

აჭარის ა.რ. უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილებას საკასაციო წესით ასაჩივრებს მ. თ-ე და შემდეგი მოტივით ითხოვს ახალი გადაწყვეტილებით ქ. ბათუმის მერიის 1999 წლის 19 აგვისტოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვებას:

კასატორს მიაჩნია, რომ საქმის უკან დაბრუნება ემსახურება საქმის განხილვის გაჭიანურებას, რადგან, როგორც პირველი ინსტანციის, ასევე სააპელაციო სასამართლოს სხდომებზე სრულად გაირკვა საქმეზე ჭეშმარიტების დასადგენი ყველა გარემოება. მოცემულ საქმეზე არ არის აუცილებელი განჩინებაში მითითებულ პირთა დაკითხვა, რადგან ¹5 მიკრორაიონის გამგეობის მონაწილეობა ამ საქმეზე შემოიფარგლა მხოლოდ საიჯარო ხელშეკრულების გაფორმებით, ხოლო საბინაო - კომუნალური განყოფილება მერიის სტრუქტურული ქვედანაყოფია და კავშირი არა აქვს არასაცხოვრებელი ფართის იჯარით გაცემასთან (ს.ფ. 139-140).

საკასაციო სასამართლოში შეგებებული საკასაციო საჩივარი შემოიტანა ასევე მ. ა-ემ, რომელმაც მოითხოვა აჭარის არ უმაღლესი სასამართლოს 2002 წლის 6 მარტისა და 22 მარტის განჩინებების გაუქმება და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2002 წლის 28 იანვრის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება. კასატორის მითითებით, მ. თ-ეს არ ქონდა სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლება, რადგან იგი პროცესში წარმოადგენდა დამოუკიდებელ სასარჩელო მოთხოვნის გარეშე მესამე პირს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება - დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. თ-ისა და მ. ა-ის საკასაციო საჩივრები ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს აჭარის არ. უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასადაო საქმეთა პალატის 2002 წლის 22 მარტის განჩინება და საქმე ხელახალი არსებითი განხილვისათვის დაუბრუნდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს, შემდეგ გარემოებათა გამო:

1. მოსარჩელე მ. ა-ე სადავოდ ხდიდა ქ. ბათუმის მერიის 1999 წლის 19 აგვისტოს ¹62 გადაწყვეტილებას, რომლის პირველი პუნქტით «ბ-ის» განცხადების საფუძველზე, შეწყდა ბათუმში, ...ის ქ. ¹9-ში მდებარე 37,5 კვ.მ. არასაცხოვრებელ ფართზე დადებული იჯარის ხელშეკრულება და ამავე გადაწყვეტილების მე-2 პუნქტით, იგივე არასაცხოვრებელი ფართი იჯარით სარგებლობაში გადაეცა ინდივიდუალურ მეწარმე «მ. თ-ეს» (ს.ფ. 10). ქ. ბათუმის მერიის აღნიშნული ¹62 გადაწყვეტილება ბათუმის საქალაქო სასამართლომ 2002 წლის 28 იანვრის გადაწყვეტილებით ბათილად ცნო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე, 53-ე, მე-60, 67-ე და 70-ე მუხლების საფუძველზე (ს.ფ. 77), ხოლო აჭარის ა.რ. უმაღლესი სასამართლოს სააპელაციო პალატამ 2002 წლის 22 მარტის განჩინებაში საქალაქო სასამართლოს მიუთითა სადავო ადმინისტრაციული აქტის – ქ. ბათუმის მერიის ¹62 გადაწყვეტილების კანონიერების საკითხზე მსჯელობისას ეხელმძღვანელა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 218-ე მუხლით. ამდენად, როგორც ბათუმის საქალაქო, ასევე აჭარის ა.რ. უმაღლესმა სასამართლომ მ. ა-ის სარჩელი ბათუმის მერიის ¹62 გადაწყვეტილების გაუქმებაზე, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის «ა» პუნქტის შესაბამისად, განიხილა როგორც ადმინისტრაციული აქტის ბათილობაზე დავა, ხოლო თავად ¹62 გადაწყვეტილება სასამართლოებმა ადმინისტრაციულ აქტად მიიჩნიეს, რასაც საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს.

უდავოდ დადასტურებულია, რომ ბათუმის მერიის ¹62 გადაწყვეტილებით, «ბ-ის» წერილის საფუძველზე, ფაქტობრივად შეწყდა არასაცხოვრებელ ფართზე მასთან დადებული იჯარის ხელშეკრულება და იმავდროულად იჯარის ხელშეკრულება დაიდო ინდივიდუალურ მეწარმე «მ. თ-ესთან». ამდენად, ბათუმის მერიის ¹62 გადაწყვეტილება ეხება საიჯარი ხელშეკრულებების მოშლა – დადებას (ს.ფ.10). განსახილველ შემთხვევაში, ¹62 გადაწყვეტილებით გათვალისწინებული იჯარის ხელშეკრულება, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის «ზ» პუნქტისა და 65-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ გარიგებას წარმოადგენს, რაც იურიდიულად იგივე სამოქალაქო - სამართლებრივი გარიგებაა, მხოლოდ განსხვავებაა გარიგების მონაწილე მხარეებში. ადმინისტრაციული გარიგების კონტრაჰენტები კონკრეტულ დავაში არიან ადმინისტრაციული ორგანო (მეიჯარე) – ქ. ბათუმის მერია, ხოლო მოიჯარეები – ფიზიკური პირი – ინდივიდუალური მეწარმე «მ. თ-ე» (ახალი მოიჯარე) და კერძო სამართლის იურიდიული პირი – შპს «ბ-ა» (ძველი მოიჯარე).

რადგან ბათუმის მერიის სადავო ¹62 გადაწყვეტილებაც სწორედ ადმინისტრაციულ გარიგებასთან, საიჯარო სამართლებრივ ურთიერთობასთანაა დაკავშირებული, საკასაციო პალატის აზრით, იურიდიულად იგი ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IV თავით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ აქტს კი არ წარმოადგენს, არამედ ადმინისტრაციული გარიგების კონტრაჰენტი ადმინისტრაციული ორგანოს ნების წერილობითი გამოხატულებაა ამ ადმინისტრაციული გარიგების (იჯარის) ვადამდე მოშლაზე (შეწყვეტაზე) და მ. თ-ესთან ახალი გარიგების დადებაზე. პალატას მიაჩნია, რომ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ გარიგებებში ადმინისტრირებას ვერ განახორციელებს და ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე ვერ გამოსცემს გარიგების მონაწილე მეორე მხარისათვის შესასრულებლად სავალდებულო ადმინისტრაციულ აქტს, ვინაიდან ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე და სამოქალაქო კოდექსის 24-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, გარიგებებში (კერძო - სამართლოებრივ ურთიერთობებში) სახელმწიფო და მისი ადმინისტრაციული ორგანოები მოქმედებენ, როგორც სამოქალაქო სამართლის სუბიექტები. ამასთან, კერძო - სამართლებრივი (სახელშეკრულებო) ურთიერთობები დაფუძნებულია არა ადმინისტრირების (ქვემდებარეობის) პრინციპზე, არამედ მხარეთა თანასწორუფლებიან ნებაყოფლობით პარტნიორობაზე.

ამდენად, ბათუმის მერიის ¹62 გადაწყვეტილება სამართლებრივად არ წარმოადგენს ადმინისტრაციულ აქტს, არამედ ადმინისტრაციულ გარიგებასთან – იჯარის ხელშეკრულების შეწყვეტა – დადებასთან დაკავშირებით მეიჯარე ადმინისტრაციული ორგანოს – ბათუმის მერიის ნების გამომხატველია, ამიტომ ამ ნაწილში ნაცვლად ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის «ა» პუნქტისა, დავა განხილული უნდა იქნეს ამავე მუხლის «ბ» პუნქტის საფუძველზე, როგორც ადმინისტრაციულ გარიგებასთან დაკავშირებული დავა და აჭარის არ. უმაღლესი სასამართლოს მითითება ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 218-ე მუხლზე უმართებულოა;

2. კასატორი მ. თ-ე არ ეთანხმება აჭარის არ. უმაღლესი სასამართლოს მიერ საქმის ხელახლა განსახილველად საქალაქო სასამართლოში დაბრუნებას, რადგან საქმის განხილვის გაჭიანურების მცდელობად მიაჩნია,M რასაც საკასაციო პალატა უსაფუძვლობის მოტივით ვერ გაიზიარებს. ქ. ბათუმის მერიის ¹62 გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ არასაცხოვრებელ ფართზე «ბ-ასთან» იჯარის ხელშეკრულების ვადამდე მოშლა და ინდ.მეწარმე «მ. თ-ესთან» იჯარის გაფორმება შეთანხმებულია მაღაზიის შრომით კოლექტივთან. თანამშრომელთა თანხმობა საქმეში წარმოდგენილი არ არის. მოსარჩელე მ. ა-ეც სწორედ მასთან და შრომით კოლექტივთან შეუთანხმებლობის მოტივით ითხოვს სადავო გადაწყვეტილებისა და ინდ.მეწარმე «მ. თ-ესთან» დადებული ახალი იჯარის ხელშეკრულების ბათილობას. ამიტომ საკასაციო პალატა ეთანხმება აჭარის არ. უმაღლესი სასამართლოს მიერ საქმის ხელახლა არსებითად განსახილველად და საქმისათვის უმნიშვნელოვანეს გარემოებათა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, ყოველმხრივ გამოსაკვლევად საქალაქო სასამართლოში დაბრუნებას. ამასთან, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-19 მუხლის მიხედვით, სასამართლოს მიერ (ინიციატივით) მტკიცებულებათა შეგროვება სასამართლოს დისკრეციული უფლებამოსილებაა და მხარის, კონკრეტულ შემთხვევაში კასატორ მ. თ-ის მიერ მისი შეზღუდვა დაუშვებელია;

3. საკასაციო პალატა უსაფუძვლობის მოტივით ასევე ვერ გაიზიარებს შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორის მ. ა-ის მოსაზრებას მ. თ-ის, როგორც დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე მესამე პირის, სააპელაციო საჩივრის დაუშვებლობის შესახებ, ვინაიდან ბათუმის მერიის სადავო ¹62 გადაწყვეტილებით «ბ-ასთან» იჯარის ხელშეკრულების მოშლისთანავე სადავო ფართი იჯარით გადაეცა ინდივიდუალურ მეწარმე «მ. თ-ეს» და მოსარჩელე მასთან დადებული იჯარის ხელშეკრულების გაუქმებასაც ითხოვს. ამდენად, მ. თ-ე სადავო საიჯარო სამართალურთიერთობის უშუალო მონაწილეა, დავა მის სამართლებრივ ინტერესს პირდაპირ შეეხება და მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანაა შესაძლებელი, ამიტომ იჯარის ხელშეკრულების გაუქმების ნაწილში პროცესუალურად იგი მერიასთან ერთად მოპასუხეა, მაგრამ რადგან იგი მესამე პირად იქნა ჩართული, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, განსხვავებით სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 364-ე მუხლისა, ადმინისტრაციულ პროცესში მესამე პირები სარგებლობენ მოსარჩელე - მოპასუხის ყველა უფლებით განურჩევლად იმისა, დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის მქონეა იგი თუ არა. ამიტომ საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება მ. ა-ის საკასაციო საჩივარს მ. თ-ის სააპელაციო საჩივრის დაუშვებლობის შესახებ.

ამრიგად, საკასაციო პალატა ნაწილობრივ იზიარებს საკასაციო საჩივრებს აჭარის არ. უმაღლესი სასამართლოს განჩინების გაუქმების შესახებ, რადგან სააპელაციო პალატამ სადავო სამართალ-ურთიერთობის არსისა და დავის საგნის მცდარი განმარტება – შეფასებით, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 218-ე მუხლთან დაკავშირებით, მცდარი მითითება მისცა ბათუმის საქალაქო სასამართლოს, რასაც საქმეზე საბოლოოდ არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა მოყვებოდა, ხოლო საქმის არსებითად ხელახლა განსახილველად საქალაქო სასამართლოსათვის დაბრუნების ნაწილში საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის განჩინებას ისევე, როგორც ეთანხმება მითითებას, რომ საქალაქო სასამართლომ შრომითი და ადმინისტრაციული დავების განხილვის რიგითობის დადგენის დროს უნდა გაითვალისწინოს მხარეთა მოსაზრებები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ. თ-ისა და მ. ა-ის საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს აჭარის ა.რ. უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002 წლის 22 მარტის განჩინება;

3. საქმე არსებითად განსახილველად დაუბრუნდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს;

4. სახელმწიფო ბაჟის მხარეთათვის დაკისრების საკითხი გადაწყდეს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;

5. უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.