Facebook Twitter

3გ-ად-138-კ-02 3 ივლისი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),

ბ. კობერიძე,

ნ. კლარჯეიშვილი

სარჩელის საგანი: მორალური ზიანის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

2001წ. 20 ივლისს თ. ბ-იანმა სარჩელი აღძრა ჩოხატაურის რაიონულ სასამართლოში მოპასუხე ჩოხატაურის რაიონის გამგეობის მიმართ.

სარჩელში აღნიშნული იყო, რომ ჩოხატაურის რაიონის გამგეობის 2000წ. 17 მაისის ¹31 დადგენილებით, საშტატო ერთეულების შემცირების გამო, სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ჩოხატაურის განყოფილების მთავარი მრჩეველი თ. ბ-იანი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან.

თ. ბ-იანმა სარჩელში განმარტა, რომ მას მიადგა ზიანი, რაც გამოიხატა იმაში, რომ, მისი აზრით, თანამდებობიდან უკანონო გათავისუფლების გამო შეელახა პატივი და ღირსება, ზარალი მიადგა მის არაქონებრივ სიკეთეს _ ჯანმრთელობას, განიცადა წყენა, იმედგაცრუება, ფიზიკური ტანჯვა, კერძოდ, თავისა და გულის ტკივილი.

მოსარჩელემ სარჩელში ითხოვა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის თანახმად მოპასუხისათვის მორალური ზიანის ანაზღაურების სახით 50000 ლარის დაკისრება.

ჩოხატაურის რაიონულმა სასამართლომ 2000წ. 8 ოქტომბერს გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა თ. ბ-იანის სარჩელი.

აღნიშნული დაუსწრებელი გადაწყვეტილება თ. ბ-იანმა გაასაჩივრა, მაგრამ იგი უცვლელად დარჩა ჩოხატაურის რაიონული სასამართლოს 2001წ. 29 ოქტომბრის განჩინებით.

ჩოხატაურის რაიონული სასამართლოს 2001წ. 29 ოქტომბრის განჩინებაზე თ. ბ-იანმა შეიტანა კერძო საჩივარი, რომელიც ქუთაისის საოლქო სასამართლომ თავისი არსით მიიჩნია სააპელაციო საჩივრად.

სააპელაციო სასამართლომ 2002წ. 5 მარტს განიხილა თ. ბ-იანის სააპელაციო საჩივარი და გამოიტანა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც თ. ბ-იანის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე თ. ბ-იანმა შეიტანა საკასაციო საჩივარი, რომელშიც აღნიშნულია, რომ ჩოხატაურის რაიონის გამგეობამ თ. ბ-იანის სამუშაოდან გათავისუფლებით ჩაიდინა უხეში გაუფრთხილებლობა. მის მიმართ 2001წ. 17 მაისს გამოიტანა დადგენილება, რომელიც ჩოხატაურის რაიონის გამგეობის არაქვემდებარე იყო. გამგეობამ განგებ გაათავისუფლა კასატორი სამუშაოდან, რადგანაც იმ დროისათვის, როდესაც მას შეეხო საშტატო შემცირება, იმავე განყოფილებაში იყო საშტატო ერთეულის ვაკანსია, სადაც შეიძლებოდა მისი დასაქმება.

კასატორის განმარტებით, იგი რამდენჯერმე შეხვდა გამგებელს, რომელიც დაპირდა დასაქმებას, მაგრამ უშედეგოდ. დაპირებების გამო, მან თავის დროზე არ მიმართა სასამართლოს სამუშაოზე აღდგენის მოთხოვნით.

საკასაციო საჩივარში აღნიშნულია, რომ მორალურმა ზიანმა, რომელიც მიადგა კასატორს, გამოიწვია ბრალეული შედეგი, კერძოდ, კასატორის მუდმივი უმუშევრობა, რამაც გააუარესა მისი ოჯახის ეკონომიური მდგომარეობა და ოჯახის წევრების ჯანმრთელობა.

საკასაციო საჩივარში კასატორი თ. ბ-იანი ითხოვს:

1. ჩოხატაურის რაიონის გამგეობის 2000წ. 17 აგვისტოს ¹31 დადგენილების გაუქმებას.

2. მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხისათვის მორალური ზიანის სახით 50000 ლარის დაკისრებას.

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, მოუსმინა მხარეთა განმარტებებს, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილებისა და საკასაციო საჩივრის სამართლებრივი საფუძვლები, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

სამოტივაციო ნაწილი:

საქმის მასალებიდან ირკვევა და თავად კასატორიც მიუთითებს საკასაციო საჩივარში, რომ ჩოხატაურის რაიონის გამგეობის 2000წ. 17 მაისის ¹31 დადგენილება თ. ბ-იანის სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ არ გასაჩივრებულა და იგი ძალაშია.

ამდენად, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის განმარტებას, რომ იგი უკანონოდ გაათავისუფლეს სამსახურიდან, რის გამოც მიადგა მორალური ზიანი. თ. ბ-იანის სამსახურიდან გათავისუფლების კანონიერებაზე საკასაციო სასამართლო ვერ იმსჯელებს, ვინაიდან თ. ბ-იანს ამის შესახებ 2001წ. 20 ივლისს ჩოხატაურის რაიონულ სასამართლოში შეტანილ სარჩელშიც არ დაუყენებია მოთხოვნა.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატამ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა თ. ბ-იანის მიერ სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლზე მითითებას და სწორად არ გაიზიარა იგი, რადგანაც ჩოხატაურის რაიონის გამგებლის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით დარღვევა თ. ბ-იანის სამსახურიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებით, არ არის დადასტურებული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით.

ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების არავითარი საფუძველი არ არსებობს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თ. ბ-იანის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 5 მარტის გადაწყვეტილება.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.