Facebook Twitter

3გ-ად-140-კ-02 4 ოქტომბერი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),

მ. ვაჩაძე,

ნ. სხირტლაძე

დავის საგანი: საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ბრძანების ბათილად ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი:

2000წ. 14 ნოემბერს ფიზიკურმა პირმა დ. ხ.-მ მოპასუხე საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს მიმართ სარჩელი აღძრა თბილისის საოლქო სასამართლოში და საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს მიერ 2000წ. 12 ოქტომბერს მიღებული ¹1-3/668 ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა. აღნიშნული ბრძანებით საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ ბათილად ცნო მის მიერ 1999წ. 7 ოქტომბერს გამოცემული ¹1-3/691 ბრძანება საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურის დაქვემდებარებაში არსებული სახაზინო საწარმო აგროფირმა «ს.-ს» ბაზაზე სააქციო საზოგადოება «უ.-ს» დაფუძნების შესახებ, ასევე, ბათილად ცნო ამავე სამინისტროს 2000წ. 21 ივნისის ¹1-3/395 ბრძანებით დამტკიცებული ¹54 სპეციალიზირებული აუქციონის შედეგები სს «უ.-ს» აქციების დ. ხ.-ისათვის მიყიდვის თაობაზე.

მოსარჩელის განმარტებით, მან კანონით დადგენილი წესით, ¹54 სპეციალიზირებულ აუქციონზე 226550 ლარად შეიძინა სს «უ.-ს» 892400 ცალი აქცია, რაც საზოგადოების აქციათა 51,92%-ს შეადგენდა. ამასთან, მოსარჩელემ დამატებით გადაიხადა სს «უ.-ზე» დამაგრებული მიწის ფართის საფასური 9795,10 ლარის ოდენობით. საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ კი 2000წ. 12 ოქტომბრის ¹1-3/668 ბრძანებით მას მოუსპო აღნიშნული აქციების ფლობის, სარგებლობისა და განკარგვის უფლება. აღნიშნული ბრძანება, მოსარჩელის მოსაზრებით, უკანონო და დაუსაბუთებელია, რადგან ეწინააღმდეგება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის პირველ ნაწილს. ადმინისტრაციულ ორგანოს _ საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს არ გამოუკვლევია და არ შეუსწავლია ის ფაქტობრივი გარემოებები, რომლებსაც თავისი ბრძანება დააფუძნა. კერძოდ, არ დაუდგენია, მართლაც ჰქონდა თუ არა ადგილი საპრივატიზებო დოკუმენტებზე სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის _ ი. ჭ.-ს ხელმოწერის გაყალბებას და სხვა.

მოსარჩელის განმარტებით, სს «უ.-ა» დღესაც რეგისტრირებულია სამეწარმეო რეესტრში და არც მოპასუხეს და არც პარტნიორს არ განუცხადებიათ, რომ საზოგადოების რეგისტრაცია მოხდა შეცდომით და რეგისტრაციის გასაუქმებლად არ უდავიათ. საყურადღებოა ისიც, რომ მათ არც ხარვეზის გამოსასწორებლად მიუმართავთ სასამართლოსათვის. ამდენად, მოსარჩელის მოსაზრებით, საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 2000წ. 12 ოქტომბრის ¹1-3/668 ბრძანება უკანონოა და, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 60-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, იგი ბათილად უნდა ცნოს სასამართლომ.

მოპასუხე _ საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ სადავო ბრძანების გამოცემას საფუძვლად დაედო ის გარემოება, რომ სახაზინო საწარმო აგროფირმა «ს.-ს» სს «უ.-ად» გარდაქმნისას დარღვეული იქნა «სახელმწიფო საწარმოების, სახელმწიფო საწარმოთა გაერთიანებების სააქციო საზოგადოებად გარდაქმნის ორგანიზაციულ ღონისძიებათა შესახებ» საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993წ. 14 აპრილის ¹288 დადგენილების მოთხოვნები, რაც სამინისტროსათვის ¹54 სპეციალიზირებული აუქციონის ჩატარების შემდეგ, სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის _ ი. ჭ.-ს წერილით გახდა ცნობილი.

სარჩელი არ ცნო არც მესამე პირმა ი. ჭ.-მ, რომელმაც განმარტა, რომ სახაზინო საწარმოს სააქციო საზოგადოებად რეორგანიზაცია მოხდა კანონდარღვევით. 1999წ. იანვრის თვის ბალანსზე არ იყო სახაზინო საწარმოს ბეჭედი. 1998წ. წლიურ ბალანსზე კი არ იყო არც საწარმოს ბეჭედი, არც ხელმძღვანელის და არც მთავარი ბუღალტრის ხელმოწერა, ნაცვლად კომისიის დასკვნისა წარმოდგენილი იყო ფირმის საექსპერტო დასკვნა. ძირითადი საშუალებების აქტივებისა და პასივების შეფასებები გადასწორებული იყო, ხოლო მისი ხელმოწერა _ გაყალბებული. საწესდებო კაპიტალში შეტანილი არ ყოფილა რიგი ობიექტები. ამდენად, მესამე პირმა სამინისტროს სადავო აქტის უცვლელად დატოვება მოითხოვა.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 14 თებერვლის გადაწყვეტილებით ფიზიკური პირის _ დ. ხ.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა და მოსარჩელეს უარი ეთქვა საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 2000წ. 12 ოქტომბრის ¹1-3/668 ბრძანების ბათილად ცნობაზე.

საოლქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სახაზინო საწარმო აგროფირმა «ს.-ს» სს «უ.-ად» რეორგანიზაცია განხორციელდა «მეწარმეთა შესახებ» საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა დარღვევით. კერძოდ, სახაზინო საწარმო «ს.-ს» სააქციო საზოგადოებად გარდაქმნა უნდა მოეხდინა მის დამფუძნებელს, ე.ი. საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურს საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსთან ერთად. მას კი საერთოდ არ მიუღია მონაწილეობა ამ საწარმოს სააქციო საზოგადოებად გარდაქმნაში. საოლქო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნული გარემოება საკმარისი საფუძველია იმისათვის, რომ ბათილად იქნეს ცნობილი სამინისტროს 1999წ. 7 ოქტომბრის ¹1-3/691 ბრძანება სახაზინო საწარმო აგროფირმა «ს.-ს» ბაზაზე სს «უ.-ს» დაფუძნების თაობაზე.

საოლქო სასამართლომ, ამასთან, მიიჩნია, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექის 70-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადებული გარიგება (აქციების გაყიდვა) ასევე ბათილია იმ ადმინისტრაციული აქტის ბათილად გამოცხადების შემთხვევაში, რომლის საფუძველზეც დაიდო გარიგება. შესაბამისად, საოლქო სასამართლოს მოსაზრებით, თუ ბათილად გამოცხადდა სახაზინო საწარმოს სააქციო საზოგადოებად გარდაქმნა, ბათილია ასევე ამ საზოგადოების აქციების გაყიდვის შედეგებიც.

საოლქო სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია ის ფაქტი, რომ სახაზინო საწარმოს გარდაქმნა მოხდა გაყალბებული დოკუმენტების საფუძველზე, ამას გარდა, მოპასუხის მიერ მოსარჩელის საბანკო ანგარიშზე ჩაირიცხა მის მიერ გადახდილი თანხა, რაც მოსარჩელემ ბანკიდან გაიტანა, რითაც საოლქო სასამართლოს მოსაზრებით, მოსარჩელემ დაადასტურა გარიგებიდან გასვლა.

თბილისის საოლქო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ფიზიკურმა პირმა დ. ხ.-მ.

კასატორის მოსაზრებით, საოლქო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა. კერძოდ, სასამართლომ არ გამოიყენა «მეწარმეთა შესახებ» საქართველოს კანონის მე-5.8 და 70.2-ე მუხლები, ასევე არასწორად განმარტა ამავე კანონის 70-ე მუხლის პირველი ნაწილი.

კასატორის განმარტებით, საქმის მასალებით დადგენილია, რომ სახაზინო საწარმო აგროფირმა «ს.-ს» სს «უ.-ად» გარდაქმნა მოხდა მოპასუხის ბრძანების საფუძველზე, რაც სახაზინო საწარმოს დამფუძნებლის _ სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურის მიერ მოწონებულ იქნა, ე.ი. სახაზინო საწარმოს სს-ად გარდაქმნა ცნობილი იყო სახაზინო საწარმოს დამფუძნებლისათვის, რომელსაც აღნიშნული სადავოდ არ გაუხდია.

კასატორის მოსაზრებით, სს «უ.-ს» რეგისტრაცია არ გაუქმებულა. მისი რეგისტრაცია ითვლება კანონიერად, რადგან არც მოპასუხეს, არც სახაზინო საწარმოს დამფუძნებელს და არც ნებისმიერ მესამე პირს სარჩელით არ მიუმართავს სასამართლოსათვის სს «უ.-ს» რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე. მოპასუხის წერილი კი სარჩელს არ წარმოადგენს.

კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლომ არასწორად შეაფასა მის მიერ ბანკიდან ფულის გატანა. ფული გატანილ იქნა იმ მოტივით, რომ აღნიშნული ბანკი («თ.-ი») კოტრდებოდა და იყო საშიშროება, თანხის დაკარგვისა, რაც არ ნიშნავს მის მიერ გარიგებიდან ნებაყოფლობით გასვლას. პირიქით, მის მიერ სასწრაფოდ იქნა აღძრული სარჩელი სასამართლოში სადავო ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე.

კასატორი თვლის, რომ სასამართლოს უნდა ემსჯელა იმ გარემოებაზე, რომ იგი აქციების კეთილსინდისიერი შემძენი გახლდათ და აქციების შეძენისას კანონის არც ერთი მოთხოვნა არ დაურღვევია. მოპასუხის შეცდომებზე პასუხისმგებლობა მას არ შეიძლება დაკისრებოდა და არც მისი კანონიერი უფლებები უნდა შელახულიყო.

ამდენად, კასატორი გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას, ახალი გადაწყვეტილების მიღებას და მისი სარჩელის დაკმაყოფილებას მოითხოვს.

სამოტივაციო ნაწილი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება და დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ დ. ხ.-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 14 თებერვლის გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მოცემული დავის გადაწყვეტისას გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და სწორად განმარტა იგი. სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ნორმების დაცვით გამოიკვლია და შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და დადგენილად ცნო, რომ სახაზინო საწარმო აგროფირმა «ს.-ს» სააქციო საზოგადოება «უ.-ად» გარდაქმნა კანონსაწინააღმდეგოდ განხორციელდა. კერძოდ, ადგილი ჰქონდა სახაზინო საწარმოს დოკუმენტების გაყალბებას: საწარმოს ბალანსს ხელს არ აწერდა საწარმოს ხელმძღვანელი და მთავარი ბუღალტერი, საწარმოს ბალანსი არ იყო დამოწმებული სახაზინო საწარმოს ბეჭდით; ძირითადი საშუალებების აქტივებისა და პასივების შეფასების აქტებში შესწორებები გაკეთებული იყო ხელით, სახაზინო საწარმოს დირექტორის ხელმოწერა დირექტორს არ ეკუთვნოდა; უფრო მეტიც, სახაზინო საწარმოს სააქციო საზოგადოებად გარდაქმნა მოხდა საწესდებო კაპიტალის სწორად დადგენის გარეშე, რადგან საწესდებო კაპიტალში შეტანილი არ იყო რიგი მნიშვნელოვანი ობიექტებისა. ზემოაღნიშნული გარემოებების არსებობა, საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ საკმარის საფუძვლად მიიჩნია, რათა ბათილად ეცნო სახაზინო საწარმო აგროფირმა «ს.-ს» ბაზაზე სააქციო საზოგადოება «უ.-ს» დაფუძნების შესახებ მის მიერ 1999წ. 7 ოქტომბერს მიღებული ¹1-3/691 ბრძანება. სააპელაციო სასამათლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც ადასტურებენ სააქციო საზოგადოებად სახაზინო საწარმოს გარდაქმნის შესახებ საქართველოს ქონების მართვის სამინისტროს 1999წ. 7 ოქტომბრის ¹1-3/691 ბრძანების _ ადმინისტრციული აქტის უკანონობას, სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, რადგან საქართველოს სსკ-ს 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნათა შესაბამისად, კასატორს ამ გარემოებებზე დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია არ წამოუყენებია. ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ 2000წ. 12 ოქტომბერს ¹1-3/668 ბრძანებით კანონიერად ცნო ბათილად მის მიერ 1999წ. 7 ოქტომბერს მიღებული ¹1-3/691 ბრძანება _ ადმინისტრაციული აქტი სახაზინო საწარმო აგროფირმა «ს.-ს» ბაზაზე სააქციო საზოგადოება «უ.-ს» დაფუძნების შესახებ. ადმინისტრაციული აქტის ბათილად გამოცხადება კი, საქართველოს ზოგადი ადმინიტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ნიშნავს ამ აქტის ძალაში შესვლიდან წარმოშობილი სამართლებრივი შედეგების გაუქმებას, მათ შორის სს «უ.-ს» რეგისტრაციის გაუქმებასაც.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კანონმდებლობისაგან განსხვავებით, ადმინისტრაციული კანონმდებლობა გარიგებათა ბათილობის განსხვავებულ წესსაც ადგენს, კერძოდ «ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადებული გარიგება ასევე ბათილია იმ ადმინისტრაციული აქტის ბათილად გამოცხადების შემთხვევაში, რომლის საფუძველზედაც დაიდო გარიგება» (საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 70-ე მუხლის მე-2 ნაწილი).» ამ ნორმის თანახმად, თუკი ბათილად იქნა ცნობილი ადმინისტრაციული აქტი, რომლის საფუძველზეც მოხდა ადმინისტრაციული გარიგების დადება, ადმინისტრაციული გარიგებაც ბათილია, რამეთუ ადმინისტრაციული აქტის ბათილობა იწვევს მისი სამართლებრივი შედეგების ბათილობას; რადგანაც ადმინისტრაციული აქტის ბათილად გამოცხადებიდან გამომდინარეობს ის გარემოება, რომ ადმინისტრაციული გარიგების დადებას არ გააჩნია კანონიერი საფუძველი და, შესაბამისად, ისიც დადების მომენტიდან ბათილია. აქედან გამომდინარე, ბათილია საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსა და დ. ხ.-ს შორის დადებული გარიგება სააქციო საზოგადოება «უ.-ს» აქციების დ. ხ.-ისათვის მიყიდვის თაობაზე, რადგან ბათილია ადმინისტრაციული აქტი სააქციო საზოგადოება «უ.-ს» დაფუძნების შესახებ.

ამდენად, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას და თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ მოცემული დავის გადაწყვეტისას სწორად გამოიყენა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 70-ე მუხლის მე-2 ნაწილი და არა «მეწარმეთა შესახებ» საქართველოს კანონის მე-5.8 მუხლი, რადგან აღნიშნული დავა ადმინისტრაციულია და ადმინისტრაციული კანონმდებლობით უნდა მოწესრიგდეს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დილარ ხ.-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დ. ხ.-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 14 თებერვლის გადაწყვეტილება.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.