Facebook Twitter

3გ/ად-141-კ-01 1 თებერვალი, 2001 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),

ნ. სხირტლაძე,

მ. ვაჩაძე

დავის საგანი: თანხის გადახდევინება.

აღწერილობითი ნაწილი:

ვ. ი-შვილმა სასარჩელო განცხადებით მიმართა სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს მიერ მისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება. მოსარჩელე აღნიშნავდა, რომ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს მიერ მოწყობილ ¹1 სპეციალიზებულ საბარათო აუქციონში მონაწილეობის მიღებით და მისი ოჯახის კუთვნილი ვაუჩერების სს «ნ-ში» განთავსებით გახდა სს «ნ-ის» აქციონერი. საქართველოს უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლოს 1996 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი სახელმწიფო კონცერნ «ს-ის» თბილისის კომერციულ-საშუამავლო საწარმოს სააქციო საზოგადოება «ნ-ად» დაფუძნების შესახებ საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს კოლეგიის 08.08.94წ. ¹08.09.122 დადგენილება და ქ. თბილისის სამგორის რაიონის გამგეობის 05.09.94წ. ¹452 განკარგულება სს «ნ-ის» სახ.რეგისტრაციაში გატარების შესახებ. აღნიშნულ გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 12.02.96წ. წერილი, რომლის თანახმად სამინისტრო წინააღმდეგი არ იყო მის მიერ 1994 წელს დაფუძნებული სს «ნ-ის» გაუქმების. მოსარჩელე მიიჩნევდა, რომ აღნიშნული სააქციო საზოგადოების გაუქმებით დაირღვა მისი კონსტიტუციური უფლებები, კერძოდ წაერთვა მისი კუთვნილი ქონება. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა სს «ნ-ების» გაუქმებით მისთვის მიყენებული მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება 10512 ლარის ოდენობით.

თბილისის ვაკის რაიონის 12.06.98წ. გადაწყვეტილებით ვ. ი-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მოპასუხეს დაეკისრა 6 ვაუჩერის ღირებულების 36 ლარის გადახდა მოპასუხის სასარგებლოდ. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის 03.12.98წ. პროტესტის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლოს პრეზიდიუმის 24.12.98წ. ¹446 დადგენილებით ქ.თბილისის ვაკის რაიონის სასამართლოს 12.06.98წ. გადაწყვეტილება გაუქმდა და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე რაიონის სასამართლოს.

თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 22.07.99წ. დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ვ. ი-შვილის დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა და საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ 264 აქციის ღირებულების 385 აშშ დოლარის შესაბამისი კურსით ლარის გადახდა.

თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის სასამართლოს 11.08.99წ. განჩინებით არ დაკმაყოფილდა საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს საჩივარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე და ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 22.07.99წ. დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 12.01.2000წ. განჩინებით საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ვაკე-საბურთალოს 11.08.99წ. განჩინება. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა პროცესზე მოპასუხე მხარის გამოუცხადებლობის გამო კანონიერია და ამდენად რაიონული სასამართლოს 11.08.99წ. განჩინებით მოპასუხეს მართლზომიერად ეთქვა უარი საჩივრის დაკმაყოფილებაზე.

საოლქო სასამართლოს 12.01.2000წ. განჩინება საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ გაასაჩივრა საკასაციო წესით. კასატორმა მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ არ გაიზიარა სააპელაციო საჩივარში მითითებული არგუმენტები პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გასაჩივრებული განჩინების მიღებისას დაშვებული საპროცესო კანონმდებლობის უხეში დარღვევების შესახებ, კასატორი უთითებდა, რომ 11.08.99წ. განჩინებით დაირღვა სსსკ-ის 239ე, 240-ე მუხლების მოთხოვნები, რის გამოც კასატორმა მოითხოვა სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 17.04.2000წ. განჩინებით საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 12.01.2000წ. განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატას. საკასაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სააპელაციო პალატამ გასაჩივრებული განჩინების გამოტანისას არასწორი შეფასება მისცა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, კერძოდ, ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 22.07.99წ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას შემდგარი სასამართლოს სხდომის ოქმიდან ირკვევა, რომ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს წარმომადგენელი მ. ს-ია, სხდომაზე გამოცხადდა ამავე სამინისტროს წარმომადგენელი ვ. კ-შვილი. საკასაციო პალატამ აღნიშნა, რომ ვინაიდან საქმის მასალებში არ მოიპოვებოდა მ. ს-იაზე გაცემული რწმუნება, გაურკვეველია თუ რატომ უნდა გამოცხადებულიყო მოპასუხის წარმომადგენლად სახელდობრ მ. ს-ია. საქმის მასალებში ასევე არ არის ქონების მართვის სამინისტროს მიერ ვ. კ-შვილზე გაცემული რწმუნება, მაგრამ ვინაიდან იგი სასამართლოს სხდომის ოქმში დაფიქსირდა სამინისტროს წარმომადგენლის სახით, საკასაციო პალატამ ივარაუდა, რომ მან თავისი უფლებამოსილება დაადასტურა. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატის აზრით, არ არსებობდა მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის საფუძველი, პირობებში როდესაც სასამართლო სხდომის ოქმში დაფიქსირდა მოპასუხის წარმომადგენლის გამოცხადება. ამდენად, საკასაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების და შემდგომ განჩინების გამოტანისას გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, რის გამოც სააპელაციო პალატის განჩინება გაუქმდა.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაიცო პალატის 26.07.01წ. განჩინებით საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 11.08.99წ. განჩინება, სამინისტროს საჩივარი ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა პირველი ინსტანციის სასამართლოს. სააპელაციო სასამართლოს 26.07.01წ. განჩინებას საფუძვლად დაედო ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 11.09.99წ. განჩინების სსსკ-ის 239-ე და 240-ე მუხლების დარღვევით გამოტანა.

სააპელაციო პალატის 26.07.01წ განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა ვ. ი-შვილის მიერ. კასატორი თავის მოთხოვნას საფუძვლად დაუდო შემდეგი გარემოებანი: 1. კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა სსსკ-ის 239-ე მუხლის მეორე ნაწილი. ამ ნაწილში მითითებული საჩივრის მიღების თაობაზე განჩინების გამოტანა მოსამართლისათვის არ არის სავალდებულო, რადგანაც ამავე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მოსამართლეს, მხარეთა შეუტყობინებლად, ჯერ უნდა გადაეწყვიტა საჩივრის მიღების საკითხი, რაც განხორციელდა კიდეც. 2. კასატორის აზრით, რაიონული სასამართლოს 11.08.99წ. განჩინებას საფუძვლად დაედო სსსკ-ის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილი, განჩინების კანონიერება ორჯერ არის დადასტურებული საოლქო სასამართლოს 28.09.99წ. და 12.02.2000წ. განჩინებებით. 3. კასატორი თვლის, რომ საოლქო სასამართლოს პალატამ არასწორად გამოიყენა სსსკ-ის 240-ე მუხლი, რომლის I ნაწილის რედაქცია ადასტურებს, რომ შესაძლებელია სასამართლო სხდომის გარეშე საკითხის გადაწყვეტა. 4. კასატორის აზრით, სააპელაციო პალატამ გამოავლინა საქმისადმი ტენდენციური მიდგომა, რის დასტურადაც უთითებს იმ გარემოებას, რომ სააპელაციო საჩივრის განხილვისას მიუხედავად ვ. ი-შვილის კატეგორიული მოთხოვნისა პირველი სხდომა გადაიდო სამინისტროს წარმომადგენლის გამოუცხადებლობის გამო, რითაც დაირღვა სსსკ-ის 387-ე მუხლის I ნაწილი, რომლის თანახმად თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარეს მოთხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. 5. კასატორი უთითებს, რომ საოლქო სასამართლოს 26.07.01წ. ოქმში და განჩინების აღწერილობით ნაწილში მოყვანილი არაა მის მიერ გამოთქმული პრინციპული შენიშვნები, კერძოდ ის, რომ 1999წ. კასატორმა აინაზღაურა 264 აქციის ღირებულება (385 აშშ დოლარი ანუ 770 ლარი), რის გამო საქმის განხილვა აზრს კარგავს, სამინისტროს წარმომადგენელი თავს არიდებს სასამართლო სხდომებზე გამოცხადებას, რის გამო ჭიანურდება საქმის განხილვა. საბოლოოდ, კასატორი ითხოვს თბილისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის 26.07.01წ. განჩინების გაუქმებას, სამინისტროს საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაიცო პალატა საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

1. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ 11.08.99წ. განჩინებით გადაწყდა სამინისტროს საჩივრის მიღების საკითხი. ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 11.08.99წ. განჩინების სარეზოლუციო ნაწილით საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს უარი ეთქვა საჩივრის დაკმაყოფილებაზე და არა საჩივრის მიღებაზე. შესაბამისად მართებულია სააპელაციო პალატის მთითება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ 11.08.99წ. განჩინებით სსსკ-ის 239-ე მუხლის მეორე ნაწილის დარღვევაზე.

2. ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 11.08.99წ. განჩინება თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 28.09.99წ. განჩინებით არ დადასტურებულა, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ რაიონულმა სასამართლომ 11.08.99წ. განჩინებით იმსჯელა არა საჩივრის მიღება-არ მიღების საკითხზე, არამედ არსებითად გადაწყვიტა საჩივარი, რის გამო სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს მიეთითა 11.08.99წ. განჩინებაზე კერძო საჩივრის ნაცვლად სააპელაციო საჩივრის შეტანაზე. აღნიშნული თავისთავად უარყოფს კასატორის მოსაზრებას რაიონული სასამართლოს მიერ 11.08.99წ. განჩინების სსსკ-ის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე გამოტანას. ამდენად უსაფუძვლოა კასატორის მოსაზრება იმის შესახებ, რომ 11.08.99წ. განჩინების კანონიერება დადასტურდა საოლქო სასამართლოს 28.09.99წ. განჩინებით.

რაც შეეხება საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 12.01.2000წ. განჩინებას, იგი არ შესულა კანონიერ ძალაში, საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის საფუძველზე გაუქმებულ იქნა.

3. 11.08.99წ. განჩინებით სასამართლომ არ დააკმაყოფილა სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს საჩივარი და უცვლელად დატოვა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, მაშინ როდესაც სსსკ-ის 240-ე მუხლის თანახმად, თუ საქმის სასამართლო სხდომაზე განხილვის შედეგად აღმოჩნდება, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს, სასამართლოს გამოაქვს ახალი გადაწყვეტილება. ცხადია, რომ სსსკ-ის 240-ე მუხლის I ნაწილის თანახმად, საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვება შესაძლებელია მხოლოდ საჩივრის სასამართლო განხილვის შედეგად, სასამართლოს სხდომის გარეშე სასამართლოს შეუძლია იმსჯელოს მხოლოდ საჩივრის დასაშვებობაზე და არა მის უსაფუძვლობაზე. სსსკ-ის 240-ე მუხლის I ნაწილი არ ითვალისწინებს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით შეტანილი საჩივრის სასამართლო სხდომის გარეშე განხილვის შესაძლებლობას, მუხლის დისპოზიციური ნაწილის სავარაუდო დებულება (« თუ საქმის სასამართლო სხდომაზე განხილვის შედეგად.....») მიანიშნებს საჩივრის არა სასამართლო სხდომის გარეშე განხიოვის შესაბლებლობას, არამედ იმას, რომ საქმის სასამართლო სხდომაზე განხილვის შედეგად შესაძლოა არ აღმოჩნდს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, რის თაობაზეც საუბარია სსსკ-ის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილში.

4. პალატა კასატორის ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საოლქო სასამართლოში საქმის განხილვის დროისათვის ძალაში იყო შესული და მოქმედებდა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, რომლის მე-2 მუხლის თანახმად, განსახილველი დავა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი კატეგორიის დავათა რიცხვს განეკუთვნება. აღნიშნული კოდექსის 261 მუხლის თანახმად ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში არ დაიშვება დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა, სასამართლო არ არის უფლებამოსილი მხარის პირველი, თუნდაც არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში განიხილოს საქმე. ამდენად, ვ. ი-შვილის მოთხოვნა სამინისტროს გამოუცხადებლობის გამო სსსკ-ის 387-ე მუხლის I ნაწილის საფუძველზე დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ სააპელაციო პალატის მიერ მართებულად არ დაკმაყოფილდა.

5. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ შენიშვნები სხდომის ოქმის მიმართ სსსკ-ის 291-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს წარედგინება სხდომის ოქმზე ხელმოწერის შემდეგ სამი დღის განმავლობაში. ამასთანავე, კასატორის მიერ 1999 წელს 264 აქციის (385 აშშ დოლარის ანუ 770 ლარის) ანაზღაურება არ გამორიცხავს საქმის წარმოებას, ვინაიდან ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო და საკასაციო საჩივრები ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში დასაშვებია მიუხედავად სარჩელის ფასისა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ გასაჩივრებული განჩინება მიღებულია მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I მუხლის II ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 408-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ვ. ი-შვილის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 26.07.2001წ. განჩინება.

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.