Facebook Twitter

3გ-ად-141-კ-02 11 სექტემბერი, 2002 წ. ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა შემადგენლობა:

ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),

ნ. კლარჯეიშვილი (მომხსენებელი),

ნ. სხირტლაძე

დავის საგანი: ბინების მესაკუთრედ ცნობა, პრივატიზების ხელშეკრულების გაუქმება და ბინიდან გამოსახლება.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისში, ...... მდებარე ¹5 საცხოვრებელი სახლი, 86 კვმ. ფართის 4 ოთახი, წლების განმავლობაში საკუთრების უფლებით ეკუთვნოდა ო. ა-ს, რომლის გარდაცვალების შემდგომ, 1921 წელს სახლი გადაფორმდა მის შვილზე, ბ. ა-ზე, შემდეგ ამ უკანასკნელის მეუღლეზე, მ. ა-აზე, მოგვიანებით კი მათ შვილზე ს. ა-ზე, რომელიც იყო კასატორ გ. ა-ის მამა. 1931 წელს გ. ა-ის პაპას, ბ. ა-ს რაიონის საფინანსო განყოფილებამ ჩამოართვა ზემოაღნიშნულ სახლზე სახლმფლობელის უფლება და სახლი გადაეცა საბინაო ტრესტს. 1988 წლის 22 თებერვალს თბილისის ოქტომბრის რაიონის აღმასკომმა უარი უთხრა კასატორის მამას, ს. ა-ს სადავო სახლის დაბრუნებაზე (ს.ფ. 14 ტ. 3).

იმავე წლის 11 ივლისს ს. ა-მა სარჩელი შეიტანა ოქტომბრის რაიონულ სასამართლოში, თბილისის ოქტომბრის რაიონის აღმასკომის მიმართ სახლის დაბრუნების მოთხოვნით (ს.ფ. 2-3 ტ.3). ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 1988 წლის 30 აგვისტოს გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა სარჩელი უსაფუძვლობის გამო, რაც თბილისის საქალაქო სასამართლოს 1988 წლის 11 ოქტომბრის განჩინებით დარჩა უცვლელი (ს.ფ. 25-27; 33-34 ტ. 3). თბილისის საქალაქო სასამართლოს პრეზიდიუმის 1990 წლის 27 ივლისის დადაგენილებით გაუქმდა მაშინდელი ოქტომბრის რაიონული სასამართლოს 1988 წლის 30 აგვისტოს გადაწყვეტილება, საქალაქო სასამართლოს 1988 წლის 11 ოქტომბრის განჩინება და საქმის წარმოება შეწყდა (ს.ფ. 44-46 ტ. 3). თუმცა ს. ა-ს არ შეუწყვეტია დავა მოცემულ საქმეზე და თბილისის ჩუღურეთის რაიონის სასამართლომ 1992 წლის 12 მაისის გადაწყვეტილებით დააკმაყოფილა ს. ა-ის სარჩელი ჩუღურეთის რაიონის საბინაო_საექსპლუატაციო ტრესტთან, მესამე პირებთან _ ვ. ნ-თან და ა. ნ-თან; სადავო სახლთმფლობელობა 86 კვ.მ. ფართის 4 ოთახი, დამხმარე სათავსებით ამოირიცხა კომუნალური ფონდიდან და ს. ა-ს აღუდგა ფართზე მემკვიდრეობის მიღების ვადა (ს.ფ. 25-26. ტ.2.). რაც გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს პრეზიდიუმის 1993 წლის 12 მარტის დადგენილებით და საქმე განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს ( ს.ფ. 33-34 ტ.2 ).

სადავო სახლთმფლობელობიდან ადგილობრივი მმართველობის ორგანოების მიერ, 1992 წლის 7 აგვისტოს და 16 ივლისის დადებული პრივატიზების ხელშეკრულების საფუძველზე, 24 კვ.მ. ფართობი საკუთრებაში გადაეცათ ა. ნ-ს და 15 კვ.მ. - ვ. ნ-ს (ს. ფ. 14 ტ. 1; ს. ფ. 1 ტ. 4 ).

1992წ. 13 ოქტომბერს ს. ა-მა კვლავ აღძრა სარჩელი მოპასუხეების - ვ. ნ-ის, ა. ნ-ის, მესამე პირების -სანოტარო კანტორისა და საბინაო საექსპლუატაციო უბნის მიმართ და ბინების ზემოაღნიშნული პრივატიზების ხელშეკრულების გაუქმება მოითხოვა (ს.ფ. 2-3 ტ.1 ). ჩუღურეთის რაიონის სასამართლოს 1993 წლის 6 ივლისის განჩინებით ს. ა-ის სარჩელზე საქმის წარმოება კვლავ შეწყდა, რაც ძალაში იქნა დატოვებული თბილისის საქალაქო სასამართლოს 1993 წლის 8 ოქტომბრის განჩინებით (ს. ფ. 72-73; 87-88 ტ.1).

1997 წლის 12 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი «საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ», რომლის საფუძველზეც ჩუღურეთის რაიონულმა სასამართლომ 1998 წლის 23 მარტის გადაწყვეტილებით კასატორ გ. ა-ის მამა, ს. ა-ი აღიარა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად ( ს.ფ. 5 ტ. 5). რის შემდეგაც, 1999 წლის 6 აპრილს კასატორმა გ. ა-მა სარჩელით მიმართა ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა ვ. ნ-ზე (რომლის გარდაცვალების შემდეგ 1994წ 11 ივნისის ანდერძით, სადავო ბინა მემკვიდრეობით გადავიდა ს. ა-ის საკუთრებაში ს.ფ 37 ტ.5) და ა. ნ-ზე გაფორმებული ბინის პრივატიზების ხელშეკრულებების გაუქმება, ბინიდან მოპასუხეების გამოსახლება და ბინის მისთვის საკუთრების უფლებით გადაცემა. მოსარჩელე დაეყრდნო «საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ» კანონის მე-2 მუხლს, ასევე სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 წლის რედაქ ციის) 253-ე მუხლის მე-13 პუნქტს, 291-ე მუხლის მე-2 პუნქტს და მიიჩნია, რომ აღნიშნული ნორმების საფუძველზე მას, როგორც რეპრესიის მსხვერპლის ს. ა-ის მემკვიდრეს, უნდა დაუბრუნდეს 1931 წელს ჩამორთმეული სახლი (ს.ფ. 2-4 ტ.5).

დიდუბე_ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 8 ივლისის განჩინებით გ. ა-ის სარჩელი სადავო ოთახების პრივატიზების ხელშეკრულების გაუქმების და მოპასუხეების ბინიდან გამოსახლების შესახებ შეწყდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის «ბ» პუნატის საფუძველზე, რადგან არსებობდა ჩუღურეთის რაიონის სასამართლოს 1993 წლის 6 ივლისისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 1993 წლის 8 ოქტომბრის განჩინებები (ს.ფ. 50-52 ტ 5). საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ 1999 წლის 8 ივლისის განჩინება გ. ა-ის კერძო საჩივრის საფუძველზე გაუქმდა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 1999 წლის 21 სექტემბრის განჩინებით და საქმე არსებითად განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს (ს.ფ. 84-85 ტ.5).

მოსარჩელე მიუთითებდა, რომ ...ის ქუჩის მე-2 შესახვევის ¹5-ში მის ოჯახს 30 კვ.მ. ფართი უკავია, მაშინ როცა ვ. ნ-ს გააჩნდა 270 კვ.მ. კერძო საკუთრების ბინა, ხოლო სადავო 15 კვ.მ. აქირავებდა, ნ-ების ოჯახს კი სადავო ფართიდან 13 სულზე 13 ოთახიანი ბინა აქვთ მიღებული ვარკეთილში.

დიდუბე_ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 18 მაისის გადაწყვეტილებით გ. ა-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გ. ა-ს, როგორც რეპრესირებულის მემკვიდრეს, საკუთრების უფლებით გადაეცა სადავო ბინა, გაუქმდა მოპასუხეებზე გაფორმებული საპრივატიზებო ხელშეკრულებები, თუმცა მოპასუხეები _ ვ. ნ-ის მემკვიდრე ს. ა-ი და ა. ნ-ი სარგებლობის უფლებით დარჩნენ სადავო ბინაში, რადგან ისინი შესახლებულნი იყვნენ ჩუღურეთის გამგეობის მიერ გაცემული ორდერით (ს. ფ. 148-151 ტ. 5).

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს გ. ა-მა და მოპასუხეებმა _ ს. ა-ის წარმომადგენელმა ე. ნ-მა, ა. ნ-მა და ჩუღურეთის რაიონის გამგეობამ (ს. ფ. 152, 178-179; 181-182; 184-185 ტ. 5).

თბილისის საოლქო სასამართლოს 2002 წლის 21 მარტის გადაწყვეტილებით გაუქმდა დიდუბე_ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 18 მაისის გადაწყვეტილება და გ. ა-ს უარი ეთქვა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, ხოლო ე. ნ-ისა და ა. ნ-ის სააპელაციო საჩივრები მთლიანად იქნა დაკმაყოფილებული შემდეგ გარემოებათა გამო:

1. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ 1999 წლის 6 აპრილის სარჩელში გ. ა-ი ითხოვდა სადავო ბინაზე მოპასუხეებთან გაფორმებული პრივატიზების ხელშეკრულებების გაუქმებას, მოპასუხეთა სადავო ფართიდან გამოსახლებას და ამ ოთახების მისთვის, როგორც მემკვიდრისა და მესაკუთრისათვის გადაცემას (ს. ფ. 2-4). რაიონულმა სასამართლომ კი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლის დარღვევით, მოსარჩელეს, როგორც პოლიტრეპრესიების მსხვერპლის პირველი რიგის მემკვიდრეს, საკუთრების უფლებით გადასცა საცხოვრებელი სახლი ისე, რომ მოსარჩელეს ეს მოთხოვნა არ დაუყენებია;

2. საოლქო სასამართლოს განმარტებით, «საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ» კანონის მე-8 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებულ პირს აღუდგება პოლიტიკური რეპრესიის შედეგად დარღვეული ყველა პოლიტიკური, სამოქალაქო და სხვა სახის უფლება და თავისუფლება, მაგრამ ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, რეაბილიტირებული პირის ქონებრივი უფლების აღდგენის წესი განისაზღვრება ცალკე კანონით. პარლამენტის მიერ კი ასეთი ცალკე კანონი არ არის მიღებული. ამიტომ ამ წესის შესახებ კანონის მიღებამდე არ არის განსაზღვრული, თუ როგორ უნდა მოხდეს რეაბილიტირებული პირის ქონებრივი უფლების აღდგენა _ ქონების ნატურით მიკუთვნებით, ფულადი კომპენსაციით თუ სხვა წესით. აღნიშნულიდან გამომდინარე საოლქო სასამართლომ მიიჩნია, რომ უსაფუძვლოა მოსარჩელის მოთხოვნა სადავო სახლზე პრივატიზების ხელშეკრულებების გაუქმების, მოპასუხეთა გამოსახლებისა და სახლის მის საკუთრებაში დაბრუნების თაობაზე. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საკასაციო წესით ასაჩივრებს გ. ა-ი, რომელიც ითხოვს გასაჩივრებელი გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით მისი სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებას. კერძოდ:

1. კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო პალატის მითითებას რაიონული სასამართლოს მიერ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლის დარღვევით გადაწყვეტილების მიღებაზე, რადგან 1999 წლის 6 აპრილის სასარჩელო განცხადებით იგი სწორედ ვ. ნ-თან და ა. ნ-თან უკანონოდ გაფორმებული ოთახების პრივატიზების ხელშეკრულების გაუქმებას მოითხოვდა და საკუთრებაში მათ გადაცემას;

2. კასატორი არ იზიარებს საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რადგან არ არსებობს რეაბილიტირებული პირის ქონებრივი უფლებების აღდგენის წესის შესახებ ცალკე კანონი, ამიტომ მისი მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს. გ. ა-ის მითითებით, მოპასუხეებზე გაფორმებული პრივატიზების ხელშეკრულების გაუქმებას იგი ითხოვს არა მხოლოდ რეაბილიტირებულის პოზიციიდან, არამედ უკანონობის მოტივით. ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 1992 წლის 12 მაისის გადაწყვეტილებით სადავო ბინები გადაეცა ს. ა-ას, ამიტომ საბინაო საექსპლუატაციო ტრესტს აღარ ქონდა მისი გასხვისების უფლება. ამასთან, კასატორის განმარტებით, სადავო ბინა წარმოადგენს მანსარდას, ამიტომ იმ დროს მოქმედი კანონმდებლობით დაუშვებელი იყო მისი პრივატიზება;

3. გ. ა-ი ყ-დღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ ნ-ის ოჯახმა სხვა ადგილზე მიიღო ბინა, ხოლო ა-ს სადავო სახლში საერთოდ არ უცხოვრია. კასატორის მითითებით, პრივატიზების ხელშეკრულებები ნაცვლად ჩუღურეთის რაიონისა, გაფორმდა სამგორის რაიონში, რაც ეჭვს ბადებს. ასევე საეჭვოა ხელშეკრულებაზე ნ-ის ხელმოწერა მაშინ, როცა ნ-მა წერა_კითხვა არ იცოდა, ამასთან ხელშეკრულება გაფორმდა 16 ივლისს, ხოლო იგი გარდაიცვალა 21 ივლისს. მოწინააღმდეგე მხარეებმა _ ს. ა-მა, ა. ნ-მა, დიდუბე_ჩუღურეთის რაიონის განგეობის წარმომადგენელმა საკასაციო საჩივარი არ ცნეს და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს უსაფუძვლობის მოტივით, ხოლო საქმეში ჩართული მესამე პირები _ თბილისის ¹... სანოტარო კანტორა და ნოტარიუსი ა. შ-ი, მოიხედავად დადგენილი წესით გაფრთხილებისა, კვლავ არ გამოცხადდა პროცესზე, ამიტომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გ. ა-ის საკასაციო საჩივარი მათი დასწრების გარეშე იქნა განხილული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა _ განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება _ დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. ა-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002 წლის 21 მარტის გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა იზიარებს კასაციის საფუძველს საოლქო სასამართლოს მიერ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლზე უსწორო მითითების თაობაზე, რადგან კასატორი გ. ა-ი 1999 წლის 6 აპრილს აღძრული სარჩელით ს. ა-ისა და ა. ნ-ის მიმართ სწორედ სადავო ოთახების პრივატიზების შესახებ ხელშეკრულების გაუქმებას, მოსარჩელეთა გამოსახლებასა და ოთახების საკუთრებაში გადაცემას მოითხოვდა, რაც 2000 წლის 18 მაისს ასევე დაადასტურა თბილისის დიდუბე_ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოში ჩამოყალიბებულ მოთხოვნაში (ს.ფ. 2-4, 141, ტ.5) და სასამართლომაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 249-ე მუხლის შესაბამისად, მიიღო გადაწყვეტილება სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით. ამიტომ საკასაციო პალატა არ იზიარებს საოლქო სასამართლოს მოსაზრებას ამავე კოდექსის 248-ე მუხლის დარღვევით გადაწყვეტილების მიღების შესახებ და თვლის, რომ ადგილი არ ჰქონია რაიონული სასამართლოს მიერ სარჩელის ფარგლების გადაცილებას, სასამართლოს მოსარჩელისათვის იმაზე მეტი არ მიუკუთვნებია, რასაც ითხოვდა, არამედ სასამართლომ ზემოაღნიშნული ნორმის გათვალისწინებით, სარჩელის ფარგლებში იმსჯელა მოსარჩელის მოთხოვნაზე _ სადავო პრივატიზების ხელშეკრულებების ბათილობაზე, მოპასუხეთა სადავო ოთახებიდან გამოსახლებაზე და ოთახების მოსარჩელის საკუთრებაში გადაცემაზე. მართალია, დიდუბე_ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს მხრიდან საპროცესო დარღვევას _ სარჩელის ფარგლების გაცდენას ადგილი არ ჰქონია, მაგრამ სარჩელის არასწორად დაკმაყოფილების ნაწილში საკასაციო პალატა იზიარებს თბილისის საოლქო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და მიაჩნია, რომ რაიონული სასამართლოს მიერ გ. ა-ის სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ არსებითად არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი.

სახელდობრ, დიდუბე_ჩუღურეთის რაიონულმა სასამართლომ გ. ა-ის სარჩელი დააკმაყოფილა «საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ» კანონის მე-8 მუხლისა და ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 1998 წლის 23 მარტის გადაწყვეტილების საფუძველზე და გ. ა-ს, როგორც პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებული ს. ა-ის მემკვიდრეს, საკუთრების უფლებით გადასცა სადავო ოთახები (ს.ფ. 148-151 ტ. 5), რასაც საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს და არსებითად ეთანხმება საოლქო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას.

«საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ» კანონის მე-8 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მართალია, პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებულ პირს უნდა აღუდგეს პოლიტიკური რეპრესიის შედეგად დარღვეული ყველა პოლიტიკური, სამოქალაქო და სხვა სახის უფლება _ თავისუფლება, წოდებები დაუბრუნდეს რეპრესიის შედეგად ჩამორთმეული ჯილდოები, შეღავათები, მაგრამ განსახილველი დავის საგანს პოლიტიკური რეპრესიის შედეგად ჩამორთმეული სამხედრო და სპეციალური წოდებების ან სახელმწიფო ჯილდოების აღდგენა_დაბრუნება კი არ წარმოადგენს, არამედ ქონებრივი უფლების _ 1931 წლისათვის ჩამორთმეული სახლთმფლობელობის მესაკუთრის უფლების აღდგენა, რის შესახებაც ზემოაღნიშნული კანონის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილია, რომ «რეაბილიტირებული პირის ქონებრივი უფლებების აღდგენის წესი განისაზღვრება ცალკე კანონით». ვინაიდან რეაბილიტირებულ პირთა ქონებრივი უფლებების აღდგენის შესახებ კანონი მიღებული არ არის, ხოლო მოქმედი კანონმდებლობით სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულია (სადავო სახლთმფლობელობის ჩამორთმევა 1931 წელს მოხდა), საკასაციო პალატა იზიარებს საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილებას გ. ა-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

ამდენად, სააპელაციო პალატის მიერ გ. ა-ის სააპელაციო საჩივართან დაკავშირებით საქმე არსებითად სწორად იქნა გადაწყვეტილი და მოსარჩელეს მართებულად ეთქვა უარი სარჩელის დაკმაყოფილებაზე, ამიტომ საკასაციო პალატის აზრით, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლაქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002 წლის 21 მარტის გადაწყვეტილება, ხოლო გ. ა-ის საკასაციო საჩივარს უსაფუძვლობის მოტივით უარი უნდა ეთქვას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის პირველი ნაწილით, 390-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გ. ა-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2002 წლის 21 მარტის გადაწყვეტილება;

3. გ. ა-ი გათავისუფლდეს საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

4. უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.