Facebook Twitter

3გ-ად-142-კ-02 4 სექტემბერი, 2002 წ. ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის

საქმეთა პალატა შემადგენლობა:

ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),

ბ. კობერიძე (მომხსენებელი),

ნ. კლარჯეიშვილი

სარჩელის საგანი: არაკანონიერი ქმედებით მიყენებული ზიანისა და მიუღებელი შემოსავლის დაკისრება მოპასუხისათვის

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2001 წლის 6 დეკემბერს შპს “.. ..-მ” სარჩელი აღძრა მოპასუხე საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტის საგზაო ფონდის სამმართველოს მიმართ.

სარჩელში აღნიშნული იყო, რომ 1998 წლის 25 ნოემბერს შპს «.. ..სა» და «ბ-ს” შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც «ბ-მა» იკისრა ვალდებულება, მიეწოდებინა შპს «.. ..-სათვის» 31 მილიონი ერთეული პრეფორმის პროდუქცია. შესაბამისად, ამ უკანასკნელს «ბ-სათვის” დეპოზიტის სახით უნდა გადაერიცხა 50000 აშშ დოლარი აღნიშნული საწარმოს ანგარიშსწორების ანგარიშზე, რის შედეგადაც შპს «.. ..» მიიღებდა ზემოაღნიშნული თანხის ღირებულების პრეფორმის პროდუქციას კონტრაქტის დამთავრებამდე. ამ ვალდებულების განსახორციელებლად შპს «.. ..-მ» მიმართა სს «ე-ს» კრედიტის სახით 50000 (ორმოცდაათი ათასი) აშშ დოლარის მიღების თაობაზე, რაზედაც მხარეებს შორის 1998 წლის 30 ნოემბერს შედგა განზრახულობათა ოქმი.

იმავე წლის 7 დეკემბერს საგზაო ფონდის სამმართველოს მიერ სს «ე-ში», სს «გ-სა” და სს «თ-ში” შპს «.. ..-ს” ანგარიშებს დაედო ინკასო 205129 (ორას ხუთი ათას ას ოცდაცხრა) ლარის . დაფარვის მიზნით. აღნიშნული გახდა იმის საფუძველი, რომ სს «ე-ს» უარი ეთქვა მოსარჩელისათვის 1998 წლის 30 ნოემბრის «განზრახულობათა ოქმით» გათვალისწინებული 50000 აშშ დოლარის კრედიტის გაცემაზე, რამაც გამოიწვია მოსარჩელის მიერ «ბ-თან” დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა. ეს კი «ბ-ის” მხრიდან გახდა ზემოაღნიშნული ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი.

მოსარჩელეს მიაჩნდა, რომ საგზაო ფონდის სამმართველოს მხრიდან შპს «.. ..-ს» ანგარიშზე ინკასოს დადებით განხორციელდა არაკანონიერი ქმედება, რის შედეგადაც მოსარჩელეს მიადგა ზიანი მიუღებელი შემოსავლის სახით.

მოსარჩელე ემყარებოდა შემდეგ გარემოებებს:

საქართველოს კონსტიტუციის 94-ე მუხლი განსაზღვრავს, რომ «სავალდებულოა გადასახადებისა და მოსაკრებლების გადახდა კანონით დადგენილი ოდენობითა და წესით; გადასახადებისა და მოსაკრებლების სტრუქტურას, შემოღების წესს ადგენს მხოლოდ კანონი». საგზაო ფონდის სამმართველოს მიერ 1998 წლის 7 დეკემბერს მოსარჩელის საბანკო ანგარიშზე დადებული ინკასოს საფუძველი კი გახდა საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 18 იანვრის ¹17 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულება «საგზაო ფონდის გადასახადების აკრეფის, შემოსავლების აღრიცხვის, კონტროლისა და მიზნობრივი გამოყენების შესახებ». «ნორმატიული აქტების შესახებ» საქართველოს კანონის მე-5 მუხლის I პუნქტის თანახმად აღნიშნული ბრძანებულება წარმოადგენდა კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტს და, შესაბამისად, იგი არ შეიძლებოდა ყოფილიყო გამოყენებული გადასახადებისა და მოსაკრებლების სტრუქტურის შემოღების წესისა და გადახდის ვადების დადგენისათვის. აღნიშნულს, აგრეთვე, ადასტურებდა იმავე კანონის მე-10 მუხლის «ვ» ქვეპუნქტი, რომლის მიხედვითაც «საქართველოში მოქმედი გადასახადებისა და მოსაკრებლების სახეები, სტრუქტურა, ოდენობა, მათი შემოღებისა და გადახდის წესი მხოლოდ საქართველოს საკანონმდებლო აქტით შეიძლება განისაზღვროს». რაც შეეხება «საქართველოს საგზაო ფონდის შესახებ» საქართველოს კანონს, რომლითაც დადგენილი იყო მხოლოდ გადასახადების სახეები, იგი არ განსაზღვრავდა შესაბამისი გადასახადების სტრუქტურას, შემოღების წესსა და ვადებს. აქედან გამომდინარე, საგზაო ფონდის სამმართველოს არ ჰქონდა უფლება, გამოეყენებინა «საგზაო ფონდის გადასახადების აკრეფის, შემოსავლების აღრიცხვის, კონტროლისა და მიზნობრივი გამოყენების შესახებ» დებულების მე-8 მუხლის «ა» პუნქტი, რომელიც ითვალისწინებდა საინკასო დავალებებით (განკარგულებებით) საგზაო ფონდის დავალიანებების ჩამოწერას მეწარმეთა საბანკო ანგარიშიდან. მოსარჩელის განმარტებით, ყოველივე აღნიშნული განსაზღვრული უნდა ყოფილიყო მხოლოდ კანონით «საგზაო ფონდის შესახებ».

სარჩელში აღნიშნული იყო, რომ «.. ..-ს» საბანკო ანგარიშზე ინკასოს დადებისას საგზაო ფონდის სამმართველო, მოქმედებდა უკანონოდ, ვინაიდან ხელმძღვანელობდა «საგზაო ფონდის გადასახადების აკრეფის, შემოსავლების აღრიცხვის, კონტროლისა და მიზნობრივი გამოყენების შესახებ» დებულებით და, შესაბამისად, მისი ეს ქმედება ეწინააღმდეგებოდა საქართველოს კონსტიტუციის ზემოაღნიშნული ნორმის მოთხოვნას.

მოსარჩელის განმარტებით, საგზაო ფონდის სამმართველოს მხრიდან ზემოთ მითითებული კანონშეუსაბამო ქმედების შედეგად შპს “.. ..-ს” მიადგა ზიანი მიუღებელი შემოსავლის სახით იმდენად, რამდენადაც საგზაო ფონდის სამმართველოს მიერ მოსარჩელის ანგარიშზე დადებული ინკასოს გამო სს «ე-მა» უარი უთხრა მოსარჩელეს კრედიტის სახით 50000 აშშ დოლარის გაცემის თაობაზე და მოსარჩელის მხრიდან შეუძლებელი გახდა 1998 წლის 25 ნოემბრის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება, რის შედეგადაც ხელშეკრულების მეორე მხარემ შეწყვიტა მოსარჩელისათვის საკმაოდ ხელსაყრელი (მომგებიანი) კონტრაქტი.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ აუცილებლობიდან გამომდინარე შპს «.. ..-მ» შეისყიდა პრეფორმები სს “კ-საგან”, რაშიც გადაიხადა უფრო მეტი თანხა - 2393402 აშშ დოლარი, ვიდრე «ბ-თან” გაფორმებული ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე, 412-ე მუხლების საფუძველზე მოსარჩელემ ითხოვა მიუღებელი შემოსავლის სახით მოპასუხისთვის შპს «.. ..-ს» სასარგებლოდ 878154 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება.

თბილისის საოლქო სასამართლოს 2002 წლის 21 იანვრის განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩაერთო საქართველოს საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტი.

სასამართლო კოლეგიის 2002 წლის 18 მარტის გადაწყვეტილებით მოსარჩელე შპს “.. ..-ს” მთლიანად ეთქვა უარი სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელიც ითხოვს თბილისის საოლქო სასამართლოს 2002 წლის 18 მარტის გადაწყვეტილების გაუქმებას, ახალი გადაწყვეტილების გამოტანასა და სარჩელის დაკმაყოფილებას.

საკასაციო საჩივარში კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა (393-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ბ» პუნქტი) და არასწორად განმარტა კანონი (393-ე მუხლის «გ» პუნქტი), კერძოდ:

1. სასამართლო გადაწყვეტილების ბოლოდან მე-5 აბზაცში მითითებას აკეთებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 162-ე მუხლზე. აღნიშნული მუხლი მოთავსებულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის VII კარში _ ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მესაკუთრეთა გადასახადი. აღნიშნულ ნორმას არავითარი შეხება არ აქვს დავის საგანთან და საერთოდ აღნიშნულ სასამართლო განხილვასთან, რადგან იგი სხვა ურთიერთობას არეგულირებს. სასამართლოს მიერ მასზე მითითება სხვა არაფერია, თუ არა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ბ» პუნქტით გათვალისწინებული კასაციის საფუძველი.

2. სასამართლო გადაწყვეტილების მე-5 გვერდის ბოლოდან მე-2 აბზაცში მითითებას აკეთებს საგადასახადო კოდექსის 206-ე მუხლზე. კასატორის აზრით, გაუგებარია, რისი თქმა უნდა სასამართლოს, ვინაიდან აღნიშნული მუხლი მოთავსებულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის XII კარში _ «გადასახადი საქართველოს ტერიტორიაზე ავტოსატრანსპორტო საშუალებათა შემოსვლისათვის და ზენორმატიული დატვირთვისათვის”, რომელსაც არავითარი შეხება არ აქვს დავის საგანთან და საერთოდ აღნიშნულ სასამართლო განხილვასთან, რადგან იგი სხვა ურთიერთობას არეგულირებს. სასამართლოს მიერ მასზე მითითება სხვა არაფერია, თუ არა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ბ» პუნქტით გათვალისწინებული კასაციის საფუძველი.

3. ასევე გაუგებარია საგადასახადო კოდექსის 271-ე მუხლის გამოყენება (გადაწყვეტილების მე-5 გვერდის ბოლოდან მე-5 აბზაცი), ვინაიდან არც ამ მუხლს აქვს რაიმე შეხება დავის საგანთან და ამ სასამართლო განხილვასთან. არასწორია სასამართლოს მიერ საგადასახადო კოდექსის იმ ნორმების გამოყენება, რომელთაც არავითარი შეხება არა აქვს სარჩელთან. სახეზეა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ბ» პუნქტით გათვალისწინებული კასაციის საფუძველი.

4. სასამართლო ასევე იყენებს საგადასახადო კოდექსის 265-ე მუხლის «ე» პუნქტს იმის დასადასტურებლად, რომ «საგზაო ფონდის გადასახადების ამოღების უფლებამოსილება საგადასახადო ინსპექციის მსგავსად მიენიჭება საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტსაც» (გადაწყვეტილების მე-5 გვერდის ბოლოდან მე-3 აბზაცი).

აღნიშნული მუხლი არეგულირებს საგადასახადო ორგანოთა და არა საგზაო ფონდის უფლებამოსილებას გადასახადის იძულებითი აკრეფის საკითხში. გაუგებარია სასამართლოს მიერ ამ ნორმის მისადაგება საგზაო ფონდისათვის მაშინ, როცა არ არსებობს ნორმა, რომელიც საგზაო ფონდთან მიმართებაში მითითებას აკეთებდეს საგადასახადო კოდექსის 265-ე მუხლზე (სახეზეა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ბ» პუნქტით გათვალისწინებული კასაციის საფუძველი _ სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა).

5. კასატორის განმარტებით სასამართლოს გადაწყვეტილების მე-5 გვერდის ბოლო აბზაცი - «აღნიშნული ნორმების გათვალისწინებით სასამართლო კოლეგიას დადგენილად მიაჩნია, რომ საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტის საგზაო ფონდის სამმართველოს სრული უფლებამოსილება გააჩნდა გადასახადის გადამხდელის, ამ შემთხვევაში მოსარჩელე «.. ..-ს» ანგარიშზე წარედგინა საინკასო დავალება გადასახადის გადახდევინებისათვის» _ უსაფუძვლოა, რადგან აღნიშნული ნორმები: საგადასახადო კოდექსის 162-ე, 206-ე, 265-ე და 271-ე მუხლებს არავითარი კავშირი არა აქვს საგზაო ფონდის მიერ საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებით სარგებლობისათვის დაწესებული გადასახადის იძულებითი გზით _ ინკასოს წარდგენით _ ამოღებასთან. 162-ე, 206-ე და 271-ე მუხლები ეხება საერთოდ სხვა გადასახადებს, ხოლო 265-ე მუხლი _ სხვა ორგანოს _ საგადასახადო ორგანოს _ უფლებამოსილებას.

6. სასამართლომ ასევე გაუგებარი გადაწყვეტილება მიიღო საგზაო ფონდის შესახებ გადასახადის გადახდის ვადასთან დაკავშირებით.

კასატორის განმარტებით, სასამართლო აღნიშნავს, რომ საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებით სარგებლობისათვის გადასახადი გადახდილ უნდა იქნეს ყოველკვარტლურად და მითითებას აკეთებს “საგზაო ფონდის შესახებ” კანონის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტზე. კასატორი განმარტავს, რომ აღნიშნული პუნქტი მე-4 მუხლს დაემატა 1999 წლის 9 ივნისის კანონით, ხოლო ინკასოები წარდგენილ იქნა 1998 წლის დეკემბერში და შესაბამისად, სასამართლოს განხილვის საგანიც ეს პერიოდი იყო. ამდენად, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა _ “საგზაო ფონდის შესახებ” კანონის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტი, ვინაიდან ეს ნორმა სასამართლოს მიერ განსახილველი ურთიერთობების დროს არ არსებობდა. ამგვარად, სახეზეა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ბ» პუნქტით გათვალისწინებული კასაციის საფუძველი.

საკასაციო საჩივარში აღნიშნულია, რომ ზემოთ ჩამოთვლილი კანონის დარღვევები საკმარისი საფუძველია თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002 წლის 18 მარტის გადაწყვეტილების, როგორც კანონის დარღვევით გამოტანილი გადაწყვეტილების, გასაუქმებლად.

კასატორის განმარტებით, «.. ..-ს» საბანკო ანგარიშზე ინკასოს დადებისას საგზაო ფონდი მოქმედებდა უკანონოდ, რადგანაც ხელმძღვანელობდა «საგზაო ფონდის გადასახადების აკრეფის, შემოსავლების აღრიცხვის, კონტროლისა და მიზნობრივი გამოყენების შესახებ» დებულებით და, ამდენად, მისი ეს ქმედება ეწინააღმდეგებოდა საქართველოს კონსტიტუციის 94-ე მუხლის მოთხოვნას, ვინაიდან კანონით არ იყო დადგენილი აღნიშნული გადასახადის გადახდის ვადა (რაც გადახდის წესის ერთ-ერთ ელემენტს წარმოადგენს) და საგზაო ფონდის უფლება _ იძულებითი წესით, ინკასოს წარდგენით, მოეხდინა გადასახადის ამოღება.

კასატორის განმარტებით, საგზაო ფონდის სამმართველოს მხრიდან ზემოთ მითითებული კანონშეუსაბამო ქმედების შედეგად შპს “.. ..-ს” მიადგა ზიანი _ 878154 აშშ დოლარი _ მიუღებელი შემოსავლის სახით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ბ» და «გ» პუნქტებისა და 411-ე მუხლის საფუძველზე კასატორმა ითხოვა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლის და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002 წლის 18 მარტის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების გამოტანა, რომლითაც დაკმაყოფილდება სარჩელი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, მოუსმინა მხარეთა განმარტებებს, შეამოწმა საკასაციო საჩივრისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლები, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

«საქართველოს რესპუბლიკაში საგზაო ფონდის შესახებ» საქართველოს რესპუბლიკის კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე» საქართველოს 1997 წლის 16 ოქტომბრის კანონის მე-8 პუნქტის თანახმად აღნიშნული კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: «საგზაო ფონდში გადასახადების ამოღებას, შემოსავლის აღრიცხვასა და კონტროლს ახორციელებენ საქართველოს საგადასახადო ინსპექცია და საქართველოს საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტი კანონმდებლობით დადგენილი წესით».

ზემოაღნიშნული კანონისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის საფუძველზე საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 12 იანვრის ¹17 ბრძანებულებით დამტკიცდა «საგზაო ფონდის გადასახადების აკრეფის, შემოსავლების აღრიცხვის, კონტროლისა და მიზნობრივი გამოყენების შესახებ» დებულება.

აღნიშნული დებულების პირველი მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად საგზაო ფონდის გადასახადების ადმინისტრირება ხორციელდება «საქართველოს საგადასახადო კოდექსით» შემდეგი წესით: საქართველოს საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტის საგადასახადო სამსახური «საქართველოს საგადასახადო კოდექსის» XIV კარით განსაზღვრული წესით აწარმოებს საინკასო დავალებებით (განკარგულებებით) საგზაო ფონდის დავალიანებების ჩამოწერას მეწარმეთა საბანკო ანგარიშებიდან.

ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ «საქართველოს რესპუბლიკაში საგზაო ფონდის შესახებ» კანონითა და «საგზაო ფონდის გადასახადების აკრეფის, შემოსავლების აღრიცხვის კონტროლისა და მიზნობრივი გამოყენების შესახებ» დებულებით დაწესებულია საგზაო ფონდის გადასახადების გადახდა, რომლის ამოღების, აღრიცხვისა და კონტროლის უფლებამოსილება მიენიჭა საქართველოს საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მოტივაციას, რომ ზემოთ აღნიშნული ნორმატიული აქტების საფუძველზე საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტის საგზაო ფონდს სრული უფლებამოსილება გააჩნდა, გადასახადის გადამხდელის, კონკრეტულ შემთხვევაში შპს «.. ..-ს», საბანკო ანგარიშებზე წარედგინა საინკასო დავალება საგზაო ფონდის გადასახადის გადასახდელად.

საქმის მასალებიდან და მხარეთა განმარტებებიდან ირკვევა, რომ იმ პერიოდში შპს «.. ..-ს» საქართველოს საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტს საგზაო ფონდის მიმართ გააჩნდა საგზაო ფონდის გადასახადის გადაუხდელობით წარმოშობილი დავალიანება.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სასამართლო კოლეგიამ სწორად არ გაიზიარა მოსარჩელის განმარტება იმის თაობაზე, რომ შპს «.. ..-ს» ანგარიშსწორების ანგარიშებზე საინკასო დავალებების წარდგენის საფუძველი იყო მხოლოდ «საგზაო ფონდის გადასახადების აკრეფის, შემოსავლების აღრიცხვის, კონტროლისა და მიზნობრივი გამოყენების შესახებ» დებულება, რომელიც ეწინააღმდეგებოდა «ნორმატიული აქტების შესახებ» კანონის მე-10 მუხლის «ვ» ქვეპუნქტს. სასამართლო კოლეგიამ სწორად ჩათვალა, რომ საგზაო ფონდის გადასახადის სახეები, სტრუქტურა და ოდენობა დადგინდა «საქართველოს რესპუბლიკაში საგზაო ფონდის შესახებ» კანონით, რომლის საფუძველზეც საქართველოს საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტის საგზაო ფონდმა საინკასო დავალებებით ჩამოწერა მის მიმართ წარმოშობილი დავალიანების თანხა შპს «.. ..-ს» საბანკო ანგარიშებიდან.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს «.. ..-ს» საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002 წლის 18 მარტის გადაწყვეტილება.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.