Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3გ/ად-144-კ-01 15 თებერვალი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),

ნ. სხირტლაძე,

მ. ვაჩაძე

დავის საგანი: ოზურგეთის რაიონის გამგეობის დადგენილებების სადავო ნაკვეთის ნაწილში ბათილად ცნობა, საკარმიდამო ნაკვეთის შევსება.

აღწერილობითი ნაწილი:

ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს 06.11.2000წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა ზ. ჩ-ძემ, რომელმაც მოითხოვა: ოზურგეთის რაიონის გამგეობის 28.08.2000წ. ¹73 დადგენილების გაუქმება, რომლითაც სადავო მიწის ნაკვეთი შეტანილ იქნა კონკურსის (აუქციონის) წესით გასაცემ მიწის ნაკვეთთა ნუსხაში; 10.10.2000წ. ¹103 დადგენილების იმ ნაწილის გაუქმება _ რომლითაც გადაწყდა დოკუმენტების სრულყოფის შემდეგ სადავო მიწის ნაკვეთის ხელახლა აუქციონზე გატანა; საკარმიდამო ნაკვეთის შევსება სადავო ნაკვეთის ხარჯზე. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 08.01.01წ. გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ოზურგეთის რაიონის გამგეობის და მესამე პირის _ ს. თ-ძის მიერ. სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას დადგენილად იქნა ცნობილი შემდეგი: ოზურგეთის რაიონის გამგეობამ, მიწის მართვის სამმართველოს უფროსის და ურბანიზაციისა და მშენებლობის დეპარტამენტის თავმჯდომარის 15.06.99წ. ¹გ-79 წერილის საპასუხოდ, 02.09.99წ. ¹129 წერილით ქალაქისათვის საჭირო სხვადასხვა დანიშნულების ობიექტების მშენებლობისათვის შეარჩია ადგილები, მათ შორის სადავო, გმირთა მოედანზე, 12-სართულიანი საცხოვრებელი სახლის საყრდენი კედლის მიმდებარე 100 კვ.მ მიწის ნაკვეთი. აღნიშნულის საფუძველზე რაიონის გამგეობის 28.06.2000წ. ¹73 დადგენილებით სადავო მიწის ნაკვეთი შეტანილ იქნა ოზურგეთის ტერიტორიაზე კონკურსის ან აუქციონის წესით გასაცემ მიწის ნაკვეთთა ნუსხაში. 17.07.2000წ. ადგილობრივ გაზეთ _ «ა." გამოცხადდა აუქციონი. 31.08.2000წ. ოზურგეთის რაიონის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის საკონკურსო (აუქციონის) კომისიამ თავის შემაჯამებელ სხდომაზე სადავო მიწის ნაკვეთზე აუქციონში გამარჯვებულად აღიარა ს. თ-ძე. გამგეობის 10.10.2000წ. ¹103 დადგენილებით გადაწყდა დოკუმენტების სრულყოფის შემდეგ სადავო მიწის ნაკვეთის ხელახლა აუციონზე გატანა.

სააპელაციო პალატამ არ გაიაზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება იმის შესახებ, რომ ნაკვეთის საკონკურსო (აუქციონის) წესით გასაყიდ ობიექტთა ნუსხაში შეტანით დაირღვა კანონმდებლობის მოთხოვნები და მოსარჩელის ინტერესები. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება, რომ ნაკვეთის გასაყიდ ობიექტთა ნუსხაში შეტანა მასთან უნდა შეთანხმებულიყო და მიუთითა, რომ გასაყიდი ობიექტის საზღვრები არანაირად არ ზღუდავს მოსარჩელის ინტერესებს, სადავო ფართი არ წარმოადგენს მოსარჩელისათვის აუცილებელ გზას, ვინაიდან ადრე, ნაკვეთიდან ჯიხურების აღებამდე, მოსარჩელე სხვა გზით სარგებლობდა. პალატამ მიუღებლად მიიჩნია აგრეთვე ზ. ჩ-ძის მოთხოვნა პირდაპირი შესყიდვის გზით სადავო ნაკვეთის მასზე გადაცემის თაობაზე, ვინაიდან სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების განკარგვის სამართლებრივი ფორმის შერჩევა თვით მიწის ნაკვეთის მესაკუთრის _ სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს და არა მოსარჩელის გადასაწყვეტია. რადგანაც სადავო ადგილი ქალაქის ცენტრში მდებარეობს და არ განეკუთვნება სარეფორმო ან სარეზერვო მიწის ფონდს, პალატამ შეუძლებლად მიიჩნია აგრეთვე საკარმიდამო ნაკვეთის შევსება სადავო მიწის ნაკვეთით, ეს მოთხოვნა მიჩნეულ იქნა აგრეთვე ხანდაზმულად, ვინაიდან კედლის და თორმეტსართულიანი სახლის მშენებლობიდან, რომლის გამოც მოსარჩელეს 8 კვ.მ ჩამოეჭრა, 10 წელზე მეტია გასული, ხოლო 1964წ. სამოქალაქო სამართლის კოდექსის 76-ე მუხლი ითვალისწინებდა მოთხოვნის ხანდაზმულობის 3-წლიან ვადას. პალატამ მიუთითა, რომ გამგეობის ¹103 დადგენილებით აუქციონის შედეგების დამტკიცებაზე უარი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის თანახმად, არ სცილდება მისი კომპეტენციის ფარგლებს და დასაშვებია. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატის 19.06.01წ. გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა რაიონის გამგეობის სააპელაციო საჩივარი, უცვლელად დარჩა გამგეობის 26.06.2000წ ¹73 და 10.10.2000წ. ¹103 დადგენილებები, არ დაკმაყოფილდა ს. თ-ძის სააპელაციო საჩივარი აუქციონის შედეგების დამტკიცებულად ცნობის შესახებ, უარი ეთქვა აგრეთვე ზ. ჩ-ძის სასარჩელო მოთხოვნას.

სააპელაციო პალატის 19.06.01წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა ს. თ-ძის და ზ. ჩ-ძის მიერ. ს. თ-ძე საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ აუქციონი თავისი ბუნებით სახელმწიფოსა და მოქალაქეს შორის დადებული გარიგებაა, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 70-ე მუხლის თანახმად ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადებული გარიგების ბათილად გამოცხადებას აწესრიგებს სამოქალაქო კოდექსი, რის გამო აუქციონის შედეგების გაუქმება შეუძლია სასამართლოს და არა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემ ორგანოს. ვინაიდან სასამართლომ უცვლელად დატოვა გამგეობის ¹73 დადგენილების ის ნაწილი, რომლითაც სადავო მიწის ნაკვეთი შეტანილ იქნა კონკურსის (აუქციონის) წესით გასაცემ მიწის ნაკვეთთა სიაში, ე.ი. სასამართლოს მიერ მიჩნეულ იქნა, რომ მიწის ნაკვეთის აუქციონის წესით რეალიზაცია კანონიერია და ამით არ შელახულა ზ. ჩ-ძის ინტერესები, ასეთ პირობებში უნდა დაკმაყოფილებულიყო ს. თ-ძის სასარჩელო მოთხოვნა აუქციონის შედეგების დამტკიცების შესახებ. აუქციონის კანონის მოთხოვნათა დაცვით ჩატარება გამორიცხავს ნაკვეთის ხელმეორედ აუქციონზე გატანას, მით უფრო, რომ კასატორს გადახდილი აქვს ბე კონკურში მონაწილეობის მისაღებად და ობიექტის ღირებულების თანხა. სასამართლოს არ უმსჯელია აგრეთვე იმაზე, თუ რა უფლება აქვს ს. თ-ძეს ახალი აუქციონის დანიშვნისას, შეუძლია თუ არა მას დაიბრუნოს გადახდილი თანხა და მიყენებული ზარალი. საბოლოოდ, კასატორი ითხოვს ქუთაისის საოლქო სასამართლოს 19.06.01 წ. გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღებით ოზურგეთის რაიონის გამგეობის 10.10.2000წ. ¹103 დადგენილების გაუქმებას იმ ნაწილში, რომლითაც გამგეობამ უარი თქვა აუქციონის შედეგების დამტკიცებაზე და დაადგინა ახალი აუქციონის ჩატარება.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს 19.06.01წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა აგრეთვე ზ. ჩ-ძის მიერ. კასატორი აღნიშნავს, რომ «სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრებაში ან სარგებლობაში განკარგვის წესის" მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად აუქციონის მეშვეობით მიწის ნაკვეთის შემოთავაზებამდე მიწის ნაკვეთის საზღვრები ადგილზე მოწმდება შესაბამისი სამსახურის მონაწილეობით, აუცილებლობის შემთხვევაში საზღვრები უნდა დამტკიცდეს მეზობლად განლაგებული მიწის ნაკვეთის მფლობელთა წარმომადგენლებთან შეთანხმების საფუძველზე. მიწის ნაკვეთის სამშენებლო მიზნებისათვის გადაცემის შემთხვევაში საზღვრები უნდა დაწესდეს არქიტექტურისა და ქალაქმშენებლობის ადგილობრივი სამსახურის წარმომადგენლების მონაწილეობით. მიუხედავად იმისა, რომ ზ. ჩ-ძე არის მეზობლად განლაგებული მიწის ნაკვეთის მფლობელი, სადავო ნაკვეთის აუქციონზე გატანა მასთან არ შეთანხმებულა. კასატორი სადავო ნაკვეთის შეთავაზებას გარეშე პირებისათვის მიიჩნევს თავისი უფლებების დარღვევად, ვინაიდან ნაკვეთი წარმოადგენს მისი ეზოდან გასასვლელს, სამანქანო და ფეხით სასიარულო გზას. კასატორი აღნიშნავს აგრეთვე, რომ სასამართლომ არ მისცა არავითარი შეფასება «სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ" კანონის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის «ა" ქვეპუნქტის მოთხოვნების დარღვევად, რომლის მიხედვით საზოგადოებრივი სარგებლობის მიწის ნაკვეთები (მოედნები, ქუჩები, გასასვლელები, გზები, სანაპიროები) განიკარგება მხოლოდ საქართველოს მთავრობის ნებართვით. კასატორის აზრით, სადავო ნაკვეთი არის საზოგადოებრივი სარგებლობის, საყრდენ კედელზე, რომლის მიმდებარედ მდებარეობს ნაკვეთი, მოთავსებულია მხატვრული პანო, ნაკვეთზე გადის ეზოში შესასვლელი გზა, საწრეტი არხი, ცენტრალური გზის ბორდიური, რის გამო ნაკვეთის განკარგვა საჭიროებდა მთავრობის ნებართვას. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-13 მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით იქნა გამოტანილი აგრეთვე გამგეობის 10.10.2000წ. ¹103 დადგენილების ის ნაწილი, რომელიც შეეხება სადავო მიწის ნაკვეთის აუქციონზე ხელახლა გატანას. სადავო ნაკვეთის პირდაპირ შესყიდვაზე უარის თქმა არის მისი უფლებების დარღვევა და კანონის უგულებელყოფა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა მოითხოვა, სსსკ-ის 411-ე მუხლის შესაბამისად, ქუთაისის საოლქო სასამართლოს 19.06.01წ. გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილება.

სასამართლო პროცესზე კასატორების _ ზ. ჩ-ძის და ს. თ-ძის წარმომადგენლებმა მოითხოვეს თავთავიანთი საკასაციო საჩივრების დაკმაყოფილება. ოზურგეთის რაიონის გამგეობას შესაგებელი არ წარუდგენია და თხოვნით მიმართა სასამართლოს განსახილველად დანიშნული საქმე მისი წარმომადგენლის გარეშე განეხილა.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, ახსნა-განმარტებების მოსმენის და საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 19.06.01წ. გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახალი განხილვისათვის უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდგომ გარემოებათა გამო:

საქმე განხილულია ზერელედ, ფაქტობრივი გარემოებების სრული და ყოველმხრივი გამოკვლევის გარეშე. კერძოდ, სააპელაციო პალატამ გაიზიარა აპელანტის, ოზურგეთის რაიონული გამგეობის წარმომადგენელთა მოსაზრება სადავო მიწის ნაკვეთის საკონკურსო (აუქციონის) წესით გასაყიდ ობიექტა ნუსხაში მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით შეტანის, გამგეობის 28.06.2000წ. ¹73 დადგენილების კანონშესაბამისობის შესახებ, მაშინ როდესაც გამგეობის აღნიშნული აქტი საერთოდ არ შეიცავს მითითებას სადავო ნაკვეთზე. სასამართლო პროცესზე საკასაციო პალატას წარედგინა ოზურგეთის რაიონის გამგეობის 21.04.2000წ. ¹42 დადგენილება ,,ოზურგეთის ტერიტორიაზე აუქციონის (კონკურესის) წესით გასაცემი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნუსხის დამტკიცების შესახებ", რომლის მიხედვითაც კონკურსის (აუქციონის) წესით გასაცემი მიწის ნაკვეთების ნუსხაში, სხვა ნაკვეთებთან ერთად, შეტანილ იქნა გმირთა მოდანზე 12-სართულიანი საცხოვრებელი სახლის საყრდენ კედელთან მდებარე მიწის ნაკვეთი, სახელდობრ გამგეობის აღნიშნული დადგენილებით აუქციონის წესით გასაყიდ მიწის ნაკვეთების ნუსხაში შეტანილი ტერიტორიები გამოქვეყნდა 17-23.07.2000წ. ოზურგეთის რაიონულ გაზეთში _ «ა.". ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, 28.06.2000წ. ¹73 აქტი არ შეიძლება წარმოადგენდეს განსახილველი დავის საგანს, ვინაიდან მხარეს _ ზ. ჩ-ძეს, რომელიც ითხოვდა მის გაუქმებას, გამგეობის აღნიშნულ აქტთან არ აქვს რაიმე შემხებლობა, შესაბამისად, არ შეიძლება ჰქონდეს მის მიმართ რაიმე უფლებადამცავი, იურიდიული ინტერესი. ამდენად, უმართებულოა, სააპელაციო პალატის 19.06.01წ. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში მითითება იმის შესახებ, რომ ოზურგეთის რაიონული გამგეობის 26.06.2000წ. ¹73 დადგენილებით სადავო მიწის ნაკვეთი შეტანილ იქნა კონკურსის (აუქციონის) წესით გასაცემ მიწის ნაკვეთთა ნუსხაში. უსწოროდაა აგრეთვე მითითებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო და სამოტივაციო ნაწილებში ¹73 დადგენილების მიღების თარიღი, რომელიც არ ემთხვევა გადაწყვეტილების აღწერილობით ნაწილში მითითებულ თარიღს, აქტის ტექსტიდან ირკვევა, რომ ¹73 დადგენილება მიღებულია 2000 წლის 28 და არა 26 ივნისს. საკასაციო პალატა თვლის, რომ საქმის ყოველმხრივი, სრული შესწავლა საჭიროებს დამატებით დავის საგნის დაზუსტებას.

დაუსაბუთებულია აგრეთვე სააპელაციო პალატის მსჯელობა მეორე სადავო აქტის _ ოზურგეთის რაიონის გამგეობის 10.10.2000წ. ¹103 დადგენილების ირგვლივ, რომლითაც არ დამტკიცდა სადავო ნაკვეთის აუქციონის წესით გაყიდვის შედეგები და გადაწყდა მიწის ნაკვეთის აუქციონზე გატანა ხელახლა დოკუმენტების სრულყოფის შემდეგ. საკასაციო პალატა შეუძლებელად თვლის ჩატარებული აუქციონის კანონიერებაზე მსჯელობას სრული საკონკურსო დოკუმენტაციის გაცნობის გარეშე, რომელიც გამოთხოვილ უნდა იქნეს მიწის მართვის და განკარგვის კონკურსის (აუქციონის) კომისიიდან. სააპელაციო პალატის მსჯელობიდან გაურკვეველი რჩება, თუ რა მოსაზრებებით გახადა ჩატარებული აუქციონი სადავო თავად გამგეობამ, რატომ შეიტანა ეჭვი მის მიერვე ჩატარებული აუქციონის კანონშესაბამისობაში და რის გამო საჭიროებდა დოკუმენტაცია სრულყოფას, გადაწყვეტილებაში მოყვანილი მსჯელობიდან გაურკვეველი რჩება თუ რა იყო სრულყოფაში მოსაყვანი, მაშინ, როდესაც სასამართლომ კანონიერად ცნო გამგეობის 26.06.2000წ. ¹73 დადგენილების საფუძველზე სადავო ნაკვეთის გასაყიდ ობიექტთა ნუსხაში შეტანა და აუქციონის ჩატარება. ამდენად, ამ ნაწილში სასამართლოს გადაწყვეტილება წინააღმდეგობრივია, სასამართლოს დასკვნა არ გამომდინარეობს გადაწყვეტილებაში მოყვანილი მსჯელობიდან. გადაწყვეტილების აღნიშნული ხარვეზი მით უფრო დაუშვებელია აუქციონის სახელშეკრულებო ბუნებიდან გამომდინარე, რომელიც განაპირობებს აუქციონის შედეგების დამტკიცებაზე უარის თქმის მოტივების სიცხადეს.

სადავო მიწის ნაკვეთის აუქციონის წესით გასაცემ მიწის ნაკვეთთა ნუსხაში რაიონის გამგეობის 21.04.2000წ. ¹42 დადგენილებით შეტანის დადასტურებულად მიჩნევის შემთხვევაში საოლქო სასამართლომ უნდა იქონიოს მსჯელობა სადავო ნაკვეთთან დაკავშირებით რაიონის გამგეობის 10.10.2000წ. ¹103 დადგენილებაში გამგეობის 28.06.2000წ. ¹73 დადგენილების მითითების მართლზომიერებაზე. შეფასება უნდა მიეცეს აგრეთვე გამგეობის 10.10.2000წ. ¹103 დადგენილებაში აუქციონის შედეგის დამტკიცებაზე უარის თქმის მითითებულ საფუძველს _ «სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრებაში ან სარგებლობაში განკარგვის წესის" 6.1. და 5.3 მუხლებს, განსახილველი ურთიერთობების მიმართ ამ საფუძვლის გამოყენების შესაძლებლობებზე პირობებში, როდესაც აუქციონის წესით გასაცემ მიწის ნაკვეთთა ნუსხაში ნაკვეთი შეტანილ იქნა გამგეობის 21.04.2000წ. ¹42 დადგენილებით, ხოლო მიწის საკუთრებაში ან სარგებლობაში განკარგვის წესი საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ დამტკიცდა 10.05.2000წ. ¹65 ბრძანებით.

საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ აუქციონის შედეგების დამტკიცებაზე უარის თქმას ზ. ჩ-ძე არ ასაჩივრებდა, უკანასკნელი ითხოვდა 10.10.2000წ. ¹103 დადგენილების იმ ნაწილში გაუქმებას, რომლითაც დაინიშნა ხელმეორე აუქციონი. რაც შეეხება ზ. თ-ძის მოთხოვნას გამგობის 10.10.2000წ. ¹103 დადგენილების იმ ნაწილში გაუქმების შესახებ, რომლითაც არ დამტკიცდა აუქციონის შედეგები და დაინიშნა ხელახალი აუქციონი, აგრეთვე ს. თ-ძის მოთხოვნას სასამართლოს მიერ აუქციონის შედეგების დამტკიცების შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ პირველი და სააპელაციო ინსტანციების სასამართლოებში ს. თ-ძის წარმომადგენლებს არაერთგზის დაუყენებიათ აღნიშნული მოთხოვნების დაკმაყოფილების საკითხი, საქმეში არ მოიპოვება ს. თ-ძის სარჩელი ამ მოთხოვნების დაკმაყოფილების თაობაზე, ე.ი. არ არსებობს მოთხოვნის პროცესუალური საფუძველი. ამდენად, უმართებულოა ს. თ-ძის საკასაციო საჩივარში მითითება მისი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უკანასკნელის არარსებობის გამო, შესაბამისად შეუძლებელია მისი საკასაციო მოთხოვნების დაკმაყოფილება სადავო ნაკვეთთან დაკავშირებით გამგეობის 10.10.2000წ. ¹103 დადგენილების და ჩატარებული აუქციონის შედეგების დამტკიცების ნაწილში. ვინაიდან ს. თ-ძეს საქმის შედეგებისადმი აქვს Uუშუალო მატერიალური და პროცესუალური ინტერესი, ა.ს.კ. 16.5 მუხლის თანახმად იგი უფლებამოსილი იყო აღეძრა სასამართლოში სარჩელი, მისი მოთხოვნების სააპელაციო და საკასაციო საჩივრებში ასახვა არ ცვლიდა ს. თ-ძის სარჩელის წარდგენის საჭიროებას. სასარჩელო განცხადების სათანადო ფორმის დაცვა სარჩელის წარდგენის უფლების განხორციელების უმნიშვნელოვანესი პირობათაგანია, სარჩელის უფლება დისპოზიციური ხასიათისაა, სსსკ-ის 177-ე მუხლის თანახმად სარჩელი შედგენილი უნდა იყოს წერილობითი ფორმით და უნდა პასუხობდეს სსსკ-ის მოთხოვნებს. აღნიშნული მოთხოვნების შეუსრულებლობა არ ქმნის საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლით გარანტირებული უფლებების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობას, სასამართლო არ არის უფლებამოსილი მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაც მას არ უთხოვია ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა (სსსკ-ის 248-ე მუხლი), ამასთანავე, დავის საგნის გადიდება საკასაციო სასამართლოში დაუშვებელია (სსსკ-ის 406-ე მუხლი).

საქმის გარემოებათა არასრულყოფილი გამოკვლევისა და დავის საგნის დაზუსტების საჭიროების გამო საკასაციო პალატა შეუძლებლად თვლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას, საკასაციო საჩივრებში მოყვანილი არგუმენტების შეფასებას, რის გამო საქმე ხელახალი განხილვისათვის უნდა დაუბრუნდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატას.

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ს. თ-ძის და ზ. ჩ-ძის საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 19.06.01წ. გადაწყვეტილება.

2. საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატას.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.