Facebook Twitter

3გ-ად-144-კ-02 20 სექტემბერი, 2002 წ. ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა შემადგენლობა:

ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),

მ. ვაჩაძე (მომხსენებელი),

ნ. სხირტლაძე

დავის საგანი: საერთო სარგებლობის გზის გახსნა და ხელშეშლის აღკვეთა.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2001 წლის 31 ივლისს ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ...ში მცხოვრებმა ზ. მ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს და რ., რე. და ბ. მ-ეებისაგან საერთო სარგებლობის სოფლის სამანქანო გზის გახსნა და ამ გზით სარგებლობისას ხელშეშლის აღკვეთა მოითხოვა. მოსარჩელემ სასარჩელო განცხადებაში მიუთითა, რომ მოპასუხეებმა მის საცხოვრებელ სახლთან მისასვლელი სოფლის საერთო სარგებლობის გზა თვითნებურად გადაკეტეს, რითაც მას ხელს უშლიან გზით ყოველდღიურ სარგებლობაში. მოსარჩელემ თავისი მოთხოვნა მ-ეების და მათი საერთო სარგებლობის სადავო გზის სქემატური გეგმა_ნახაზის მონაცემებს დააფუძნა.

მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და მიუთითეს, რომ სადავო ბილიკისებური გზა, რომელიც სოფლის სამანქანო გზას ზ. მ-ის სახლთან აკავშირებდა, მათი მიწის ხარჯზე იყო გაკეთებული და ამ გზას მათი ოჯახები იყენებდნენ ტრაქტორის შესაყვანად და მანდარინის ბაღების შესაწამლად. მოპასუხეთა განმარტებით, აღნიშნული გზით მოსარჩელე არ სარგებლობს, რადგან სახლს უკან ცენტრალური სამანქანო გზა ესაზღვრება, რომელიც უფრო ახლოსაა მის სახლთან.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 29 ოქტომბრის საოქმო განჩინებით საქმეში თანამოსარჩელედ კახაბრის თემის საკრებულო იქნა ჩაბმული, რომელმაც მხარი დაუჭირა ზ. მ-ის სარჩელს და განმარტა, რომ დავა კახაბრის თემის საკრებულოს ტერიტორიაზე მიმდინარეობდა. სადავო გზა სოფლის საერთო სარგებლობის, სახელმწიფო გზას წარმოადგენდა და იგი მოპასუხეთა საკარმიდამო მიწის ნაკვეთების შემადგენლობაში არ შედიოდა. ამდენად, მოპასუხეებს ამ გზის გადაკეტვის უფლება არ ჰქონდათ.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ზ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. სასამართლომ მხარეთა მოსმენისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით სადავო გზა საერთო სარგებლობის გზად მიიჩნია. რ., რე. და ბ. მ-ეებს გზის გახსნა დაევალათ.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება 2002 წლის 25 იანვარს რ., რე. და ბ. მ-ეებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.

აპელანტებმა სააპელაციო საჩივარში მიუთითეს, რომ სადავო გზა ზ. მ-ის სარგებლობაში არ ყოფილა. საქმეში არსებული ნახაზები, რომლებიც გზის საერთო სარგებლობას ადასტურებენ, არასწორია. მათ ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვეს.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ სადავო გზა რ., რე. და ბ. მ-ეების საკარმიდამო მიწის შემადგენელ ნაწილს არ წარმოადგენდა და შესაბამისად არც მათი საკუთრება იყო. წლების განმავლობაში აღნიშნული გზა სოფლის საერთო გზა და სახელმწიფოს საკუთრება იყო. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით ზ. მ-ეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 161-ე მუხლის შესაბამისად უფლება ჰქონდა გზით სარგებლობისას მეზობლებისაგან ხელშეშლის აღკვეთა მოეთხოვა. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002 წლის 2 აპრილის განჩინებით რ., რე. და ბ. მ-ეების სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლობის გამო არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

2002 წლის 24 აპრილს რ., რე. და ბ. მ-ეებმა აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს და მიუთითეს, რომ სააპელაციო სასამართლომ სათანადოდ არ გამოიკვლია და შეაფასა მტკიცებულებები, რომ გადაწყვეტილება ცალმხრივია და მასში საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები იგნორირებულია, კერძოდ სინამდვილეს არ შეეფერება გეგმა-ნახაზზე არსებული საცხოვრებელი სახლებისა და ნაკვეთების განლაგება. კასატორებმა საკასაციო საჩივარში მიუთითეს, რომ სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების კანონიერება და დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ რ., რე. და ბ. მ-ეების საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს აჭარის ავტონიმიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2002 წლის 2 აპრილის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემული დავის გადაწყვეტისას სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და სწორად განმარტა იგი. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ...ში მდებარე სადავო მიწის ნაკვეთი კასატორთა საკუთრებას არ წარმოადგენს, რადგან მათ ამ ნაკვეთის საკუთრების ან სარგებლობის უფლების დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი არ გააჩნიათ. ამ მიმართებით კასატორთა მიერ არც საკასაციო სასამართლოში ყოფილა წარმოდგენილი დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.

საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ სადავო მიწის ნაკვეთი საერთო სარგებლობის სოფლის სამანქანო გზას წარმოადგენს, რომელიც დღემდე სახელმწიფოს საკუთრებაშია და კასატორებისათვის კანონით დადგენილი წესით გადაცემული არ არის. ამდენად, იგი კასატორთა არც საკარმიდამო და არც დამატებით გამოყოფილ მიწის ნაკვეთში არ შედის. საგულისხმოა, ისიც, რომ მოწინაღმდეგე მხარე (თანამოსარჩელე) _ კახაბრის თემის საკრებულო, რომლის შემადგენლობაშიც შედის სოფელი ..., მხარს უჭერს სარჩელს და თვლის, რომ სადავო მიწის ნაკვეთი სახელმწიფო საკუთრებას, საერთო სარგებლობის სოფლის სამანქანო გზას წარმოადგენს და იგი უკანონოდ აქვთ შეღობილი კასატორებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) ზ. მ-ე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 161-ე მუხლის შესაბამისად, უფლებამოსილი იყო სოფლის საერთო გზით სარგებლობისას მეზობლებისაგან ხელშეშლის აღკვეთა მოეთხოვა. ამ ნორმის თანახმად, თუ კეთილსინდისიერ მფლობელს ხელი შეეშლება ნივთის მფლობელობის განხორციელებაში, მაშინ მას, მსგავსად მესაკუთრისა, შეუძლია ხელის შეშლის აღკვეთა მოითხოვოს, მითუმეტეს, რომ ზ. მ-ე, ისევე როგორც რ., რე. და ბ. მ-ეები სადავო მიწის ნაკვეთის თანამფლობელები არიან. თანამფლობელებს კი თანაბარი უფლებები აქვთ ნივთის ფლობისას და თითოეულ მათგანს, თანამფლობელობის შეზღუდვის, ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნა შეუძლია (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 155-ე მუხლის მე-4 ნაწილი).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ რ., რე. და ბ. მ-ეების საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. რ., რე. და ბ. მ-ების საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2002 წლის 2 აპრილის განჩინება.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.