Facebook Twitter

3გ-ად-145-კ-02 16 ოქტომბერი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),

ნ. კლარჯეიშვილი,

მ. ვაჩაძე

დავის საგანი: არასაცხოვრებელი ფართის გამოთავისუფლება და ხარჯების ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

ქუთაისში, ...-ის ქუჩაზე მდებარეობს ¹... საშუალო სკოლა, რომელსაც გააჩნია სარდაფი. აღნიშნული სკოლა წარმოადგენს ქუთაისის მერიის მუნიციპალურ საკუთრებას და მისი მართვის უფლებამოსილება დელეგირებული აქვს სახელმწიფო ქონების მართვის ქუთაისის სამმართველოს. 1990 წელს სკოლის ყოფილმა დირექტორმა ი. ჭ.-მ სკოლის სარდაფი, მერიის შესაბამის სამსახურებთან შეთანხმებისა და აუცილებელი საბუთების გაფორმების გარეშე, დროებითი სარგებლობისათვის გადასცა თ. თ.-სა და გ. ბ.-ს, რომლებმაც სარდაფში მოაწყვეს სარიტუალო დარბაზი. ქუთაისის მერიის არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, მათ უარი განაცხადეს სარდაფის გამოთავისუფლებაზე.

1994 წელს ქუთაისის მერიამ სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა მოპასუხეთა გამოსახლება ¹... საშუალო სკოლის სარდაფიდან, რადგან მისი დაკავება მოხდა მესაკუთრის _ მერიის ნებართვის გარეშე.

საქართველოს განათლების სამინისტროს 1998წ. 8 ოქტომბრის ცნობის მიხედვით, ქუთაისის ¹... საშუალო სკოლის სარდაფში მოწყობილი სარიტუალო დარბაზის ფუნქციონირება, თუნდაც სასწავლო პროცესის დამთავრების შემდეგ მიზანშეწონილი არ არის. უფრო მეტიც, სასაწავლო დაწესებულებებში მსგავსი ორგანიზაციის არსებობა განათლების სამინისტრომ დაუშვებლად მიიჩნია, რასაც ადასტურებს იმერეთის სასკოლო ოლქის სამმართველოც. მაგრამ საქმეში წარმოდგენილია განათლების სამინისტროს მეორე ცნობაც, რომლის მიხედვითაც სამინისტრო არ არის წინააღმდეგი სადავო დარბაზის მოპასუხეებზე იჯარით გაცემაზე, თუ სარიტუალო მოქმედებები ჩატარდება არასაგაკვეთილო საათებში.

ქუთაისის ქონების მართვის სამმართველო, ქუთაისის მერია, ქუთაისის განათლების განყოფილება და სხვა ოფიციალური პირები არ უარყოფენ მოპასუხეთა მიერ სკოლის სარდაფის მოწყობაზე გარკვეული ხარჯების გაღებას, მაგრამ იმავდროულად მიუთითებენ, რომ დარბაზის ექსპლუატაციის იურიდიული საფუძველი არ არსებობს, რადგან «სახელმწიფო საკუთრების უძრავის ქონების აღრიცხვისა და მართვის წესის შესახებ» საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1995წ. 16 ივნისის ¹344 დადგენილების თანახმად, ¹...-ე საშუალო სკოლას უძრავი ქონება გადაეცა ოპერატიული მართვის უფლებით და ქონება არ ექვემდებარება რაიმე ფორმით, მათ შორის იჯარით გასხვისებას.

ქუთაისის მერიამ და სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველომ მოპასუხეებს გაწეული ხარჯების სანაცვლოდ შესთავაზა წინადადება სხვა შესაბამისი ფართის გამოყოფის თაობაზე, რაზეც მათ უარი განაცხადეს. საქმეზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, მოპასუხეთა მიერ სარიტუალო დარბაზის მოსაწყობად გაწეული ხარჯების ღირებულებამ შეადგინა 81252 ლარი.

მოპასუხეთა წარმომადგენელმა სასამართლოში საქმის განხილვის დროს შეიტანა შეგებებული სარჩელი და ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად, მოსარჩელისაგან მოითხოვა 81251 ლარის ანაზღაურება. ქუთაისის მერიამ, განათლების განყოფილებამ, ¹... საშუალო სკოლის დირექტორმა რ. ჭ.-მ მხარი არ დაუჭირეს შეგებებულ სარჩელს და მოითხოვეს თავდაპირველი სარჩელის დაკმაყოფილება.

საქმე არაერთგზის იქნა განხილული სხვადასხვა ინსტანციის სასამართლო ორგანოების მიერ. საბოლოოდ, წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2001წ. 23 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ქუთაისის მერის სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეებს დაევალათ ფართის გამოთავისუფლება და მერიისათვის გადაცემა; შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხეთა წარმომადგენელმა დ. კ.-მ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2002წ. 5 მარტის ახალი გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ქუთაისის მერიის სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხეთა სადავო სარდაფიდან გამოსახლების თაობაზე; უარი ეთქვა მერიის მოთხოვნას, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე სარჩელის უზრუნველყოფის სახით, სარაფში სარიტუალო ღონისძიებების აკრძალვის თაობაზე; განუხილველად დარჩა თ. თ.-სა და გ. ბ.-ის შეგებებული სარჩელი ქუთაისის მერიისათვის 81251 ლარის გადახდევინების შესახებ. სააპელაციო სასამართლო დაეყრდნო შემდეგ გარემოებებს:

1. სასამართლომ არ გაიზიარა მოსაზრება მოსარჩელის მიერ სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გაშვების თაობაზე. ასევე არ დაეთანხმა რაიონული სასამართლოს მიერ ხანდაზმულობის ვადის განსაზღვრისას ძველი სამოქალაქო სამართლის კოდექსის 75-ე, მე-80 მუხლების გამოყენებას. სააპელაციო პალატის განმარტებით, რადგან მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს უძრავი ნივთი, ამიტომ სკ-ს 1507-ე მუხლის საფუძველზე, გამოყენებული უნდა ყოფილიყო ახალი სკ, რომლის 129-ე მუხლიც ითვალისწინებს უძრავის ნივთების მიმართ სახელშეკრულებო მოთხოვნათა გაზრდილ ხანდაზმულობის ვადებს;

2. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ი.ჭ.-სა და მოპასუხეებს შორის სიტყვიერი შეთანხმება სარდაფის გადაცემის თაობაზე არ წარმოშობს რაიმე სამართლებრივ საფუძველს. სახეზეა უცილოდ ბათილი გარიგება, რადგან არ ყოფილა დაცული უძრავ ნივთზე რეგისტრაცია;

3. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, რადგან სადავო სარდაფი წარმოადგენს ქუთაისის მერიის მუნიციპალურ საკუთრებას, ამიტომ სკ-ს 102-ე მუხლის თანახმად, ი. ჭ.-ს უფლება არ ჰქონდა ამ ქონებაზე გარიგება დაედო უფლებამოსილი პირის _ ქუთაისის მერიის ნებართვის გარეშე. 1995წ. 23 თებერვალს ქუთაისის ქონების მართვის სამმართველოსა და ¹... სკოლას შორის დადებული ¹98 კონტრაქტის თანახმად, სკოლის ადმინისტრაციას უფლება არა აქვს მოახდინოს სკოლის თავისუფალი ფართის სხვა პირებზე გადაცემა სამმართველოს ნებართვისა და ხელშეკრულების გარეშე;

4. შეგებებულ სარჩელთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, მართალია, სკოლის ყოფილ დირექტორსა და მოპასუხეებს შორის დადებული გარიგება, როგორც უცილოდ ბათილი გარიგება, არანაირ სამართლებრივ შედეგს არ წარმოშობს, მაგრამ იგი რეალურად განხორციელებული მოქმედებაა და ამიტომ შეიძლება წარმოიშვას ზიანის ანაზღაურების ვალდებულებაც. აქედან გამომდინარე მოსარჩელეთა მოთხოვნა მათ მიერ ჩატარებული სამუშაოების ანაზღაურების შესახებ ცალკე სასარჩელო მოთხოვნაა და იგი დაყენებული უნდა იქნას პირველი ინსტანციის სასამართლოში, რის გამოც სარჩელი განუხილველად დატოვა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საკასაციო წესით შემდეგი მოტივით ასაჩივრებს თ. თ.-სა და გ. ბ.-ის წარმომადგენელი დ. კ.-ე:

1. კასატორთა განმარტებით, მათ მიერ სარდაფის თვითნებურად დაკავებას ადგილი არ ჰქონია, რაც ჩანს ქუთაისის მერიის 04.10.96წ. ¹630 განკარგულებიდან და ოქმიდან, რომლითაც ქუთაისის მერია აღიარებს მოპასუხეთა მართლზომიერ მოქმედებას და ამიტომ ავალებს ვიცე-მერს სამაგიერო ფართის გამოყოფას. გარდა ამისა, მერიის ნებართვა იმაშიც გამოიხატა, რომ სარიტუალო დარბაზის გახსნაში მონაწილეობას იღებდნენ ქალაქის მაშინდელი ხელმძღვანელები;

2. კასატორი ეყრდნობა განათლების სამინისტროსა და ქუთაისის მერიის განკარგულებით შექმნილი კომისიის წერილს, ასევე ოქმს, რომელთა მიხედვითაც სადავო სარდაფში შესაძლებელია სარიტუალო დარბაზის ფუნქციონირება. კასატორი ასევე მიუთითებს “განათლების შესახებ” კანონის 37-ე მუხლზე, სადაც ნათქვამია, რომ საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია იჯარით გასცეს მისთვის გადაცემული ის ქონება, რომელიც აღემატება საგანმანათლებლო პროგრამის შესრულებისათვის საჭირო ტექნიკურ-ეკონომიკურ ნორმატივებს;

3. კასატორი მიუთითებს, ვინაიდან სადავო ობიექტი მათ გადაეცათ 1990 წელს, ხოლო სარჩელი სასამართლოში აღიძრა 1994 წელს, ამით მოსარჩელეებმა გაუშვეს სამოქალაქო სამართლის კოდექსის (ძველი რედაქციით) 75-ე მუხლით დადგენილი სასამართლოში მიმართვის ხანდაზმულობის ვადა;

4. დამატებით საკასაციო საჩივარში კასატორი არ იზიარებს სააპელაციო პალატის მიერ მისი შეგებებული სარჩელის განუხილველად დატოვებას იმ მოტივით, თითქოს შეგებებული სარჩელი სარემონტო სამუშაოების ხარჯების ანაზღაურებაზე ცალკე დავის საგანია და შეტანილი უნდა ყოფილიყო პირველი ინსტანციის სასამართლოში. კასატორის მითითებით, მათ მიერ კანონის შესაბამისად, სწორედ პირველი ინსტანციის სასამართლოში იქნა სარჩელი შეტანილი და რაიონული სასამართლოს მიერ განხილული. კასატორი ითხოვს სარდაფის სარემონტო ხარჯების ანაზღაურებაზე შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებას, სკ-ს 163-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე.

მოწინააღმდეგე მხარეთა _ ქ. ქუთაისის მერიის, ქუთაისის განათლების განყოფილებისა და ქუთაისის ¹... საშუალო სკოლის წარმომადგენლებმა, უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით, არ ცნეს საკასაციო საჩივარი, მოითხოვეს მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 5 მარტის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თ. თ.-სა და გ. ბ.-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, ნაწილობრივ გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 15 მარტის გადაწყვეტილება ბ.-ი - თ.-ს შეგებებული სარჩელის განუხილველად დატოვების ნაწილში და ამ ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

1. საკასაციო პალატა უსაფუძვლობის მოტივით არ იზიარებს საკასაციო საჩივარს ქ. ქუთაისის მერიის სარჩელის დაკმაყოფილებისა და ქ. ქუთაისის ¹... სკოლის სარდაფიდან თ.-ა - ბ.-ის გამოსახლების ნაწილში და ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას. სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქუთაისის სამმართველოს 1999წ. 21 დეკემბრის ¹139 ცნობის თანახმად, ქუთაისის ¹... ზოგადსაგანმანათლებო სკოლა, სადაც სადავო სარდაფია განთავსებული, წარმოადგენს ქ. ქუთაისის მერიის მუნიციპალურ საკუთრებას, ამიტომ მხოლოდ მერია, როგორც მესაკუთრე, იყო უფლებამოსილი სადავო სარდაფის გასხვისება, გაქირავება, იჯარით გაცემაზე, თანახმად 1990 წლისათვის მოქმედი სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964წ.) 89-ე და ამჟამად მოქმედი სკ-ს 170-ე მუხლის პირველი ნაწილისა. ამდენად, სკოლის დირექტორის ი. ჭ.-ის სიტყვიერი თანხმობა არ წარმოადგენს თ.-ა - ბ.-ის მიერ სადავო სარდაფის კანონიერი ფლობის სამართლებრივ საფუძველს;

2. საკასაციო პალატა დაუსაბუთებლობის გამო ასევე ვერ გაიზიარებს კასატორის არგუმენტს, მათ მიერ სადავო სარდაფის სათანადო ნებართვით, მართლზომიერად დაკავების შესახებ, რადგან კასატორებმა ვერ წარმოადგინეს სადავო სარდაფის მართლზომიერ ფლობაზე სამოქალაქო კანონმდებლობის შესაბამისად, სავალდებულო წერილობითი სახით გაფორმებული და რეგისტრირებული ხელშეკრულება. კასატორთა განმარტებით, მათ სკოლის იმჟამინდელ დირექტორთან ჰქონდათ ზეპირი შეთანხმება სარდაფის იჯარით გაცემაზე და წერილობითი ფორმით გარიგება არ დაუდევთ, ამიტომ საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას კასატორთა მიერ სადავო სარდაფის არამართლზომიერად დაკავების თაობაზე, რადგან სკ-ს 59-ე მუხლის თანახმად, ბათილია კანონით გათვალისწინებული აუცილებელი ფორმის დაუცველად დადებული გარიგება, ხოლო ბათილი გარიგება არ წარმოშობს ქონების კანონიერი ფლობა-სარგებლობის უფლებას.

ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას და მის მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას კასატორთა მიერ სადავო სარდაფის არამართლზომიერად, სამართლებრივი საფუძვლის გარეშე დაკავების თაობაზე და ასევე ეთანხმება სასამართლოს გადაწყვეტილებას სარდაფიდან კასატორთა გამოსახლების შესახებ, რადგან სამოქალაქო სამართლის კოდექსის 146-ე და სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრე ქ. ქუთაისის მერიის მოთხოვნა თ.-ა - ბ.-ის უკანონო მფლობელობიდან სადავო სარდაფის გამოთხოვის შესახებ კანონიერია და უნდა დაკმაყოფილდეს;

3. საკასაციო პალატა დაუსაბუთებლობის გამო ვერ გაიზიარებს კასატორის არგუმენტს ზოგადსაგანმანათლებო სკოლის შენობაში სარიტუალო დარბაზის განთავსების (ფუნქციონირების) შესაძლებლობის შესახებ. მართალია, «განათლების შესახებ» კანონის 37-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგანმანათლებო დაწესებულება უფლებამოსილია იჯარით გასცეს ის ქონება, რომელიც აღემატება საგანმანათლებო პროგრამის შესრულებისათვის საჭირო ტექნიკურ-ეკონომიკურ ნორმატივებს, მაგრამ, აღნიშნული ნორმის გათვალისწინებით, პალატას შესაძლებლად მიაჩნია სკოლის შენობაში (სარდაფში) საგანმანათლებო-სამეცნიერო, სპორტულ-გამაჯანსაღებელი დაწესებულების განთავსება და სარიტუალო დარბაზის ფუნქციონირება, თუნდაც არასასწავლო საათებში, საკასაციო პალატას მიზანშეუწონლად მიაჩნია და ამგვარი გარიგება, პალატის აზრით, სკ-ს 54-ე მუხლით გათვალისწინებულ მართლსაწინააღმდეგო, ბათილ გარიგებას წარმოადგენს;

4. საკასაციო პალატა არსებითად ეთანხმება ქუთაისის საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ქ. ქუთაისის მერიის სარჩელის დაკმაყოფილებისა და ქ. ქუთაისის ¹... სკოლის სარდაფიდან თ.-ა - ბ.-ის გამოსახლების ნაწილში, რადგან სასამარლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა დავა, მაგრამ საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ ხანდაზმულობის ვადის საკითხის ახალი სამოქალაქო კოდექსით გადაწყვეტას და ეთანხმება კასატორს. რადგან სადავო სამართალურთიერთობა სკოლის დირექტორსა და თ.-ა - ბ.-ს შორის 1990-91 წლებში წარმოიშვა, ხოლო სარჩელი 1994 წელს იქნა შეტანილი, სააპელაციო სასამართლოს ხანდაზმულობის საკითხის გადაწყვეტისას უნდა ეხელმძღვანელა იმჟამად მოქმედი სამოქალაქო სამართლის კოდექსით (1964წ.), მაგრამ არა კასატორის მიერ მითითებული 75-ე მუხლით, არამედ 87-ე მუხლით, რომელიც იმპერატიულად ადგენდა: «სასარჩელო ხანდაზმულობა არ ვრცელდება სახელმწიფო მოთხოვნებზე სახელმწიფო ქონების დაბრუნების შესახებ . . . მოქალაქეთა უკანონო მფლობელობიდან».

ამდენად, საკასაციო პალატა თუმცა ეთანხმება საკასაციო საჩივარს სარჩელის ხანდაზმულობის ნაწილში ამჟამად მოქმედი სკ-ს უსწოროდ გამოყენების თაობაზე, მაგრამ არსებითად არ იზიარებს საკასაციო საჩივარს სარჩელის ხანდაზმულად ცნობის შესახებ და სამოქალაქო სამართლის კოდექსის 87-ე მუხლიდან გამომდინარე, ქ. ქუთაისის მერიის სარჩელი ხანდაზმულობის ვადის დარღვევით შეტანილად არ ჩაითვლება;

5. საკასაციო პალატა ასევე იზიარებს დამატებით საკასაციო საჩივარს ბ.-ი - თ.-ს შეგებებული სარჩელის განუხილველად დატოვების უმართებულობის შესახებ. სააპელაციო პალატამ გადაწყვეტილებით განუხილველად დატოვა კასატორების შეგებებული სარჩელი სარდაფის სარემონტო-დასუფთავების სამუშაოებისათვის გაწეული ხარჯების – 81251 ლარის ქ. ქუთაისის მერიისათვის დაკისრების შესახებ იმ მოტივით, თითქოს ეს მოთხოვნა კასატორებს პირველი ინსტანციის სასამართლოში უნდა დაეყენებინათ. საქმის მასალების მიხედვით ირკვევა, რომ გაწეული სარემონტო სამუშაოების ღირებულების 81251 ლარის ანაზღაურებაზე შეგებებული სარჩელი თ. თ.-მ და მ. ბ.-მ 2001წ. 27 ივნისს, სსკ-ს 188-ე მუხლის შესაბამისად, შეიტანეს წყალტუბოს რაიონულ სასამართლოში, რაც მიღებულ იქნა წარმოებაში წყალტუბოს რაიონული სასამართლოს მიერ 2001წ. 27 ივნისის განჩინებით და 2001წ. 23 ოქტომბრის გადაწყვეტილებაში რაიონულმა სასამართლომ იმსჯელა შეგებებული სარჩელის შესახებ, მაგრამ არ დაკმაყოფილდა იგი. აღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო პალატის მიერ შეგებებული სარჩელის განუხილველად დატოვება უმართებულოა, პალატის შეფასება არ გამომდინარეობს საქმის მასალებიდან, ამიტომ საკასაციო პალატა ნაწილობრივ იზიარებს თ.-ა - ბ.-ის საკასაციო საჩივარს მათი შეგებებული სარჩელის განუხილველად დატოვების უსწორობის ნაწილში და ამ ნაწილში საქმე ხელახლა არსებითად განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თ. თ.-სა და მ. ბ.-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. უცვლელად დარჩეს ქ. ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 5 მარტის გადაწყვეტილება ქ. ქუთაისის მერიის სარჩელის დაკმაყოფილებისა და ქ. ქუთაისის ¹.. სკოლის სარდაფიდან თ. თ.-სა და გ. ბ.-ის გამოსახლების ნაწილში;

3. გაუქმდეს ქ. ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 5 მარტის გადაწყვეტილება გ. ბ.-ისა და თ. თ.-ს შეგებებული სარჩელის განუხილველად დატოვების ნაწილში და ამ ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

4. სახელმწიფო ბაჟის მხარეთათვის დაკისრების საკითხი გადაწყდეს საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანისას;

5. უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.