3გ/ად-146-კ-01 11 დეკემბერი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),
ნ. კლარჯეიშვილი,
ბ. კობერიძე
დავის საგანი: კასატორისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ სამი წლის გადაუხდელი ქირის _ 1800 ლარისა და ბინის მიღებამდე ყოველთვიურად 50 ლარის ქირის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
«1986-90 წლებში ქ. ტიუმენში საცხოვრებელი სახლებისა და სოციალურ-კულტურულ-საყოფაცხოვრებო დანიშნულების ობიექტების მშენებლობის განხორციელების ღონისძიებათა შესახებ» საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1985 წლის 25 დეკემბრის ¹836 დადგენილების მე-12 პუნქტის თანახმად, მშენებლობის სამინისტროს დაევალა ტიუმენის ოლქში მშენებლობაზე გასაგზავნ მუშათა და ინჟინერ-ტექნიკურ მუშაკთა სტიმულირების მიზნით, ტიუმენში სამი წლის მუშაობის შემდეგ, მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე მუშაკთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა. საამშენებლო-სამონტაჟო საწარმოო გაერთიანება «თ-ის» გაერთიანების მუდმივმოქმედ საამშენებლო-სამონტაჟო მატარებელ «ს-სა» და მოწინააღმდეგე მხარე ა. გ-ძეს შორის 1987 წლის 7 ივნისს დაიდო შრომითი ხელშეკრულება 3 წლით ტიუმენის ოლქში სამუშაოდ გაგზავნის შესახებ. ხელშეკრულების მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ტიუმენში სამწლიანი კეთილსინდისიერი შრომის შემდეგ ა. გ-ძე ოჯახით (5 წევრი) უზრუნველყოფილი იქნებოდა ქ. ბათუმში 55 კვ.მ. ფართის ოთხოთახიანი საცხოვრებელი ბინით, შრომითი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების კეთილსინდისიერად შესრულების მიუხედავად, ბათუმში დაბრუნების შემდეგ ა. გ-ძე არ იქნა დაკმაყოფილებული შეპირებული საცხოვრებელი ფართით, რის გამოც ა. გ-ძე საჩივრებით მიმართავდა ზემდგომ ორგანოებს, რის შედეგადაც ქ. ბათუმში აჭარის მინისტრთა საბჭოს სრულუფლებიანი წარმომადგენლის კაბინეტის 1992 წლის 21 აგვისტოს ¹690 გადაწყვეტილებით დამტკიცდა საგარანტიო წერილი, რომლის მიხედვითაც კაბინეტი გარანტიას აძლევდა «ს-ის» ხელშეკრულებით გაგზავნილ ა. გ-ძეს, ოჯახის 5 წევრის შემადგენლობით, ბათუმში ..... მდებარე 54,62 კვ.მ. ოთხოთახიანი ბინით უზრუნველყოფაზე, რაც დღემდე შეუსრულებელია.
ა. გ-ძემ 2000 წლის 5 აპრილს სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ქ. ბათუმის მერიის მიმართ და საგარანტიო წერილის საფუძველზე მოითხოვა შესაბამისი ბინით დაკმაყოფილება ან ბინის ასაშენებლად მასზე თანხის გაცემა, ასევე მოსარჩელემ მოითხოვა ბოლო სამი წლის ბინის ქირის _ 1800 ლარის და ბინით დაკმაყოფილებამდე 50 ლარის ყოველთვიური ანაზღაურების მოპასუხისათვის დაკისრება.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2000 წლის 25 მაისის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ა. გ-ძის სარჩელი. მოპასუხე – ქ. ბათუმის მერიას დაევალა 1992 წლის 21 აგვისტოს საგარანტიო წერილით განსაზღვრული პირობებითა და ფართით ა. გ-ძის ოჯახის ოთხოთახიანი საცხოვრებელი ბინით უზრუნველყოფა. მოპასუხეს ასევე დაეკისრა ბოლო სამი წლის ბინის ქირის _ 1800 ლარისა და ბინის მიღებამდე ყოველთვიურად მოსარჩელის სასარგებლოდ 50 ლარის გადახდა, რაც სააპელაციო საკასაციო წესით გასაჩივრდა ქ. ბათუმის მერიის მიერ. სააპელაციო საჩივარი ორგზის იქნა განხილული აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის მიერ, რომელმაც 2001 წლის 24 ივლისის განჩინებით არ დააკმაყოფილა ქ. ბათუმის მერიის სააპელაციო საჩივარი და უცვლელად დატოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2000 წლის 25 მაისის გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:
1. სააპელაციო პალატამ საამშენებლო-სამონტაჟო მატარებელ «ს-სა» და ა. გ-ძეს შორის 1987 წლის 7 ივნისს დადებული შრომითი ხელშეკრულების, საამშენებლო-სამონტაჟო საწარმო გაერთიანება «თ-ის» 1990 წლის 25 სექტემბრის ¹1080ა მიმართვის, ცენტრალური კაპიტალური დაბანდებით აჭარის კაპიტალური მშენებლობის ტერიტორიულ სამმართველოსათვის 1990 წლის მარტში 40 ათასი მანეთისა და 1991 წლის ოქტომბერში 45 ათასი მანეთის ჩარიცხვის საფუძველზე უდავოდ დადასტურებულად მიიჩნია ა. გ-ძის მიერ შრომითი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების კეთილსინდისიერად შესრულება (1987 წლის 7 ივლისიდან 1990 წლის 1 აგვისტომდე, ქ. ტიუმენში საცხოვრებელი სახლების მშენებლობაზე მუშაობა). პალატის აზრით, ა. გ-ძისადმი «ს-ის» ხელმძღვანელობის მხრიდან რაიმე პრეტენზიის შემთხვევაში, შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ არ მოხდებოდა ზემოაღნიშნული თანხების ჩარიცხვა პერსონალურად მისი და დ. დ-ძის საცხოვრებელი ბინების ასაშენებლად.
2. საქმეში მესამე პირად ჩართული აჭარის კაპიტალური მშენებლობის ტერიტორიული სამმართველოს სამართალმემკვიდრის, ს.ს. «ა-ის» წარმომადგენლის განმარტებასა და საქმის მასალებზე დაყრდნობით სააპელაციო პალატამ, ასევე, დადასტურებულად მიიჩნია ტიუმენში ხელშეკრულებით მომუშავე მუშების ა. გ-ძისა და დ. დ-ძის ბინათმშენებლობისათვის 1990 წელს საკავშირო ნავთობისა და გაზის მშენებლობის სამინისტროს მიერ ცენტრალური კაპდაბანდებით აჭარის კაპიტალური მშენებლობის ტერიტორიულ სამმართველოზე 40000 მანეთის, ხოლო 1992 წლის 28 ოქტომბერს გაერთიანება «თ-იდან» დამატებით 45000 მანეთის გადარიცხვის ფაქტი, რაც ს.ს. «ა-ის» წარმომადგენლის განმარტებით საკმარისი იყო ა. გ-ძისა და დ. დ-ძის ბინათმშენებლობისათვის. სააპელაციო პალატის აზრით, პერსონალურად ა. გ-ძის ბინათმშენებლობის დაფინანსების მიუხედავად ქ. ბათუმის პრეფექტურამ და აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭოს სრულუფლებიანი წარმომადგენლის კაბინეტმა, რომელიც აჭარის კაპიტალური მშენებლობის სამმართველოს გენერალური დამკვეთი იყო, არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება ა. გ-ძის ბინით უზრუნველყოფის შესახებ, რის გამოც ქ. ბათუმის აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭოს სრულუფლებიანი წარმომადგენლის კაბინეტის 1992 წლის 21 აგვისტოს ¹690 გადაწყვეტილებით ა. გ-ძეზე გაიცა საგარანტიო წერილი.
სახსრების უქონლობის გამო საგარანტიოდ წერილში მითითებული სახლის აუშენებლობა სააპელაციო პალატის აზრით, არ ათავისუფლებს ქ. ბათუმის მერიას საგარანტიო წერილით ნაკისრი ვალდებულებისაგან, ვინაიდან ა. გ-ძის ბინათმშენებლობაზე თავის დროზე ჩარიცხული და ათვისებული იქნა თანხები, საცხოვრებელი ფართი კი ქ. ბათუმის პრეფექტურას გადაეცა. პალატამ მიიჩნია, რომ ქ. ბათუმის მერია ვალდებული იყო მიეღო საჭირო ზომები ა. გ-ძის დასაკმაყოფილებლად.
სააპელაციო პალატამ ასევე მიიჩნია, რომ ქ. ბათუმის მერიის 2000 წლის 23 მაისის ¹117 განკარგულების საფუძველზე ა. გ-ძის ბინით დაკმაყოფილება ვერ მოხდება, რადგან იგი არ განეკუთვნება ათვისებაში მოხვედრილ ოჯახებს.
სააპელაციო პალატის აზრით, მართალია, ქ. ბათუმის პრეფექტურა 1987 წლის 7 ივნისის შრომითი ხელშეკრულების მხარე არ იყო და არც 1992 წლის საგარანტიო წერილიდან გამომდინარეობს ქირის გადახდის აღნიშნული ვალდებულება, მაგრამ ვინაიდან 1990-91 წლებში ვერ იქნა დაკმაყოფილებული ა. გ-ძის კანონიერი მოთხოვნა ბინით უზრუნველყოფაზე, ა. გ-ძის სარჩელი სამი წლის ბინის ქირის _ 1800 ლარისა და ბინით უზრუნველყოფამდე ყოველთვიურად 50 ლარის მოპასუხისათვის დაკისრების ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქ. ბათუმის მერიამ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის «ე» ქვეპუნქტით ითხოვს მის გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას, შემდეგი საფუძვლით:
1. სააპელაციო პალატის მიერ ს.ს. «ა-ი» თავდაპირველად მოწვეული იქნა მოწმის სახით, ხოლო შემდეგ საქმეში მესამე პირად მისი ჩართვა მოხდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 90-ე მუხლის I პუნქტის დარღვევით, მხარეთა შუამდგომლობის გარეშე;
2. სააპელაციო პალატამ არ გაითვალისწინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2001 წლის 5 აპრილის განჩინებაში მითითებული შენიშვნები, რომ ბინათმშენებლობა მერიის ბრალით არ შეჩერებულა. მცდარია პალატის მოსაზრება ქ. ბათუმის მერიის (იმჟამინდელი საქალაქო საბჭოს აღმასკომის) გენერალური დამკვეთობის შესახებ. კასატორის განმარტებით საქალაქო საბჭოს აღმასკომი მხოლოდ ქმედით დახმარებას უწევდა ტიუმენში გასაგზავნად მუშათა ორგანიზებულ შეგროვებას და მისი ვალდებულება შემოიფარგლებოდა მშენებლობაზე გაგზავნილი მუშებისათვის საცხოვრებელი ფართის დაჯავშნით, მერიას ა. გ-ძის მიმართ სხვა ვალდებულება არც აუღია. ამასთან «თ-იდან» გადმორიცხულ თანხას ღებულობდა აჭარის კაპიტალური მშენებლობის ტერიტორიული სამმართველო, რომელიც საამშენებლო ტრესტისათვის დამკვეთი იყო, ხოლო ტრესტი ასრულებდა სამუშაოს;
3. სააპელაციო პალატამ ასევე არ გაითვალისწინა უზენაესი სასამართლოს მითითება საგარანტიო წერილში ა. გ-ძისათვის კეთილმოწყობილი ბინის მიცემის ვადის მიუთითებლობის შესახებ. კასატორი აღნიშნავს, როცა სს «ა-ი» ჩააბარებს საგარანტიო წერილში მითითებულ სახლს ბათუმის მერიას, მერიაც მაშინ შეასრულებს საგარანტიო წერილით ნაკისრ ვალდებულებას, წინააღმდეგ შემთხვევაში მერია «ა-ის» ფუნქციას ვერ შეასრულებს;
4. კასატორი აგრეთვე ითხოვდა სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმებას ქირის ანაზღაურების ნაწილშიც, რადგან ამგვარი ვალდებულება მერიას რაიმე ხელშეკრულებით არ აუღია.
მოწინააღმდეგე მხარე – ა. გ-ძე საკასაციო საჩივარს არ ცნობს, უსაფუძვლობის მოტივით ითხოვს მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას და სააპელაციო პალატის განჩინების უცვლელად დატოვებას.
მიუხედავად მხარეთა სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით გამოძახებისა, საკასაციო სასამართლოში არ გამოცხადდნენ კასატორი და მესამე პირი, ამიტომ საკასაციო საჩივარი განხილულ იქნა მესამე პირის გარეშე, თანახმად საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 261-ე და 27-ე მუხლისა, ვინაიდან კასატორი ითხოვდა მისიი დასწრების გარეშე საქმის განხილვას.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის, მოწინააღმდეგე მხარის მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობისა და სააპელაციო პალატის განჩინების დასაბუთება-კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. ბათუმის მერიის საკასაციო საჩივარი საფუძვლიანია და ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლის და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 24 ივლისის განჩინება და საქმე არსებითად ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს აჭარის ა/რ უმაღლეს სასამართლოს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლოსათვის სავალდებულოა სააპელაციო პალატის მიერ დადგენილად ცნობილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოება:
1. საწარმოო გაერთიანება «თ-ის» საამშენებლო-სამონტაჟო მატარებელ «ს-სა» და მოსარჩელე ა. გ-ძეს შორის 1987 წლის 7 ივლისს შრომითი ხელშეკრულების დადება, რომლითაც ა. გ-ძე ვალდებული იყო სამი წელი კეთილსინდისიერად ემუშავა ტიუმენის ოლქში;
2. ა. გ-ძის მიერ შრომითი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ჯეროვნად შესრულება, კერძოდ 1987 წლის 7 ივლისიდან 1990 წლის 1 აგვისტომდე ქ. ტიუმენში საცხოვრებელი სახლების მშენებლობაზე კეთილსინდისიერი მუშაობა. 1987 წლის 7 ივლისის შრომითი ხელშეკრულების მე-2 მუხლის მე-3 ქვეპუნქტის მიხედვით, ქ. ტიუმენში სამწლიანი კეთილსინდისიერი შრომის შემდეგ ა. გ-ძის ოჯახი (5 წევრი) უზრუნველყოფილი უნდა ყოფილიყო ქ. ბათუმში 55 კვ.მ. ფართის ოთხოთახიანი საცხოვრებელი ბინით, მაგრამ ვინაიდან შეპირებული ბინით ა. გ-ძის უზრუნველყოფა არ მოხდა, ქ. ბათუმში აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭოს სრულუფლებიანი წარმომადგენლის კაბინეტმა 1992 წლის 21 აგვისტოს გასცა (დაამტკიცა) საგარანტიო წერილი ა. გ-ძის სახელზე ბათუმში, ... მდებარე 54,62 კვ.მ. ფართის ოთხოთახიან ბინის გაცემაზე, რომლის საფუძველზეც ქ. ბათუმის საქალაქო სასამართლომ და აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სააპელაციო პალატამ დააკმაყოფილეს ა. გ-ძის სარჩელი ქ. ბათუმის მერიისათვის ბოლო სამი წლის ქირის _ 1800 ლარისა და ბინით უზრუნველყოფამდე ყოველთვიურად 50 ლარის მოსარჩელის სასარგებლოდ დაკისრების თაობაზე, რასაც საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება შემდეგი მოსაზრების გამო:
ა) «1986-90 წლებში ქ. ტიუმენში საცხოვრებელი სახლებისა და სოციალური და კულტურულ-საყოფაცხოვრებო დანიშნულების ობიექტების მშენებლობის განხორციელების ღონისძიებათა შესახებ» საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1985 წლის 25 დეკემბრის ¹836 დადგენილების მე-12 პუნქტით მშენებლობის სამინისტროს დაევალა ტიუმენის ოლქში მშენებლობაზე გასაგზავნ მუშათა სტიმულირების მიზნით, მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე საცხოვრებელი ფართით მათი უზრუნველყოფა სამი წლის მუშაობის შემდეგ, ხოლო საქალაქო და რაიონული საბჭოს აღმასკომებს დაეკისრათ «თ-ისათვის» ქმედითი დახმარების გაწევა მუშათა ორგანიზებულად შეგროვებასა და ტიუმენში სამუშაოდ გაგზავნაში. საქალაქო და რაიონული საბჭოს აღმასკომებს ასევე დაევალათ მშენებლობაზე გაგზავნილი მუშაკებისათვის საცხოვრებელი ფართობის დაჯავშნა მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე და საცხოვრებელი ფართობის მიღების რიგის მათთვის შენარჩუნება მშენებლობაზე მუშაობის მთელი პერიოდისათვის;
ბ) საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს ზემოაღნიშნული ¹836 დადგენილების შესაბამისად საწარმოო გაერთიანება «თ-ის» სამშენებლო-სამონტაჟო მატარებელ «ს-სა» და მოსარჩელე ა. გ-ძეს შორის 1987 წლის 7 ივლისს დაიდო შრომითი ხელშეკრულება, რომლის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ტიუმენში სამწლიანი კეთილსინდისიერი შრომის შემდეგ ა. გ-ძის ოჯახი უზრუნველყოფილი უნდა ყოფილიყო ქ. ბათუმში 55 კვ.მ. ფართის ოთხოთახიანი საცხოვრებელი ბინით. ამდენად, ა. გ-ძის საცხოვრებელი ბინით უზრუნველყოფის ვალდებულება, შრომითი ხელშეკრულებიდან გამომდინარე, აიღო ს/გ «თ-მა», რომელმაც ¹836 დადგენილების შესაბამისად ა. გ-ძისა და დ. დ-ძის ბინათმშენებლობისათვის აჭარის კაპ. მშენებლობის ტერიტორიულ სამმართველოს (მესამე პირი) 1991 წლის 28 ოქტომბერს გადაურიცხა 45000 მანეთი მანამდე 1990 წელში ცენტრალური კაპ.დაბანდებით ბინათმშენებლობისათვის გადმორიცხული იქნა 40 000 მანეთი. სამშენებლო მასალების გაძვირებასთან დაკავშირებით ბინების მშენებლობისათვის თავიანთ ანგარიშზე 45000 მანეთის დამატებით ჩარიცხვას აჭარის ა/რ კაპიტალური მშენებლობის ტერიტორიული სამმართველო ადასტურებს 1992 წლის აპრილის ¹სეგ-17 წერილით აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭოს სრულუფლებიანი წარმომადგენლისადმი ქ. ბათუმში.
1987 წლის შრომითი ხელშეკრულებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ა. გ-ძის ოჯახის ბინით უზრუნველყოფის ვალდებულება აიღო ს/გ «თ-მა», რომელიც ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად, ა. გ-ძის ბინათმშენებლობის დასაფინანსებლად საჭირო თანხას უგზავნიდა საქმეში მესამე პირად ჩართულ აჭარის კაპმშენებლობის ტერიტორიულ სამმართველოს (ამჟამად სს «ა-ი»), რომელსაც სამმართველოს წარმომადგენლის მიერ სააპელაციო სასამართალში მიცემული განმარტების მიხედვით, ხელშეკრულება ჰქონდა დადებული სამშენებლო ტრესტთან. სააპელაციო პალატის მიერ ასევე დადგენილია, რომ ა. გ-ძის ბინათმშენებლობაზე ჩარიცხული იქნა საკმარისი თანხა 77000 მანეთი, მაგრამ ა. გ-ძის შეპირებული ბინით უზრუნველყოფა მაინც ვერ მოხერხდა, რადგან შეჩერდა ბინათმშენებლობა, რაშიც კასატორ, ქ. ბათუმის მერიას, ბუნებრივია, არანაირი ბრალი არ მიუძღვის. ამიტომ საკასაციო პალატა მიიჩნევს, ქ. ბათუმის მერიისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ სამი წლის ბინის ქირის _ 1800 ლარისა და ბინით უზრუნველყოფამდე ყოველთვიურად 50 ლარის გადახდის დაკისრების ნაწილში სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება უკანონოა და უნდა გაუქმდეს, ვინაიდან ქირის ნაწილში მერიის პასუხისმგებლობა არ გამომდინარეობს საქმის მასალებიდან, საგარანტიო წერილიდან, მერიის მიმართ ქირის მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საკასაციო პალატის აზრით, ქ. ბათუმის მერია სარჩელის ამ ნაწილში არასათანადო მოპასუხეა და ბინის ქირის დაკისრების ნაწილში მოსარჩელე ა. გ-ძეს შესაძლოა მოთხოვნის უფლება გააჩნდეს მესამე პირის – აჭარის ა/რ კაპმშენებლობის ტერიტორიული სამმართველოს სამართალმემკვიდრის, სს «ა-ის» მიმართ. ამიტომ, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მიუხედავად საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა საქმეთა პალატის მითითებისა (2001 წლის 5 აპრილის განჩინება) მხარეები არასწორად იქნენ ჩართული საქმეზე და საჭიროა მათი პროცესუალური სტატუსის სწორად განსაზღვრა;
გ) რაც შეეხება ქ. ბათუმის მერიის პასუხისმგებლობას, ქ. ბათუმში აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭოს სრულუფლებიანი წარმომადგენლის კაბინეტმა 1992 წლის 21 აგვისტოს დაამტკიცა ა. გ-ძის სახელზე გაცემული საგარანტიო წერილი ბათუმში, ... მშენებარე სახლის მე-2 სადარბაზოს, მე-6 სართულზე 54,62 კვ.მ. ფართის ოთხოთახიანი ¹39 ბინის გაცემაზე. საგარანტიო წერილის გაცემის დროს მოქმედი საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის 205-ე მუხლის (1964 წლის) თანახმად, გარანტის პასუხისმგებლობა, როგორც აქცესორული (დამატებითი) პასუხისმგებლობა, შემოიფარგლება მხოლოდ საგარანტიო წერილით ნაკისრი ვალდებულებით. კონკრეტულ შემთხვევაში ქ. ბათუმის მერიის, როგორც გარანტის ვალდებულებაა ა. გ-ძის ოჯახისათვის ბათუმში, ... მდებარე სახლში 54,62 კვ.მ. ფართის ოთხოთახიანი ბინის მიცემა, რასაც არ უარყოფს ქ. ბათუმის მერია, ამიტომ კიდევ დამატებითი ვალდებულების სახით გარანტისათვის – ქ. ბათუმის მერიისათვის ბინის ქირის გადახდის დაკისრება უკანონოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატამ, მიუხედავად საკასაციო სასამართლოს მითითებისა, სწორი სამართლებრივი შეფასება არ მისცა საქმის მტკიცებულებებს, ასევე სწორად არ განსაზღვრა საქმის მონაწილეთა პროცესუალური სტატუსი, რამაც გამოიწვია საქმეზე უსწორო და იურიდიულად დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების გამოტანა, რის გამოც საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 24 ივლისის განჩინება და ზემოაღნიშნული მითითებებით საქმე არსებითად ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I, 261-27-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 409-ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ქ. ბათუმის მერიის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. გაუქმდეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 24 ივლისის განჩინება და საქმე არსებითად განსახილველად დაუბრუნდეს აჭარის ა/რ უმაღლეს სასამართლოს.
უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.