Facebook Twitter

3გ-ად-146-კ-02 2 სექტემბერი, 2002 წ ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე)

ბ. კობერიძე (მომხსენებელი),

ნ. კლარჯეიშვილი

სარჩელის საგანი: მიწის ნაკვეთის მოპასუხისათვის ჩამორთმევა და მოსარჩელისთვის მიკუთვნება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

2001 წლის 2 ივლისს ლ. კ-ძემ სარჩელი აღძრა წყალტუბოს რაიონულ სასამართლოში მოპასუხეების: წყალტუბოს მიწის მართვის სამმართველოს, ნ. გ-ძისა და ე. ფ-ძის მიმართ.

სარჩელში აღნიშნული იყო, რომ მოსარჩელე 1935 წლიდან იყო სოფ. ...ის მკვიდრი, მუშაობდა კოლმეურნეობაში, ხოლო შემდეგ – სოფ. ...ში, საბჭოთა მეურნეობაში.

მოსარჩელის განმარტებით, 1981 წლიდან იყო მოანდერძე გარდაცვლილი დედის ე. ს-ის დანაშთ ქონებაზე. იმავე წლიდან ჩამონაჭერ მიწის ფართობზე ამუშავებდა ვენახს და სიმინდის ყანას, საიდანაც ყოველწლიურად სახელმწიფოს აბარებდა ყურძენსა და სიმინდს. მის მიერ აღებულ მოსავალს კი საბჭოთა მეურნეობაში ატარებდნენ დედამისის – ე. ს-ის - სახელზე.

სარჩელში აღნიშნული იყო, რომ 1991 წლიდან ნ. გ-ძე არ იყო წინააღმდეგი მოსავლის აღების შემდეგ მოსარჩელისთვის დაებრუნებინა მიტაცებული მიწის ნაკვეთი, მაგრამ იგი მიისაკუთრა ე. ფ-ემ, ხოლო ლ. კ-ძის საბუთები გაანადგურა სოფ. ...ის საკრებულომ.

მოსარჩელემ სარჩელში ითხოვა მოპასუხეების: ნ. გ-ძისა და ე. ფ-ისთვის სადავო მიწის ნაკვეთების ჩამორთმევა და მისთვის 0,75 ჰა მიწის ფართობის ნაცვლად 1,25 ჰა მიწის ფართობის მიკუთვნება.

წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2001 წლის 2 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლ. კ-ძემ.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატამ 2002 წლის 3 აპრილს განიხილა ლ. კ-ძის სააპელაციო საჩივარი და გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლითაც არ დააკმაყოფილა იგი. შესაბამისად უცვლელად დარჩა წყალტუბოს რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

ლ. კ-ძემ საკასაციო საჩივრით ითხოვა სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმება იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გამოიკვლია და არასწორად შეაფასა საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები, რის გამოც გამოიტანა უკანონო გადაწყვეტილება.

საკასაციო სასამართლოში სხდომაზე გამოცხადდა მხოლოდ კასატორი ლ.Oკ-ძე, მოწინააღმდეგე მხარეები არ გამოცხადდნენ. კასატორმა თანხმობა განაცხადა მისი საკასაციო საჩივარი განხილულიყო ზეპირი განხილვის გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო ზეპირი განხილვის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა საკასაციო საჩივრისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლები, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ უტყუარად დადგინდა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ 1992 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, როცა სოფ. ...ში გაიცა საკარმიდამო მიწის ნაკვეთები, ლ. კ-ძე არ ცხოვრობდა სოფ. ...ში, არ იყო კომლი და ამიტომ იგი არ მიეკუთვნებოდა მიწის მიმღებთა პირველ კატეგორიას. რაც შეეხება მოპასუხეებს: ნ. გ-ძესა და ე. ფ-ეს, ისინი სოფ. ...ის მუდმივად მცხოვრებ კომლებს წარმოადგენდნენ.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მოტივაციას, რომ არ არსებობს ზემოთ აღნიშნული მოპასუხეებისათვის სადავო მიწის ნაკვეთების ჩამორთმევისა და მათი მოსარჩელისთვის მიკუთვნების სამართლებრივი საფუძველი.

ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, ვინაიდან კასატორს არ წარმოუდგენია დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის პირველი ნაწილით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ლ. კ-ძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002 წლის 3 აპრილის განჩინება.

3. ლ. კ-ძე, თავისი ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, გათავისუფლდეს სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.