Facebook Twitter

3გ/ად-148-კ-01 21 დეკემბერი, 2001 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),

ნ. სხირტლაძე,

მ. ვაჩაძე

დავის საგანი: აუქციონის წესით შენობის გაყიდვის ხელშეკრულების ბათილად ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი:

26.02.96წ. თ. ქ-ძემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ქ. ბათუმის სასამართლოს. მოსარჩელე აღნიშნავდა, რომ 1931 წელს მისმა მშობელმა _ ზ. ქ-ძემ, სათანადო წესის დაცვით იყიდა ნაგებობა (მაღაზიები) ქ. ბათუმში. შემდგომ ზ. ქ-ძეს შენობა ჩამოერთვა და ჩაირიცხა კომუნალურ ფონდში. აღნიშნულიდან გამომდინარე, თ. ქ-ძემ მოითხოვა მისთვის, როგორც ზ. ქ-ძის მემკვიდრისთვის, სადავო შენობის დაბრუნება. ქ. ბათუმის სასამართლოს 19.06.96წ. გადაწყვეტილებით თ. ქ-ძის სარჩელს, ქ. ბათუმის მერიასთან შენობის დაბრუნების თაობაზე, უარი ეთქვა უსაფუძვლობის გამო. აღნიშნული გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა და კანონიერ ძალაშია შესული.

08.06.2000წ. თ. ქ-ძის შვილიშვილმა დ. ქ-ძემ ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიმართა განცხადებით საქმის წარმოების განახლების შესახებ იმ მოტივით, რომ ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 19.04.2000წ. გადაწყვეტილებით თ. ქ-ძის მამა _ დ. ქ-ძე აღიარებულ იქნა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად და მას აღუდგა დარღვეული უფლებები.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 26.06.2000წ. განჩინებით დ. ქ-ძის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ დარჩა განუხილველად მისი დაუშვებლობის გამო. აღნიშნული განჩინება დ. ქ-ძემ გაასაჩივრა კერძო საჩივრით, რომელიც არ იქნა დაკმაყოფილებული ჯერ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 07.07.2000წ. განჩინებით, ხოლო შემდგომ აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პლატის 20.08.2000წ. განჩინებით.

დ. ქ-ძემ 13.11.2000წ., 13.03.01.წ., 25.05.01წ. სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა: 1. ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება და 19.06.96 წლის გადაწყვეტილების გაუქმება; 2. ზ. ქ-ძის პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარება და მისი დარღვეული უფლებების აღდგენა; 3. აჭარის ა/რ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს მიერ 28.06.96წ. ჩატარებული აუქციონის შედეგად ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების და 05.08.96წ. ნ. ბ-ძის სახელზე რეგისტრირებული სადავო ობიექტის საკუთრების მოწმობის ბათილად ცნობა; 4. ზ. ქ-ძის სახელზე 14.02.31წ. რეგისტრირებული ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების აღდგენა და 5. ზ. ქ-ძის აღდგენილ ქონებაზე მისი მემკვიდრედ ცნობა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 07.06.2001წ. გადაწყვეტლებით დ.Yქ-ძეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა უსაფუძვლობისა და ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო. მოსარჩელის მოთხოვნა ზ. ქ-ძის პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და თავის უფლებაში აღდგენის თაობაზე დატოვებულ იქნა განუხილველად.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა დ. ქ-ძემ, რომელმაც მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილება.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 10.08.2001წ. განჩინებით სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლებისა და ჩამორთმეული სახლთმფლობელობის დაბრუნებაზე არ დაკმაყოფილდა, აღნიშნულ ნაწილში საქმის წარმოება შეწყდა. დანარჩენ ნაწილში ბათუმის საქალაქო სასამართლოს 07.06.01წ. გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ დ. ქ-ძემ ვერც პირველი ინსტანციის სასამართლოში და ვერც სააპელაციო პალატაში საქმის განხილვის დროს ვერ წარმოადგინა რაიმე მტკიცებულება იმის შესახებ, თუ კანონის რა მოთხოვნა იქნა დარღვეული ქონების მართვის სამინისტროს მიერ 28..06.96წ. აუქციონის შედეგად ქონების ნ. ბ-ძისათვის მიყიდვის დროს.

სააპელაციო პალატის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა დ. ქ-ძემ, კასატორმა მოითხოვა აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 10.08.01წ. განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება, ზ. ქ-ძის პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარება, ზ. ქ-ძის სახლთმფლობელობის დაბრუნება და ამ ქონების კასატორის მემკვიდრედ ცნობა.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობით მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. დ. ქ-ძის მოთხოვნა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლებასა და ზ. ქ-ძის სახლთმფლობელობის დაბრუნების თაობაზე სააპელაციო პალატის 10.08.2001წ. განჩინებით არ დაკმაყოფილდა და ამ ნაწილში შეწყდა საქმის წარმოება. აღნიშნულ ნაწილში სსსკ-ის 274-ე მუხლის თანახმად განჩინების გასაჩივრება შეიძლება კერძო საჩივრით, რაც კასატორმა განახორციელა აჭარის ა/რ უმაღლეს სასამართლოში კერძო საჩივრის შეტანით. რაც შეეხება კასატორის მოთხოვნას ზ. ქ-ძის პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარების შესახებ, ვერც ეს მოთხოვნა იქნება განხილული საკასაციო ინსტანციაში, ვინაიდან მოქმედი კანონმდებლობით «საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ” კანონის მე-7 მუხლის მიხედვით განცხადება პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარების შესახებ შეიტანება სასამართლოში განმცხადებლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. კასატორი ცხოვრობს ხელვაჩაურის რაიონში, ამდენად, განცხადება შეტანილ უნდა იქნეს ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში. სწორედ აღნიშნული მოტივით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 07.06.2001წ. გადაწყვეტილებით დ. ქ-ძის სასარჩელო მოთხოვნა ზ. ქ-ძის პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარების შესახებ დატოვა განუხილველად.

რაც შეეხება კასატორის მოთხოვნას აჭარის ა/რ ქონების მართვის სამინისტროს 28.06.96 წლის აუქციონის შედეგად ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების და 05.08.96წ. ნ. ბ-ძის სახელზე რეგისტრირებული სადავო ობიექტის საკუთრების მოწმობის ბათილად ცნობის შესახებ, საკასაციო პალატა თვლის, რომ იგი უსაფუძვლოა, ვინაიდან დ. ქ-ძემ ვერ წარმოადგინა მტკიცებულება თუ კანონმდებლობის რა მოთხოვნა იქნა დარღვეული სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრის მიერ, კასატორი ვერ უთითებს მისი მოთხოვნების დაკმაყოფილების საფუძველს. საქმეში დაცულია აჭარის ა/რ ქონების მართვის მინისტრის მოადგილის 01.11.2001წ. წერილი, რომლის თანახმად, სადავო ობიექტის პრივატიზება 28.06.96წ. განხორციელდა აუქციონის წესით. აუქციონის ჩატარების შესახებ ცნობა გაზეთ «.....-ში” 28.05.96 წ. გამოქვეყნდა. ჩატარებულ აუქციონში გამარჯვებულად იქნა ცნობილი ნ. ბ-ძე, რომელმაც გადაიხადა ობიექტის მთლიანი ღირებულება _ 43680 აშშ დოლარის ეკვივალენტი _ 54818 ლარი, 09.07.96წ. ნოტარიულად გაფორმდა ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება და 05.08.96წ. გაიცა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა. ამდენად, სადავო ობიექტის აუქციონზე გატანის შესახებ განცხადება გამოქვეყნდა გაზეთ «......-ში” და მოპასუხის მტკიცება იმის თობაზე, რომ ობიექტის გაყიდვა მოხდა მისგან ფარულად, ვერ იქნება გაზიარებული. გარდა ამისა, სასამართლო გაცდენილად თვლის სადავო ობიექტის პრივატიზაციის გასაჩივრების სამწლიან ვადას, რომლის ათვლა აუქციონის თაობაზე პრესაში ინფორმაციის გამოქვეყნებიდან უნდა მოხდეს.

ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორი ვერ უთითებს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 10.08.01წ. განჩინების გაუქმების რაიმე რეალურ საფუძველს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დ. ქ-ძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. უცვლელად დარჩეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 10.08.01.წ განჩინება.

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.