3გ-ად-148-კ-02 19 ივლისი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),
მ. ვაჩაძე,
ნ. სხირტლაძე
დავის საგანი: ჯარიმის დაკისრება.
აღწერილობითი ნაწილი:
2001წ. 28 თებერვალს საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს და მოქალაქე გ. ს-არისათვის საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 21.09.00წ. ¹1-3\606 ბრძანების საფუძველზე საჯარიმო თანხის დაკისრება მოითხოვა.
მოსარჩელემ სასარჩელო განცხადებაში მიუთითა, რომ 1998წ. 15 მაისს გაზეთ «.....-ში» გამოაქვეყნა ინფორმაცია ს.ს. ინსტიტუტ «ი-ის» ბალანსზე რიცხული, დაბა წყნეთში ..... მდებარე ¹1 აგარაკის იჯარა-გამოსყიდვის ფორმით პრივატიზების კომერციული კონკურსის შესახებ, რომელშიც მოქალაქე გ. ს-არმა გაიმარჯვა და 1998წ. 22 ივლისს მათ შორის საიჯარო ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით გაფორმდა. საიჯარო ხელშეკრულების 2.4. პუნქტის თანახმად «მოიჯარეს» ქონების გამოსასყიდი თანხის (3800 ლარი) 51% ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთი წლის განმავლობაში, ხოლო დანარჩენი 49% _ მომდევნო ორი წლის განმავლობაში, ყოველწლიურად თანაბარი პროპორციით უნდა გადაეხადა.
საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ 2000წ. 11 სექტემბრის ¹11\104 წერილით საიჯარო ხელშეკრულებით გათვალისწინებული გამოსასყიდი ღირებულებისა და საიჯარო ქირის გადახდის ვადების დარღვევის გამო მოქალაქე გ. ს-არს შეატყობინა და არსებული დავალიანების და საურავის დარიცხვის შესაძლებლობაზე გააფრთხილა. საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 2000წ. 21 სექტემბერის ¹1-3\606 ბრძანებით კი «მოიჯარე» გ. ს-არი ხელშეკრულების 3.4 მუხლის თანახმად გამოსასყიდი ღირებულების 10%-ით _ 380 ლარით დაჯარიმდა, რომელიც მას არ გადაუხდია. მოსარჩელემ თავისი მოთხოვნა საიჯარო ხელშეკრულების 3.4 პუნქტზე დაამყარა.
მოქალაქე გ. ს-არმა სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ საიჯარო თანხა მან ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაზე თითქმის ერთი წლით ადრე გადაიხადა. საქართველოს ქონების მართვის სამინისტროს მიერ გაგზავნილი წერილები კი მას არ მიუღია, რადგან აღნიშნული წერილები მისი ჩაწერის და არა მუდმივი საცხოვრებელი ადგილის მისამართზე იყო გაგზავნილი.
თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2001წ. 4 დეკემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს სარჩელი მოპასუხე გ. ს-არისათვის ჯარიმის სახით 380 ლარისა და სახელმწიფო ბაჟის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით იმავე საფუძვლით თბილისის საოლქო სასამართლოში გაასაჩივრა.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და სხვა კატეგორიის საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 29 მარტის გადაწყვეტილებით საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2001წ. 4 დეკემბრის გადაწყვეტილება გაუქმდა. მოქალაქე გ. ს-არს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 380 ლარის გადახდა დაეკისრა.
გ. ს-არმა საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა. კასატორმა საკასაციო საჩივარში მიუთითა, რომ საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს წერილები და გაფრთხილებები მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ვერ მიიღო, საიჯარო ქირა კი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაზე ადრე გადაიხადა, ამ ფაქტის დამადასტურებელი საბუთები კი საქმეს დაურთო. კასატორის აზრით საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება უკანონო და დაუსაბუთებელია.
სამოტივაციო ნაწილი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება და დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ გ. ს-არის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2002წ. 29 მარტის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დადგენილია, რომ საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ იქნა კონკურსი დაბა წყნეთში, ... მდებარე სახლის იჯარა-გამოსყიდვის ფორმით პრივატიზების თაობაზე. აღნიშნულ კონკურსში გ. ს-არმა გაიმარჯვა და მხარეებს შორის 1998წ. 22 ივლისს საიჯარო ხელშეკრულება გააფორმა. ხელშეკრულების 2.4. მუხლის თანახმად იჯარით აღებული ქონების ღირებულების (3800 ლარის) გამოსასყიდი თანხის 51% მოიჯარემ არაუგვიანეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 წლისა, ხოლო დარჩენილი 49% _ მომდევნო 2 წლის განმავლობაში თანაბარი პროპორციით უნდა გადაეხადა. იმავე ხელშეკრულების 3.4. მუხლის თანახმად ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობის შეუსრულებლობის გამოვლენის შემთხვევაში მოიჯარემ გაფრთხილება წერილობით უნდა მიიღოს და საიჯარო ქონების საბოლოო შეფასების 10%-ით დაჯარიმდეს.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოპასუხემ იჯარით აღებული ქონების ღირებულების გამოსასყიდი თანხის 51% (1938 ლარი) 1999წ. 27 ოქტომბრამდე გადაიხადა, ე.ი. ხელშეკრულების 2.4. მუხლით გათვალისწინებული ერთი წლის ვადაში, ხოლო დარჩენილი 1862 ლარი 2 წლის მანძილზე თანაბარწილად უნდა დაეფარა. კერძოდ, 931 ლარი _ 2000წ. 22 ივლისამდე, რომელიც მან 2000წ. 7 სექტემბერს გადაიხადა. ხოლო დარჩენილი 831 ლარი _ 2001წ. 22 ივლისამდე, რომელიც მან 27 სექტემბერს გადაიხადა, ე.ი. გადახდის ვადამდე 10 თვით ადრე გ. ს-არმა გამოსასყიდი თანხის მთლიანი ღირებულება დაფარა.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს საოლქო სასამართლოს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს მიერ გაგზავნილი წერილები გ. ს-არისათვის, საიჯარო ხელშეკრულებიდან წარმოშიბილი დავალიანების შესახებ გაფრთხილებას წარმოადგენდა, რამდენადაც ზემოაღნიშნული წერილობითი გაფრთხილებების გაგზავნისას სადავო იყო მოპასუხის მიერ გადასახდელი თანხების ოდენობა, კერძოდ მათში დაფიქსირებული იყო არასწორი მონაცემები დავალიანების თაობაზე, ასევე წერილები გაგზავნილ იქნა არასათანადო მისამართზე, რის გამოც მოპასუხემ ისინი დიდი დაგვიანებით მიიღო. ამდენად, ხელშეკრულების 3.4 მუხლი სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს მიერ დაცული არ ყოფილა, რის გამოც სარჩელი უსაფუძვლოა.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გ. ს-არის მოთხოვნა კანონიერია. თანახმად სკ-ს 410-ე მუხლისა მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად არ ჩაითვლება თუკი ვალდებულება არ შესრულდა ისეთ გარემოებათ გამო, რაც მოვალის ბრალით არ არის გამოწვეული.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი და სამოქალაქო კოდექსის 410-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. გ. ს-არის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2002წ. 29 მარტის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.
3. საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
4. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.