Facebook Twitter

3გ-ად-149-კ-02 2 ოქტომბერი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),

ნ. კლარჯეიშვილი,

ბ. კობერიძე

დავის საგანი: ზიანის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

1997წ. 15 სექტემბერს მესტიის რაიონის სოფ. ..., ძებნილი ძმების კ. და გ. უ.-ის დაპატიმრების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მუშაკების მიერ ჩატარებულ იქნა ოპერაცია. სპეცოპერაციის დროს ძმებმა მოახერხეს საკუთარი სახლიდან გამოსვლა, დაახლოებით 300 მერტის მოშორებით ა. კ.-ის ეზოსა და მიმდებარე სიმინდის ყანაში შეეცადნენ თავის შეფარებას, მაგრამ პოლიციის მიერ გახსნილი ცეცხლის შედეგად ხანძარი გაუჩნდა ა. კ.-ის საცხოვრებელ სახლს, მთლიანად განადგურდა სახლი თავისი მოწყობილობითა და საოჯახო ქონებით. განადგურდა ასევე ა. კ.-ის კუთვნილი სიმინდის ყანა და მრავალწლიანი ნარგავები.

აღნიშნულ ფაქტზე სოფ. ... საკრებულოს გამგეობის წევრების მიერ, ა. კ.-ის მეზობლებისა და თავად დაზარალებულის თანდასწრებით, 1997წ. 21 სექტემბერს შედგა სათანადო აქტები, სადაც დაწვრილებით იქნა აღწერილი ა. კ.-ის საოჯახო ქონებისა და მოსავალზე მიყენებული ზარალი. აქტების მიხედვით ზარალის საერთო ოდენობამ შეადგინა 18930 ლარი.

მესტიის რაიონის გემგეობის განკარგულებით გამოყოფილმა კომისიამ 1999წ. 17 თებერვალს მოახდინა ა. კ.-ის საცხოვრებლი სახლის შემოწმება, მიყენებული ზარალის დადგენის მიზნით. კომისიამ იხელმძღვანელა 1983წ. საქართველოს ქალაქებსა და დაბებში მოქალაქეთა კუთვნილი შენობა-ნაგებობების შეფასებითი ნორმებით და დაადგინა, რომ ა. კ.-ის სახლის დაწვის შედეგად წარმოშობილმა ზიანმა შეადგინა 36953 დოლარი ანუ 84991 ლარი. ამდენად, შემოწმების აქტების მიხედვით, ა. კ.-ისათვის მიყენებული ზიანის საერთო თანხა შეადგენს 103921 ლარს.

დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანის დასადგენად ადგილზე მივლინებულნი იქნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, რომლებმაც შემოწმების შედეგად დაადგინეს, რომ მიყენებული ზარალი შეადგენს 10000-12000 ლარს. აღნიშნული თანხა შესთავაზეს ა. კ.-ს, მაგრამ თანხის სიმცირის გამო მან უარი განაცხადა მის მიღებაზე.

1999წ. 15 ივლისს ა. კ.-მა სარჩელით მიმართა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის მატერიალური ზარალის სახით 103921 ლარის დაკისრება. მოსარჩელემ მიუთითა, რომ ზარალი გამოწვეულია პოლიციის მუშაკთა მიერ ოპერაციის არასწორი ჩატარებით, რასაც შედეგად მოჰყვა მისი სახლის განადგურება.

მოსარჩელის შუამდგომლობის საფუძველზე საქმეში თანამოპასუხედ ჩაბმული იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.

რაიონულ სასამართლოში საქმის ზეპირი განხივისას ფინანსთა სამინისტრომ დააყენა შუამდგომლობა ზიანის დასადგენად ექსპერტიზის დანიშვნის თაობაზე, მაგრამ სასამართლომ არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა იმ მოტივით, რომ ზიანის მიყენებიდან საქმის განხილვის მომენტამდე სამი წელია გასული და ზიანის ზუსტი ოდენობის დადგენა შეუძლებელი იქნება.

რაიონულ სასამართლოში საქმის განხილვის დროს, მოსარჩელემ გაზარდა სასარჩელო მოთხოვნა და მატერიალურ ზიანთან ერთად მოითხოვა მორალური ზიანის ანაზღაურებაც, მაგრამ სასამართლოს მიერ, მოპასუხეთა აზრის გათვალისწინებით, შუამდგომლობა არ იქნა დაკმაყოფილებული.

საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ არ ცნო სარჩელი და მიუთითა, რომ სამოქალაქო კოდექსის 992-ე, 1005-ე მუხლების საფუძველზე ზარალი უნდა აანაზღაუროს შს სამინისტრომ, რადგან მათ მიუძღვით ბრალი ზიანის წარმოშობაში.

სარჩელი ასევე არ ცნო შს სამინისტროს წარმომადგენელმა, რომელმაც, მართალია, აღიარა ა. კ.-ისათვის ზიანის მიყენების ფაქტი, მაგრამ სადავო გახადა ზარალის ოდენობა. ამასთან მიუთითა, რადგან პოლიციის თანამშრომლები ოპერაციის დროს იცავდნენ სახელმწიფოს ინტერესებს, ამიტომ ზარალი უნდა ანაზღაურდეს ცენტრალური ბიუჯეტიდან.

კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2000წ. 27 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს შინაგან საქმეთა და ფინანსთა სამინისტროებს ა. კ.-ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 60000 ლარის გადახდა.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ფინანსთა სამინისტრომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2002წ. 21 მარტის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ძალაში დარჩა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლო დაეყრდნო შემდეგ გარემოებებს:

1. სასამართლომ საქმის მასალების, კერძოდ 1997წ. 21 სექტემბერსა და 1999წ. 17 თებერვალს შედგენილი აქტების საფუძველზე დადგენილად მიიჩნია, რომ ა. კ.-ისათვის მიყენებულმა მატერიალურმა ზარალმა შეადგინა 103921 ლარი;

2. სასამართლოს განმარტებით, რადგან ზიანი გამოწვეულია პოლიციელთა ბრალეული მოქმედებით, ხოლო პოლიციელთა გარდაცვალების გამო შეუძლებელია იმის დადგენა, თუ რომელი იყო უშუალოდ ზიანის მიმყენებელი, ამიტომ სამოქალაქო კოდექსის 408-ე, 412-ე, 1005-ე მუხლების თანახმად, მოცემულ შემთხვევაში ზიანის ანაზღაურების ვალდებულება ეკისრება სახელმწიფოს, ფინანსთა და შინაგან საქმეთა სამინისტროების სახით;

3. სააპელაციო პალატა არ ეთამხმება ფინანსთა სამინისტროს, თითქოს მას არ ეკისრება ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, რადგან საქართველოს პრეზიდენტის 1999წ. ¹303 ბრძანებულებით დამტკიცებული «ფინანსთა სამინისტროს დებულების» 1-ლი მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ფინანსთა სამინისტრო ახორციელებს სახელმწიფო მმართველობას საფინანსო-საბიუჯეტო სფეროში და ფისკალური სფეროს კოორდინატორის უფლებამოსილებას. ამავე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, ფინანსთა სამინისტრო ახორციელებს სახაზინო სამსახურის მეშვეობით სახელმწიფო ბიუჯეტიდან სახსრების გაცემას, ასევე სახელმწიფო ვალებთან, სახელმწიფო გრანტებსა და სახელმწიფო სავალო პრეტენზიებთან დაკავშირებული საკითხების მართვას.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საკასაციო წესით ასაჩივრებს ფინანსთა სამინისტრო იმ ნაწილში, რომელიც ითვალისწინებს მათთვის ზიანის სოლიდარულად ანაზღაურების დაკისრებას. კერძოდ:

1. კასატორის განმარტებით, სასამართლოს მიერ არ იქნა დადგენილი ა. კ.-ისათვის მიყენებული ზარალის ზუსტი ოდენობა მაშინ, როდესაც მისი დადგენა შესაძლებელი იყო სასამართლო ექსპერტიზის დანიშვნით ან საბაზრო ფასის დადგენის გზით;

2. ფინანსთა სამინისტროს მიაჩნია, რომ სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის მიხედვით, ზარალი უნდა აანაზღაუროს შს სამინისტრომ, რადგან იგი უშუალოდ მიყენებულია პოლიციის თანამშრომლების მიერ. ამავე კოდექსის 1005-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად: «თუ სახელმწიფო მოსამსახურე განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს თავის სამსახურებრივ მოვალეობას სხვა პირთა მიმართ, მაშინ სახელმწიფო ან ის ორგანო, რომელშიც მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს დამდგარი ზიანი;

3. კასატორი ეყრდნობა შინაგან საქმეთა მინისტრის კ. თ.-ის 1998წ. 30 იანვრის ¹9/1-129 წერილს სახელმწიფო კანცელარიისადმი, რომლითაც ფაქტობრივად აღიარებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს ვალდებულება კ.-ისათვის მიყენებული ზარალის ანაზღაურებასთან დაკავშირებით.

მოწინააღმდეგ მახარემ _ მოსარჩელე ა. კ.-ის წარმომადგენელმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარს ნაწილობრივ მხარი დაუჭირა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, რომელმაც ა. კ.-ის სარჩელი ცნო და ზიანის მიყენების ფაქტი აღიარა 10000-12000 ლარის ფარგლებში, თუმცა არც სააპელაციო და არც საკასაციო საჩივარი შინაგან საქმეთა სამინისტროს არ შეუტანია.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი, უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით, არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 21 მარტის განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:

1. კასატორი სადავოდ ხდის სოფ. ... ძმები უ.-ის დასაპატიმრებლად შს სამინისტროს მიერ განხორციელებული სპეცოპერაციის შედეგად მოსარჩელე ა. კ.-ისათვის მიყენებული ზიანის ოდენობას. სააპელაციო პალატამ საქმეში არსებული წერილობითი მტკიცებულებების, სოფ. ... გამგეობის საკრებულოს წევრების მიერ 1997წ. 21 სექტემბერს შედგენილი აქტებისა და მესტიის რაიონის გამგეობის განკარგულებით შექმნილი კომისიის 1999წ. 17 თებერვლის აქტის საფუძველზე, დადგენილად ცნო სპეცოპერაციის შედეგად საცხოვრებელი სახლისა და საოჯახო ქონების განადგურებით (დაწვით) ა. კ.-ის ოჯახისათვის 103921 ლარის ღირებულების ზიანის მიყენების ფაქტი, რისი საწინააღმდეგო მტკიცებულება არც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და არც კასატორ ფინანსთა სამინისტროს არ წარმოუდგენია. სსკ-ს 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლოსათვის სავალდებულოა სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. ვინაიდან ა. კ.-ისათვის მიყენებული ზიანის ოდენობის ნაწილში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს არ წამოუყენებია არც დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია და არც რაიმე საწინააღმდეგო მტკიცებულება წარმოუდგენია, საკასაციო პალატა ზემოაღნიშნული 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, მიყენებული ზიანის ოდენობის ნაწილში დაუსაბუთებლობის მოტივით ვერ გაიზიარებს საკასაციო საჩივარს;

2. საკასაციო პალატა უსაფუძვლობის მოტივით ასევე ვერ გაიზიარებს კასატორის მეორე არგუმენტს, სკ-ს 1005-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ა. კ.-ისათვის მიყენებული ზიანის მხოლოდ საქართველოს შს სამინისტროსათვის დაკისრების შესახებ, ვინაიდან:

ა) უდავოდ დადგენილია, რომ მოსარჩელე ა. კ.-ის საცხოვრებელი სახლისა და ქონების დაწვა-განადგურება მოხდა შს სამინისტროს მიერ განხორციელებული სპეცოპერაციის შედეგად, რის დროსაც ძებნილ ძმებ უ.-თან ერთად დაიღუპა ოთხი პოლიციელიც;

ბ) «პოლიციის შესახებ» საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტის თანახმად, პოლიციის თანამშრომელი საქართველოს სახელმწიფო მოსამსახურეა, რომელიც «თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენელია»;

გ) «პოლიციის შესახებ» კანონის 27-ე მუხლით, «პოლიციის თანამშრომლის ქმედობით გამოწვეული ზარალის ანაზღაურება» _ დადგენილია, რომ პოლიციის თანამშრომლის მოქმედებით ფიზიკური და იურიდიული პირისათვის მიყენებულ ზარალს ანაზღაურებს სახელმწიფო, კანონით დადგენილი წესით;

დ) ვინაიდან საკუთრების უფლება აღიარებულია და მისი ხელშეუხებლობა უზრუნველყოფილია საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტით, კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტიც იმპერატიულად მიუთითებს, რომ ყველასათვის გარანტირებულია სახელმწიფო და თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზარალის სასამართლო წესით ანაზღაურება სახელმწიფო სახსრებიდან;

ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით აღიარებული, მაგრამ პოლიციელთა მიერ სპეცოპერაციის დროს ხელყოფილი (განადგურებული) ქონების ღირებულების ანაზღაურებაზე ა. კ.-ის მოთხოვნა კანონიერია, კონსტიტუციიდან გამომდინარეა და ანაზღაურებაც კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტისა და «პოლიციის შესახებ» საქართველოს კანონის შესაბამისად, კანონით დადგენილი წესით უნდა მოხდეს სახელმწიფო სახსრებიდან, რომელსაც განკარგავს და სახელმწიფოსადმი ფულად პრეტენზიებთან დაკავშირებულ საკითხებს მართავს კასატორი _ საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის 1999წ. ¹303 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მიხედვით, ახორცილელებს სახელმწიფო მმართველობას საფინანსო-საბიუჯეტო სფეროში და ფისკალური სფეროს კოორდინატორის უფლებამოსილებას.

ამდენად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულებიდან, «პოლიციის შესახებ» კანონიდან და საქართველოს კონსტიტუციის 49-ე მუხლის მე-9 პუნქტიდან გამომდინარე, კასატორი _ საქართველოს ფინანსთა სამინიტრო შს სამინისტროსთან ერთად სოლიდარული მოვალეა ა. კ.-ის მიმართ და სწორად დაეკისრა სოლიდარული პასუხისმგებლობა მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე, ამიტომ თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 21 მარტის განჩინება კანონიერია და უცვლელად უნდა დარჩეს, ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით, არ უნდა დაკმაყოფილდეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 21 მარტის განჩინება;

3. უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.