Facebook Twitter

3გ/ად-150-კ-01 25 იანვარი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),

ნ. კლარჯეიშვილი,

ნ. სხირტლაძე

შუამდგომლობის შინაარსი: გადახდილი სახელმწიფო ბაჟის მოწინააღმდეგე მხარისათვის დაკისრება.

აღწერილობითი ნაწილი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ 2001 წლის 25 დეკემბერს განიხილა და დააკმაყოფილა სს «ც-ის» საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2001 წლის 6 აგვისტოს გადაწყვეტილებაზე. საკასაციო პალატამ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებით მიიღო ახალი გადაწყვეტილება საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტისათვის სარჩელზე უარის თქმის შესახებ, რომლითაც საბაჟო დეპარტამენტი ითხოვდა 1996 წლის 4 სექტემბრიდან 1999 წლის 30 იანვრამდე პერიოდში გერმანიიდან ნედლეულის, გასაღებისა და ფურნიტურის იმპორტირებისათვის 778563 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის საბაჟო გადასახადით კასატორის დაბეგვრას.

საქმე ორგზის იქნა განხილული საქართველოს უზენაეს სასამართლოში. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2000 წლის 31 მარტის გადაწყვეტილების საკასაციო წესით თავდაპირველად გასაჩივრების დროს, 2000 წლის 26 აპრილს კასატორის _ სს «ც-ის» მიერ საკასაციო საჩივარზე. გადახდილი იქნა სახელმწიფო ბაჟი 5000 ლარი, თანახმად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39 მუხლისა. ამჟამად სს «ც-ის» წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-56-ე მუხლების შესაბამისად, მოითხოვა მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 5000 ლარის დაბრუნება.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სს «ც-ის» წარმომადგენლის განცხადება, როგორც საფუძვლიანი და კანონიერი უნდა დაკმაყოფილდეს და კასატორს უნდა აუნაზღაურდეს საკასაციო საჩივარზე 2000 წლის 26 აპრილს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 5000 ლარი, ვინაიდან საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2001 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილებით დააკმაყოფილა მისი საკასაციო საჩივარი, გააუქმა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2001 წლის 6 აგვისტოს გადაწყვეტილება, მიიღო ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტს, უსაფუძვლობის გამო, უარი უთხრა სარჩელის დაკმაყოფილებაზე. საკასაციო სასამართლომ ახალი გადაწყვეტილებით არ განსაზღვრა სასამართლო ხარჯების განაწილების საკითხი. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I მუხლის მე-2 ნაწილისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის I ნაწილის თანახმად: «იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან», ამიტომ საკასაციო პალატა თვლის, რომ სს «ც-ის» განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს და საკასაციო საჩივარზე შეტანილი ბაჟის _ 5000 ლარის მისთვის დაბრუნება (გადახდა) უნდა დაეკისროს მოწინააღმდეგე მხარეს _ საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I მუხლის II ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის I ნაწილით, 261-ე მუხლის პირველი ნაწილის «გ» პუნქტით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. სს «ც-ის» წარმომადგენლის ადვოკატ ნ. ჯ-შვილის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.

2. საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტს სს «ც-ის» სასარგებლოდ დაეკისროს საკასაციო საჩივარზე შეტანილი სახელმწიფო ბაჟის 5000 ლარის გადახდა.

3. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.