Facebook Twitter

თანხის გადახდევინება

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3გ-ად-150-კ-02 20 ნოემბერი, 2002 წ. , ქ.თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),

ბ. კობერიძე,

ნ. კლარჯეიშვილი

საკასაციო საჩივრების თხოვნა: გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების გამოტანით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

აღწერილობითი ნაწილი:

2001წ. 6 სექტემბერს საქველმოქმედო-ჰუმანიტარულმა ორგანიზაცია «ი. ლ.» სარჩელი აღძრა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიაში მოპასუხეების: საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო დეპარტამენტისა და საქართველოს საბაჟო დეპარტამენტის მიმართ.

სარჩელში აღნიშნული იყო, რომ «საქართველოს 1998წ. სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ» კანონის მე-2 თავის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად დადგინდა, რომ ინვალიდთა საზოგადოებრივი ორგანიზაციების საქმიანობის ხელშეწყობისა და ინვალიდთა სოციალური დახმარების დამატებითი ღონისძიებების დაფინანსების მიზნით, როგორც გამონაკლისი, 1998წ. 1 იანვრიდან ინვალიდთა არასამათავრობო ორგანიზაციების საკოორდინაციო საბჭოში გაერთიანებული ცალკეული ორგანიზაციების მიერ გადახდილი დამატებული ღირებულების გადასახადიდან, აქციზიდან და საბაჟო გადასახადიდან მიღებული ფაქტობრივი შემოსავალი აღრიცხული უნდა ყოფილიყო საკოორდინაციო საბჭოში გაერთიანებული თითოეული საზოგადოებრივი ორგანიზაციის მიხედვით, ხაზინაში გახსნილ სპეციალურ ანგარიშებზე, ცენტრალური ბიუჯეტის შემოსავლის ანგარიშისგან გამოცალკევებით.

მოსარჩელის განმარტებით, კანონის აღნიშნული მოთხოვნა ფაქტობრივად სრულდებოდა 1998წ. 30 აგვისტომდე, ხოლო ამ თარიღიდან 1999წ. 1 იანვრამდე მოპასუხეთა მხრიდან უხეშად ირღვეოდა კანონი, კერძოდ, დარღვევებს საფუძვლად დაედო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო დეპარტამენტის 1998წ. 16 ივლისის ¹02-06/1217 წერილი, რომლის ადრესატიც იყო საქართველოს საბაჟო დეპარატამენტი. წერილის ტექსტის შინაარსი ეყრდნობოდა «საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ» საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე» კანონის 38-ე მუხლისა და საქართველოს პრეზიდენტის 1998წ. 22 ივნისის ¹383 ბრძანებულების მოთხოვნებს. სახაზინო დეპარტამენტის წერილი საბაჟო დეპარტამენტს ავალებდა ბენზინის აქციზით მიღებული შემოსავლების გადარიცხვას საქართველოს ეროვნული ბანკის საოპერაციო სამმართველოში გახსნილ გამანაწილებელ ¹26599504 ანგარიშზე, საიდანაც 50% უნდა გადარიცხულიყო ცენტრალურ ბიუჯეტში, ხოლო 50% _ საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გახსნილ საგზაო ფონდის სატრანზიტო ანგარიშზე.

მოსარჩელე მიუთითებდა, რომ ბენზინის აქციზით მიღებული შემოსავლების გადარიცხვა სახელმწიფო ბიუჯეტში და საგზაო ფონდის სატრანზიტო ანგარიშზე არ უნდა გავრცელებულიყო საქართველოს ინვალიდთა არასამთავრობო ორგანიზაციების საკოორდინაციო საბჭოსა და მასში გაერთიანებულ ცალკეულ ორგანიზაციებზე.

ზემოთ აღნიშნული ნორმატიული აქტების არასწორად განმარტების გამო, მოსარჩელემ მიიჩნია, რომ განიცადა მატერიალური ზიანი, რადგანაც ფინანსთა სამინისტროს მიერ საქართველოს ეროვნული ბანკისადმი 1998წ. აგვისტოს ბოლოს გაგზავნილ წერილში მითითებული იყო, რომ სხვა იმპორტიორებიდან უნდა მომხდარიყო ინვალიდთა არასამთავრობო ორგანიზაციების გამოყოფა და საკუთარი გამანაწილებელი ანგარიშის გახსნა, რაც ფაქტობრივად განხორციელდა 1998წ. 25 აგვისტოს.

მოსარჩელის განმარტებით, 1998წ. 30 აგვისტოდან 1999წ. 1 იანვრამდე ჩამოეჭრა 2436234,20 ლარი, ხოლო 1999წ. 1 იანვრიდან 2001წ. 1 აგვისტომდე ბანკთაშორისი სავალუტო პროცენტის მიხედვით საურავმა შეადგინა 840313 ლარი.

მოსარჩელემ სარჩელით ითხოვა მოპასუხეებისათვის მათ მიერ მიყენებული ზიანის, 3276547,20 ლარის, დაკისრება.

2001წ. 17 სექტემბერს საქველმოქმედო-ჰუმანიტარულმა ორგანიზაცია «ინვალიდთა ლიგამ» თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას მიმართა დაზუსტებული სასარჩელო განცხადებით, რომელშიც თავდაპირველ მოპასუხეებთან ერთად მიუთითა მესამე მოპასუხეზე _ საქართველოს საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტზე.

მოსარჩელე დაზუსტებულ სარჩელში აღნიშნავდა, რომ სადავო თანხა ფაქტობრივად გადაეცა მესამე მოპასუხეს. ამასთან, საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტმა 1999 წელს მოსარჩელის მიერ განხორციელებული ბენზინის იმპორტიდან გადახდილი აქციზის ღირებულება დაუბრუნა 2000წ. 2 ნოემბერს, 2001წ. 25 იანვარსა და 2001წ. 5 თებერვალს.

მოსარჩელემ დაზუსტებულ სარჩელში ითხოვა სამივე მოპასუხისათვის 3276547,20 ლარის დაკისრება.

სასამართლო კოლეგიის 2001წ. 10 დეკემბრის განჩინებით მოცემულ საქმეში მესამე პირად ჩაება საქართველოს ინვალიდთა არასამთავრობო ორგანიზაციების საკოორდინაციო საბჭო, ხოლო სასამართლო კოლეგიამ 2001წ. 21 დეკემბრის განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩააბა საქართველოს ფინანასთა სამინისტრო.

სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელემ დააკონკრეტა მოთხოვნა და ითხოვა:

ა) საქართველოს საბაჟო დეპარტამენტისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ ძირითადი გადასახადის _ 691562,90 ლარისა და ვადის გადაცილებისათვის საურავის _ 245353,81 ლარის, სულ _ 936915,90 ლარის დაკისრება.

ბ) საქართველოს საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ ძირითადი გადასახადის _ 1628299,56 ლარისა და ვადის გადაცილებისათვის საურავის _ 558686,65 ლარის, სულ _ 2186936,21 ლარის დაკისრება.

სასამართლო სხდომაზე პირველმა მოპასუხემ _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო. ამასთან, განმარტა, რომ სახაზინო სამსახური უნდა ყოფილიყო მიჩნეული არასათანადო მოპასუხედ, ვინაიდან მის მიმართ მოთხოვნა უშუალოდ არ იყო წამოყენებული.

მეორე მოპასუხის, საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენელმაც სარჩელი არ ცნო და მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი გარემოებების გამო: «საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ» საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე» საქართველოს 1998წ. 1 მაისის კანონის 38-ე მუხლი, აგრეთვე, საქართველოს პრეზიდენტის 1998წ. 22 ივნისის ¹383 ბრძანებულება არ ითვალისწინებდა გამონაკლისებს საქართველოს ინვალიდთა არასამთავრობო ორგანიზაციების საკოორდინაციო საბჭოსა და ამავე საბჭოში გაერთიანებული ცალკეული ორგანიზაციების მიმართ. შესაბამისად, საბაჟო დეპარტამენტმა მართებულად მიმართა აქციზის ღირებულება გადახდილი ნავთობის იმპორტირებისას საგზაო ფონდის სასარგებლოდ.

მესამე მოპასუხემ, საქართველოს საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტმა ასევე მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა იმ საფუძვლით, რომ სარჩელი ეხებოდა ინვალიდთა არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ იმპორტირებულ საავტომობილო ბენზინზე ცენტრალურ ბიუჯეტში ჩასარიცხი აქციზის თანხების სპეციალურ ანგარიშზე, ცენტრალური ბიუჯეტის შემოსავლების ანგარიშისაგან განცალკევებით ასახვას, რაც არანაირ კავშირში არ იყო სახელმწიფო საგზაო ფონდის შემოსავლებთან, რომელიც არ წარმოადგენდა ცენტრალური ბიუჯეტის შემადგენელ ნაწილს.

საქმის განხილვაში მონაწილე მესამე პირის, საქართველოს ინვალიდთა არასამთავრობო ორგანიზაციების საკოორდინაციო საბჭოს, წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა სარჩელის დაკმაყოფილებას, ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელმა განმარტა, რომ ამავე სამინისტროს სახაზინო სამსახური უნდა ყოფილიყო მიჩნეული არასათანადო მოპასუხედ.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიამ 2002წ. 14 მარტს განიხილა მოცემული საქმე და გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტს საქველმოქმედო-ჰუმანიტარული ორგანიზაცია «ი. ლ.» სასარგებლოდ დაეკისრა 691562,92 ლარის გადახდა, ხოლო საქართველოს საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტს «ი. ლ.» სასარგებლოდ _ 1628299,56 ლარის გადახდა. სარჩელის სხვა ნაწილში დაკმაყოფილებაზე მოსარჩელეს ეთქვა უარი.

აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით ცალ-ცალკე გაასაჩივრეს საბაჟო დეპარტამენტმა და საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტმა.

საბაჟო დეპარტამენტი საკასაციო საჩივარს ამყარებს შემდეგ საფუძვლებზე:

1. კანონი, რომლის საფუძველზეც მოსარჩელეები მოითხოვენ თანხის დაბრუნებას, ამჟამად გაუქმებულია. მოცემულ შემთხვევაში გაუქმებული კანონის საფუძველზე თანხების დაკისრება საბაჟო ორგანოსათვის არამართლზომიერია, რადგან ამავე კანონის თანახმად, დასაფინანსებელი ღონისძიებების ჩამონათვალს, მოცულობასა და დაფინანსების წესებს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო პარლამენტის შესაბამის კომიტეტებთან შეთანხმებით.

კასატორის განმარტებით, აღნიშნული პროცედურების დაუცველად მოსარჩელისათვის მიკუთვნებული მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის «ბ» ქვეპუნქტის შესაბამისად საკოორდინაციო საბჭოში გაერთიანებულ ინვალიდთა საზოგადოებრივ ორგანიზაციებზე, მათ მიერ გადახდილი გადასახადის ფარგლებში სახელმწიფო ხაზინიდან თანხები უნდა გასცეს ფინანსთა სამინისტრომ.

კასატორი განმარტავს, რომ მისთვის აღნიშნული თანხის დაკისრებას არა აქვს კანონიერი საფუძველი.

2. სასამართლომ არასწორად განმარტა 1998წ. 1 მაისის კანონი «საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ» საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე». ამ კანონით «საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ” კანონის 21-ე მუხლში შეტანილი დამატების თანახმად საავტომობილო ბენზინის აქციზის თანხები უნდა მიმართულიყო სახელმწიფო საგზაო ფონდში, ხოლო დამატებული 38-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად საავტომობილო ბენზინის აქციზის თანხები 1999წ. 1 იანვრამდე თანაბრად უნდა განაწილებულიყო ცენტრალურ ბიუჯეტსა და სახელმწიფო საგზაო ფონდს შორის.

კასატორი თვლის, რომ სახეზეა კოლიზია « საქართველოს 1998წ. სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ» კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტსა და «საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ» კანონის 38-ე მუხლის მოთხოვნათა შორის. «საქართველოს 1998წ. სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ» კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე ინვალიდთა და ომის ვეტერანთა არასამთავრობო ორგანიზაციების საკოორდინაციო საბჭოში გაერთიანებული ორგანიზაციების მიერ გადახდილი აქციზის, მათ შორის საავტომობილო ბენზინის აქციზის თანხები უნდა აღრიცხულიყო საკოორდინაციო საბჭოში გაერთიანებული თითოეული საზოგადოებრივი ორგანიზაციის მიხედვით ხაზინაში გახსნილ სპეციალურ ანგარიშებზე, ხოლო «საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ» კანონის 38-ე მუხლის თანახმად «საბიუჯეტო სისტემის და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ» საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე» 1998წ. 1 მაისის კანონის ძალაში შესვლის შემდეგ საავტომობილო ბენზინის აქციზის თანხები 1999წ. 1 იანვრამდე თანაბრად უნდა განაწილებულიყო ცენტრალურ ბიუჯეტსა და სახელმწიფო საგზაო ფონდს შორის. ამასთანავე, ამ კანონში არსად არის მითითება იმის თაობაზე, რომ კანონის ეს მოთხოვნა არ ეხება ინვალიდთა და ომის ვეტერანთა არასამთავრობო ორგანიზაციების საკოორდინაციო საბჭოში გაერთიანებული ორგანიზაციების მიერ გადახდილი აქციზის თანხებს.

კასატორის განმარტებით, «ნორმატიული აქტების შესახებ» საქართველოს კანონის 25-ე მუხლის თანახმად იერარქიის ერთი და იგივე საფეხურის ნორმატიულ აქტებს შორის წინააღმდეგობის წარმოქმნისას მოქმედებს უფრო გვიან მიღებული (გამოცემული) აქტით დადგენილი ნორმა. ამავე კანონის 26-ე მუხლით კი თუ სახელმწიფო ორგანო ან თანამდებობის პირი ნორმატიული აქტის გამოყენებასთან დაკავშირებით დაადგენს, რომ ერთი და იგივე სახის ნორმატიულ აქტთა ნორმები ეწინააღმდეგება ერთმანეთს, იგი ვალდებულია, გამოიყენოს ის აქტი, რომელიც უფრო გვიან არის მიღებული.

კასატორი თვლის, რომ მოცემული დავის გადაწყვეტისას სასამართლო ვალდებული იყო, გამოეყენებინა 1998წ. 1 მაისის კანონი «საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ» საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე» და არა _ კანონი «საქართველოს 1998წ. სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ». შესაბამისად, «საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ» საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე» 1998წ. 1 მაისის კანონის ძალაში შესვლის შემდეგ ინვალიდთა და ომის ვეტერანთა არასამთავრობო ორგანიზაციების საკოორდინაციო საბჭოში გაერთიანებული ორგანიზაციების მიერ გადახდილი აქციზის თანხები მთლიანად უნდა აღრიცხულიყო სპეციალურ ანგარიშზე ცენტრალური ბიუჯეტის შემოსავლის ანგარიშიდან გამოცალკევებით, გარდა საავტომობილო ბენზინის აქციზის თანხებისა, რომელიც 1999წ. 1 იანვრამდე უნდა აღრიცხულიყო არა თითოეული საზოგადოებრივი ორგანიზაციის მიხედვით სპეციალურ ანგარიშზე, არამედ თანაბრად უნდა განაწილებულიყო ცენტრალურ ბიუჯეტსა და სახელმწიფო საგზაო ფონდს შორის.

კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა (კანონი «საქართველოს 1998წ. სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ»), არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა (კანონი «ნორმატიული აქტების შესახებ»), არასწორად განმარტა კანონი («საქართველოს 1998წ. სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ» კანონი და 1998წ. 1 მაისის კანონი «საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ» საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე»).

კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 14 მარტის გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების გამოტანით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

მეორე კასატორი _ საქართველოს საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტი თავის საკასაციო საჩივარს ამყარებს შემდეგ საფუძვლებზე:

სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი. კერძოდ, «საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ» საქართველოს 1996წ. 9 მაისის კანონში 1998წ. 1 მაისს შეტანილ იქნა დამატებები, მუხლი 38-ე, გარდამავალი დებულებანი, რომლის შესაბამისადაც საავტომობილო ბენზინის აქციზის თანხები 1999წ. 1 იანვრამდე თანაბრად ნაწილდებოდა ცენტრალურ ბიუჯეტსა და სახელმწიფო საგზაო ფონდს შორის. ეს კანონი ამოქმედდა გამოქვეყნებისთანავე _ 1998წ. 1 მაისიდან.

საქართველოს კანონი «საქართველოს 1998წ. სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ» მიღებულია 1997წ. 12 დეკემბერს. იგი აწესრიგებდა «საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ» კანონით განსაზღვრული გადასახადებიდან ცენტრალურ ბიუჯეტსა და სპეციალურ სახელმწიფო ფონდში საბიუჯეტოწ. განმავლობაში შესული თანხების მიზნობრივ გამოყენებას. ამასთან, სპეციალური სახელმწიფო ფონდების, მათ შორის, საგზაო ფონდის კუთვნილი შემოსავლების გადატანა ცენტრალურ ბიუჯეტში არ შეიძლება იყოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონის საგანი, რადგანაც «საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ» საქართველოს კანონი განსაზღვრავს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის, ავტონომიური რესპუბლიკების და სპეციალური სახელმწიფო ფონდების შემოსავლების და გასავლის შედგენის, განხილვის, დამტკიცების, შესრულების, შემოსავლებისა და ხარჯების გამიჯვნის ძირითად პრინციპებს.

კასატორის განმარტებით, «საქართველოს 1998წ. სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ» საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მესამე ნაწილით დადგენილი იყო, რომ ინვალიდთა საზოგადოებრივი ორგანიზაციების საქმიანობის ხელშეწყობისა და ინვალიდთა სოციალური დახმარების დამატებითი ღონისძიებების დაფინანსების მიზნით, როგორც გამონაკლისი, 1998წ. 1 იანვრიდან ინვალიდთა არასამთავრობო ორგანიზაციების საკოორდინაციო საბჭოში გაერთიანებული ცალკეული ორგანიზაციების მიერ გადახდილი დამატებული ღირებულების გადასახადიდან, აქციზიდან და საბაჟო გადასახადიდან მიღებული ფაქტობრივი შემოსავალი უნდა აღრიცხულიყო საკოორდინაციო საბჭოში გაერთიანებული თითოეული საზოგადოებრივი ორგანიზაციის მიხედვით, სახელმწიფო ხაზინაში გახსნილ სპეციალურ ანგარიშებზე, ცენტრალური ბიუჯეტის შემოსავლის ანგარიშისაგან გამოცალკევებით.

სასამართლო კოლეგიამ თავის გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ სადავო ურთიერთობები ძირითადად რეგულირდება შემდეგი ნორმატიული აქტებით: «საქართველოს 1998წ. სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ» საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის «ა» ქვეპუნქტით, «საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ» საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე» კანონით, საქართველოს პრეზიდენტის 1998წ. 22 ივნისის ¹383 ბრძანებულების პირველი პუნქტით.

კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლო კოლეგიამ არასწორად განმარტა ზემოთ დასახელებული კანონები და პრეზიდენტის ბრძანებულება.

საკასაციო საჩივარში კასატორი განმარტავს, რომ გადაწყვეტილებაში არ არის მითითებული იმ მტკიცებულებებზე, რომელსაც ემყარება სასამართლოს შინაგანი რწმენა. ასევე არ არის მითითებული იმ მოსაზრებებზე, რომლითაც სასამართლომ უარყო საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტის მოსაზრებანი, რითაც სასამართლო კოლეგიამ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 249-ე მუხლის მოთხოვნები.

სსკ-ს 394-ე მუხლის «ე» პუნქტის შესაბამისად თუ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმაოდ დასაბუთებული ან დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, არსებობს საკასაციო საჩივრის აბსოლუტური საფუძველი და გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად.

კასატორის განმარტებით, სასამართლო კოლეგიის 2002წ. 14 მარტის გადაწყვეტილებით არ არის იურიდიულად საკმაოდ დასაბუთებული, რატომ არ უნდა გავრცელებულიყო «საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ» კანონის 38-ე მუხლის მოთხოვნები და საქართველოს პრეზიდენტის 1998წ. 22 ივნისის ¹383 ბრძანებულება იმ ურთიერთობებზე, რომელიც რეგულირდებოდა «საქართველოს 1998წ. სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ» კანონის მე-18 მუხლის მე-3 ნაწილის «ა» ქვეპუნქტით.

კასატორი თვლის, რომ სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, «საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ» კანონი განსაზღვრავს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის, ავტონომიური რესპუბლიკების და სპეციალური სახელმწიფო ფონდების შემოსავლებისა და გასავლის შედგენის, განხილვის, დამტკიცების, შესრულების, შემოსავლების და ხარჯების გამიჯვნის ძირითად პრინციპებს, ხოლო «საქართველოს 1998წ. სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ» კანონი აწესრიგებს «საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ» კანონით განსაზღვრული გადასახადებიდან ცენტრალურ ბიუჯეტსა და სპეციალურ სახელმწიფო ფონდებში საბიუჯეტოწ. განმავლობაში შესული თანხების მიზნობრივ გამოყენებას.

სპეციალური სახელმწიფო ფონდების, მათ შორის, საგზაო ფონდის კუთვნილი შემოსავლების გადატანა ცენტრალურ ბიუჯეტში არ შეიძლება იყოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონის საგანი.

კასატორი მიუთითებს, რომ სასამართლომ არასწორად გამოიყენა კანონი «საქართველოს 1998წ. ბიუჯეტის შესახებ» და სრულიად უყურადღებოდ დატოვა ის ფაქტი, რომ ამ კანონის მე-18 მუხლის III ნაწილში მითითებული გარემოება იყო დროებითი ღონისძიება და ის შეეხებოდა მხოლოდ იმ თანხებს, რომლებიც უნდა შესულიყო ცენტრალურ ბიუჯეტში. «საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ» კანონის 23-ე მუხლის შესაბამისად სპეციალური სახელმწიფო ფონდის შემოსავლისა და გასავლის შედგენა, დამტკიცება და შესრულება ხდება საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტისაგან დამოუკიდებლად. ამასთან, საქართველოს სახელმწიფო საგზაო ფონდი მთლიანად კონსოლიდირებულია საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.

კასატორის განმარტებით, «საქართველოს 1998წ. ბიუჯეტის შესახებ» კანონის მე-18 მუხლის III ნაწილში მითითებული გარემოება შეეხება მხოლოდ ცენტრალურ ბიუჯეტში მიმართულ აქციზის თანხებს და არავითარი შემხებლობა არ აქვს საგზაო დეპარტამენტის თანხებთან.

კასატორი მიუთითებს, რომ 1998წ. 1 მაისიდან 1999წ. 1 იანვრამდე საავტომობილო ბენზინის აქციზის თანხები თანაბრად უნდა განაწილებულიყო ცენტრალურ ბიუჯეტსა და სახელმწიფო საგზაო ფონდს შორის. რაიმე სხვა სახის გამონაკლისი «საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ» საქართველოს კანონით დაწესებული არ არის. ეს იყო ახალი ქცევის წესი, რომელიც შემდგომ დაკონკრეტდა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა, საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტმა საკასაციო საჩივრით ითხოვა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 14 მარტის გადაწყვეტილების გაუქმება საქართველოს საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების გამოტანით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, მოუსმინა მხარეთა, მესამე პირთა განმარტებებს, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილებისა და საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის მიერ დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: საქველმოქმედო-ჰუმანიტარული ორგანიზაცია «ინვალიდთა ლიგა» გაერთიანებულია საქართველოს ინვალიდთა არასამთავრობო ორგანიზაციების საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობაში, რომელიც წარმოადგენს საქართველოში მოქმედ ინვალიდთა საზოგადოებრივი ორგანიზაციების ნებაყოფლობით გაერთიანებას. მისი დებულების 1.5 პუნქტის თანახმად, იგი წარმოადგენს თავისი წევრი ორგანიზაციების კანონიერ ინტერესებს სახელმწიფო ორგანოებში, საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა და სასამართლოში. 1998-1999 წლებში საქართველოს ინვალიდთა არასამთავრობო ორგანიზაციების საკოორდინაციო საბჭოში გაერთიანებული იყო რამდენიმე საზოგადოება, მათ შორის _ საქველმოქმედო-ჰუმანიტარული ორგანიზაცია «ი. ლ.» და მასში შემავალი ორგანიზაციები. «ი. ლ.» აღნიშნულ წლებში თავის შემადგენლობაში აერთიანებდა რამდენიმე საზოგადოებას, მათ შორის _ საქართველოს ინვალიდთა სპორტულ ფედერაციას.

საქმის მასალებში არსებული წერილობითი მტკიცებულებებით დადასტურებულია, რომ «ი. ლ.» და მასში შემავალმა ორგანიზაციამ _ საქართველოს ინვალიდთა სპორტულმა ფედერაციამ _ 1998წ. აგვისტოდან 1999წ. 1 სექტემბრამდე აწარმოეს საავტომობილო ბენზინის იმპორტი და გადაიხადეს აქციზის გადასახადი. ამ პერიოდში აღნიშნული ორგანიზაციების მიერ გადახდილია აქციზის გადასახადი _ 2319862,48 ლარი. მითითებული თანხიდან 1628299,56 ლარი საბაჟო დეპარტამენტმა გადარიცხა საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტის საგზაო ფონდის ანგარიშზე, ხოლო 691562,92 ლარი _ საქართველოს ეროვნული ბანკის საოპერაციო სამმართველოში გახსნილ გამანაწილებელ ანგარიშზე. ზემოთ აღნიშნულ პერიოდში მოსარჩელის მიერ საავტომობილო ბენზინის იმპორტირებისას გადახდილი აქციზის გადასახადის ოდენობაზე მხარეები და მესამე პირები არ დავობენ.

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ 2001წ. 10 ივნისს საქართველოს ინვალიდთა სპორტულ ფედერაციასა და «ი. ლ.» შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლითაც «ი. ლ.» მიერ სოციალური პროგრამების დასაფინანსებლად საქართველოს ინვალიდთა სპორტული ფედერაცია «ი. ლ.» გადასცემდა ყველა უფლებას სახელმწიფოს მიერ უკანონოდ მითვისებულ ფედერაციის კუთვნილ თანხებზე. ამ ხელშეკრულებით «ი. ლ.» აღნიშნულ თანხებთან დაკავშირებით მიენიჭა მოსარჩელედ და მოპასუხედ გამოსვლის უფლება ყველა ინსტანციის სასამართლოში.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ, რადგანაც კასატორთა მხრიდან საკასაციო სასამართლოში არ არის წარმოდგენილი დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, ამიტომ სსკ-ს 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად ჩათვალა «ი. ლ.» სათანადო მოსარჩელედ, რადგანაც მას საქართველოს ინვალიდთა სპორტული ფედერაციისაგან დელეგირებული აქვს სასარჩელო წესით მოთხოვნის უფლება მოცემულ საქმეში ჩაბმულ მოპასუხეთა მიმართ.

საკასაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მოტივაციას, რომ «საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ» საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე» საქართველოს 1998წ. 1 მაისის კანონით არ გაუქმებულა და არც შეცვლილა «საქართველოს 1998წ. სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ» კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის «ა» ქვეპუნქტი, რომლითაც დადგენილი იყო, რომ ინვალიდთა საზოგადოებრივი ორგანიზაციების საქმიანობის ხელშეწყობისა და ინვალიდთა სოციალური დახმარების დამატებითი ღონისძიებების დაფინანსების მიზნით, როგორც გამონაკლისი, 1998წ. 1 იანვრიდან ინვალიდთა არასამთავრობო ორგანიზაციების საკოორდინაციო საბჭოში გაერთიანებული ცალკეული ორგანიზაციების მიერ გადახდილი დამატებული ღირებულების გადასახადიდან, აქციზიდან და საბაჟო გადასახადიდან მიღებული ფაქტობრივი შემოსავალი აღრიცხულიყო საკოორდინაციო საბჭოში გაერთიანებული თითოეული საზოგადოებრივი ორგანიზაციის მიხედვით, სახელმწიფო ხაზინაში გახსნილ სპეციალურ ანგარიშებზე, ცენტრალური ბიუჯეტის შემოსავლის ანგარიშებისაგან გამოცალკევებით.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს კოლეგიამ სწორად ჩათვალა, რომ «საქართველოს 1998წ. სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ» კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის «ა» ქვეპუნქტსა და «საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ» საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე» კანონს შორის არ არსებობს სამართლებრივი კოლიზია. საკასაციო სასამართლო იზიარებს თბილისის საოლქო სასამართლოს კოლეგიის მოსაზრებას, რომ ახალი ქცევის წესი, რომელსაც ითვალისწინებს «საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ» საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე» საქართველოს 1998წ. 1 მაისის კანონი, არ უნდა გავრცელებულიყო იმ ურთიერთობებზე, რომლითაც რეგულირდებოდა «საქართველოს 1998წ. სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ» კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის «ა» ქვეპუნქტით და საქართველოს ინვალიდთა არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ საავტომობილო ბენზინის იმპორტისას გადახდილი აქციზის გადასახადიდან მიღებული ფაქტობრივი შემოსავალი უნდა აღრიცხულიყო სახელმწიფო ხაზინაში გახსნილ სპეციალურ ანგარიშზე, ცენტრალური ბიუჯეტის შემოსავლების ანგარიშისაგან გამოცალკევებით.

საქმეში არსებული მტკიცებულებებითა და მხარეთა განმარტებებით დადგენილია, რომ «საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე” საქართველოს 1998წ. 1 მაისის კანონის ამოქმედების შემდეგ, რომელ კანონსაც კასატორები საფუძვლად უდებენ საკასაციო საჩივარს, 1998წ. აგვისტოდან 1999წ. იანვრამდე საბაჟო დეპარტამენტის მიერ მოსარჩელეს ჩაერიცხა თანხები «საქართველოს 1998წ. სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად და ეს ფაქტი არც საბაჟო დეპარტამენტს, არც საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტს სადავოდ არ გაუხდიათ და არ მოუთხოვიათ აღნიშნული თანხების უკან დაბრუნება.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს საბაჟო დეპარტამენტის განმარტებას, რომ კანონი, რომლის საფუძველზეც მოსარჩელე ითხოვს თანხის დაბრუნებას, გაუქმებულია, ხოლო გაუქმებული კანონის საფუძველზე თანხის დაკისრება საბაჟო დეპარტამენტისათვის არაკანონიერია.

საკასაციო სასამართლო, თვლის, რომ საბაჟო დეპარტამენტის მიერ მითითებულ არც ერთ ნორმატიულ აქტში არ არის აღნიშნული, რომ მათი ამოქმედებით გაუქმდა «საქართველოს 1998წ. სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ» კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის «ა» ქვეპუნქტი.

საკასაციო სასამართლო, აგრეთვე, ვერ გაიზიარებს კასატორთა განმარტებას, რომ სასამართლო კოლეგიამ არ გამოიყენა «საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ» საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე» საქართველოს კანონი, რადგანაც მხარეთა შორის სადავო ურთიერთობების მომწესრიგებელი სპეციალური ნორმა სადავო ურთიერთობის პერიოდში მოქმედი «საქართველოს 1998წ. სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ» კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტია, რომელიც მოცემული საქმის განხილვისას სწორედ გამოიყენა სასამართლო კოლეგიამ.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიამ მოცემულ საქმეზე სამართლებრივად სწორი გადაწყვეტილება გამოიტანა და მისი გაუქმების საფუძველი არ არსებობს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საბაჟო დეპარტამენტისა და საქართველოს საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტის საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 14 მარტის გადაწყვეტილება.

3. საქართველოს საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტს დაეკისროს სახელმწიფო ბაჟი 5000 ლარის ოდენობით. ჩარიცხვა მოხდეს შემდეგი წესით:

საქართველოს უზენაესი სასამართლო (საქართველოს ეროვნული ბანკი, ანგარიში ¹000141107, კოდი 59) სახელმწიფო ბაჟის 70% _ 3500 ლარი.

სახელმწიფო ბიუჯეტი _ სახელმწიფო ბაჟის 30% _ 1500 ლარი.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.