3გ/ად-151-კ-01 23 იანვარი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),
ბ. კობერიძე,
ნ. კლარჯეიშვილი
სარჩელის საგანი: სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქუთაისის სამმართველოს მიერ ჩატარებული კონკურსის შედეგების გაუქმება.
აღწერილობითი ნაწილი:
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 5 აპრილის ¹272 დადგენილებისა და ქ. ქუთაისის მერიის 1993 წლის 15 ივნისის განკარგულების საფუძველზე შეიქმნა მუნიციპალური საწარმო «კ-ი», რომელიც 1993 წლის 6 ივლისს რეგისტრაციაში გატარდა ქ. ქუთაისის მერიაში. მუნიციპალური საწარმოს უძრავ-მოძრავი ქონება ირიცხებოდა ქუთაისის ....... მუნიციპალიტეტის ბალანსზე.
1997 წლის 23 იანვარს ქ. ქუთაისის სასამართლომ რეგისტრაციაში გაატარა შპს «კ-ი», რომლის საწესდებო კაპიტალი შეადგენდა 2500 ლარს და დამფუძნებლებზე ნაწილდებოდა შემდეგნაირად: 1. გ. დ-იანი _ 80% (2000 ლარი); 2. ლ. ბ-შვილი _ 20% (500 ლარი). საწარმოს დირექტორის უფლებამოსილებას ახორციელებდა გ. დ-იანი.
კანონით მემკვიდრეობის უფლების 2000 წლის 24 ივნისის ¹აბ-1815 მოწმობის თანახმად, აწ გარდაცვლილი გ. დ-იანის უძრავ-მოძრავი ქონების მემკვიდრე გახდა მისი მეუღლე ნ. ს-ძე.
მუნიციპალური დაქვემდებარების სახელმწიფო ქონების საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ფორმებით მართვის (გადაცემის) მიზნით საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქუთაისის სამმართველოში შექმნილი საკონკურსო კომისიის სხდომის 2000 წლის 15 აგვისტოს ¹123 ოქმის თანახმად ქ. ქუთაისში, ..... მდებარე 1126,86 კვ.მ. არასაცხოვრებელი ფართის კონკურსის წესით იჯარით გაცემის შესახებ გამარჯვებულად ცნობილ იქნა ნ. ს-ძე.
2000 წლის 12 სექტემბერს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქუთაისის სამმართველოსა და ნ. ს-ძეს შორის გაფორმდა საიჯარო ხელშეკრულება ზემოთ აღნიშნულ არასაცხოვრებელ ფართზე. ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა 5 წელი.
2000 წლის 27 სექტემბერს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართეს მოსარჩელეებმა: ლ. ბ-შვილმა და ა. ბ-ძემ მოპასუხე სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქუთაისის სამმართველოს მიმართ.
სარჩელში აღნიშნული იყო, რომ შპს «კ-ში» ლ. ბ-შვილი მუშაობდა დირექტორის მოადგილედ, ხოლო ა. ბ-ძე ფქვილოვანი საამქროს უფროსად.
2000 წლის 20 სექტემბერს მოსარჩელეებისათვის ცნობილი გახდა, რომ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქუთაისის სამმართველოს მიერ ჩატარებული კონკურსისა და საკონკურსო კომისიის სხდომის 2000 წლის 15 აგვისტოს ოქმის საფუძველზე ქ. ქუთაისის ...... მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული «კ-ის» ქონება იჯარით გადაეცა ნ. ს-ძეს.
მოსარჩელეთა განმარტებით, კონკურსის გამოცხადება, მისი ჩატარების ადგილი, პირობები და თარიღი მათთვის არავის უცნობებია. აღნიშნულის შესახებ, აგრეთვე, არავის უცნობებია ქ. ქუთაისის ...... მუნიციპალიტეტისათვის, რომლის ბალანსზეც ირიცხებოდა «კ-ის» ქონება.
სარჩელის თანახმად ჩატარებული კონკურსის უკანონობაზე ის ფაქტიც მიუთითებდა, რომ ნ. ს-ძეს მისი საკონკურსო თანხა 1324 ლარი, სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქუთაისის სამმართველოს ანგარიშზე ჩაურიცხია 2000 წლის 11 აგვისტოს, ხოლო კონკურსი ჩატარდა 2000 წლის 15 აგვისტოს. ამდენად, საკონკურსო კომისიამ რამდენიმე დღით ადრე იცოდა საკონკურსო თანხა, რაც ეწინააღმდეგებოდა კონკურსის პირობებს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეებმა ითხოვეს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქუთაისის სამმართველოს 2000 წლის 15 აგვისტოს ჩატარებული კონკურსის შედეგების გაუქმება. ამასთან, მოცემულ საქმეში მე-3 პირად ქუთაისის ....... მუნიციპალიტეტის ჩაბმა.
2000 წლის 2 ნოემბერს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქუთაისის სამმართველომ აღძრა შეგებებული სარჩელი მოპასუხეების: ლ. ბ-შვილისა და ა. ბ-ძის მიმართ.
შეგებებულ სარჩელში აღნიშნული იყო, რომ «სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ფორმებით მართვის (გადაცემის) შესახებ» დებულების შესაბამისად სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქუთაისის სამმართველოს მიერ მუნიციპალური საწარმო «კ-ის» უძრავ-მოძრავი ქონება გაცემულ იქნა იჯარით, ხუთწლიანი ვადით. ამასთან დაკავშირებით, აღნიშნული დებულების 4.1. მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით, კონკურსის ჩატარების შესახებ სარეკლამო განცხადება გამოქვეყნდა გაზეთ «პრივატიზების ბიულეტენის» 2000 წლის 31 მაისისა და იმავე წლის 14 ივლისის ნომრებში.
შეგებებული სარჩელის ავტორის განმარტებით, ზემოთ აღნიშნული დებულების მოთხოვნებიდან გამომდინარე, ქუთაისის სამმართველო არ იყო ვალდებული კონკურსის ჩატარების შესახებ პირადად ეცნობებინა რომელიმე იურიდიული ან ფიზიკური პირისათვის. თუმცა ლ. ბ-შვილის 2000 წლის 24 აგვისტოს ¹01\95 წერილიდან ირკვეოდა, რომ აღნიშნული კონკურსის თაობაზე იგი ინფორმირებული იყო ქუთაისის ქონების მართვის სამმართველოს შესაბამისი განყოფილების მიერ.
შეგებებულ სარჩელში აღნიშნული იყო, რომ კონკურსი ჩატარდა და საიჯარო ხელშეკრულება დაიდო კანონის სრული დაცვით.
შეგებებული სარჩელის ავტორის განმარტებით, სადავო ქონების კანონიერი მოიჯარე გახდა ნ. ს-ძე, თუმცა მოპასუხეები: ლ. ბ-შვილი და ა. ბ-ძე კატეგორიულ უარს აცხადებდნენ აღნიშნული ქონების მოიჯარისათვის გადაცემასა და ფართის გამოთავისუფლებაზე.
შეგებებული სარჩელის მოთხოვნა იყო: კ-ის შენობიდან მისი უკანონო მფლობელობის: ლ. ბ-შვილისა და ა. ბ-ძის გამოსახლება და სადავო ქონების ჩაბარება ნ. ს-ძისათვის.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2001 წლის 8 იანვრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ლ. ბ-შვილისა და ა. ბ-ძის სარჩელი. გაუქმდა სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქუთაისის სამმართველოს მიერ 2000 წლის 15 აგვისტოს კონკურსის შედეგები, ქ. ქუთაისში, ..... მდებარე არასაცხოვრებელი ფართის იჯარით გაცემის თაობაზე; სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქუთაისის სამმართველოს შეგებებულ სარჩელს, «კ-ის» შენობიდან უკანონო მფლობელების გამოსახლების შესახებ, ეთქვა უარი.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქუთაისის სამმართველომ.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 4 მაისის განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩაება შპს «კ-ი».
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2001 წლის 21 მაისის დადგენილებით კანონით მემკვიდრეობის უფლების 2000 წლის 27 ივლისის ¹აბ-1815 მოწმობის საფუძველზე, შპს «კ-ის» საწესდებო კაპიტალის 80% წილის მფლობელი გახდა საწარმოს დამფუძნებელის, გარდაცვლილი გ. დ-იანის მეუღლე ნ. ს-ძე. ამავე დადგენილებით ნ. ს-ძე დაინიშნა შპს «კ-ის» დირექტორად.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატამ 2001 წლის 13 ივლისს განიხილა მოცემული საქმე და გამოიტანა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი; გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2001 წლის 8 იანვრის გადაწყვეტილება, ლ. ბ-შვილისა და ა. ბ-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქუთაისის სამმართველოს მიერ 2000 წლის 15 აგვისტოს ჩატარებული კონკურსის შედეგები, არასაცხოვრებელი ფართის იჯარის წესით გაცემის შესახებ, ცნობილ იქნა კანონიერად; დაკმაყოფილდა სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქუთაისის სამმართველოს შეგებებული სარჩელი და ყველა პირი გამოსახლდა იმ არასაცხოვრებელი ფართიდან, რომელიც 2000 წლის 15 აგვისტოს ჩატარებული კონკურსის შედეგების მიხედვით იჯარით გადაეცა ნ. ს-ძეს.
საკასაციო საჩივარში ლ. ბ-შვილმა და ა. ბ-ძემ ითხოვეს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება. საკასაციო სასამართლოს სხდომაზე კასატორებმა დააზუსტეს საკასაციო საჩივრის მოთხოვნები და დამატებით ითხოვეს ახალი გადაწყვეტილების გამოტანა, რომლითაც დაკმაყოფილდება მათი სარჩელი და სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქუთაისის სამმართველო დავალდებულდება, რომ კანონის დაცვით, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით, საკონკურსო პირობების გამოცხადებით უზრუნველყოს ქ. ქუთაისში, ..... მდებარე არასაცხოვრებელი ფართის (1160,7 კვ.მ.) იჯარით გაცემის თაობაზე ინფორმაციის გამოქვეყნება. აგრეთვე, კასატორებმა ითხოვეს არ დაკმაყოფილდეს შეგებებული სარჩელი.
საკასაციო საჩივარი ემყარება შემდეგ გარემოებებს:
სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ქუთაისის მერიის ტექაღრიცხვის ტერიტორიული სამსახურის 2000 წლის 5 დეკემბრის ¹1\263 ცნობა, რომლითაც დასტურდება, რომ შპს «კ-ის» ფართი შეადგენდა 1160,70 კვ.მ-ს, მაშინ, როცა სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქუთაისის სამმართველოს მიერ «პრივატიზების ბიულეტენში» გამოქვეყნებული ინფორმაციით არასაცხოვრებელ ფართად მითითებულ იქნა 1128 კვ.მ. სხვაობამ შეადგინა 32,7 კვ.მ. აღნიშნულ მისამართზე, ქ. ქუთაისი, ..... განთავსებულია ორი ობიექტი, ფართით: 1128 კვ.მ. და 1160,7 კვ.მ. ქუთაისის მერიის ტექაღრიცხვის ტერიტორიული სამსახურის 2000 წლის 5 დეკემბრის ¹1\263 ცნობით კი დასტურდება, რომ კონკურსის წესით გაიცა სხვა ობიექტის ფართი _ 1128 კვ.მ. და არა 1160,7 კვ.მ. ფართი, რომელშიც განთავსებული იყო «კ-ი‘‘.
კასატორთა განმარტებით, თუ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქუთაისის სამმართველომ იჯარით გასცა 1128 კვ.მ. ფართი, როგორც ეს აღნიშნული იყო «პრივატიზების ბიულეტენში», მაშინ ამ ფართზე კასატორებს არანაირი პრეტენზია არ ექნებათ, ხოლო თუ იჯარით გაცემულია 1160,7 კვ.მ. ფართი, რომელშიც დაარსებიდან განთავსებული იყო ჯერ მუნიციპალური საწარმო «კ-ი», ხოლო შემდეგ შპს «კ-ი» და აღნიშნული ფართის შესახებ არანაირი მონაცემები «პრივატიზების ბიულეტენში» გამოქვეყნებული არ ყოფილა, მაშინ კასატორებს, როგორც ამჟამინდელ მოსარგებლეებს, გააჩნიათ პრეტენზიები ამ ფართთან დაკავშირებით, რადგანაც მათ არ მიეცათ თანაბარ პირობებში იჯარის უფლების შეძენის საშუალება.
კასატორების განმარტებით, საკასაციო საჩივრის მეორე მნიშვნელოვან გარემოებას წარმოადგენს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქუთაისის სამმართველოს მიერ საიჯარო ობიექტის იჯარით გაცემის შესახებ კონკურსის გამოქვეყნების წესის დარღვევა, კერძოდ, ქუთაისის სამმართველოს არც საჯაროდ გამოუცხადებია, არც საჯაროდ გამოუქვეყნებია და არც ხელმისაწვდომ ადგილზე გამოუკრავს განცხადება კონკურსის ჩატარების შესახებ. თუმცა, რომც დაცული ყოფილიყო გამოქვეყნების ყველა წესი, კასატორები ყურადღებას მაინც არ მიაქცევდნენ გამოქვეყნებულ საკონკურსო ფართს, რადგანაც მისი მონაცემები არ ემთხვეოდა იმ ფართის მონაცემებს, რომელშიც განთავსებული იყო შპს «კ-ი».
კასატორები აღნიშნავენ, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 533-ე, 534-ე, 581-606-ე მუხლები, რითაც დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა» პუნქტი. აღნიშნული დარღვევის გამო კი, გამოიტანა იურიდიულად არასრულად დასაბუთებული გადაწყვეტილება, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის «ე» პუნქტის თანახმად ექვემდებარება გაუქმებას.
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, მოუსმინა მხარეთა განმარტებებს და მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
სამოტივაციო ნაწილი:
საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ შენობა, რომელშიც განთავსებულია შპს «კ-ი», იმყოფება ქუთაისის ...... მუნიციპალიტეტის ბალანსზე და აღნიშნული შენობის კონკურსზე გატანის საკითხი მუნიციპალიტეტისათვის არ იყო ცნობილი.
«სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ფორმებით მართვის (გადაცემის) წესის შესახებ» დებულების 1-ლი მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების ვადიან სარგებლობაში გადაცემა ხორციელდება სამოქალაქო კოდექსით დადგენილი ფორმებით _ უზურფრუქტი (სასყიდლიანი და უსასყიდლო), ქირავნობა, იჯარა, თხოვება, რაზედაც გადაწყვეტილებას იღებს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო ან მისი ტერიტორიული ორგანო შესაბამის სამინისტროებთან, სხვა სახელმწიფო ორგანოსთან ან დაწესებულებასთან შეთანხმებით, რომლის გამგებლობაშიც იმყოფება გადასაცემი სახელმწიფო ქონება.
საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ დაირღვა ზემოთ აღნიშნული ნორმა, რადგანაც სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ტერიტორიულმა ორგანომ, ქუთაისის სამმართველომ სახელმწიფო საკუთრებაში, კერძოდ, ქუთაისის ...... მუნიციპალიტეტის ბალანსზე მყოფი სადავო ქონება ვადიან სარგებლობაში ისე გადასცა ნ. ს-ძეს, რომ ქუთაისის ...... მუნიციპალიტეტთან შეთანხმებული არ ყოფილა.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემული საქმის განხილვაში მესამე პირად ჩაბმული უნდა ყოფილიყო სადავო ქონების მესაკუთრე ქუთაისის ...... მუნიციპალიტეტი, რადგანაც სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლებოდა შეხებოდა მის ინტერესებსაც. ამასთან, მოსარჩელეები ლ. ბ-შვილი და ა. ბ-ძე თავდაპირველ სარჩელში ითხოვდნენ ...... მუნიციპალიტეტის საქმეში ჩაბმას მესამე პირად, რაზეც სასამართლოებს არ უმსჯელიათ.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ დაარღვია ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის 1-ლი ნაწილის მოთხოვნა, რის გამოც საქმეზე გამოტანილ იქნა არასწორი გადაწყვეტილება. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნება გამოტანილი.
აღსანიშნავია, რომ საქმის განხილვის პერიოდში საკასაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქუთაისის სამმართველოს უფროსმა და განმარტა, რომ საქმის მასალების განმეორებითი შემოწმებისას, სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქუთაისის სამმართველოს მიერ 2001 წლის 15 აგვისტოს ჩატარებული კონკურსის მასალებში აღმოჩნდა ორი უზუსტობა: ობიექტის დასახელება და მის მიერ დაკავებული ფართის ოდენობა. კერძოდ, სარეკლამო განცხადებაში სადავო ობიექტის დასახლების, ყოფილი მუნიციპალური საწარმო «კ-ის» ნაცვლად დაიწერა «არასაცხოვრებელი ფართი», ხოლო ობიექტის რეალური ფართად 1126 კვ.მ-ის ნაცვლად, დაფიქსირდა 1160 კვ.მ.
განცხადებაში მითითებულია, რომ აღნიშნული უზუსტობების გამოსწორების მიზნით ქუთაისის ქონების მართვის სამმართველო მზადაა გამოაცხადოს განმეორებითი კონკურსი სადავო ობიექტის იჯარით გაცემის მიზნით.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატამ უნდა შეამოწმოს ზემოთ აღნიშნულ განცხადებაში მითითებული ფაქტების სისწორე, სადავო ქონების იჯარით გაცემის შესახებ კონკურსის გამოცხადების მოქმედ კანონთან შესაბამისობა და მისი გათვალისწინებით გამოიტანოს გადაწყვეტილება.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ლ. ბ-შვილისა და ა. ბ-ძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
სახელმწიფო ბაჟის მხარეთათვის დაკისრების საკითხი გადაწყდეს მოცემულ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანისას.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.