3გ/ად-151-კ-02 4 ოქტომბერი, 2002 წ., ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),
ნ. სხირტლაძე,
მ. ვაჩაძე
დავის საგანი: საცხოვრებელი ბინის წილის მესაკუთრედ ცნობა, პრივატიზაციის ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანა.
აღწერილობითი ნაწილი:
ქ. თბილისში, კომუნალურ ოროთახიან 37 კვ.მ. ფართის მქონე ¹37 ბინაში ჩაწერილები იყვნენ აწ გარდაცვლილი გ. ს.-ე და მისი მეუღლე _ ც. ს.-ე. ბინის დამქირავებელთა თანხმობით საბურთალოს რაისაბჭოს აღმასკომის 15.08.90წ. გადაწყვეტილების საფუძველზე აღნიშნულ ბინაში ჩაწერილ იქნა ნ. რ.-ი. 25.08.92წ., ნ. რ.-ის და ც. ს.-ის წერილობითი თანხმობის საფუძველზე, ბინის პრივატიზაციის ხელშეკრულება დაიდო გ. ს.-ესთან, რომლის 18.03.99წ. გარდაცვალების შემდეგ ნ. რ.-ს და ც. ს.-ეს შორის ურთიერთობა დაიძაბა. ც. ს.-ე არ გამოხატავდა ახლო ურთიერთობების გაგრძელების სურვილს, რაც შემდგომში საფუძველი გახდა ნ. რ.-ის მიერ სასამართლოში სარჩელის აღძვრისა. 18.05.99წ. ნ. რ.-მ სარჩელით მიმართა ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ც. ს.-ის მიმართ, რომლითაც საბინაო კოდექსის 62-ე, სამოქალაქო სამართლის კოდექსის 6-ე მუხლების, აგრეთვე საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს პლენუმის 23.12.93წ. ¹11 და 02.04.96წ. ¹1 დადგენილებების საფუძველზე მოითხოვა სადავო ბინაში ხვედრითი წილის მესაკუთრედ ცნობა, ქ. თბილისის ტექინვენტარიზაციის ბიუროს დავალება შეიტანოს სათანადო აღნიშვნა თავის ჩანაწერში. 09.06.2000წ. რაიონულ სასამართლოს დამატებითი სასარჩელო განცხადებით მიმართა ნ. რ.-მ – მოპასუხეების ც. ს.-ის, ქ. თბილისის საბურთალოს რაიონის გამგეობის საბინაო-საექსპლოატაციო ტრესტის, მესამე პირის – თბილისის ¹28 სახელმწიფო ნოტარიუსის მიმართ, რომლითაც მოითხოვა 25.08.92წ. ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანა, მის სახელზე სადავო ბინის 1/3 იდეალური წილის აღრიცხვა, საჯარო რეესტრის სამსახურისათვის რეესტრში სათანადო ცვლილებების შეტანის დავალება. მოსარჩელე თავის მოთხოვნებს ამყარებდა შემდეგ გარემოებებზე: ქ. თბილისში,M... მდებარე კომუნალურ ოროთახიან 37 კვ.მ. ბინაში ჩაწერილები იყვნენ და ცხოვრობდნენ თვითონ, მოპასუხე და მისი გამზრდელი ბაბუა – გ. ს.-ე. 25.08.92წ. მისი და მოპასუხის წერილობითი თანხმობით გ. ს.-ის სახელზე მოახდინეს ბინის პრივატიზაცია. მოსარჩელე თვლის, რომ ამ დროიდან სამივე მობინადრემ შეიძინა ბინაზე საკუთრების უფლება. მოსარჩელე მიუთითებდა, რომ სადავო ბინა მიღებული იყო მისი ბებიის – ნ. გ.-ი-ს.-ის ბინის ხარჯზე. 18.03.98წ. გარდაიცვალა გ. ს.-ე, რომელიც დაკრძალული იქნა მოსარჩელის და მისი მშობლების მიერ. საბინაო კოდექსის 62-ე, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს პლენუმის 23.12.93წ. ¹11 და 02.04.96წ. ¹1 დადგენილებების საფუძველზე მოსარჩელემ მოითხოვა ბინის ხვედრითი წილის თანამესაკუთრედ ცნობა.
მოპასუხე ც. ს.-ემ სარჩელი არ ცნო და აღნიშნა, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული საბინაო კოდექსის 62-ე მუხლს ძალა აქვს დაკარგული, სკ-ს 1505.3 მუხლის შესაბამისად. ამასთანავე, მოსარჩელე არ წარმოადგენდა ოჯახის წევრს, სასამართლო ვერ იხელმძღვანელებს უზენაესი სასამართლოს პლენუმის დადგენილებით, ვინაიდან ის არ წარმოადგენს ნორმატიულ აქტს. მოსარჩელე არც სადავო ბინის ორდერშია შეყვანილი, რადგან მოსარჩელე ბინაში ჩაეწერა 1990 წელს, სადავო ბინა მიღებულია 1962 წელს, ხოლო «საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის და პირადობის დადასტურების წესის შესახებ» კანონის თანახმად მოსარჩელის ბინაში რეგისტრაცია არ შეიძლება იქცეს მესაკუთრის უფლების შეზღუდვის საფუძვლად. მოპასუხე გაცდენილად თვლიდა აგრეთვე სასარჩელო ხანდაზმულობის ვადას.
მოპასუხე – ქ. თბილისის საბურთალოს რაიონის გამგეობის საბინაო-საექსპლოატაციო ტრესტის სამართალმონაცვლემ ცნო სარჩელი.
ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 24.08.2000წ. გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, ნაწილობრივ შეიცვალა 25.08.92წ. ბინის პრივატიზაციის ხელშეკრულება, ნ. რ.-ი ცნობილ იქნა სადავო ბინის 1/3 იდეალური წილის მესაკუთრედ, 2/3 იდეალური წილის მესაკუთრედ დარჩა აწ გარდაცვლილი გ. ს.-ე, ტექინვენტარიზაციის ბიუროს დაევალა რეესტრში სათანადო ცვლილების შეტანა. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ც. ს.-ის მიერ. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა 21.03.02წ. გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ საქმე ადმინისტრაციულ კატეგორიას განეკუთვნებოდა, რის გამო პირველი ინსტანციის სასამართლოს უნდა გამოეყენებინა ს.ა.ს.კ. 1-ლი და მე-2 მუხლები, რადგან დავის საგანს წარმოადგენს პრივატიზაციის ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანა და საჯარო რეესტრისათვის დავალება სათანადო ჩანაწერის შეტანის შესახებ. პალატის აზრით, დავის მხოლოდ ერთი ნაწილი – 1/3 წილზე თანამესაკუთრედ ცნობა წარმოადგენდა კერძო-სამართლებრივ ურთიერთობას. სასამართლომ უმართებულოდ მიიჩნია განსახილველი ურთიერთობების მიმართ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 30.06.98წ. ბრძანებით დამტკიცებული ნოტარიატის დებულების 39-ე პუნქტის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმის 22.12.93წ. ¹11 და 02.04.96წ. ¹1 დადგენილებების, სსკ-ს მე-7 მუხლების გამოყენება. პალატამ მიუთითა, რომ «ნორმატიული აქტების შესახებ» 27.06.97წ. კანონის თანახმად უზენაესი სასამართლოს პლენუმის დადგენილება არ მოიხსენიება ნორმატიულ აქტად, ხოლო სსკ-ს მე-7 მუხლი არ იძლევა დავის გადაწყვეტისას უზენაესი სასამართლოს პლენუმის დადგენილებით ხელმძღვანელობის საფუძველს. მინისტრთა კაბინეტის 01.02.92წ. ¹107 დადგენილების მე-5 მუხლის თანახმად, პალატამ მიუთითა, რომ საცხოვრებელი ბინა უსასყიდლოდ გადაეცემათ მოქალაქეებს, რომლებიც ამ საცხოვრებელი სახლის (ბინის) დამქირავებლები ან დამქირავებლის ოჯახის წევრები არიან. დამქირავებელი, საბინაო კოდექსის მე-60 მუხლის მიხედვით, მიიჩნევოდა ის პირი, რომლის სახელზე გაცემული იყო ორდერი, რის გამო ასეთად არ ჩაითვლება ნ. რ.-ი. უკანასკნელმა, ც. ს.-ესთან ერთად, განაცხადა რა თანხმობა ბინის გ. ს.-ის საკუთრებაში გადაცემის შესახებ, ფაქტიურად უარი თქვა 01.02.92წ. ¹107 დადგენილების მე-2 მუხლით მინიჭებულ უფლებაზე მონაწილეობა მიეღო ბინის პრივატიზაციაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ არ გაიზიარა ნ. რ.-ის მოსაზრება იმის შესახებ, რომ მისთვის გ. ს.-ის გარდაცვალების შემდეგ გახდა ცნობილი უფლების დარღვევა, შესაბამისად სარჩელი მიჩნეულ იქნა ხანდაზმულად. სააპელაციო პალატის 21.03.02წ. გადაწყვეტილებით ც. ს.-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 24.08.2000წ. გადაწყვეტილება, ნ. რ.-ს სარჩელის დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 21.03.02წ. გადაწყვეტილებაზე შეტანილ იქნა საკასაციო საჩივარი ნ. რ.-ის მიერ. კასატორი თვლის, რომ საქმე სამოქალაქო სამართალწარმოების წესით უნდა განხილულიყო, ვინაიდან ბინის 1/3-ზე მესაკუთრედ ცნობა წარმოადგენდა ძირითად სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო პრივატიზაციის ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის მოთხოვნა გამომდინარეობდა ძირითადი მოთხოვნიდან. კასატორი მიიჩნევს, რომ რაიონულმა სასამართლომ სწორად გამოიყენა ნოტარიატის ინსტრუქცია და უზენაესი სასამართლოს პლენუმის დადგენილება. კასატორი აღნიშნავს, რომ 1990 წლიდან ჩაწერილი იყო სადავო ბინაში, შესაბამისად იყო ერთ-ერთი დამქირავებელი, რომლის თანხმობის გარეშე არ დაიშვებოდა ბინის პრივატიზაცია. ერთ-ერთ პირთან ხელშეკრულების დადება არ ნიშნავს იმას, რომ ოჯახის სხვა წევრებს არ ჰქონდათ წილის მოთხოვნის უფლება. კასატორი არ ეთანხმება აგრეთვე სააპელაციო პალატის მოსაზრებას სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის შესახებ და აღნიშნავს, რომ გ. ს.-ის სახელზე ბინის პრივატიზაციის შესახებ თანხმობის მიცემით მას არ დაუთმია ფართზე უფლება, რომელიც განაგრძობდა არსებობას და დაირღვა 1999 წელს, როდესაც ც. ს.-მ განაცხადა პრეტენზია მთელი ბინის საკუთრებაზე. კასატორის თვლის, რომ სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის ათვლა უნდა მოხდეს არა ხელშეკრულების დადებიდან, არამედ 1999 წლიდან. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა მოითხოვა სააპელაციო პალატის 21.03.02წ. გადაწყვეტილების გაუქმება და სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილება. დამატებით საკასაციო საჩივარში კასატორი აღნიშნავს სააპელაციო პალატის მიერ საქმის განხილვის პროცესუალურ ხარვეზებს, განხილვის გაჭიანურებას და ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ძირითად მოთხოვნას წარმოადგენს ბინის წილის მესაკუთრეთ ცნობის და არა პრივატიზაციის ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანა.
საკასაციო პალატის სხდომაზე ნ. რ.-მ და მისმა წარმომადგენელმა ლ. კ.-მ მხარი დაუჭირეს საკასაციო საჩივარს და მოითხოვეს მისი დაკმაყოფილება. მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელმა გ. ზედ.-მა საკასაციო საჩივრის საფუძვლები არ ცნო და აღნიშნა, რომ მინისტრთა კაბინეტის 01.02.92წ. ¹107 დადგენილების მე-5 პუნქტი ითვალისწინებს იმ მოქალაქეებისათვის ბინის უსასყიდლოდ გადაცემას, რომლებიც ამ საცხოვრებელი სახლის დამქირავებლები ან დამქირავებლის ოჯახის წევრები არიან. სადავო ბინის დამქირავებლად ითვლებოდა გ. ს.-ე, მასზე იყო გაცემული ორდერი, რომელშიც კასატორი არ იყო შეყვანილი. კასატორი სადავო ბინის არც დამქირავებელი და არც ოჯახის წევრი ყოფილა, რის გამო ნ. რ.-ი არ უნდა ჩაითვალოს პრივატიზაციაზე უფლებამოსილ პირად. მიუხედავად ამისა, კასატორმა მინისტრთა კაბინეტის 01.02.92წ. ¹107 დადგენილების მე-2 პუნქტის მიხედვით თანხმობა განაცხადა გ. ს.-ის სახელზე ბინის პრივატიზაციაზე, რითაც უარი თქვა ბინის საერთო საკუთრებაში გადაცემაზე, რის შედეგადაც 25.08.92წ. პრივატიზაციის ხელშეკრულებით ბინის კანონიერი მესაკუთრე გახდა გ. ს.-ე, რასაც ადასტურებს ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს ჩანაწერი. სადავო ბინის მესაკუთრედ გ. ს.-ე ცნობილ იქნა 1992 წელს, მოსარჩელემ აღნიშნული საცილოდ გახადა ბინის პრივატიზაციიდან 8 წლის შემდეგ, რის გამო სარჩელი ხანდაზმულად უნდა იქნეს მიჩნეული.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შემოწმებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ განსახილველი დავა არ განეკუთვნება ადმინისტრაციულ საქმეთა კატეგორიას, ვინაიდან სადავო ბინის ხვედრითი წილის საკუთრების უფლების ცნობასთან ერთად მოსარჩელემ 09.06.2000წ. დამატებითი სარჩელით ითხოვდა აგრეთვე თბილისის საბურთალოს რაიონის ადგილობრივი მმართველობის ორგანოს წარმომადგენლის და მოქ. გ. ს.-ეს შორის ქ. თბილისში, ... მდებარე ბინის 25.08.92წ. ¹28 სახელმწიფო ნოტარიუსის მიერ (რეესტრი ¹1ნ-1632) დამოწმებულ პრივატიზაციის ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანას იმგვარად, რომ მოსარჩელეზე აღრიცხულიყო ბინის 1/3 იდეალური წილი. საკასაციო ინსტანციაში დავის საგნის დაზუსტებისას კასატორმა არ თქვა უარი მითითებულ მოთხოვნაზე და აღნიშნა, რომ მის წილხვედრ ფართზე მესაკუთრედ ცნობის, წილის გამოყოფის მოთხოვნა თავისთავად გულისხმობს ბინის პრივატიზაციის ხელშეკრულების ბათილად ცნობას, მასში ცვლილების შეტანას. კასატორი არ ეთანხმება რა სააპელაციო პალატის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ საქმე ადმინისტრაციულ კატეგორიას განეკუთვნება, საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ ბინის პრივატიზაციის ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანა წარმოადგენს ძირითადი მოთხოვნიდან გამომდინარე მოთხოვნას. საკასაციო პალატა თვლის, რომ ვინაიდან ნ. რ.-ის ერთ-ერთ სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა კომუნალური ბინის პრივატიზაციის ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანა, ხელშეკრულების ნაწილის ბათილად ცნობა, რის შედეგადაც სააპელაციო პალატის 14.06.01წ. განჩინებით დავაში მესამე პირად ჩაბმული იქნა ხელშეკრულების კონტრაჰენტი, ადმინისტრაციული ორგანო _ ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობა, დავა ადმინისტრაციულ კატეგორიათა რიგს განეკუთვნება, შესაბამისად განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ აქვს სასამართლოს არაკანონიერი შემადგენლობის მიერ საქმის განხილვას (სსკ-ს 394-ე მუხლის «ა» ქვეპუნქტი).
საქმეზე დადგენილად არის ცნობილი, რომ ნ. რ.-ი ჩაწერილია სადავო ბინაში. ნ. რ.-ის ჩაწერა ბინაში მოხდა ბინის ძირითადი დამქირავებლის – გ. ს.-ის და ც. ს.-ის თანხმობით. ამდენად, ბინაში ჩაწერიდან ნ. რ.-ს სადავო ფართის მიმართ გაუჩნდა გარკვეული უფლება-მოვალეობები, მან შეიძინა ოჯახის ყველა დანარჩენი წევრის თანაბრად საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლება, იგი იყო ბინაზე უფლების მქონე პირი. კასატორის საბინაო უფლებების მოცულობას არ ზღუდავს ის გარემოება, რომ ბინის დამქაირავებელი იყო გ. ს.-ე, რომლის სახელზეც გაცემული იყო ორდერი. უკანასკნელი არ ექვემდებარებოდა ცვლილებებს ოჯახის წევრთა შემადგენლობის შეცვლის გამო, ამასთანავე ბინის ქირავნობის ხელშეკრულება თანაბრად წარმოშობდა უფლება-მოვალეობებს დანარჩენ პირთათვის. ბინის დამქირავებლის და ოჯახის წევრის თანხმობით ფართში ჩაწერით ბინაში ჩასახლება, კასატორის გ. ს.-ესთან ურთიერთობის ხასიათი ადასტურებს მათ შორის ახლობლური, ოჯახური ურთიერთობის არსებობას, საცხოვრებელ ფართზე ჩასახლებული პირის, დამქირავებლის და მისი ოჯახის წევრის სუბიექტური განზრახვა სწორედ მუდმივად ერთად ცხოვრებას და ნ. რ.-ის მიერ ფართზე უფლების მოპოვებას ისახავდა მიზნად. ამასთანავე, ნ. რ.-ი არ ყოფილა საბინაო კოდექსის 69.4 მუხლის მიხედვით სასამართლო წესით საცხოვრებელი სადგომით სარგებლობაზე უფლებადაკარგულად ცნობილი. ნ. რ.-ის თანხმობა, მინისტრთა კაბინეტის 01.02.92წ. ¹107 დადგენილების მიხედვით, აუცილებელი იყო სადავო ბინის გ. ს.-ის სახელზე პრივატიზაციისათვის. პალატა არ იზიარებს ც. ს.-ის წარმომადგენლის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ თანხმობის მიცემით ნ. რ.-მა უარი განაცხადა მის კუთვნილ წილზე. პალატა თვლის, რომ მიუხედავად თანხმობის მიცემისა პრივატიზებულ ბინაზე საკუთრების უფლება უნარჩუნდება ყველა იმ პირს, რომელსაც საცხოვრებელ ფართზე უფლება მოპოვებული ჰქონდა ბინის პრივატიზაციის დროისათვის. ბინის პრივატიზაციისას საცხოვრებელი ბინის ოჯახის რომელიმე წევრზე საკუთრებად გადაცემისათვის იმ პირთა სანოტარო წესით დამოწმებული თანხმობა, რომლებიც პრივატიზაციის მომენტში ითვლებიან ამ ბინაზე უფლების მქონე პირებად, არ უკარგავს მათ პრივატიზებული ბინის წილზე მოთხოვნის უფლებას. აღნიშნული სრულად ესადაგება ამ კატეგორიათა დავაზე ადრეულ წლებში და ამჟამად დამკვიდრებულ სამოსამართლეო პრაქტიკას, რომლის მიხედვითაც სადავო ბინის პრივატიზაციაზე წერილობითი თანხმობის მიცემა წარმოადგენს სადავო ბინაზე თანხმობის მიმცემი პირის უფლების აღიარებას. საკასაციო პალატა არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენლის მიერ მინისტრთა კაბინეტის 01.02.92წ. დადგენილების ტექსტუალურ ინტერპრეტაციას და ითვალისწინებს მითითებული აქტის ნამდვილ აზრს, მისი გამოყენების პრაქტიკას, საკუთრების უფლების მნიშვნელობას და თვლის, რომ თანხმობის მიცემით კასატორს არ უთქვამს უარი ბინის კუთვნილ წილზე, ბინის პრივატიზაციაზე თანხმობის მიცემა არ წარმოადგენს წილის დათმობის ხელშეკრულებას.
საკასაციო პალატა არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას 1/3 წილზე თანამესაკუთრედ ცნობის შესახებ მოთხოვნის სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გაცდენის თაობაზე. სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის დენა იწყება სარჩელის უფლების წარმოშობის დღიდან, სარჩელის უფლება წარმოიშობა იმ დღეს, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. სადავო ბინაზე კასატორის უფლება ბინის პრივატიზაციით არ დარღვეულა, იგი განაგრძობდა არსებობას და დაირღვა 1999 წელს, გ. ს.-ის გარდაცვალების შემდეგ, ც. ს.-ის მიერ ბინის მთელ ფართზე პრეტენზიის გაცხადების შემდეგ. ვინაიდან, ბინის პრივატიზაციით არ დარღვეულა ნ. რ.-ის უფლება სადავო ბინის წილზე, კასატორი ბინის პრივატიზაციის შემდეგაც ინარჩუნებდა უფლებას ბინის წილზე, საკასაციო პალატა უსაფუძვლოდ და ხანდაზმულად თვლის ნ. რ.-ის მოთხოვნას ბინის პრივატიზაციის ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. ნ. რ.-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 21.03.02წ. გადაწყვეტილების გაუქმებით მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.
2. ნ. რ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. ნ. რ.-ი ცნობილ იქნეს ქ. თბილისში, ... მდებარე საცხოვრებელი ბინის 1/3 წილის მესაკუთრედ. შესაბამისი ცვლილებები იქნეს შეტანილი საჯარო რეესტრში.
3. ნ. რ.-ის სასარჩელო მოთხოვნას 25.08.92წ. პრივატიზაციის ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის ნაწილში ეთქვას უარი.
4. სახელმწიფო ბაჟი 30 ლარის ოდენობით ნ. რ.-ის სასარგებლოდ გადახდეს ც. ს.-ეს.
5. გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.