გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3გ/ად-152-კ-01 1 თებერვალი, 2002 წ., ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),
ნ. სხირტლაძე,
მ. ვაჩაძე
დავის საგანი: აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 27.11.2000წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი:
22.12.98წ. ე. ჩ-ძე-ქ-არმა სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა ქ.ბათუმში, ... მდებარე მისი საცხოვრებელი ბინის ქვეშ განთავსებული 15 კვ.მ. ფართის სარდაფიდან მოპასუხის – ს. ტ-იანის გამოსახლება. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 02.08.99წ. განჩინებით ზემოაღნიშნული საქმის წარმოება შეწყდა იმის გამო, რომ სათანადო მოსარჩელემ _ ბათუმის მერიამ, რომელიც სადავო ფართის მესაკუთრე იყო, უარი განაცხადა შეეცვალა არასათანადო მოსარჩელე ე. ჩ-ძე-ქ-არი, რომელსაც ეს სარდაფი სარგებლობის უფლებით ჰქონდა გადაცემული.
17.04.2000წ. ე. ჩ-ძე-ქ-არის შვილმა მ. ქ-არმა სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა ქ.ბათუმში, მის საკუთრებაში არსებული ბინის ქვეშ მდებარე სარდაფის, როგორც მისი ბინის არსებითი შემადგენელი ნაწილის, ქ.ბათუმის მერიის ბალანსიდან ამორიცხვა და მისთვის მიკუთვნება. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 14.09.2000წ. გადაწყვეტილებით მ. ქ-არის სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო. აღნიშნული გადაწყვეტილება მ. ქ-არმა გაასაჩივრა სააპელაციო წესით. აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 27.11.2000წ. გადაწყვეტილებით მ. ქ-არის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, აპელანტს საკუთრების უფლებით გადაეცა ქ.ბათუმში, მისი საცხოვრებელი ფართის ლიტ «ა» ¹1,2,2ა და 4 ოთახებს ქვეშ განლაგებული ლიტ «ა» ¹7,8,9 ნახევრადსარდაფი, როგორც მისი ბინის არსებითი შემადგენელი ნაწილი. სააპელაციო პალატამ საქმის მასალებისა და ადგილზე დათვალიერების საფუძველზე მიიჩნია, რომ აღნიშნული ნახევრადსარდაფი წარმოადგენს აპელანტის ბინის განუყოფელ ნაწილს და მისი ცალკე გამოყოფა შეუძლებელია, ვინაიდან იგი აპელანტის ბინის ქვეშ მდებარეობს და მისგან არის გამოყოფილი მხოლოდ ხის იატაკით.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქ.ბათუმის მერიამ, რომელმაც მოითხოვა მისი გაუქმება და ქ.ბათუმის საქალაქო სასამართლოს 14.09.2000წ. გადაწყვეტილების ძალაში დატოვება. კასატორმა მიუთითა, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად განმარტა სსკ-ის 150-ე მუხლი, ვინაიდან სასამართლომ სადავო სარდაფები განიხილა მშენებლობის თვალსაზრისით და არა მისი სამეურნეო დანიშნულების მიხედვით. ქ.ბათუმის მერიის მტკიცებით, მართალია, შენობა საძირკვლის გარეშე არ შეიძლება არსებობდეს, მაგრამ ეს როდი ნიშნავს იმას, რომ სარდაფმა და სახლმა ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად ვერ შეასრულონ თავისი დანიშნულება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 06.03.01წ. განჩინებით ქ.ბათუმის მერიის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 27.11.2000წ. გადაწყვეტილება. საკასაციო პალატამ მიუთითა, რომ ქ. ბათუმის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის 31.05.78წ. გადაწყვეტილებით ... მდებარე ა-იანისა და კ-იანის სარდაფის ტიპის ყოფილი ბინები ჩამოწერილ იქნა საცხოვრებელი ფართიდან და გადაეცა ამავე საცხოვრებელ სახლში მობინადრეებს საერთო სარგებლობის სათავსოებად გამოსაყენებლად. საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 11.08.92წ. ¹825 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოს რესპუკლიკაში პრივატიზებულ საბინაო ფონდის ტექნიკური მომსახურებისა და რემონტის ჩატარების ორგანიზაციისა და გაწეული დანახარჯების დაფარვის შესახებ” დროებითი დებულების მე-5 პუნქტის თანახმად მ. ქ-არი უფლებამოსილი იყო მოეხდინა სარდაფის პრივატიზაცია.
19.06.01წ. ს. და ბ. ტ-იანების წარმომადგენელმა ჟ. ჯ-ძემ აჭარის ა/რ უმაღლეს სასამართლოს მიმართა განცხადებით ამავე სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 27.11.2000წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ. განმცხადებელმა მიუთითა, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის თანახმად სასამართლო ვალდებული იყო მისი მარწმუნებლები ჩაება საქმეში მხარედ, ვინაიდან ყოფილი სარდაფით ორ ათეულ წელზე მეტია რაც სარგებლობს ტ-იანების ოჯახი. განმცხადებელმა ასევე განმარტა, რომ არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ადგილზე დათვალიერების დროს მის მარწმუნებლებს განემარტათ დავის შინაარსი და რომ შეეძლოთ პრეტენზიის შემთხვევაში მიემართათ სასამართლოსათვის, ვინაიდან აღნიშნული სინამდვილეს არ შეესაბამება. ჟ. ჯ-ძის განმარტებით, ტ-იანებისათვის დარღვეული უფლებების შესახებ ცნობილი გახდა სარჩელის აღძვრამდე 14 დღით ადრე და ამდენად, საპროცესო კანონმდებლობით მათ არა აქვთ გაშვებული ხანდაზმულობის ვადა.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 08.08.01წ. განჩინებით ს. და ბ. ტ-იანების მოთხოვნა აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 27.11.2000წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ არ დაკმაყოფილდა განცხადების უსაფუძვლობისა და გასაჩივრების ვადის გაშვების გამო. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ 24.11.2000წ., საქმის სააპელაციო განხილვისათვის მზადების პერიოდში, პალატის მოსამართლეები თ. ქ-ე და დ. ა-ე მდივან ვ. ხ-თან ერთად იმყოფებოდნენ სადავო სარდაფის ადგილზე დასათვალიერებლად, რა დროსაც მათ იქ დამსწრე ტ-იანებს განუმარტეს მათი უფლება დაინტერესების შემთხვევაში მიემართათ სასამართლოსათვის, ე.ი. განმცხადებლებისათვის ამ პერიოდიდან უკვე ცნობილი იყო აღნიშნული დავის შესახებ. ამასთან, ჟ. ჯ-ძემ განცხადება შეიტანა სასამართლოში 19.06.01წ., ანუ კანონით დადგენილი ერთთვიანი ვადის დარღვევით.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ტ-იანების წარმომადგენელმა ჟ. ჯ-ძემ, რომელმაც მოითხოვა აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 08.08.01წ. განჩინების გაუქმება, ამავე პალატის 17.11.2000წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება შემდეგი საფუძვლებით: ჭეშმარიტებას არ შეესაბამება სააპელაციო სასამართლოს მიერ 24.11.2000წ. ჩატარებულ ადგილზე დათვალიერების ოქმში მითითება იმის შესახებ, რომ ტ-იანებს განემარტათ სასამართლოსათვის მიმართვის თაობაზე, ვინაიდან ამ დათვალიერებაში მათ მონაწილეობა არ მიუღიათ. მართალია, მათ დაინახეს მოსამართლეები დათვალიერების დროს, მაგრამ ვერ გაიგეს, რომ სარდაფის ირგვლივ მიმდინარეობდა სასამართლო პროცესი. სადავო ნახევრადსარდაფზე მ. ქ-არის მიერ საკუთრების უფლების მოპოვების შესახებ მათთვის ცნობილი გახდა სასამართლოში განცხადებით მომართვამდე მხოლოდ ორი კვირით ადრე. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის თანახმად სასამართლო ვალდებული იყო ჩაება საქმეში ტ-იანები მხარედ, რამდენადაც მათ ჰქონდათ ფართის მიმართ კანონიერი ინტერესი.
საკასაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა სააპელაციო სასამართლოს განჩინების კანონიერება და დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოტივაციო ნაწილი:
კასატორების განცხადება აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 27.11.2000წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ ემყარება სსსკ-ის 422-ე მუხლის 1 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტში გათვალისწინებულ საფუძველს, კერძოდ, იმ გარემოებას, რომ კასატორები არ მოწვეულან მხარედ საქმის განხილვის დროს. სსსკ-ის 422-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, განცხადება ამავე მუხლის 1 ნაწილში გათვალისწინებული საფუძვლებით გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ დაუშვებელია, თუ მხარეს შეეძლო ამ საფუძვლების წამოყენება საქმის განხილვისას, შესაბამისად პირველი ინსტანციის, სააპელაციო თუ საკასაციო ინსტანციის სასამართლოში. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ტ-იანების ოჯახის წევრებისათვის ცნობილი იყო მ. ქ-არის მიერ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 14.09.2000წ. გადაწყვეტილებაზე შეტანილი სააპელაციო საჩივრის შესახებ აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპალაციო პალატის მოსამართლეების თ. ქ-ის, დ. ა-ის, სხდომის მდივან გ. ხ-ის მიერ 2000 წლის 24 ნოემბერს ქ. ბათუმში, ... მდებარე მ. ქ-არის საცხოვრებელი სახლისა და სადავო ნახევრადსარდაფის ადგილზე დათვალიერების ჩატარების დღიდან. დათვალიერების ოქმის თანახმად, დათვალიერებას ესწრებოდნენ იმავე სახლში მცხოვრები ტ-იანების ოჯახის წევრები, რომელთაც ეცნობათ დათვალიერების მიზანი და განემარტათ პრეტენზიის შემთხვევაში სასამართლოსათვის მიმართვის შესაძლებლობის შესახებ. აღნიშნულის თაობაზე ყურადღებაა გამახვილებული აგრეთვე აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 27.11.2000წ. გადაწყვეტილებაში, რომლის მიხედვით სასამართლომ ადგილზე დათვალიერების დროს ბ. ტ-იანს განუმარტა დავის შინაარსი, სასამართლო პროცესის დაწყების დრო და სარდაფზე პრეტენზიის შემთხვევაში მისი უფლება მერიის წარმომადგენელთან ერთად გამოცხადებულიყო სასამართლო პროცესზე. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. ამგვარი პრეტენზია კასატორთა მიერ წამოყენებული არ ყოფილა. შესაბამისად, პალატა ვერ გაიზიარებს კასატორების მოსაზრებას იმის შესახებ, რომ მათ სააპელაციო სასამართლოსათვის განცხადებით მიმართვამდე მხოლოდ ორი კვირით ადრე შეიტყვეს სადავო ფართზე მ. ქ-არის საკუთრების უფლების შესახებ. ამდენად, დარღვეულია გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ განცხადების შეტანის ერთთვიანი ვადა, რომელიც სსსკ-ის 426-ე მუხლის თანახმად აღმკვეთი ხასიათისაა და მისი გაგრძელება არ დაიშვება.
პალატა თვლის, რომ დავის შედეგის გავლენა ს. და ბ. ტ-იანების უფლება-მოვალეობებზე არ ქმნიდა მათი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებულ მესამე პირად საქმეში სავალდებულო ჩაბმის პირობას, ბათუმის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 31.05.78წ. ¹415 გადაწყვეტილების, საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 11.08.92წ. ¹825 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოს რესპუკლიკაში პრივატიზებულ საბინაო ფონდის ტექნიკური მომსახურებისა და რემონტის ჩატარების ორგანიზაციისა და გაწეული დანახარჯების დაფარვის შესახებ” დროებითი დებულების მე-5 პუნქტის შესაბამისად, მ. ქ-არი უფლებამოსილი იყო მოეხდინა სარდაფის პრივატიზაცია, რომელიც საქმის მასალების მიხედვით მ. ქ-არის ბინის ქვეშ მდებარეობს. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის 1 ნაწილის თანახმად, სასამართლო იყო უფლებამოსილი და არა ვალდებული ეცნობებინა პირისათვის, რომლის ინტერესებსაც შეიძლება შეეხოს სასამართლო გადაწყვეტილება, ადმინისტრაციული პროცესის დაწყების შესახებ და ჩაება იგი მესამე პირად საქმეში. ამდენად, სასამართლოს მიერ არ იყო უგულებელყოფილი კასატორების უფლება მიეღოთ მინაწილეობა საქმის განხილვაში, სასამართლომ აცნობა ს. და ბ. ტ-ებს წარმოებაში არსებული დავის შესახებ, კონკრეტულ უფლებათა რეალიზაცია პირის და არა სასამართლოს ნებაზე იყო დამოკიდებული.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ არ არსებობს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 27.11.2000წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძველი, შესაბამისად უცვლელად უნდა დარჩეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 08.08.01წ. განჩინება.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ს. და ბ. ტ-იანების საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 08.08.01წ. განჩინება.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.