3გ/ად-153-კ 16 ნოემბერი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),
მ. ვაჩაძე,
ნ. სხირტლაძე
დავის საგანი: მამკვიდრებლის მიერ მის სიცოცხლეში მიუღებელი პენსიის მოთხოვნა მემკვიდრისაგან.
აღწერილობითი ნაწილი:
ზ. მ-ძემ 2001 წლის 14 თებერვალს სარჩელით მიმართა ზესტაფონის რაიონის სასამართლოს და მიუთითა, რომ მან საქართველოს სოცუზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ზესტაფონის რაიონული განყოფილებისაგან მოითხოვა გარდაცვლილი მამიდის ა. მ-ძის სიცოცხლეში მიუღებელი 9 თვის პენსიის მიღება იმ მოტივით, რომ იგი ა. მ-ძის ანდერძისმიერი მემკვიდრე იყო. აღნიშნულ მოთხოვნაზე სოცუზრუნველყოფის ფონდის ზესტაფონის განყოფილებამ უარი განაცხადა რადგან ზ. მ-ძე გარდაცვლილის ოჯახის წევრი არ იყო და მას არ მიეცემოდა პენსიის დავალიანებული თანხა.
ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ 2001 წლის 29 მარტის გადაწყვეტილებით დააკმაყოფილა ზ. მ-ძის სარჩელი და სოცუზრუნველყოფის სახელმწიფო ფონდის ზესტაფონის რაიონულ განყოფილებას ზ. მ-ძის სასარგებლოდ 304 ლარისა და 88 თეთრის გადახდა დაეკისრა.
სოცუზრუნველყოფის სახელმწიფო ფონდის ზესტაფონის რაიონულმა განყოფილებამ სააპელაციო საჩივრით ზესტაფონის რაიონის სასამართლოს 2001 წლის 29 მარტის გადაწყვეტილების გაუქმება და ზ. მ-ძის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა იმ მოტივით, რომ სასამრათლომ გადაწყვეტილების მიღებისას არ გამოიყენა «საქარვთელოს მოქალაქეთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ» კანონის 116-ე მუხლი, რომლის მიხედვითაც, «გარდაცვალების შემდეგ, პენსიონრის მიერ აუღებელი კუთვნილი თანხა არ შედის მემკვიდრეობაში და ეძლევა მისი ოჯახის წევრებს, რომლებიც განეკუთვნებიან მარჩენალის დაკარგვის გამო პენსიით უზრუნველსაყოფთა წრეს». აღნიშნულ პირობებსვე ითვალისწინებდა «სახელმწიფო პენსიის დანიშვნისა და გაცემის წესის შესახებ» დებულების 179-ე მუხლიც სოცუზრუნველყოფის ფონდის ზესტაფონის რაიონული განყოფილების წარმომადგენლის მოსაზრებით, თუმცა სამოქალაქო კოდექსის 1506-ე მუხლით გაუქმებულ იქნა ყველა ნორმატიული აქტი, რომელიც ამ კოდექსს არ შეესაბამებოდა, მაგრამ სოცუზრუნველყოფის მთელ სისტემაში სხვა დებულება ან კანონი არ არსებობს და მხოლოდ ეს აქტები მოქმედებს.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადაო საქმეთა პალატამ 2001 წლის 21 ივნისის განჩინებით უსაფუძვლოდ მიიჩნია აპელანტის მოთხოვნა და უცვლელად დატოვა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ზ. მ-ძის მოთხოვნა გარდაცვლილი ა. მ-ძის მიუღებელი პენსიის მისთვის გადაცემის თაობაზე საფუძვლიანია, რადგან სამოქალაქო კოდექსის 1332-ე მუხლით ამომწურავად არის მითითებული ის ქონება, რომელიც სამკვიდროში არშედის, მიუღებელი პენსია კი ქონებრივ უფლებად ითვლება და სამკვიდრო მასში შედის. ამასთანავე, სააპელაციო სასამართლომ უმართებულად მიიჩნია აპელანტის მიერ მიერ თავისი მოთხოვნის იმ ნორმატიულ აქტებზე დაყრდნობა, რომლებიც სამოქალაქო კოდექსის 1506-ე მუხლის თანახმად, 1997 წლის 25 ნოემბრიდან ძალადაკარგულად ითვლებოდნენ, როგორც მასთან შეუსაბამო ნორმები.
სოცუზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ზესტაფონის რაიონულმა განყოფილებამ სააპელაციო სასამართლოს ზემოთ აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა და იმავე საფუძვლებით ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2001 წლის 21 ივნისის განჩინების გაუქმება მოითხოვა.
სამოტივაციო ნაწილი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული გაგანჩინების კანონიერება და დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ ასოციაცია «ე-ის» საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო გამო და უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2001 წლის 21 ივნისის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და სწორად განმარტა იგი. კერძოდ, საოლქო სასამართლომ მართებულად დატოვა ძალაში ზესტაფონის რაიონის სასამართლოს გადაწყვეტილება მიიჩნია რა, რომ გარდაცვლილი ა. მ-ძის მიერ მის სიცოცხლეში მიუღებელი პენსია შედის სამკვიდრო მასაში და წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1328-ე მუხლით გათვალისწინებულ ქონებრივ უფლებას (აქტივს), რომელიც, როგორც სამკვიდრო ქონება, მემკვიდრეობით გადაეცემა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ კასტაორს მოთხოვნა დამყარებული აქვს «მოქალაქეთა საპენსიო უზრუნველყოფის» შესახებ კანონსა და «სახელმწიფო პენსიის დანიშვნისა და გაცემის წესის შესახებ» დებულებაზე, რომლებიც სამოქალაქო კოდექსის 1506-ე მუხლის თანახმად, 1997 წლის 25 ნოემბრიდან ძალადაკარგულია, როგორც სამოქალაქო კოდექსთან შეუსაბამო. ამრიგად, მასზე დაყრდნობით დავის გადაწყვეტა დაუშვებელია. საკასაციო პალატა აქვე დაუმატებს, რომ მოსარჩელე ზ. მ-ძე არ ითხოვს ა. მ-ძის მიუღებელი პენსიის მიღებას «სახელმწიფო პენსიის დანიშვნისა და გაცემის წესის შესახებ» დებულებისა და «მოქალაქეთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ» კანონის შესაბამისად, არამედ იგი მოითხოვს ანდერძისმიერ ქონებას, კერძოდ, მისი გარდაცვლილი მამიდის კუთვნილ, სიცოცხლეში მიუღებელი თანხის მიღებას და არა მომავალში მარჩენალის დაკარგვის გამო პენსიის დანიშვნას, რასაც ზესტაფონის სოცუზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდი ამტკიცებს თავის მოთხოვნაში.
ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს გასაჩივრებული განჩინება.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს სოცუზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ზესტაფონის რაიონული განყოფილების საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2001 წლის 12 ივნისის განჩინება.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.