3გ/ად-154-კ-01 11 დეკემბერი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობით: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),
ნ. კლარჯეიშვილი,
ბ. კობერიძე
დავის საგანი:
1. 1990 წლის 13 ნოემბერს დადებული სადავო ბინის ნასყიდობის გაუქმება;
2. ბათუმის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1990 წლის 3 ოქტომბრის ¹856 გადაწყვეტილების II პუნქტის ¹17 ჩანაწერიდან ი. ლ-ძის ამოღება;
3. ქ. ბათუმის მერიის ტექაღრიცხვის ბიუროში შესაბამისი ცვლილების შეტანა.
აღწერილობითი ნაწილი:
ქ. ბათუმში ... მდებარე ორსართულიანი სახლი 14 საცხოვრებელი ოთახით იყო ს. ს-იანის საკუთრება, რომელსაც 1922 წლის თებერვალში აჭარცაკის სახკომსაბჭოს ¹2 დეკრეტის საფუძველზე ჩამოერთვა საცხოვრებელი ოთახების ნაწილი, კერძოდ II სართულზე ¹5, 6, 7, 8 და I სართულზე ¹10-11 ოთახები, სულ 50%, სადაც ცხოვრება დაიწყეს სხვადასხვა მობინადრეებმა (არქივი, საქმე ¹315). 1926 წელს დამტკიცებული ქ. ბათუმის შეფასებითი ნუსხის მიხედვით, სადავო სახლთმფლობელობა კვლავ ს. ს-იანის სახელზეა. 1937 წლის მარტში აჭარცაკის პრეზიდიუმის დადგენილებით «ქალაქის საბჭოს შუამდგომლობა კერძო მეპატრონეთა მოუვლელი სახლების მუნიციპალიზაციის წესით ჩამორთმევის შესახებ», ს. ს-იანს კვლავ ჩამოერთვა სახლთმფლობელობა ქ. ბათუმის საბჭოს პრეზიდიუმის 1937 წლის 16 თებერვლის (ოქმი ¹3 მუხ.23) დადგენილების საფუძველზე. აჭარის ცაკის (ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის) პრეზიდიუმის 1937 წლის 28 ივლისისა (ოქმი ¹36) და ქ. ბათუმის საბჭოს პრეზიდიუმის 1937 წლის 14 აგვისტოს (ოქმი ¹13) დადგენილებებით ნაწილობრივ გაუქმდა აჭარის ცაკის პრეზიდიუმის დადგენილებები კერძო მეპატრონეთა მოუვლელი სახლების მუნიციპალიზაციის შესახებ, გარდა იმ ნაწილისა, რომელიც ეხებოდა არასაცხოვრებელ, სავაჭრო და სასაწყობო სადგომებს.
1940 წელს განხორციელდა სადავო სახლთმფლობელობის პირველი ძირითადი ტექნიკური ინვენტარიზაცია, რომლის ჩანაწერის მიხედვით სახლთმფლობელობას ორი მესაკუთრე ჰყავდა: ლიტ. «ა» და «ა»1 ეკუთვნოდა ქალაქის საბჭოს, ხოლო ლიტ «ა»2 ს. ს-იანს. 1956 წლის 11 სექტემბერს ს. ს-იანი გარდაიცვალა და 1955 წლის 23 ივნისს გაფორმებული ანდერძის საფუძველზე, მისმა მემკვიდრეებმა ს. პ-იანმა და მ. ჩ-იანმა თანაბარწილად, მემკვიდრეობით მიიღეს ს. ს-იანის კუთვნილი ქონება – ბათუმში ... მდებარე სახლთმფლობელობის 1/5 წილი, შეფასებული 32368 მანეთად. ბათუმის ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს 1957 წლის მარტის ¹259 მოწმობის მიხედვით, ... მდებარე ორსართულიანი ქვის სახლთმფლობელობა შედგებოდა: 1 ოთახი – საწარმოო ფართი 22,1 კვ.მ. საცხოვრებელი – 14 ოთახი, 161, 6 კვ.მ. სავაჭრო 1 ოთახი – 136,6 კვ.მ. საწყობი – 2, ფართი 87,2 კვ.მ. საწარმო _ 2, ფართი 89,8 კვ.მ. დამხმარე სათავსოები 141.2 კვ.მ. ტექბიუროს მასალებში სახლთმფლობელობის 1/5 ნაწ. გატარებული იყო ს. ს-იანის, ხოლო 4/5 ნაწილი – საქალაქო საბჭოს კომუნალური განყოფილების სახელზე (სამემკვიდრეო საქმე ¹4616), ხოლო მემკვიდრეობის მიღების შემდეგ, 1957 წლის დეკემბრის მოწმობებით სახლთმფლობელობის 1/5 ნაწილი, შეფასებული 32 380 მანეთად, აღირიცხა მ. ჩ-იანისა და ს. პ-იანის სახელზე, ხოლო 4/5 ქალაქის აღმასკომის სახელზე.
1957 წლის 12 დეკემბერს ს. ს-იანის მემკვიდრეებმა მ. ჩ-იანმა და ს. პ-იანმა მემკვიდრეობით მიღებული სახლთმფლობელობა მთლიანად გაასხვისეს მოსარჩელე მ. ა-ბაზე, სანოტარო წესით დამოწმებულ, ¹22101 რეესტრით რეგისტრირებულ ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ მ. ა-იბამ 33000 მანეთად შეიძინა სახლთმფლობელობის 1/5 ნაწილი და აღნიშნული ქონება გადავიდა მის მფლობელობაში. 1975 წელს მ. ა-იბამ საცხოვრებელი ფართის 1/30 წილი გაასხვისა მ. ზ-ძეზე, 1992 წელს – 1/15 წილი მიყიდა მ. ჩ-იდს, ხოლო 1/60 – ბ. გ-შვილს, სულ გაასხვისა 4 ოთახი.
საცხოვრებელი სახლის II სართულზე განლაგებულ ¹5 და ¹7 ოთახებში, 1929 წლიდან მდგმურის უფლებით ცხოვრობდნენ კასატორ (მოპასუხე) ი. ლ-ძის მშობლები, 1957 წლიდან ცხოვრობს თვითონ და მ. ა-იბას, როგორც გამქირავებელს უხდიდა 5 მანეთს. 1965 წლიდან ი. ლ-ძე აყვანილი იყო საბინაო პირობების გასაუმჯობესებელთა რიგში, მაგრამ ბინით მისი უზრუნველყოფა არ მოხდა. 1990 წლის 30 მაისის ქ. ბათუმის ¹1 საბინაო-საექსპლოატაციო უბნის უფროსის ა. ფ-ძის წერილის საფუძველზე, ბათუმის საბინაო-სარემონტო საწარმო გაერთიანების დირექტორისადმი, მ. ა-იბას კერძო მფლობელობაში მყოფი ბინის ნაწილი 1/12, სადაც ი. ლ-ძე ცხოვრობდა, ჩაირიცხა ბათუმის კომუნალურ ფონდში. «ზოგიერთი კომუნალური ბინის მათში მცხოვრებ მობინადრეებზე გადაფორმება-მიყიდვისა და შესყიდვის შემდეგ, რიგი მათგანის აჭარის მაღალმთლიანი რაიონების სტიქიით დაზარალებულ ოჯახებზე მიყიდვის შესახებ» ბათუმის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1990 წლის 3 ოქტომბრის ¹856 გადაწყვეტილებით ი. ლ-ძეს ნება დაერთო მის მიერ დაკავებული საცხოვრებელი ფართობის გამოსყიდვაზე, რაც განახორციელა 1990 წლის 13 ნოემბერს. ი. ლ-ძესა და ბათუმის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის საბინაო-სარემონტო საწარმო გაერთიანებას შორის დაიდო ხელშეკრულება ბათუმში, ამჟამად ... მდებარე სახლთმფლობელობაში ¹5,6,7 ოთახების, 35.98 კვ.მ. სასარგებლო ფართით შესყიდვის თაობაზე.
1993 წლის მაისში მ. ა-იბამ მიმართა სასამართლოს მესაკუთრის ხელყოფილი უფლებების დასაცავად. საქმე მრავალგზის იქნა განხილული როგორც ბათუმის საქალაქო, ისე აჭარის ა/რ უმაღლესი და საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ. ბოლოს, აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილებით შეიცვალა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2000 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილება, მ. ა-იბას სარჩელი და სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ბათუმის საქალაქო საბჭოს აღმასკომსა და ი. ლ-ძეს შორის 1990 წლის 13 ნოემბერს დადებული ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება, სიიდან ი. ლ-ძის ამოღებით შესწორება იქნა შეტანილი ბათუმის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1990 წლის 3 ოქტომბრის ¹856 გადაწყვეტილებაში, და შესაბამისი ცვლილების შეტანა დაევალა ბათუმის მერიის ტექაღრიცხვის ბიუროს. სააპელაციო პალატის აღნიშნული გადაწყვეტილება ემყარება შემდეგ გარემოებებს:
1. სააპელაციო პალატამ საქმეში წარმოდგენილი საარქივო დოკუმენტებითა და მხარეთა განმარტებებით დადგენილად მიიჩნია 1922 წელს ბათუმში, ... მდებარე სახლთმფლობელობის 50%-ის ს. ს-იანისათვის ჩამორთმევის, 1926 წლისათვის ს. ს-იანისათვის დაბრუნების, 1937 წლის მარტში სახლთმფლობელობის კვლავ მუნიციპალიზაციის, ხოლო 1937 წლის აგვისტოში სახლის ნაწილის ს. ს-იანისათვის დაბრუნების ფაქტები, გარდა არასაცხოვრებელი, სავაჭრო და სასაწყობო სადგომების დაბრუნებისა. 1940 წლის 20 მაისის სახლთმფლობელობის პირველი ტექინვენტარიზაციის საფუძველზე სასამართლომ, ასევე, დადგენილად ცნო, რომ სახლის ლიტ «ა» და «ა»1 ეკუთვნოდა ქალაქის საბჭოს, ხოლო ლიტ «ა»2, სახლის მე-2 სართული, სადაც 14 ოთახია და მათ შორის სადავო ოთახებიცაა განლაგებული, ეკუთვნოდა ს. ს-იანს. სააპელაციო პალატამ ასევე დადასტურებულად მიიჩნია, რომ ს. ს-იანის გარდაცვალების შემდეგ 1957 წელს მისმა ანდერძისმიერმა მემკვიედრეებმა მემკვიდრეობით მიიღეს ს. ს-იანის ქონება – სადავო სახლთმფლობელობის 1/5 ნაწილი. პალატამ საგანგებოდ აღნიშნა, რომ ტექინვენტარიზაციის ბიუროს მიერ გაცემულ საკუთრების მოწმობასა და მემკვიდრეობის მოწმობაში სახლთმფლობელობის წილი 1/5 გადასწორებულია, რაც სასამართლო ექსპერტიზამაც დაადასტურა. ვინაიდან წარმოდგენილი საარქივო მასალებით არ ჩანს თუ სახლთმფლობელობის რა ფართობიდანაა გამოთვლილი 1/5 წილი, ექსპერტმა დაასკვნა, რომ სახლთმფლობელობის 1/5 ნაწილი არ შეიძლება გამომდინარეობდეს მე-2 სართულზე განთავსებული 14 ოთახის საერთო ფართიდან. სამემკვიდრეო მოწმობაში 1/3 ნაწილს 1/5-ად გადასწორება დადასტურებულია აჭარის ა/რ საექსპერტო კრიმინალური განყოფილების ექსპერტის, ასევე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზისა და სპეციალურ გამოკვლევათა ცენტრის ექსპერტიზით;
2. მემკვიდრეობის მიღების შემდეგ, მ. ჩ-იანისა და ს. პ-იანის მიერ სამკვიდრო სახლის მ. ა-იბაზე მიყიდვის ფაქტი სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია ყიდვა-გაყიდვის სანოტარო საქმის საფუძველზე. ხელშეკრულებაში, მართალია, მითითებულია რომ მ. ა-იბამ 33000 მანეთად შეიძინა სადავო სახლთმფლობელობის 1/5 ნაწილი, მაგრამ ვინაიდან სახლი მთლიანად შეფასებული იყო 65611 მანეთად, ხოლო მ. ჩ-იანისა და ს. პ-იანის სახელზე აღრიცხული შენობის ნაწილი შეფასებული იყო 32 380 მანეთად, სასამართლომ დაასკვნა, რომ გასხვისებამდე მემკვიდრეთა საკუთრებას შეადგენდა სახლთმფლობელობის დაახლოებით ნახევარი და არა 1/5 ნაწილი. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ს. ს-იანის ფაქტობრივი საკუთრების შეუსაბამოდ მოხდა სამემკვიდრეო მოწმობაში წილების გადასწორება. სასამართლომ დაადგინა, რომ მ. ა-იბამ ს. ს-იანის მემკვიდრეებისაგან შეიძინა მთლიანი საცხოვრებელი ფართობი 14 ოთახით და დამხმარე სათავსოებიც, რის შესაბამისად მ. ა-იბას სახელზე გაიხსნა სახლთმფლობელობის პასპორტი;
3. სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხეთა მტკიცება, რომ ს. ს-იანს 1922 წლის დეკრეტის შემდეგ დაუბრუნდა მხოლოდ 3 ოთახი და მიიჩნია, რომ მას დაუბრუნდა მთლიანი საცხოვრებელი ფართი _ 14 ოთახი, რომელთაგან 4 ოთახი მ. ა-იბამ გაასხვისა 1961, 1967, 1975 წლებში, რის შემდეგაც მე-2 სართულის დარჩენილი ოთახები, მათ შორის ¹5 და ¹7 ოთახიც, რომელშიც 1929 წლიდან მდგმურის უფლებით ცხოვრობდნენ ი. ლ-ძის მშობლები, დარჩა მ. ა-იბას საკუთრებაში, რაც დასტურდება 1977 წელს გაცემული ტექპასპორტით. მ. ა-იბას უფლებას სადავო ბინაზე სააპელაციო პალატა დადასტურებულად მიიჩნევს ი. ლ-ძის მიერ აღმასკომში წარდგენილი მასალების საფუძველზეც, რომლის თანახმადაც ი. ლ-ძე 1957 წლიდან მდგმურის უფლებით ცხოვრობდა სადავო ბინაში და ბინის ქირად მ. ა-იბას უხდიდა 5 მანეთს;
4. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საბინაო საწარმოო გაერთიანებამ, ქ. ბათუმის ¹1 საბინაო-საექსპლოატაციო უბნის უფროსის 1990 წლის 30 მაისის წერილის საფუძველზე ადრე კერძო მფლობელობაში მყოფი, მ. ა-იბას ბინის ნაწილის კომუნალურ ფონდში ჩარიცხვითა და ი. ლ-ძის სახელზე პირადი ბარათის გახსნით დაარღვია მ. ა-იბას კონსტიტუციური უფლება საკუთრებაზე, რაც თავის მხრივ საფუძვლად დაედო 1990 წლის 13 ნოემბრის სადავო ნასყიდობას;
5. სადავო ნასყიდობა ი. ლ-ძის მიერ, ასევე, განხორციელდა ბათუმის ქალაქის საბჭოს აღმასკომის ¹856 გადაწყვეტილების საფუძველზე, რომელიც მიღებულ იქნა 1990 წლის 3 ოქტომბერს, მ. ა-იბამ მისი საკუთრების დარღვეული უფლების აღდგენის თაობაზე სასამართლოს მიმართა 1993 წლის მაისში, ხოლო ¹856 გადაწყვეტილებიდან ი. ლ-ძის გვარის ამორიცხვის საკითხი მაშინ დააყენა, როცა ამის შესახებ გაიგო. ამიტომ სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მ. ა-იბას სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა არ დაურღვევია და სასამართლოში სარჩელი აღძრა კანონით დადგენილ სამწლიან ვადაში;
6. სააპელაციო პალატა თვლის, რომ სასამართლო შეცდომაში შეიყვანა ქ. ბათუმის ¹1 საბინაო-საექსპლოატაციო უბნის 1993 წლის 8 ივნისის წერილმა, რომლის მიხედვითაც სადავო სახთმფლობელობაში 1/5 ნაწილი არის კერძო, 4/5 კომუნალური, საიდანაც ი. ლ-ძეს გამოუყვეს ორი ოთახი 22,87 კვ.მ. ფართით, ფაქტობრივად კი საქმეში არ არის და მხარესაც არ წარმოუდგენია კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი ი. ლ-ძეზე სადავო ბინის (ოთახების) გამოყოფის შესახებ და არც ბინის ორდერია წარმოდგენილი, რაც სავალდებულო იყო 1983 წლის საქართველოს საბინაო კოდექსის 57-ე მუხლის შესაბამისად. პალატა ქ. ბათუმის მერიის საბინაო სამმართველოს უფროსის წერილის საფუძველზე მიიჩნევს, რომ მ. ა-იბას კუთვნილი ბინა არასწორად ჩაირიცხა კომუნალურ ფონდში. სადავო სახლთმფლობელობის 14 საცხოვრებელი ოთახი რომ ნამდვილად ეკუთვნოდა მ. ა-იბას, სააპელაციო პალატა დადასტურებულად მიიჩნევს 1958 წლიდან წარმოდგენილი შენობის დაზღვევისა და მიწის გადასახადის ქვითრების საფუძველზეც, ხოლო ადგილზე დათვალიერებით, პალატამ დაადგინა, რომ ი. ლ-ძის სადავო ოთახები მოქცეულია მ. ა-იბას საკუთრებასა და იმ ოთახებს შორის, რომელიც მ. ა-იბამ გაასხვისა გ-შვილსა და ზ-ძეზე, სასამართლოს შეექმნა შთაბეჭდილება, რომ ყველა ოთახი, თავის დროზე ერთმანეთის გაგრძელებას წარმოადგენდა.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 2001 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილებას ქ. ბათუმის მერია საკასაციო წესით ასაჩივრებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის «ე» ქვეპუნქტის საფუძველზე, როგორც იურიდიულად დაუსაბუთებელი, ითხოვს მის გაუქმებას შემდეგი საფუძვლით:
1. სააპელაციო პალატამ ამჯერადაც პროცესუალური კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით განიხილა ბათუმის საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1990 წლის ¹856 გადაწყვეტილების მე-2 მუხლის ¹1 დანართიდან ი. ლ-ძის გვარის ამორიცხვის მოთხოვნა, ვინაიდან სასამართლომ არ იმსჯელა სასარჩელო ხანდაზმულობის ვადაზე და მისი დინების დაწყების მომენტზე, ვინაიდან აღნიშნული მოთხოვნა მ. ა-იბამ დააყენა არა პირველი ინსტანციის სასამართლოში, არამედ სააპელაციო პალატაში 2000 წელს ე.ი. სადავო გადაწყვეტილების გამოტანიდან 10 წლის შემდეგ;
2. კასატორი სადავოდ ხდის სააპელაციო პალატის მიერ დადგენილ გარემოებებს _ აჭარისტანის სახკომსაბჭოს მიერ ს. ს-იანზე სახლთმფლობელობის ნაწილის მუნიციპალიზაცია-დაბრუნების ფაქტებს და მიუთითებს, რომ საქმეში მრავლადაა იმჟამინდელი წერილობითი მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ სადავო სახლთმფლობელობიდან 1/5 წილის ს. ს-იანის, ხოლო 4/5 წილის ბათუმის საქალაქო საბჭოს აღმასკომის კუთვნილების ფაქტს;
3. მ. ა-იბამ სასამართლოზე კვლავ დაადასტურა, რომ იყიდა მთელი სახლთმფლობელობის 1/5 ნაწილი, რაც 128 კვ.მ. ტოლია, ვინაიდან მთელი სახლთმფლობელობის საცხოვრებელ ოთახები არის 171 კვ.მ. (დერეფანი _ 141 კვ.მ. სავაჭრო _ 136 კვ.მ. სამრეწველო _ 98,8 კვ.მ. სასაწყობო _ 80.1 კვ.მ. დაწესებულება – 22.1 კვ.მ. სულ 640 კვ.მ.). სახლთმფლობელობის 1/5 წილიდან _ 128 კვ.მ-დან მ. ა-იბამ სხვადასხვა დროს გაყიდა თავისი წილის 1/30; 1/15 და 1/60 ნაწილი, რაც შეადგენს 74.5 კვ.მ. თუ მ. ა-იბას წილს 128 კვ.მ. გამოვაკლებთ მის მიერ გასხვისებულ 74.5 კვ.მ. ფართს, მივიღებთ 53.5 კვ.მ., რაც ტექბიუროს ამჟამინდელი მონაცემებით, აწერია მ. ა-იბას, ეს არის მთელი სახლთმფლობელობის 1/12 ნაწილი ანუ 53.5 კვ.მ. რის შესახებაც მიღებულია ბათუმის მერიის კაბინეტის 1997 წლის 17 ივნისის ¹244 გადაწყვეტილება;
4. სააპელაციო პალატამ არ გაითვალისწინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება და ყოველგვარი საფუძვლის გარეშე დადგენილად ცნო, რომ ს. ს-იანს მუნიციპალიზაციის შემდგომ დაუბრუნდა სახლთმფლობელობის 50%, რაც მთლიანად შეისყიდა მ. ა-იბამ და ამდენად, მ. ა-იბა უნდა ფლობდეს სახლთმფლობელობის 1/5-წილზე მეტს, დაახლოებით 50%-ს.
მეორე კასატორი თ. ლ-ძე აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვს, ასევე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის «ე» პუნქტის საფუძველზე, როგორც იურიდიულად დაუსაბუთებლისა, ვინაიდან გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში არ არის მითითება მატერიალური სამართლის (კანონის) მუხლზე, რომელიც სადავო ოთახების მ. ა-იბას საკუთრებაში დაბრუნების მოთხოვნას დაასაბუთებდა. ამასთან სასამართლომ არ გაითვალისწინა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 218-ე მუხლი აღმჭურველი ადმინისტრაციული აქტის ბათილად ან ძალადაკარგულად გამოცხადებასთან დაკავშირებით.
საკასაციო სასამართლოში საქმის ზეპირი განხილვის დროს კასატორმა ი. ლ-ძემ მოითხოვა აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სააპელაციო პალატის 2001 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმება და უსაფუძვლობის მოტივით მ. ა-იბასათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. საკასაციო საჩივრის ზეპირ განხილვას არ დასწრებია მეორე კასატორი, ქ. ბათუმის მერია, რომელმაც წერილობით (დეპეშით) მოითხოვა მისი დასწრების გარეშე საქმის განხილვა, აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 2001 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმება და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2000 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილების ანალოგიური გადაწყვეტილების გამოტანა საკასაციო საჩივრის ზეპირი განხილვას არ ესწრებოდა, ასევე, მოპასუხე ქ. ბათუმის ნოტარიუსი მ. მ-ძე, რომელმაც წერილობით მოითხოვა მისი დასწრების გარეშე საქმის განხილვა, მისი განმარტებით 1990 წლის 13 ნოემბერს ¹12783 რეესტრით დამოწმებული სადავო ნასყიდობის ხელშეკრულება კანონიერია, ვინაიდან ქ. ბათუმის მერიამ გაასხვისა და ი. ლ-ძემ შეიძინა მერიის კუთვნილი ფართი, რომელიც შედიოდა სახლთმფლობელობის 4/5 ნაწილში.
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) _ მ. ა-იბას წარმომადგენლები საკასაციო საჩივრებს ა/რ ცნობენ, უსაფუძვლობის გამო ითხოვენ მათ დაკმაყოფილებაზე უარის თქმას და აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სააპელაციო პალატის 2001 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვებას. მათი განმარტებით ი. ლ-ძის მიერ შეძენილი საცხოვრებელი ფართი (ოთახები) იყო არა ბათუმის მერიის, არამედ მ. ა-იბას საკუთრება, რაც დასტურდება ბათუმის ტექინვენტარიზაციის ბიუროს მიერ გაცემული სახლთმფლობელობის ტექპასპორტებით.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობისა და საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. ბათუმის მერიისა და ი. ლ-ძის საკასაციო საჩივრები საფუძვლიანია, უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით მ. ა-იბას სარჩელს 1999 წლის 13 ნოემბრის სადავო ნასყიდობის გაუქმებისა და ბათუმის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1990 წლის ¹856 გადაწყვეტილების დანართიდან ი. ლ-ძის ამორიცხვის შესახებ, უარი უნდა ეთქვას შემდეგ გარემოებათა გამო:
1. საკასაციო პალატა იზიარებს საკასაციო საჩივრებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის «ე» პუნქტით გაუქმების თაობაზე, როგორც იურიდიულად დაუსაბუთებელისა, ვინაიდან გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით გამოტანილად და დაუსაბუთებლად თუ იგი იურიდიულად არ ემყარება მატერიალური სამართლის ნორმებს და მასში არ არის მითითება იმ კონკრეტულ ნორმებზე, რითაც სასამართლომ იხელმძღვანელა გადაწყვეტილების გამოტანისას. აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სააპელაციო პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი საქმის ფაქტობრივ გარემოებებზეა მხოლოდ აგებული და მასში არ არის მითითებული მატერიალური სამართლის ნორმა, რომელიც ი. ლ-ძეზე გასხვისებული ოთახების მ. ა-იბას საკუთრებაში დაბრუნების მოთხოვნის კანონიერებას დაასაბუთებდა;
2. საკასაციო პალატა, ასევე, ეთანხმება საკასაციო საჩივრებს სააპელაციო პალატის მიერ საქმის ფაქტობრივი გარემოებების უსწოროდ დადგენის თაობაზე, ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის I-II ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას წინასწარ დადგენილი ძალა არა აქვს, მან ეს მტკიცებულებები ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად უნდა შეაფასოს და შესაბამისად, მისგან გამომდინარე უნდა დაადგინოს საქმისათვის უმნიშვნელოვანესი ფაქტობრივი გარემოებები, რაც კონკრეტულ შემთხვევაში დარღვეულია. საქმეში ურთიერთამომრიცხავი მასალების, სახლთმფლობელობაზე გაცემული ტექპასპორტებისა და იმ არგუმენტის საფუძველზე, რომ 65611 მანეთად შეფასებული სადავო სახლთმფლობელობის 1/5 ნაწილი 1957 წელს 33000 მანეთად შეიძინა მ. ა-იბამ, სააპელაციო პალატა იმ დასკვნამდე მივიდა, რომ ს. ს-იანის მემკვიდრეების მ. ჩ-იანისა და ს. პ-იანის საკუთრებას შეადგენდა სახლის დაახლოებით ნახევარი და არა 1/5, რომელიც შეისყიდა მ. ა-იბამ, რასაც საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს საქმეში არსებულ შემდეგ წერილობით მტკიცებულებათა გამო, რომელთა უმეტესობასაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 135-ე მუხლის შესაბამისად, წარმოდგენილია დედნის სახით.
ა) აჭარისტანის სს ა/რ სახალხო კომისარიატის 1922 წლის თებერვლის ¹2 დეკრეტის თანახმად, ... მდებარე სახლთმფლობელობის 50%-მდე ნაწილი ჩამოერთვა მის მესაკუთრეს ს. ს-იანს, კერძოდ ჩამოერთვა და კომუნალური მეურნეობის განყოფილების ფონდში ჩაირიცხა II სართულზე მდებარე ¹5; 6; 7; 8 (მათ შორის სადავო) და I სართულზე ¹10, 11 ოთახები;
ბ) 1926 წელს დამტკიცებული ქ. ბათუმის შეფასებითი ნუსხის მიხედვით სადავო სახლთმფლობელობა კვლავ ს. ს-იანის სახელზეა.
გ) 1937 წელს ს. ს-იანს კვლავ ჩამოერთვა სახლთმფლობელობა «კერძო მეპატრონეთა მოუვლელი სახლების მუნიციპალიზაციის წესით ჩამორთმევის შესახებ» 1937 წლის 16 თებერვლის დადგენილების საფუძველზე (ოქმი ¹3 მუხ. 23).
დ) აჭარის ცაკის პრეზიდიუმის 1937 წლის 28 ივლისისა (ოქმი ¹36) და ქ. ბათუმის საბჭოს პრეზიდიუმის 1937 წლის 14 აგვისტოს (ოქმი ¹13) დადგენილებებით ნაწილობრივ გაუქმდა აჭარის ცაკის პრეზიდიუმის დადგენილებები კერძო მეპატრონეთა მოუვლელი სახლების მუნიციპალიზაციის შესახებ, გარდა იმ ნაწილისა, რომელიც ეხებოდა არასაცხოვრებელ, სავაჭრო და სასაწყობო სადგომებს.
ე) 1940 წელს განხორციელებული სახლთმლობელობის პირველი ტექინვენტარიზაციის ჩანაწერით ლიტ. «ა»1 და «ა» ეკუთვნოდა ქალაქის საბჭოს, ხოლო ლიტ. «ა»2 ს. ს-იანს.
ვ) ბათუმის ტექინვენტარიზაციის ბიუროს 1957 წლის 18 მარტის ¹259 მოწმობის მიხედვით, ..... მდებარე ორსართულიანი სახლის სახლთმფლობელობა შედგებოდა: 1 ოთახი – საწარმორო ფართი 22.1 კვ.მ. საცხოვრებელი – 14 ოთახი, 161,6 კვ.მ. სავაჭრო 1 ოთახი – 136,6 კვ.მ. საწყობი – 2 ფართი 87,2 კვ.მ. საწარმო-2, ფართი 89,8 კვ.მ. დამხმარე სათავსოები 141,2 კვ.მ, სულ 638,5 კვ.მ. ამავე ცნობის მიხედვით, სახლმთლობელობის 1/5 ნაწილი აღრიცხულია ს. ს-იანის, ხოლო 4/5 ნაწილი – საქალაქო საბჭოს კომუნალური განყოფილების სახელზე. სწორედ აღნიშნულ ცნობაშია ს. ს-იანის წილი ჩასწორებული 1/5-ად, რაც იმავე 1957 წლის 12 მარტს დადასტურებულია ტექინვენტარიზაციის ბიუროს მიერ და მითითებულია, რომ შესწორება 1/5 სარწმუნოა;
ზ) 1957 წლის 8(12) მარტის ზემოაღნიშნული ჩასწორებული მოწმობისა და 1955 წლის 23 ივნისის ანდერძის საფუძველზე, 1957 წლის 13 მარტს ბათუმის საქალაქო ნოტარიუსის მიერ ყოველგვარი ჩასწორების გარეშე გაიცა სამკვიდრო მოწმობა ს. ს-იანის ანდერძისმიერ მემკვიდრეებზე – მ. ჩ-იანსა და ს. პ-იანზე, რომელთაც მემკვიდრეობით გადაეცათ ს. ს-იანის სამკვიდრო ქონება – ... მდებარე სახლთმფლობელობის 1/5 ნაწილი, ოთახების ნომრებისა და ფართის მითითების გარეშე.
თ) სამკვიდროს მიღების შემდეგ ტექინვენტარიზაციის მიერ 1957 წლის 9 დეკემბერს გაცემული ¹4982 მოწმობისა და ¹1509 ცნობის მიხედვით, სადავო სახლთმფლობელობის 1/5 ნაწილი, შეფასებული 32380 მანეთად, აღირიცხა მემკვიდრეების – მ. ჩ-იანისა და ს. პ-იანის სახელზე, ხოლო 4/5 წილი ქალაქის აღმასკომის სახელზე. საგულისხმოა, რომ აღნიშნულ ცნობა-მოწმობაში, რომელიც ასევე დედნის სახითაა წარმოდგენილი, სადავო სახლმფლობელობის მესაკუთრეთა წილები ნათლადაა მითითებული ჩასწორებების გარეშე და სწორედ მათ საფუძველზე გაფორმდა მ. ა-იბასთან ნასყიდობის ხელშეკრულება;
ი) 1957 წლის 12 დეკემბერს მემკვიდრეებმა – მ. ჩ-იანმა და ს. პ-იანმა მ. ა-იბაზე გაასხვისეს ბათუმში, ... მდებარე სახლთმფლობელობის 1/5 ნაწილი 33000 მანეთად, გასხვისებული 1/5 წილი ნასყიდობის ხელშეკრულებაში მკაფიოდაა მითითებული, მაგრამ გაყიდული ოთახების ნომრები და ფართი დაკონკრეტული არ არის (საქმე ¹22101), ხოლო სადავო სახლთმფლობელობის 1/5 წილზე მეტ ფართზე საკუთრების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება მ. ა-ას სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია.
ამდენად, ზემოაღნიშნულ წერილობით მტკიცებულებათა ანალიზის საფუძველზე საკასაციო პალატას უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია, რომ მოსარჩელე მ. ა-იბამ ანდერძისმიერი მემკვიდრეების – მ. ჩ-იანისა და ს. პ-იანისაგან 1957 წელს შეიძინა სადავო სახლთმფლობელობის, რომლის საერთო ფართია 638,5 კვ.მ, 1/5 ნაწილი, რაც 128 კვ.მ-ის ტოლია. საკასაციო პალატა თვლის, რომ შეძენილი 1/5 ნაწილი წარმოადგენდა მ. ა-იბას პირად საკუთრებას, რომლის უფლებაც დაცული იყო 1990 წლისათვის მოქმედი საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 წლის) 103-104-ე მუხლებით, რაც არ შეუზღუდავს ქ. ბათუმის იმჟამინდელ აღმასრულებელ ორგანოს, მ. ა-იბა პირად საკუთრებაში არსებულ სახლთმფლობელობის 1/5 წილზე შეუზღუდავად ახორციელებდა ფლობის, სარგებლობისა და განკარგვის უფლებას და როგორც მესაკუთრემ, თავისი წილიდან ნაწილი – 74,5 კვ.მ. საცხოვრებელი ფართი გაასხვისა კიდეც სხვა მოქალაქეებზე.
საქართველოს ამჟამინდელი კონსტიტუციის 21-ე მუხლის თანახმად, საკასაციო პალატა აღიარებს მ. ა-იბას საკუთრების უფლებას 1957 წელს შეძენილი სახლთმფლობელობის 1/5 წილის დარჩენილ ნაწილზე (უკვე გასხვისებული 74,5 კვ.მ. ფართის გათვალისწინებით), მაგრამ ზემოაღნიშნული წერილობითი მტკიცებულებების საფუძველზე საკასაციო პალატას უდავოთ დადასტურებულად მიაჩნია, რომ ი. ლ-ძეზე გასხვისებული საცხოვრებელი ფართი არ წარმოადგენდა მოსარჩელე მ. ა-იბას პირად საკუთრებას, არამედ იყო იმჟამად მოქმედი საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 წლის) 93-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული საქალაქო (კომუნალური) საბინაო ფონდი, რომელიც ირიცხებოდა ქ. ბათუმის აღმასკომის სახელზე. ბათუმის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომმა 1990 წლის 3 ოქტომბრის ¹856 გადაწყვეტილებითა და იმავე წლის 13 ნოემბერს სადავო ფართზე ი. ლ-ძესთან დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებით, როგორც მესაკუთრე, უფლებამოსილმა პირმა ამავე კოდექსის (1964 წლის) 89-ე მუხლის თანახმად, განკარგა მისი საკუთრება და კოდექსის 237-ე, 239-ე მუხლებით დადგენილი სანოტარო წესით ი. ლ-ძესთან გააფორმა საცხოვრებელი ფართის ნასყიდობის ხელშეკრულება. საქალაქო საბჭოს აღმასკომი (ამჟამად მერია) მოქმედებდა კომპეტენციის ფარგლებში, მისი მოქმედება კანონიერია, არ ზღუდავს მ. ა-იბას უფლებას საკუთრებაზე, ამიტომ აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და ახალი გადაწყვეტილებით მ. ა-იბას სარჩელს დაკმაყოფილებაზე უნდა ეთქვას უარი უსაფუძვლობის გამო.
ამასთან, ვინაიდან 1993 წლიდან მოყოლებული დღემდე აღნიშნული საქმე მრავალგზის იქნა განხილული სამივე ინსტანციის სასამართლოს მიერ, გამოთხოვილი და წარმოდგენილია საქმესთან დაკავშირებული საარქივო მასალები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საჭირო აღარ არის მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა და საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია საქმეზე თვითონ მიიღოს ახალი გადაწყვეტილება.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389-ე, 399-ე, 409-ე, 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ქ. ბათუმის მერიისა და ი. ლ-ძის საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.
3. მ. ა-იბას სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
4. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.