Facebook Twitter

მიწის ნაკვეთის დაბრუნება; საკასაციო საჩივარი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა*

¹ 3გ-ად-155-კ-02 11 ნოემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),

ნ. სხირტლაძე,

მ. ვაჩაძე

დავის საგანი: მფლობელობიდან მიწის ნაკვეთის დაბრუნება.

აღწერილობითი ნაწილი:

ნ. პ-ამ 17.07.2000წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა სასამართლოს მოპასუხე ო. მ-ის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა მის საკუთრებაში არსებული საკარმიდამო მიწის ნაკვეთზე ო. მ-ის ფლობაში არსებული სასადილოს შენობის და დამხმარე ნაგებობის აღება, ნაკვეთის სარგებლობისათვის ქირის გადახდა და ნაკვეთის თავისუფალ მდგომარეობაში დაბრუნება. საქმე არაერთგზის იქნა განხილული სხვადასხავა სასამართლო ინსტანციების მიერ. უკანასკნელად ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაცილი სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 18.03.02.წ. გადაწყვეტილებით ნ. პ-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 24.10.2000წ. გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ნ. პ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა. კერძოდ, სადავო მიწის ნაკვეთი, რომელზეც აგებულია ¹2 სამწვადის შენობა-ნაგებობა, ამოღებული იქნა ო. მ-ის უკანონო მფლობელობიდან და თავისუფალ მდგომარეობაში დაუბრუნდა ნ. პ-ას. ო. მ-ესა და ოზურგეთის ქონების მართვის სამმართველოს დაევალა სადავო მიწის ნაკვეთის განთავისუფლება უკანონოდ აგებული ¹2 სამწვადის შენობა-ნაგებობისაგან; ამასთან, ო. მ-ეს დაეკისრა ნ. პ-ას სასარგებლოდ 275 ლარის გადახდა. რაც შეეხება ოზურგეთის მიწის მართვის სამმართველოს შეგებებულ სარჩელს, იგი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივრები იქნა შეტანილი ოზურგეთის რაიონის მიწის მართვის სამმართველოს (მოპასუხე), სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ოზურგეთის რაიონული სამმართველოს (მოპასუხე) და ო. მ-ის (მესამე პირი) მიერ. კასატორებმა მოითხოვეს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებით ახალი გადაწყვეტილების მიღება, სადავო მიწის ნაკვეთის სახელმწიფო საკუთრებად აღირიცხვა, ნ. პ-ას სახელზე გაცემული მიღება-ჩაბარების აქტის და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაუქმება. გარდა აღნიშნულისა, ო. მ-ემ ასევე მოითხოვა სადავო ობიექტებში მუშაობის გაგრძელება და უპირატესი შესყიდვის უფლების მინიჭება ობიექტის პრივატიზაციის დროს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 28.05.02.წ. განჩინებით ოზურგეთის მიწის მართვის სამმართველოს, ოზურგეთის ქონების მართვის სამმართველოს და ო. მ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში.

ოზურგეთის რაიონის მიწის მართვის სამმართველომ და ქონების მართვის სამინისტროს ოზურგეთის რაიონულმა სამმართველომ განცხადებებით (09.07.02წ. ¹გ-80; 12.07.02წ. ¹70) მიმართეს უზენაეს სასამართლოს, რომლებითაც უარი თქვეს თავიანთ საკასაციო საჩივრებზე და მოითხოვეს მათი უკან დაბრუნება. კასატორის წარმომადგენელმა ლ. მ-ემ კასატორების მიერ საკასაციო საჩივარზე უარის თქმა მიიჩნია უკანონოდ და მოითხოვა სასკ მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საჩივრებზე უარის თქმის არ მიღება.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების და განცხადებების გაცნობით მივიდა დასკვნამდე, რომ ოზურგეთის მიწის მართვის სამმართველოს და ოზურგეთის ქონების მართვის სამმართველოს საკასაციო საჩივრებზე საქმის წარმოება უნდა შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის «გ» ქვეპუნქტის თანახმად სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ კი მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე. მოცემულ საქმეზე ოზურგეთის მიწის მართვის სამმართველომ და ოზურგეთის ქონების მართვის რაიონულმა სამმართველომ უარი განაცხადეს მათ მიერ შეტანილ საკასაციო საჩივრებზე, რის გამოც საკასაციო პალატა თვლის, რომ აღნიშნულ საკასაციო საჩივრებზე უნდა შეწყდეს საქმის წარმოება. ამასთან, ადმინისტრაციული სპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მიხედვით ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მონაწილე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია საქმე მორიგებით დაამთავროს, უარი თქვას სარჩელზე ან ცნოს სარჩელი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება ადმინისტრაციული ორგანოების გარდა ასევე გასაჩივრებული იქნა ო. მ-ის მიერ, რომლის საკასაციო საჩივარი თავისი მოთხოვნით და შინაარსით მოიცავს ოზერგეთის მიწის მართვისა და ქონების მართვის სამმართველოების საკასაციო საჩივრების მოთხოვნას, ო. მ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულია წარმოებაში და განიხილება საკასაციო პალატის მიერ. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ ოზერგეთის მიწის მართვისა და ქონების მართვის სამმართველოების უარი მათ საკასაციო საჩივრებზე არ ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას. ამასთანავე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საკასაციო საჩივარზე უარის თქმა სამართლებრივი შედეგის სახით არ ადასტურებს მის მიერ წარმნოდგენილ სარჩელზე უარის თქმა.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესი კოდექსის I მუხლის მეორე ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის ოზურგეთის რაიონის მიწის მართვის სამმართველოს და საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ოზურგეთის რაიონული სამმართველოს საკასაციო საჩივრებზე შეწყდეს საქმის წარმოება.

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

* am saqmesTan dakavSirebiT ix. susg 2001, # 12, admin., gv. 1199-1205.